„გულწრფელად ვიტყვი“ - ალეკო ელისაშვილის ყოფილი თანაგუნდელის ექსკლუზიური ინტერვიუ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარტია „მოქალაქეები“ პოეტმა გენრი დოლიძემ დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო სექტორს უბრუნდება. გენრი დოლიძემ საზოგადოებას თავი საპროტესტო პერფორმანსით დაამახსოვრა, როდესაც რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მომავალ სპეცრაზმს დაუწვა. დატოვა თუ არა პარტია ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლის გამო და შეუერთდება თუ არა სხვა პარტიას? - ამ კითხვებით „ვერსიამ“ გენრი დოლიძეს მიმართა:

- არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გადასვლას. პირიქით, პარტიულობა იყო ამ ეტაპზე ჩემთვის შემბოჭავი იმიტომ, რომ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს სამოქალაქო სექტორში. 32 წლის ვარ და ნახევარი ცხოვრება გავატარე სამოქალაქო სექტორში, ვიყავი სამოქალაქო აქტივისტი და შესაბამისად, ჩემთვის უფრო ეფექტური იქნება ბრძოლის ასე გაგრძელება. დავუბრუნდი ჩემს ბუნებრივ მდგომარეობას, რომლიდანაც გამოვედი იმ მიზნით, რომ უფრო მეტი ბერკეტი მქონოდა, თუკი მანდატი მექნებოდა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ჩემს ქალაქს და საზოგადოებას აწუხებს. რადგან ასე მოხდა და გაყალბდა არჩევნები, ამ ეტაპისთვის უფრო ეფექტური ვიქნები სამოქალაქო სექტორში, მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლა იყო ამ გადამწყვეტის მიზეზი?

- გულწრფელად რომ ვთქვა, არჩევნებიდან ერთ კვირაში დავიწყეთ მე და ჩემმა გუნდმა ალეკოსთან კონსულტაციები, რომ წავსულიყავით პარტიიდან, მაგრამ ისეთი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა, რის გამოც ეს არ იყო შიდაპარტიულად აქტუალური საკითხი და შესაბამისად, ეს არ იყო გუშინდელი და გუშინწინდელი გადაწყვეტილება.

- კი, მაგრამ, არჩევნებიდან ერთ კვირაში პარტიიდან წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- პოლიტიკაში როდესაც წავედი, ერთადერთი მოტივაცია მქონდა, რომ თუკი მოვახერხებდი, საკანონმდებლო ორგანოში შევსულიყავი და იქიდან მებრძოლა უკეთესი გარემოსთვის, მაგრამ ამ ეტაპზე ამ პოლიტიკური პროცესებით, გამომდის პარტიაში "ტივტივი" და შესაბამისად, გაცილებით ეფექტური ვიქნები ნაკლებად შებოჭილი პარტიული კონიუნქტურით, როცა ვიქნები ჩემს გუნდთან ერთად, ჩემს თავზე დამოკიდებული. მით უფრო, რომ ახლა ბათუმში "ფრონტის ხაზია" გახსნილი და აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- გასაგებია, მაგრამ იოსელიანის ან ელისაშვილის ნაცვლად, თქვენ რომ აგეღოთ მანდატი, შეხვიდოდით პარლამენტში?

- არ მიმიღია მონაწილეობა მოლაპარაკებებში, არც ერთ რაუნდს დავსწრებივარ და არ ვიცი, რა იყო ამ მოლაპარაკებების თემა და ძნელი შესაფასებელია. შემიძლია, ვთქვა, რომ ალეკოს და ლევანის გულწრფელობასა და პატრიოტულ მოტივაციაში ეჭვი არ მეპარება. ამ მოცემულობით, მე არ შევიდოდი, მათ ადგილას, რომ ვიყო, თუმცა არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული დანაშაულია მათი პარლამენტში შესვლა იმიტომ, რომ ეს მანდატები დიდი ბრძოლისა და შრომის შედეგად მოიპოვეს ამ ადამიანებმა და მათი გადაწყვეტილებაა ეს.