რატომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინისთვის ხერსონის დაბრუნება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთ-უკრაინის ომი 

მამუკა არეშიძე: „პუტინი ძალიან რთულ ვითარებაშია“

 

თათია გოჩაძე

 

ხერსონი უკრაინის კონტროლქვეშაა. ეს რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი მარცხია ომის დაწყების შემდეგ. თუმცა, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქსა და მის შემოგარენში კვლავაც მძიმეა. 9 ნოემბერს, უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვკინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, ხერსონსა და მისი შემოგარენიდან დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ჯარების გაყვანა შესთავაზა - როგორც თავად ახსნა, მომარაგების სირთულეების გამო და სამხედროებისთვის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით. მინისტრი დათანხმდა. 11 ნოემბერს, უკრაინული არმიის პირველი ნაწილები ხერსონში შევიდნენ, სადაც ინფრასტრუქტურის აღდგენა და ტერიტორიის განაღმვა მიმდინარეობს. შემოღებულია კომენდანტის საათი. ხერსონის ოლქის გუბერნატორის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკან დახევისას, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმეს.

რატომ არის ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი? - ამ თემაზე „ამერიკის ხმამ“, ცოტა ხნის წინ, სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერია: „ხერსონის რეგიონი ყირიმს ესაზღვრება. ის მოსკოვს საშუალებას აძლევს, სახმელეთო კავშირი ჰქონდეს შავ ზღვაში მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომლის ოკუპაციაც კრემლმა 2014 წელს განახორციელა. უკრაინის მიერ ხერსონის აღება რუსეთს ამ დერეფანს შეუზღუდავს და ყირიმთან უკრაინის არტილერიას დააახლოებს“.

უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი, ოლეგ ჟდანოვი კი აცხადებს, რომ:

„ხერსონის რეგიონში, დნეპრის მარჯვენა (დასავლეთის) ნაპირი მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის - (რუსეთისთვის), რათა უზრუნველყოს ზაპოროჟიის მიმართულების დაცვა (უკრაინისთვის), რათა გაათავისუფლოს ეს მიმართულება და გაკვეთოს სამი მნიშვნელოვანი კვანძი: სახმელეთო დერეფანი - ყირიმთან, წყლით მომარაგება - ყირიმში და დაიბრუნოს ატომურ სადგურზე კონტროლი - ზაპოროჟიის ოლქში“.

რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას და გადაწყვეტს თუ არა ომის ბედს?- „ვერსია“ ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 

- უკრაინისთვის ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ხერსონი სამხრეთ უკრაინის ყველაზე დიდი და ძლიერი ქალაქია. ასევე, ერთგვარი ჩამკეტია ყირიმისკენ მიმავალი კომუნიკაციებისა და, განსაკუთრებით, სასმელი წყლის სისტემისა, რომლითაც მარაგდება ყირიმი. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ, ხერსონი რუსეთმა თავის ტერიტორიად გამოაცხადა - პრაქტიკულად, გამოდის, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორია დაიკავა. ამას კი სტრატეგიულის გარდა, მორალური მნიშვნელობაც აქვს, რადგან სერიოზული დარტყმაა კრემლის პრესტიჟზე, რაც ეტყობოდათ კიდეც კრემლის აგიტატორებს, ხასიათზე არ იყვნენ.

- ხერსონის დაბრუნება იქნება თუ არა გარდამტეხი ამ ომის ბედისა?

- ამას ვერ ვიტყვით, რადგან ხერსონი უკრაინელების მიერ აღებული კი არა, რუსების მიერაა დატოვებული ანუ ბრძოლით კი არაა დაკავებული, არამედ, ქალაქს რომ ვეღარ იცავდნენ, ამიტომ დატოვეს რუსებმა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზეა ხერსონი და თავდაცვის ზღუდეები მარჯვენა ნაპირზე ჰქონდათ აგებული. ამასთან, ვეღარ ახერხებდნენ მომარაგებას, რადგან უკრაინულმა მხარემ ყველა დამაკავშირებელი ხიდი გაანადგურა. ასე რომ, გარდამტეხი იქნება, თუ გაზაფხულისთვის დნეპრის ფორსირება მოახერხა უკრაინულმა მხარემ და დაიკავა დანარჩენი ტერიტორია, რომელიც ყირიმთან აკავშირებთ. 100 კილომეტრია დარჩენილი ყირიმის ყელამდე.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ შემდეგი იქნება ყირიმი... თქვენც ასე ფიქრობთ?

- ეს ჯერ პროპაგანდისტული ნათქვამია, რადგან არ ვიცით, მოახერხებს თუ არა უკრაინა ამას. თავის დროზე, როცა ტარდებოდა ყირიმის ოპერაციები, 1920 წელს და მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ სივრცის დაკავება ყოველთვის უზარმაზარ სირთულესთან იყო დაკავშირებული.

ერთ რამეზე მინდა ყურადღების გამახვილება - არ მჯერა, რომ ისე მოხდა ხერსონის დაბრუნება, როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ჟღერს. ვფიქრობ, ეს იყო კულუარული მოლაპარაკებების შედეგი და ეს მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს კრემლსა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის, თქვა კიდეც სალივანმა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეული კულუარული ზეწოლა მიდის შეერთებული შტატებისგან კრემლზე... აშშ ცდილობს, ისეთი ვითარება შექმნას, რომ რუსეთი წაიყვანოს საზავო მოლაპარაკებისკენ, მაგრამ მას სახე შენარჩუნებული ჰქონდეს...

- ანუ რუსეთი ამ ომში დამარცხდეს, მაგრამ თან სახე შეინარჩუნოს? კი, მაგრამ პუტინი მარცხის აღიარებას დათანხმდება?

- პუტინი ძალიან რთულ ვითარებაშია. სანქციები მუშაობს, ეკონომიკური თვალსაზრისით რთულ მდგომარეობაშია რუსეთი, რადგან „მოკავშირეებმაც“ კი უგანეს, ჩინეთს ვგულისხმობ... ამერიკელების მიდგომა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, ყოველთვის ასეთი იყო - როცა მოწინააღმდეგეები ერთმანეთთან ბრძოლაში დასუსტდებოდნენ, მერე იწყებდა ეკონომიკური ფაქტორებით საუბარს. წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა გაიმარჯვა და შეინარჩუნა ის ტერიტორიები, რომლებიც აქვს, დონეცკი-ლუგანსკი, ეს იქნება ეკონომიკურად განადგურებული ქვეყანა, რომლის წელში გამართვას დიდი დრო დასჭირდება და რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ვერ მოახერხებს იმ ამბიციების რეალიზებას, რომელიც აქვს. ამიტომ, მოსკოვს ურჩევნია, რაღაც, თუნდაც სერიოზული ფინანსური ინექცია მიიღოს სანაცვლოდ და ამას პირდებიან, ალბათ, ამერიკელები.

 წარმოიდგინეთ სურათი - მოსკოვმა დათმო დაკავებული ტერიტორიები, ვირტუალური ბრძოლით დაიხია უკან და სანაცვლოდ მიიღო სანქციების მოხსნა, პლუს მიიღო შეღავათიანი კრედიტები ან გრანტები, ეს თვალში გამოახედებს მოსკოვს და ასეთ ტენდენციას ზოგი რუსი ექსპერტის ნააზრევშიც ვხედავ.

- ლოგიკურია, ისეთ ოლიგარქიულ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, ამ თემამ იმუშაოს, რადგან გაღარიბებულმა ოლიგარქებმა პუტინს აიძულონ დათმობაზე წასვლა...

- რასაკვირველია, მაგრამ არის დათმობის ზღვარი. როგორც ჩანს, რაღაც ტერიტორია მოსკოვს უნდა დარჩეს. ლუგანსკი და დონეცკი იგულისხმება თუ ყირიმი, ამის თქმა გამიჭირდება.

- ანუ მოლაპარაკების თემა იქნება ეს რუსეთისა და შეერთებული შტატებისთვის?

- როგორც ჩანს, ასე იქნება, რადგან ამერიკისთვის  უმნიშვნელივანესია, ვეღარ წავიდეს რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

- გასაგებია, მაგრამ აქ ხომ გადამწყვეტი უკრაინის ინტერესი და პოზიციაა? რა უნდა აშშ-ს ერთია და რას დათანხმდება უკრაინა - მეორე...

- ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა - გადამწყვეტი, რადგან ეს ომი ხელოვნურია და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ დაწყებულიყო. დასავლეთს ძალიან სჭირდებოდა რუსეთის წელში გადატეხა, სუსტი რუსეთი, რომელიც ლოიალური იქნებოდა მის მიმართ და ერთი მხრივ, რესურსების განკარგვის საშუალებას მისცემდა ხოლო მეორე მხრივ, ჩინეთთან ალიანსში არ იქნებოდა. დასავლური სამყაროს პირველი მოწინააღმდეგე, ხომ, ჩინეთია? იმიტომ, რომ ის ძლიერია, რუსეთი კი არ იყო პრობლემატური, რომ არა მისი იდიოტური ამბიციები. ასე რომ, ჩინეთის წინააღმდეგ დასავლეთს სჭირდება სერიოზული გეოგრაფიული მოკავშირე და ასეთი, ყველაზე რეალური რუსეთი და ინდოეთია.

- გასაგებია, რა გლობალურ გადანაწილებაზეც საუბრობთ, მაგრამ უკრაინელებისთვის ეს ომი სამკვდრო-სასიცოცხლო აღმოჩნდა და ბრძოლა მათ ერში საყოველთაო გახდა. ამიტომ, ერთია, მსოფლიო ლიდერები რას წყვეტენ და მეორე, რა უნდა უკრაინელ ხალხს, რომლებმაც ამ ომში ოჯახები დაკარგეს... ტერიტორიების დათმობას ისინი შეეგუებიან?

- კი, ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნება, მაგრამ აქ აშშ-ის პოზიცია არის გადამწყვეტი და რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ დასავლური ისტებლიშმენტის მხრიდან, რომ რუსეთს რაღაც უნდა დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა ეს არ მიიღეს, ამაზე მუშაობა მაინც მიმდინარეობს.

უკრაინის მოსახლეობის სერიოზულ ნაწილს უმძიმესი ზამთარი ელის. რასაკვირველია, ჩვენ, ყველა, მომხრენი ვართ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემების მოგვარება ათიათასჯერ გაგვიიოლდება დამარცხებული რუსეთის შემთხვევაში. ეს არის პრაგმატული მიდგომა, მაგრამ მეორე მხრივ, ცივი გონებით, რეალურად შევხედოთ სიტუაციას - უკრაინას განადგურებული აქვს ინფრასტრუქტურა, ძალიან გაჭირდება ელექტროენერგიის, წყლის, გათბობის მიწოდება ხალხისთვის. წარმოიდგინეთ, ომითა და ცივი ზამთრით გადაღლილი უკრაინელები გაზაფხულზე... მათთვის ახსნა იმისა, რომ გამარჯვებული უკრაინა უწევს ანგარიშს მოკავშირეებს და თმობს ისედაც დაკარგულ დონეცკსა და ლუგანსკს, უფრო მარტივი იქნება, ვიდრე თქმა იმისა, მოდით, ბოლომდე ვიბრძოლოთო. ამასთან, გაზაფხულისთვის იმ გაწვეულების მასა, რომელიც ახლა ბრბოა, ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი იქნება რუსეთის არმიაში. მოსკოვი გამოიყენებს ამ პერიოდს იმისთვის, რომ თავდაცვითი ობიექტები გაამაგროს ყირიმის ყელზე და დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე. ამიტომ, მაქვს ვერსია, უკრაინელი ხალხი ისეთ მდგომარეობაში იქნება გაზაფხულზე, ბევრად მარტივი იქნება დათანხმება იმაზე, რომ უკრაინამ გაიმარჯვა, სტატუს-კვო დაიბრუნა, გამარჯვებულია ამხელა სახელმწიფოზე, რუსეთზე...

- ფიქრობთ, გაზაფხულზე ომი ამ სცენარით დასრულდება?

- ვფიქრობ, აქეთ მიდის მოქმედებების ლოგიკა. მთავარია, დასუსტებული რუსეთი აღარ უნდა იყოს პოლიტიკური გემოვნების შემქნელი რეგიონში და უკრაინა უნდა იყოს გამარჯვებული, წარმატება მიღწეული უნდა ჰქონდეს უკრიანას.