მსოფლიოში „დიდი ბიჭები“ თამაშობენ, რუსეთი კი აღარაა ასეთი „ბიჭი“ - ეს პირველობისთვის ომი იქნება - ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ავტორი: თათია გოჩაძე

 რუსეთ-უკრაინის 5-თვიანი ომის შემდეგ მსოფლიოში რამდენიმე კონფლიქტური კერა გააქტიურდა. სერბეთ-კოსოვოსა და ჩინეთ-ტაივანის, გლობალურ ჭრილში კი ჩინეთ-აშშ-ს შორის დაძაბულობის შემდეგ კავკასიის რეგიონშიც გამწვავდა ვითარება - ყარაბაღის ომი განახლდა. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ეჭვობს, მსოფლიოში კონფლიქტური კერების ერთმანეთის მიყოლებით გამწვავება ხომ არ უკავშირდება რუსეთის ინტერესს იმ ფონზე, რომ უკრაინასთან ომში მას, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო პოზიცია არ უკავია. აღნიშნულ საკითხებზე „ვერსია“ ჩინეთში ყოფილ ელჩს, მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა:

 _ ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, მსოფლიოში კონფლიქტური კერების გაღვივება რუსეთის ინტერესებს ხომ არ უკავშირდება?

_ არაერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეიძლება. ყველა ცხელი წერტილი იმ ერთი მოვლენის სხვადასხვა ნაწილია, რასაც ჰქვია მსოფლიოს ახალი გადანაწილება. მოწყობის ძველი სისტემა მოძველდა და აღარც საერთაშორისო ხელშეკრულებები მოქმედებს, შესაბამისად, საჭიროა რაღაც ახალი სისტემის შექმნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ა.შ. სხვადასხვა შინაარსისაა ყველა ეს ცხელი წერტილი და სრულიად განსხვავებული საფუძვლები აქვს.

ჩინეთ-აშშ-ს შორის ტაივანი გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი. ეს აშშ-სა და ჩინეთის მომავალი დაპირისპირების მხოლოდ დასაწყისია და ალბათ, გარკვეული ომის შემდეგ „ცხელი ომით“ დასრულდება. ყარაბაღის კონფლიქტი ლოკალურია. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თურქეთის ახალი პოლიტიკა და რა თქმა უნდა, რუსეთის ზეგავლენა ამ რეგიონზე, მისი ხელი. ეს ყველაფერი ერთად იწვევს ამ დუღილს.

კოსოვო-სერბეთის კონფლიქტი ევროპის ტკივილია. ბევრი არასწორი ნაბიჯი იქნა გადადგმული როგორც სერბების, მაშინდელი იუგოსლავების მხრიდან, ასევე რუსებისგან და რა თქმა უნდა, დასავლეთმაც მძიმე ომით დაშალა იუგოსლავია. შიძლება აუცილებლობა იყო, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ბევრი სისხლია დაღვრილი და ასე მარტივად ამ ტკივილის მოშუშება არ შეიძლება. ასეთი დაპირისპირება შეიძლება, რუსეთს აძლევს ხელს, მაგრამ ასეთი კონფლიქტები კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ჩვეულებრივი ამბავია.

_ რუსეთს სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს უკრაინასთან ომში და ამის გამოა სავარაუდო, რომ მას მსოფლიოში კონფლიქტების გაღვივება აწყობდეს...

_ კი, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთს ძალიან „მოკლე ხელები“ აქვს. ერთადერთი, სადაც შეიძლება ჩაერიოს, ესაა კავკასიის რეგიონი, სადაც გარკვეული შესაძლებლობები აქვს, განსაკუთრებით სომხეთში, თორემ აზერბაიჯანში - არა. სერბეთსა და კოსოვოში ვერანაირად ჩაერევა, რადგან იქ ნატო აკონტროლებს ყველაფერს და ახლოს არ მიუშვებს. შეიძლება, რუსეთმა სერბებს მოსთხოვოს ან სთხოვოს, მაგრამ ეს ნაკლებად რეალურად მიმაჩნია. ასეა თუ ისე, სერბეთს მაინც ევროპისკენ აქვს აღებული გეზი და დღეს იქნება თუ ხვალ, ევროკავშირის კანდიდატი გახდება.
_ რაც შეეხება ჩინეთს...?

_ არა, ეს აბსოლუტურად გამორიცხეთ. იქ ძალიან დიდი „ბიჭები“ თამაშობენ, რუსეთი აღარაა ასეთი „ბიჭი“. აშშ-ჩინეთის დაპირისპირება სრულიად სხვა დონისა და მასშტაბისაა, ვიდრე ეს პატარა ლოკალური დაპირისპირებებია და ძალიან სერიოზული დაპირისპირების პატარა ნიშანი ჩანს.

_ როცა აშშ-ჩინეთის ომს პროგნოზირებთ, ეს თავშივე მოიცავს თუ არა მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას და როგორ ფიქრობთ, რა პერიოდში შეიძლება, ეს მოხდეს?

_ სერიოზული შეცდომაა იმის ფიქრი, რომ მესამე მსოფლიო ომს უნდა ველოდოთ გარკვეული დროის შემდეგ. გაგანია ომის პირობებში ვიმყიფებით. მხოლოდ გარკვეულ ადგილებშია კონვენციური ომი, მაგალითად, უკრაინა-რუსეთის ომს ვგულისხმობ. ეს არის „პროქსი ომი“, რომელიც მედიასივრცეში, კოსმოსმოსში, ვირტუალურ სივრცეში მიმდინარეობს. ჩვენ კი ამას მშვიდად ვუყურებთ და მხოლოდ „ცხელ ომზე“ ვაკეთებთ აქცენტს. რეალურად, არ მგონია, ამ ომმა უფრო გლობალური სახე მიიღოს ევროპაში იმიტომ, რომ მაინც შეძლებს ევროპა კონფლიქტების ჩახშობას. მთავარია, უკრაინამ მოახერხოს დეოკუპაცია და რუსეთში არ გადავა არავითარ შემთხვევაში. რაც შეეხება იმ დიდ ომს აშშ-სა და ჩინეთს შორის, ეს მოსალოდნელია, რადგან ეს პირველობისთვის ომია. რაღაც მომენტში, ალბათ, აშშ აღარ იქნება ისეთი ძლიერი ან ჩინეთი გახდება ბევრად ძლიერი, ვიდრე ახლაა. ჩინეთის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ წინსვლას ვხედავთ. თუ მოახერხებენ შიდა ბაზრის განვითარებას და ამერიკული და ევროპული ბაზრებისგან დამოუკიდებლად არსებობას, არ გამოვრიცხავ სერიოზულ დაპირისპირებას წყნარ ოკეანეშიც, თუმცა უახლოეს პერიოდში ამას ვერ ვხედავ, რადგან აშშ-სა და ჩინეთს შორის სამხედრო-ტექნოლოგიური განსხვავება დაახლოებით 20 წელია. მუდმივი არასდროს არაფერია და ისიც საგულისხმოა, რომ ჩინელები არასდროს ოპერირებენ მოკლე ვადით, ისინი სტრატეგოსები არიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, თაობების იქით უყურებენ თავის სტრატეგიას. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ შორიდან დავაკვირდეთ და შეიძლება, რაღაცები ვერც დავინახოთ.