„აფხაზებს რუსეთისთვის ვალის გადახდის დღე დაუდგათ!“ - პაატა დავითაია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„აფხაზების იდენტობის გადარჩენის ერთადერთი შანსი ქართველებთან ურთიერთობის შენარჩუნებაა“

 ავტორი: თათია გოჩაძე

 ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემამ. პროტესტის ტალღა ისეთი მასშტაბური აღმოჩნდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოუწია მოსახლეობასთან შესახვედრად კარდაკარ სიარული, რადგან აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ცნობილ ზღვისპირა კურორტ ბიჭვინთასთან მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მოსახლეობა საკუთარი არგუმენტებით დაარწმუნოს, თუმცა ეს ჯერჯერობით არ გამოსდის.

საუბარია საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის ყოფილ საზაფხულო რეზიდენციაზე, რომელიც 184 ჰექტარი ფართობია და მოიცავს ნაკრძალის ნაწილს ბიჭვინთის ფიჭვის რელიქტური პარკით.

საკითხი აფხაზეთის პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში რუსეთი მთავარ მოკავშირედ და პარტნიორად ითვლება, ცნობილია, რომ აფხაზები მტკივნეულად აღიქვამენ ყველაფერს, რაც მათ „სუვერენიტეტს“ ეხება, ამიტომ საინტერესოა, რა პოლიტიკური პროცესების გამოწვევა შეუძლია აფხაზური მიწის რუსეთისთვის გადაცემის ფაქტს. აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერს, პაატა დავითაიას ესაუბრა:

 - რეალურად, აფხაზებს ვალის გადახდის დღე დაუდგათ! ბიჭვინთის ეს კომპლექსი აშენებულია საბჭოთა კავშირის დროს და მას რუსები „ინახავდნენ“, ამიტომ ყველა დე ფაქტო პრეზიდენტს სთხოვდნენ გადაცემას, მაგრამ არც ერთმა ეს არ გააკეთა.

1995 წელს, გაფორმდა ხელშეკრულება, რომ გადასცემოდა რუსეთს უვადო მმართველობაში, მაგრამ მათ ეს არ სჭირდებოდათ, რადგან მთელ მსოფლიოში ჰქონდათ ყველაფერი. ახლა კი, როცა სანქციები ამუშავდა, მოსთხოვეს აფხაზეთს ეს ადგილი. დაიდო ხელშეკრულება ე.წ. მთავრობის დადგენილებით, რომ 49 წლით გადაეცეს რუსეთს თავის მიწიანად ეს კომპლექსი.

მმართველობაში მიწის გადაცემა კი არ შეიძლება, მაგრამ რუსებს უნდათ ამ ადგილის რეაბილიტაცია, რუსეთის ბიუჯეტიდან თანხა უნდა გამოიყოს და ყველაზე საუკეთესო ზღვის ზოლს რუსული ჯარი ჩაკეტავს და რითაც აფხაზები „ბლატაობდნენ“, ზღვის იმ ზოლზე ვეღარ გავლენ. რუსეთის თავდაცვის ჯარისკაცების ოჯახები ჩავლენ იმიტომ, რომ სანქციების გამო, ვეღარსად გადიან. აფხაზებს ისე გამოუვიდათ, რომ იურიდიულად მმართველობაში გადასცეს რუსეთს და საკუთარი საუკეთესო მიწით ვეღარ ისარგებლებენ. ამას მოჰყვა მოსახლეობაში ვნებათაღელვა, მთელი აფხაზეთი ფეხზე დგას. პროტესტი დაიწყო გულრიფშში, გუდაუთაში, სოხუმში, ოჩამჩირეში...

ასლან ბჟანიამ შემოიტანა ასეთი სიტყვათა წყობა: „გადავცეთ ეს ადგილი, თუ დავკარგოთ რუსეთი, როგორც მეგობარი და დავრჩეთ ქართველებთან?“

იურიდიულად ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ ანქვაბი და ბჟანია ქუჩა-ქუჩა დადიან და ხალხს ელაპარაკებიან, თუმცა ამას შედეგი აღარ მოაქვს, რადგან აფხაზები ამბობენ, კი, დაგვეხმარა რუსეთი, მაგრამ ამის ფასად თუ მიწა დავკარგეთ, რად გვინდაო... ამ საკითხს მოჰყვა დიდი საპროტესტო გამოსვლა და ვფიქრობ, ეს პროცესი არ გაჩერდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, აფხაზები წააგებენ. ანქვაბი მიმართავს მოსახლეობას, პრეტენზია არ გქონდათ, როცა ამაზე მეტი მიწა გადავეცით რუსულ სამხედრო ბაზებსო, მაგრამ აფხაზებს ეს არ აინტერესებთ, რადგან ზღვაზე ვერ გადიან. ე.წ. სავიზიტო ბარათი რაც ჰქონდათ, ის გამოეცალათ ხელიდან, მაგრამ ამ შეტაკებას მაინც წააგებენ რუსეთთან, რადგან რუსული ჯარი დგას იქ.

- გამოდის, რომ რადგანაც სანქციების გამო, რუსეთს მთელ მსოფლიოში გასასვლელი ჩაეკეტა, ახლა უნდა ამ მართლაც ულამაზესი და უნიკალური მხარის - აფხაზეთის სანაპიროს ათვისება, ოღონდ უკვე დაკანონებულად?

- დიახ, რადგან რუსეთის კანონმდებლობით, რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა შეიძლება მხოლოდ რუსეთის საკუთრებაზე.

-  თანხა ხომ მოდიოდა რუსეთიდან აფხაზეთში წლების განმავლობაში?

- ეს თანხა მოდიოდა მარიონეტული რეჟიმის შესანახად და არა რეაბილიტაციისთვის. ახლა კი რეაბილიტაციას რატომ ჩაუტარებენ აფხაზების კუთვნილ ქონებას? - გაიკეთებენ თავისთვის.

- მოსახლეობასთან ასლან ბჟანიას ისიც უთქვამს, პირადად პუტინმა მთხოვა ამ ადგილის გადაცემაო...

- იმიტომ, რომ ჯარისკაცებს დასვენება, რეაბილიტაცია ხომ უნდათ?..

- კი, მაგრამ ცნობილი ამბავია, რომ ოსებისგან განსხვავებით, აფხაზები მტკივნეულად განიცდიან საკუთარი იდენტობის ხელყოფას...

- დიახ, ასეთები არიან და არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ მათ მართლა სურთ დამოუკიდებლობა და მათ მართლა ჰგონიათ, რომ „დამოუკიდებლები“ არიან - ეს არის სასაცილო. აფხაზებს მოვუწოდებ, თქვენი გაზეთით, მათი იდენტობის გადარჩენის ერთადერთი შანსი არის ქართველებთან ურთიერთობის შენარჩუნება. აფხაზები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ ბიჭვინთას, თუ მოსახლეობა გამოვა ქუჩაში და იტყვის, რუსები აღარ გვინდაო, სხვაგვარად, რუსული ექსპანსია მათ გაანადგურებს. შეიძლება, ქუჩაში გამოვიდეს 5000 კაცი, მაგრამ მათ ისე „ჩაჩექმავენ“, როგორც უნდათ.

- თუმცა, ახლა პროტესტის ტალღა მთელ აფხაზეთში აგორდა, სადაც მიდის დე ფაქტო მმართველობა, ყველგან პროტესტი ხვდება.

- პუტინის თვალით შევხედოთ - საუბარია იმაზე, რომ 10 ათასი კაცი გამოვა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომლის 28 სამხედრო ბაზაა აფხაზეთში.

- ანუ ამ ხალხს რამე გზით გააჩუმებენ, არა?

- ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ რუსეთის ქონების ხელყოფა არის სერიოზული საკითხი, ამიტომ ძალიან გაუჭირდებათ აფხაზებს. რუსეთის ელჩმა აფხაზეთში განაცხადა, ჩვენთვის ბიჭვინთის თემა პრინციპული პრიორიტეტიაო - ამით ყველაფერი ნათელია.

- ბატონო პაატა, როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი ხომ არ გახდება მიზეზი, რომ აფხაზები დააფიქროს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებაზე?

- ეს საკითხი გახდება აფხაზებისთვის დამაფიქრებელი, თუ საქართველოს ხელისუფლებაში იფიქრებენ ისე, როგორც, მაგალითად, თქვენ ფიქრობთ. თქვენ, როგორც პატრიოტი.

- გმადლობთ, ბატონო პაატა. ესე იგი, მიიჩნევთ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება აფხაზებს განწყობას აგრძნობინებს, ისინი ჩვენთან ურთიერთობის დალაგებაზე იფიქრებენ?

- ამას სჭირდება ყოველმხრივი მუშაობა - სპეცსამსახურებიდან დაწყებული, პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორისა და უცხოელების ჩართულობა. მე რომ ვიყო ხელისუფალი, ახლა გავაკეთებდი განცხადებას აფხაზებისთვის - საქართველო მზად არის, ჩაუტაროს რეაბილიტაცია აფხაზეთთან ერთად ამ ტურისტულ კომპლექსს-მეთქი და სამაგიეროდ არაფერს მოვითხოვდი. ამით გავუგზავნიდი სერიოზულ მესიჯს, რომ მათ შვილებზე ვფიქრობთ. შეიძლება, უარი გვითხრან, მაგრამ ეს სერიოზული მესიჯი იქნებოდა...