პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი დიდი სურვილი იყო და ვახტანგ გომელაურთან ერთად ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში პოლიციის ათასბინიანი ქალაქის აშენების შესახებ. მისივე თქმით, სათანადოდ უნდა დაფასდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ხალხისთვის, ქვეყნისთვის იბრძვის და თავს წირავს.

„ჩემი დიდი სურვილია, ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას სიხარულით ეწერებოდნენ პოლიციელთა რიგებში. მე მინდა, მოქმედმა და მომავალმა პოლიციელებმაც იცოდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყოველთვის ეცდება, პოლიციელი ჰყავდეს დაფასებული. ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ამ რთულ პროფესიას ეჭიდება ადამიანი, მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, ის უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას. ჩემი დიდი სურვილი იყო და ბატონ ვახტანგ გომელაურთან ერთად ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში. ეს იქნება პირველი ეტაპი და რა თქმა უნდა, გაგრძელდება. პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ. ჩვენი ვალია, სათანადოდ დავაფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის და თავს წირავს, თავის ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში. ქვეყანაში, რომელიც ვითარდება, რომელშიც შენდება ახალ-ახალი საცხოვრებელი უბნები, სადაც ყოველწლიურად იზრდება უცხოელ ტურისტთა ნაკადი, ჩნდება ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და კიდევ გავიმეორებ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ რაიონში უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული, აღჭურვილი და მოწყობილი. ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლნ ლარს შეადგენს; აქვე განვმარტავ, რომ სამშენებლო პროცესი არ შეეხება მხოლოდ პოლიციის დანაყოფებს, ეს მშენებლობები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვაქვს გეგმაში, რომ ეს პროცესი სამ წელიწადში დასრულდეს,”- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და სტრატეგიულ პარტნიორებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელ დღეს არ შემიძლია ძალიან მოკლედ არ შევეხო იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც თქვენს სამინისტროში, თქვენს დიდ ოჯახში მიმდინარეობს. მათ განხორციელებაში, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ასევე ტექნიკურ აღჭურვაში ჩვენ მხარს აქტიურად გვიჭერდნენ და დღესაც გვიჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. მინდა, კიდევ ერთხელ, მათ მადლობა გადავუხადოთ ამისთვის. სწორედ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სწორად დაგეგმილი რეფორმებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენი სიმტკიცით და თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმას, რომ ჩვენი პოლიცია საერთაშორისო საპოლიციო საქმიანობაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას და ამაყად წარმოადგენს ქართულ პოლიციას.

ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით, გვეიმედება შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ, მადლობა სამსახურისთვის.

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. აქვე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ და რა თქმა უნდა, ამას არ უნდა შევეგუოთ, არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ, არც ერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი და რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არც ერთ კომპრომისს არ დავუშვებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს ხალხის და მთავრობის სახელით სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისათვის მადლობა გადაუხადა.


„ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენი ხალხის, ჩვენი მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით მადლობას გიხდით სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისათვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და გმირობისათვის. მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, თქვენი ოჯახის წევრებს, ვისი თანადგომითაც თქვენთვის ასე ძვირფასია თქვენი საქმიანობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“- მიმართა პრემიერმა პოლიციელებს.

მთავრობის მეთაურთან ერთად ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარადგინა.