„ეს ისტორიული, ეპოქალური გამარჯვებაა ქართული პოლიტიკური გონის, რომლის შედეგებს ასე გააფთრებით უპირისპირდება რუსეთის იმპერიული ცენტრი“ - გელა ჩორგოლაშვილი 31 მარტის რეფერენდუმზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დებუტატი გელა ჩორგოლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს : 

„1991 წლის 31 მარტი განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი თარიღია ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინების გზაზე. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს რესპუბლიკაში, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გაიმართა საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი, რომელმაც არა მხოლოდ ცხადი გახადა საქართველოს რესპუბლიკის ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასთან მიმართებით, არამედ, ქართველმა ერმა დაიბრუნა რა ძალაუფლება თავად შეიქმნა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის ავტორი და მისი სუვერენიტეტის წყარო.

 
1991 წლის 31 მარტს, რეფერენდუმის მონაწილეთა 98,9 % მა, რაც იმ დროისათვის საქართველოს რესპუბლიკის ამომერჩეველთა სრული რაოდენობის (3 657 477) 89,3 % ს შეადგენდა, რეფერენდუმის ერთადერთ შეკითხვაზე: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე“ გასცა დადებითი პასუხი, რითაც საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენა დაუკავშირა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას (1918-1921), მოახდინა რა მასთან იდენტიფიცირება სახელმწიფო კონტინუიტეტის(განგრძობითობის) დადგენით. ეს ისტორიული, ეპოქალური გამარჯვებაა ქართული პოლიტიკური გონის, რომლის შედეგებს ასე გააფთრებით უპირისპირდება რუსეთის იმპერიული ცენტრი, განაგრძობს რა, მის შემოქმედ ხალხზე ძალადობას, ტერორს, სამხედრო-კრიმინალურ დასჯით ოპერაციებს.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინაშე არსებული დღევანდელი გამოწვევები შეუძლებელია დაიძლიოს ქართველი ხალხის გაცნობიერებული და აქტიური მხარდაჭერის გარეშე. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთიანი საზრისით უნდა განმსჭვალოს ყველა ინსტიტუცია, სტრუქტურა, უწყება, თითოეული მოქალაქე - ეს არის პირობა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების შენარჩუნების ამ უაღრესად დრამატულ და სახიფათო დროს. საქართველოს ხალხის საციცოცხლო ინტერესია საქართველო და მისი ხალხი მოქმედებდეს ერთიან სამართლებრივ სივრცეში, ერთი ნებით, ერთი ერის მიზანდასახულობით!
2022 წლის 31 მარტს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საუკუნოვანი სწრაფვის აღმასრულებელს, საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას - ეროვნული მეხსიერება სათუთად ინახავს და ღირსეულ პატივს მიაგებს ეროვნული მოძრაობის სწორუპოვარი ხელმძღვანელის ბატონი ზვიადის სახელს.
დიდება საქართველოს, დიდება ქართველ ერს, დიდება სამშობლოსათვის თავდადებულ რაინდებს! “