რეფერენდუმმა 70-წლიან საბჭოთა ოკუპაციას წერტილი დაუსვა - 31 მარტს საქართველოს მომავალი წყდებოდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

31 წელი გავიდა 1991 წლის 31 მარტის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან. საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, რეფერენდუმი ჩაატარა, საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.

საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობდა, სამხედრო წარმატებების კვალდაკვალ მიეღწია კიდევ ერთი მიზნისათვის: საქართველოს დამფუძნებელ კრებასა და მთავრობას ხელი უნდა მოეწერა კაპიტულაციის აქტზე და მოეხსნა უფლებამოსილება. თუ მოვლენები ამგვარი სცენარით განვითარდებოდა, მაშინ საქართველოს წითელი რევოლუციური კომიტეტი არალეგიტიმურ უკანონო ხელისუფლების ორგანოდან გადაიქცეოდა ხელისუფლების ისეთ ორგანოდ, რომელსაც კანონიერი ხელისუფლების არარსებობის პირობებში უფლებამოსილება ექნებოდა, ხელში აეღო სახელმწიფო ფუნქციები და განესაზღვრა საქართველოს მომავალი წყობა.

ნოე ჟორდანია საბჭოთა რუსეთის მხრიდან ორგზის შემოთავაზების მიუხედავად, არ დათანხმდა არც კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერას და არც დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის მხრიდან უფლებამოსილების მოხსნას. ეს იყო სწორი და წინდახედული გადაწყვეტილება. ემიგრაციაში წასვლის შემდეგაც დამფუძნებელი კრება და მთავრობა რჩებოდა საქართველოს კანონიერ ხელისუფლებად. მოვლენათა ასეთი განვითარება იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართველ ერს უტოვებდა იურიდიულ უფლებას, ებრძოლა საქართველოს განთავისუფლებისათვის.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტი ჟამია მეგობრებო, წყდება იმპერიის ბედი, რაც ნიშნავს იმას, რომ წყდება საქართველოს ბედიც მეგობრებო - აცხადებდა ხმა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელის მოწერის დროს გაისმოდა.

მინდა, ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერის წინაშე გამოვაცხადო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა - განაცხადა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ (1990-91წწ) ამ სიტყვებს დამსწრეთაგან მქუხარე ტაში მოჰყვა.

1991 წლის 31 მარტი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას.

ბალტიისპირეთის შემდეგ, ეს იყო მეოთხე რეფერენდუმი სსრკ-ში, რომელმაც 70 წლიან საბჭოთა ოკუპაციას წერტილი დაუსვა.

რეფერენდუმის დღეს, თბილისში სპეციალური მისიით იმყოფებოდა, აშშ-ს 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი.

 „გზაში ვიყავით, როდესაც ნიქსონმა მითხრა, შვილო, დაიმახსოვრეთ, თქვენ თავისუფლებას იმსახურებთ და იქნებით თავისუფლებიო... თავისუფლება ქართველი ხალხის დამსახურება იყო, თავად გაითავისუფლეს თავი, რაც ყველა ბრძოლის მოგებაზე მეტია, ზვიადის დამსახურება კი ამისთვის ბრძოლაა.“ - იხსენებს აკაკი ასათიანი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1990-91წწ)

31 მარტის რეფერენდუმს საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა ანალოგიურ რეფერენდუმებს, მოკავშირე რესპუბლიკებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ფაქტის იურიდიული დემონსტრირებისთვის, ანუ იმის ნათელსაყოფად, რომ ამ ქვეყნების ხალხი 70 წლის მანძილზე იმპერიამ ვერ გატეხა და ვერ დააკარგვინა საკუთარი სახელმწიფოებრიობისკენ მისწრაფება.