როგორ გახდა კომიკოსი „ხალხის მსახური“ და პრეზიდენტი - ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკიზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინა და მისი პრეზიდენტი, დღეს, მსოფლიო ლიდერების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა - რუსეთის აგრესიის მოლოდინში, უკრაინის ახალგაზრდა პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყველა სიტყვასა და ქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, „ვერსია“ ზელენსკის გზას შეგახსენებთ და კიდევ ერთხელ მოგიყვებათ, როგორ აღმოჩნდა ახალგზარდა, ექსცენტრიული კომიკოსი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი 1978 წლის 25 იანვარს, უკრაინის საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკის ქალაქ კრივოი როგში,  ებრაელი მშობლების ოჯახში დაიბადა. პაპამისი, სემიონ ივანეს ძე ზელენსკი, მეორე მსოფლიო ომის დროს, წითელ არმიაში მსახურობდა. სემიონის მამა და სამი ძმა ტრაგიკულად მოკლეს ჰოლოკოსტის დროს. მამამისი, ალექსანდრ ზელენსკი პროფესორი და კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტიკისა და კომპიუტერული ტექნიკის ხელმძღვანელია, დედა, რიმა ზელენსკა კი ინჟინრად  მუშაობდა.

ადრეულ ბავშვობაში, მისი ოჯახი ოთხი წლით გადასახლდა მონღოლეთის ქალაქ ერდენეტში, თუმცა მალევე დაბრუნდა კრივოი როგში, სადაც ზელენსკიმ სკოლაში სწავლა დაიწყო. უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონის ბევრი ახალგაზრდას მსგავსად, მან სრულფასოვნად იცოდა რუსული ენა, მაგრამ ასევე, თავისუფლად ფლობდა  უკრაინულ და  ინგლისურ ენებს. 1995 წელს, ზელენსკი ჩაირიცხა კრივოი როგის ეკონომიკურ ინსტიტუტში, 2000 წელს კი დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ჰქონდა იურიდიული საქმიანობის ლიცენზია, მისი კარიერა თავიდანვე სხვა მიმართულებით წარიმართა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, თეატრში დაიწყო თამაში და მალევე, სწორედ ეს გახდა მისი მთავარი გატაცება.  

1997 წელს, მისი საშემსრულებლო ჯგუფი „კვარტალი 95“ ანუ „უბანი კრივოი როგში“, სადაც ზელენსკიმ ბავშვობა გაატარა, გამოჩნდა სატელევიზიო КВН-ის (клуб весёлых и находчивых; მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) ფინალში. ეს კლუბი იყო და დღემდეა პოპულარული იმპროვიზაციული კომედიური კონკურსი, რომელიც მაუწყებლობდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ცოტა ხანში, ჯგუფი „კვარტალი 95“ და ზელენსკი გახდნენ КВН-ის რეგულარული მონაწილეები და  2003 წლამდე ამ გადაცემაში აქტიურად იყო ჩართული. იმ წელს კი ზელენსკიმ დააფუძნა „სტუდიო კვარტალი 95“, რომელიც გახდა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი გასართობი სტუდია. ზელენსკი „სტუდიო კვარტალი 95“-ის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა კომპანიის შექმნიდან 2011 წლამდე. ამის შემდეგ კი უკრაინული ტელევიზია Inter-ის გენერალურ პროდიუსერთა საბჭოს წევრი გახდა.

ზელენსკიმ „Inter TV“ 2012 წელს დატოვა, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში, მან და „კვარტალი 95“-მა, გააფორმეს ხელშეკრულება ერთობლივი წარმოების შესახებ უკრაინულ ქსელთან „1+1“, რომელიც ეკუთვნოდა იგორ კოლომოისკის, უკრაინის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს. ზელენსკისა და კოლომოისკის ურთიერთობას მოსახლეობა კრიტიკულად გამოეხმაურა, როდესაც ზელენსკიმ პოლიტიკაში შესვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ტელევიზიაში მუშაობის გარდა, ზელენსკი გამოჩნდა არაერთ მხატვრულ ფილმში, მათ შორის, „რჟევსკი ნაპოლეონის წინააღმდეგ“ (2012), რომანტიკულ კომედიებში - „8 პირველი თარიღი“ (2012) და „8 ახალი თარიღი“ (2015).

ზელენსკის ჰყავს მეუღლე, ოლენა ზელენსკა (კიაშკო), რომელზეც 2003 წლის სექტემბერში იქორწინა. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. წყვილს პირველი ქალიშვილი, ალექსანდრა 2004 წლის ივლისში შეეძინა. 2016 წელს, ქალიშვილმა  მონაწილეობა მიიღო შოუში The Comedy Comet Company Comedy's Kids და მოიგო 50 000 გრივნა. წყვილის მეორე შვილი, კირილო კი  2013 წლის იანვარში დაიბადა.

2013 წელს, ზელენსკი დაუბრუნდა „კვარტალ 95“-ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას, თუმცა მისი სამსახიობო კარიერა მალე გადაიკვეთა უკრაინის მაშინდელ დაძაბულ პოლიტიკურ მოვლენებთან. 2014 წლის თებერვალში, უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი გადადგა უდიდესი სახალხო პროტესტის შედეგად. მაისში კი უკრაინის ახალ პრეზიდენტად, მილიარდერი პეტრო პოროშენკო აირჩიეს. პოროშენკომ უკრაინაში რუსეთის უდიდესი უარყოფითი გავლენისა და სხვადასხვა სექტორში კორუფციის გამო, ვერ მოახერხა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება. სწორედ ამ ფონზე, 2015 წელს, შედგა სერიალის - „ხალხის მსახური“ პრემიერა „1+1“-ის ეთერში.  სერიალში ზელენსკი თამაშობდა ვასილი გოლობოროდკოს, ისტორიის მასწავლებელის როლს, რომელმაც მოულოდნელად, ვირუსული ვიდეოს წყალობით გაიმარჯვა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შემდეგ ის იწყებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა ყველაფერ ამის განსახორციერებლად, ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და წინაღობა გამოუჩნდება.

სერიალი მალევე ძალიან პოპულარული გახდა, რასაც ხალხში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გოლობოროდკოს უცნაური, მოულოდნელი და თითქმის არარეალური გზა  უკრაინის პრეზიდენტობისკენ, ზელენსკისთვის, იგივე თანამდებობისთვის ბრძოლაში, ფაქტობრივად, სამოქმედო რუკა აღმოჩნდა. ამ ნაბიჯის მოლოდინში კი, 2018 წელს, „Kvartal 95“-მა „ხალხის მსახური“ ოფიციალურად დაარეგისტრირა პოლიტიკურ პარტიად.

უკრაინის ეკონომიკის დაღმასვლა და პრეზიდენტ პოროშენკოს პოპულარულობის რეიტინგის დაჩემა ხალხში აჩენდა  მოლოდინს, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, 2014 წლის არჩევნების განმეორება იქნებოდა, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს დაუპირისპირდებოდა. ამის ნაცვლად, არჩევნებში, სამი ათეულზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა და ზელენსკი კანდიდატურის გამოცხადების მომენტიდან ერთ-ერთი მოწინავე გახდა. მან პოლიტიკაში შესვლის შესახებ განცხადება გააკეთა „1+1“-ის ეთერში, 2018 წლის 31 დეკემბერს, პრეზიდენტ პოროშენკოს ყოველწლიურ საახალწლო მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე. ამ პროვოკაციულმა ნაბიჯმა კითხვები გააჩინა „1+1“-ის მფლობელის, კოლომოისკის მონაწილეობის შესახებ ზელენსკის კამპანიაში. წარსულში, კოლომოისკი პოროშენკოს მტკიცე მოკავშირე იყო, რომელსაც შემდეგ მასთან სერიოზული პრობლემები შეექმნა. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა კონკრეტულად მათი კავშირების შესახებ,

აქედან გამომდინარე, ზელენსკიმ ნელ-ნელა დაიწყო კოლომოისკისგან დისტანცირება, რაც საკმაოდ გაუმარტივდა მისი არაორდინალური საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის წყალობით. ის გაურბოდა დეტალურ პოლიტიკურ განცხადებებს, პრესკონფერენციებზე ლაპარაკს და შემოიფარგლებოდა მხოლოდ მოკლე გამოსვლებით ან კომედიური სკეტჩებით - Youtube-სა და „ინსტაგრამზე“. 2019 წლის 31 მარტს, ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ხმების 30 პროცენტი მიიღო, ხოლო პოროშენკო - 16 პროცენტით, მეორე ადგილზე გავიდა. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ზელენსკი უარს ამბობდა პოროშენკოსთან დებატებზე, სანამ არჩევნების მეორე ტური არ გაიმართებოდა.  ამ დებატებს კი, საბოლოოდ, სპორტული ღონისძიების სახე მიეცა. 2019 წლის 19 აპრილს, ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, რათა ენახა ამ ორი ძალიან განსხვავებული პრეზიდენტობის კანდიდატის დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკო ეცადა, ზელენსკი წარმოეჩენა ახალბედა პოლიტიკოსად, რომელსაც არ აქვს სიმტკიცე, დაუპირისპირდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მაინც ვერ შეძლო მნიშვნელოვანი დარტყმების მიყენება მეტოქისათვის. მეორე დებატი დაგეგმილი იყო იმავე საღამოს, მოგვიანებით, თუმცა ზელენსკიმ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ერთი დღისთვის, ეს დებატები სრულიად საკმარისი იყო.

21 აპრილს, უკრაინის მოსახლეობამ ვოლოდიმირ ზელენსკი ხმათა შთამბეჭდავი უმრავლესობით - 73 პროცენტით აირჩია უკრაინის პრეზიდენტად. რამდენიმე დღეში, ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე უკვე იდგა ქვეყნის საკმაოდ სერიოზული გარე და შიდა პრობელემები, რაც დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვდა. მათ შორის იყო ვადამდელი არჩევნები, რომელიც ძალიან მალევე დაინიშნა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 2019 წლის 20 მაისს შედგა და მან ოფიციალურად დადო ფიცი ხალხის წინაშე. ახალმა პრეზიდენტმა თავისი საინაუგურაციო სიტყვა, რომელიც მიმდინარეობდა რუსულ და უკრაინულ ენაზე, ეროვნული ერთიანობისკენ მოწოდებისთვის გამოიყენა და „ვერდა რადას“ ანუ საკანონმდებლო ორგანოს დაშლის შესახებ ოფიციალურად გააკეთა განაცხადება. ეს ნაბიჯი პოლიტიკურად აუცილებელი იყო, რადგან მის საპრეზიდენტო გამარჯვებას არ უმაგრებდა ზურგს საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა იმიტომ, რომ პარტიას - „ხალხის მსახური“ არ ჰქონდა ერთი საპარლამენტო ადგილიც კი.

სწორედ ამიტომ, ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს ჩატარდა, რომელიც თავად ზელენსკის შეფასებით, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გამხდარიყო. არჩევნების შედეგად, „ხალხის მსახურმა“ მიიღო აბსოლუტური უმრავლესობა -  450 ადგილიდან 254 მანდატი. პარტია „ხალხის მსახურმა“ აბსოლუტური მხარდაჭერა მიიღო „რადაში“, დამოუკიდებელი უკრაინის მთელი ისტორიის განმავლობაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი, პრეზიდენტობის მანძილზე, რამდენიმე ხმაურიან სკანდალში გაეხვა. პირველ რიგში, ეს არის „პანდორას დოკუმენტები“ ანუ pandora papers, რომელზეც გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ეს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია ეხება დაფარულ ფინანსურ სამყაროს, იგივე, ოფშორულ ზონებს, რომელთა საშუალებითაც ძალიან მდიდარი პოლიტიკოსები, ვარსკვლავები თუ სხვები ახერხებენ უდიდესი ფულის შოვნას. მედიაში გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის უახლოეს გარემოცვას შემოსავალი აქვს ოფშორული კომპანიების ქსელებიდან, მათ შორის, ბრიტანეთში არსებული უძრავი ქონებიდან. 

პრეზიდენტ ზელენსკის სახელი, ასევე, აქტიურად ისმოდა კონგრესში, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მიმდინარეობისას. ტრამპის მოწინააღმდეგეები აშშ-ის პრეზიდენტს ბრალს სდებდნენ, რომ ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას უკავშირდებოდა. ყველაფერი ეს კი მან  უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. მოგვიანებით, თეთრი სახლის მეთაურმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრის დროს, ზელენსკისთან ნამდვილად აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ, ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. თავის მხრივ, ეს ბრალდებები ზელენსკიმ სრულიად უარყო.

„მე არ მსურს აშშ-ის დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა. ჩვენს შორის კარგი, ნორმალური სატელეფონო საუბარი შედგა. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ეს თქვენც წაიკითხეთ და ნახეთ, რომ არავინ მაიძულებს რამეს“, - განაცხადა ამ სკანდალთან დაკავშირებით, ვლადიმერ ზელენსკიმ.

დღეს, ზელენსკი ყველანაირად ცდილობს დიპლომატიური ხერხებით გადაწყვიტოს რუსეთის მოსალოდნელი აგრესია და თავიდან აიცოლოს ომი, რომელიც, შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე სასტიკი და ფართომასშტაბიანი აღმოჩნდეს.

მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ის საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებულ მეგობრად მიიჩნევდა და მიიჩნევს. ამის ნათელი დადასტურება 2021 წლის ზაფხული იყო, როდესაც ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა, სადაც პირდაპირ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა.