ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის „ველიკოძერჟავული“ ვნებები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

... ხვალ იყო ომი

  

08.08.08-დან 22.02.22-მდე

 

ნინო დოლიძე

 

აქამდე იყო 08.08.08, ახლა არის 22.02.22 ანუ მართალია, ღია ომი ჯერ არ დაუწყია, მაგრამ ვლადიმერ ვლადიმერის ძემ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. ყველა ყაიდის ექსპერტი თანხმდება, რომ ამ აღიარებით, რუსეთის პრეზიდენტმა ცივილურ მსოფლიოს ხელთათმანი ესროლა და დუელში გამოიწვია. საერთოდ, პუტინის გამოსვლა ერთგვარად პოლიტპარანოიით შეპყრობილი ადამიანის მონოლოგს ჰგავდა, ადამიანისა, რომელიც წარსულში ცხოვრობს. კერძოდ, პუტინმა თქვა, რომ უკრაინა ლენინმა შექმნა, ესე იგი, ამით ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი ხალხი, როგორც ერი, არ არსებობს. ასეა თუ ისე, ვოვა თავისას „ისწორებს“, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს „გასწორება“ მსოფლიოს, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს. ყოველ შემთხვევაში, პლანეტა ახალი ცივი ომის საშიშროების წინაშე დგას.

 

რას აკეთებს ამ დროს დასავლეთი? - ამ ეტაპზე, მხოლოდ შეშფოთებაა სახეზე. აი, მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინის პროვოკაციულ გადაწყვეტილებას სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასმხა უწოდა.

„ყველა ამ მოწოდებაში პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორც საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის, ასევე, იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც რუსეთს დავაკისრებთ, თუ ის შემდგომ შეიჭრება უკრაინაში.

რუსეთი აგრძელებს ამ კრიზისის ესკალაციას, რომელიც, პირველ რიგში, მან შექმნა. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიური კურსის გატარებას ტანკების გაშვებამდე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ილუზიები იმის შესახებ, თუ რა იქნება მომავალში. ჩვენ მზად ვართ, გადამწყვეტად ვუპასუხოთ, როცა ეს მოხდება“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, თეთრი სახლის სპიკერი ამბობს, აშშ აპირებს, დამატებითი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში აკრძალავს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას აშშ-ის მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ამავე განკარგულებით, სანქციები დაუწესდება პირებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე საქმის წარმოებას აპირებენ.

ერთი სიტყვით, პუტინს ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარება, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს.

სხვათა შორის, 14 წლის წინაც, როცა კრემლი საქართველოს დესხა თავს, არსებობდა მოლოდინი, რომ დასავლეთი პუტინს „მიჯირყვნიდა“. მართალია, ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი თბილისში ჩამოვიდა და სოლიდარობა გამოგვიცხადა, მაგრამ ვოვამ კოლეგები, უხეშად რომ ვთქვათ, ფეხებზე დაიკიდა და თავისი „გაისწორა“. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს აღშფოთება-შეშფოთების მიუხედავად, დღეს თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, ოკუპანტები დგანან, ბოლო წლებში კი ე.წ. მცოცავი ოკუპაციის მომსწრენი ვართ.

სხვათა შორის, ზოგს აქვს ეჭვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი მხოლოდ ზემოხსენებული რეგიონების აღიარებით არ შემოიფარგლება და უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომს დაიწყებს, ყველაფერი ეს, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოსაც შეეხება. ზოგი კი უფრო შორსაც მიდის და ეჭვობს, რომ კრემლმა, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ხელმეორე ოკუპაცია გადაწყვიტოს. ამაში კი ხელი, შესაძლოა, საქართველოს იმ მოქალაქეებმაც შეუწყონ, რომლებიც აქამდეც პუტინისტები იყვნენ, ახლა კი ვლადიმერ ვლადიმერის ძეს, პრაქტიკულად, პოლიტიკურ ქორწინებას სთავაზობენ ანუ ზუსტად იმ დღეს, როცა პუტინმა ურაინის ზემოხსენებული ტერიტორები დამოუკიდებლად სცნო, ქართველმა პუტინისტებმა კრემლში უსტარი აფრინეს, სადაც სიტყვა-სიტყვით წერია:

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! ჩვენ სინანულით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რასაც მოწმობს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უთმობს ტერიტორიას ნატო-ს სამხედრო წვრთნებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის გამოწვევა.

ჩვენ, ასევე, სინანულით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო, უკვე დიდი ხანია, ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ცრუ გამოკითხვებით ხატავენ სურათს, თითქოს, ქვეყნის უმრავლესობა ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვა 2020 წელს, „პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა, რომელმაც 1.2 მილიონი ადამიანი გამოჰკითხა, 900 ათასთან კი აუდიო ინტერვიუ ჩაწერა. ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა: მოსახლეობის 69.4% სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მომხრეა, 75.8% კი რუსეთთან დიალოგის დაწყებას ემხრობა“.

სხვათა შორის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ქართველი პუტინისტები ვოვას დახმარებას სთხოვენ. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილი 2021 წლის 2 აგვისტოსაც გაუგზავნეს და  წერილის სულისკვეთებაც მაშინ ანალოგიური იყო.

ერთი სიტყვით, პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით, მარტო ქართველი რუსეთუმეები კი არა, კრემლისგან ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაციაც კმაყოფილია - როგორც კი ვოვას გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, რუსულმა მედიამ ცხინვალში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სეპარატისტული რეგიონის აქტოვისტები მანქანებით ცხინვალის ქუჩებში დარბიან და ოვაციებს ვერ მალავენ.

ასე და ამგვარად: მსოფლიოს ახალი ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება და ამ ისტორიის ნაწილი საქართველოცაა, თანაც სცენარი, დაახლოებით, ისეთივეა, როგორც 2008 წლის აგვისტოსა და უფრო ადრეც, 90-იანი წლების დასაწყისში იყო ანუ იგივე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებით, რუსეთმა იმდროინდელი საქართველო წელში გატეხა და აგერ, ლამის 30 წელია, ფეხზე ვეღარ დავდექით.

ისე, კრემლის მმართველი პუტინი რომ არ გამხდარიყო, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ პუტინი ჭეშმარიტად „ველიკოდერჟავული ცხოველია“, რომელიც დღემდე სსრკ-ს მისტრის და ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო.

ვლადიმერ ვლადიმერის ძე, ნათლად ჩანს, რომ სსრკ-ს მოდერნიზაციას ცდილობს და იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო შეშფოთება-აღშფოთებას არ გასცდება, ვოვამ, შესაძლოა, ოცნება აიხდინოს კიდეც, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ აშშ-მ თუ სხვა ძლევამოსილმა სახელმწიფოებმა ფარ-ხმალი დაყარონ და რუსეთის ვასლობა მოისურვონ.

ასეა თუ ისე, დიდი პოლიტიკური თამაშები როგორც უნდა დამთავარდეს, რუსეთის რაობას ვერაფერი შეცვლის და ის ისევ ოკუპანტი იქნება!