"ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა და ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად ე.წ მწვანე პასპორტების ფუნქციონირება" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო პერიოდში სპეკულირების საგანი და საფუძველი გახდა, დაიწყეს უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ გავაუქმეთ ე.წ მწვანე პასპორტები, ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც და ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება და მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, აღნიშნული მწვანე პასპორტების გამოყენებამ აზრი დაკარგა.

„თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტა“ შტამის და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, ანუ ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ კიდევ ერთი მაგალითი. მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს ვირუსი ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, იმაზე უფრო მსუბუქად, ვიდრე არაერთი სხვა ვირუსი. მე მქონია სხვა ვირუსებიც და ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო რთულად გადამიტანია. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა ამ მწვანე ბარათის გამოყენებამ და საჭიროდ ჩავთვალეთ მისი გაუქმება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა, მაინც დაზღვევისა და პრევენციის მიზნით, რომ განსაკუთრებით, ვინც ასაკშია და ვისაც აქვს თანმდევი, ქრონიკული სხვა დაავადებები, რომ არ გაურთულდეთ მაინც ეს ვირუსი. სხვა დანარჩენი სრული კონტროლის ქვეშ არის. ევროპის ქვეყნებმა, ამერიკამ, ყველამ გახსნა და აღარავინ ფიქრობს შეზღუდვებზე. პირიქით, ჩვენ ერთის მხრივ უნდა ვმართოთ სიტუაცია და გვქონდეს მაქსიმალური კონტროლი, მეორეს მხრივ, უნდა შევუწყოთ ხელი ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და აღდგენას. ძალიან კარგი შედეგი გვქონდა შარშან, 10,6% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წელს კიდევ უფრო ძლიერი შედეგი გვინდა გვქონდეს, ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან მშვიდად შეგუება და თანაცხოვრება ამ პანდემიასთან. ვაქცინაცია ერთის მხრივ უნდა დავაჩქაროთ, წავახალისოთ კამპანია, 50 წლის ზემოთ მოქალაქეებს აცრაზე ვუხდით 200 ლარს, ე.წ ბუსტერ დოზის შემთხვევაში დამატებით 100 ლარს ვუხდით და ვფიქრობთ, ეს კამპანიაც უნდა გაფართოვდეს და ამის თაობაზე ბატონი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს. რეგიონებში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და განსაკუთრებით ამ ჯგუფებზე უნდა მოხდეს მეტი ყურადღების გადატანა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.