ჯონდი ბაღათურია: „სააკაშვილის ერთ-ერთი პირველი მძარცველი ნიკა გვარამიაა“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ ვერ ახერხებენ ე.წ. პატარა პარტიები გაერთიანებას და რაში ხედავს გამოსავალს "ქართული დასის" ლიდერი

 დღევანდელი პოლიტმოცემულობა ასეთია: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საპყრობილეშია, პარტიამ კი საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა და გადაწყვიტა, სადეპუტატო ტრიბუნა გამოიყენოს. პოლიტიკურად ნაკლებად აქტიურობენ ე.წ. პატარა პარტიებიც, რომელთაგან ერთ-ერთის, კერძოდ, ქართული დასის ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ აქვსო. ბაღათურიასგან ეს განცხადება, ალბათ, არავის გაკვირებია, რადგან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, პარლამენტში, ლამის ერთადერთოპოზიციონერი იყო. რის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია? - „ვერსიაჯონდი ბაღათურიას ესაუბრა:

 - სააკაშვილს შეუქმნეს განცდა, ჯერ კიდევ ისეთი პოპულარული ხარ, თუ საქართველოში ჩამოხვალ და დაგაკავებენ, ხალხი აღშფოთდება და ქუჩაში გამოვაო. საერთოდ, ამ წლების განმავლობაში, გარემოცვა ცდილობდა, ფული დაეცინცლა სააკაშვილისთვის და მუდმივად აქციებსა და დესტრუქციულ მოქმედებებს გეგმავდა მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა, ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდა. სააკაშვილი აფინანსებდა არა მხოლოდ ამ აქციებს, არამედ, რამდენიმე ტელევიზიასაც და შესაბამისად, ვფიქრობ, სააკაშვილის ერთ-ერთი პირველი მძარცველი ნიკა გვარამიაა, რომელიც, ალბათ, არწმუნებს, პრესპექტივა და მომავალი გაქვსო. თუ პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში ერკვევი, უფრო მეტი ჭკუა უნდა გქონდეს და იცოდე, რომ სააკაშვილის დასაცავად და ციხიდან გამოსაყვანად 1000-2000 კაცზე მეტს ვერ გამოიყვან და თუ ძალიან ბევრ ფულს დახარჯავ, შეიძლება, 4000-მდე გამოიყვანო, მაგრამ ხალხი, რომელიც ფულის გამო მიდის აქციაზე, ხელისუფლებასთან საჭიდაოდ არ გამოგყვება. ამას იდეა, პატრიოტიზმი სჭირდება, სააკაშვილი კი ამ ქვეყნის მტერია. მისი ყველა მოქმედება ქვეყნისა და ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული. შეხედეთ, რას აკეთებენ მისი ტელევიზიები და ესაა მისი სახე.

- ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში თქვენ მიერ დასახელებულ რიცხვზე გაცილებით მეტ მხარდაჭერას იღებს, უმცა ისიც საგულისხმოა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ პარიას ხმას აძლევენ, საპროტესტო აქციაზე არ გამოდიან. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- არჩევნების გაყალბება არა მხოლოდ ბიულეტინების ჩაყრითა და სხვა პარტიების ხმების გადანაწილებით ხდება, არამედ, მანამდე, საარჩევნო აზრი ყალბდება. ის რაოდენობა, რაც აღებული აქვთ, არაა მათი ხმები. ნაწილი დამატებულია ტრადიციული გაყალბების გზით, მაგრამ ძირითადი ნაწილი ყველაზე პრიმიტიული პოლიტტექნოლოგიის გზითაა მიღებული, რასაც „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა აკეთებენ. ერთმანეთის სიძულვილით იღებენ ხმებს ეს პარტიები ანუ მათ შუა გაკრიფეს და ხალხს აჩვენებენ, რომ სხვა ალტერნატივა არაა და როცა ამომრჩეველი „ოცნებაზე“ გაბრაზებულია, ის მთავარ შურისმაძიებელსა და რევანშისტს მიშას სახით ხედავს და ხმას იმიტომ აძლევს, თორემ მისი მომხრე არაა და არც მიტინგებზე მივა. ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომელიც „ოცნებამ“ დაკარგა, ლოგიკურად, „ქართული დასისკენ“ უნდა წამოსულიყო, მაგრამ მიშასკენ წავიდა, რაც ალოგიკურია, მაგრამ კლასიკური გაგებით, ამას ჰქვია საპროტესტო ელექტორატი, რომელიც ყალიბდება ორი პოლუსის სიძულვილის მიმართ.

- გასაგებია, მაგრამ მცირეამომრჩევლიანი პარტიების, მათ შორის, თქვენს პასუხისმგელობას ვერ ხედავთ? ან თუ ხედავთ, რომ პოლიტიკური ველ ისევ მაქსიმალურად პოლარიზებულია, რატომ არ ერთიანდებით და რატომ არ აქტიურობთ?

- გეთანხმებით, რომ ვერ ხერხდება დაბალრესურსიანი პარტიების გაერთიანება და ეს, რა თქმა უნდა, ამ პარტიების პასუხისმგებლობაცაა, თუმცა როგორი გაერთიანებაც უნდა შეიქმნას, ამის უკან უნდა დადგეს მნიშვნელოვანი კაპიტალი... საერთოდ, იმდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინა არჩევნებში ფულმა, რომ წინასაარჩევნო კამპანია კლასიკურ სარეკლამო კამპანიად გადაიქცა, რომელიც ტყუილზეა აგებული, ოღონდ ამ ტყუილს მაქსიმალურად დიდხანს ტირაჟირება სჭირდება და ტელევიზიებიც გადანაწილებულია. ამომრჩეველი „ქართულ დასს“ ვერ ხედავს, არ ისმის ჩვენი ხმა არა მხოლოდ სარეკლამო კამპანიაში, უბრალოდ, საინფორმაციო ველშიც, რაც უნდა პოზიტიური, საინტერესო იდეით გამოხვიდე, არავინ გაგიშუქებს. აშუქებენ მხოლოდ იმას, როცა გამოვა რომელიმე „მიშისტი“, იტყვის მოღალატეობრივ სიბინძურეს, სისულელეს და ამაზე საუბრობენ მთელი დღე.

- მოკლედ, მცირე პარტიებს დამფინანსებელი არ გყავთ, ფული არ გაქვთ და მთელი პრობლემა ესაა?

- უფრო კარგად ჩამოვაყალიბებ - ქართული ბიზნესი ქართულ პოლიტიკაში ფულს არ დებს, ეს არის ქართული პოლიტიკის უბედურება. ქართველი ბიზნესმენები ისევე უპასუხისმგებლოდ იქცევიან, როგორც ქართველი პოლიტიკოსები. ქართველი პოლიტიკოსების ღალატი რომ არ ყოფილიყო, ქვეყანა ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა. გადახედეთ პოლიტიკური სპექტრის გუშინდელ და დღევანდელ განცხადებებს. რამდენი ჩემი კოლეგა მიშას ქვეყნის მოღალატეს და მტერს უწოდებდა და დღეს კი მიშასთან ერთად ხედავს პოლიტიკურ მომავალს. ასეთი პოლიტიკური სპექტრი მართავს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები ქართულ საზოგადოებას არ აქვს.

გამოსავალს რაში ხედავთ? უიმედო ჩანხართ...

- ღმერთმა ნუ ქნას, უიმედო განწყობა მქონდეს. ვცდილობ, გაჩვენოთ, როგორი პოლიტიკური სურათია შექმნილი, თუმცა არ ვხედავ გამოუვალ მდგომარეობას, რესურსს იმაში ვხედავ, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია მოხდეს, თუმცა აქაც დიდი არჩევანი არ გვაქვს. მკითხველს მივმართავ, გადახედეთ პოლიტიკოსებს, მხოლოდ მათ ნამუსს კი არა, არამედ, ჭკუასაც. ინტელექტი და გამოცდილებაც ხომ საჭიროა?! ვინც ეკრანზე ჩანს, თვალებზე აწერია, რომ ნერწყვი მოსდის და გამგელებულია, რომ ვინმეს რამე წასცინცლოს. პარლამენტში რა კომენტარები კეთდება, რას ლაპარაკობენ, რა კომისიებს ითხოვენ?!

- სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემნის ინიციატივას გულისხმობთ?

- ყველა ინციდენტზე კომისიის შექმნას ითხოვენ იმიტომ, რომ ტვინი არ ჰყოფნით, რამე გონივრული თქვან. მათი მიზანია, ტელევიზიით გაშუქდნენ, ამას კი ინტელექტი სჭირდება. არადა, იმდენი თემაა ერისთვის, ხალხისა და სახელმწიფოსთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებელია, საკმაოდ ეფექტურად თავს დაესხა ხელისუფლებას, არც ერთ ამ თემას არ იყენებენ. ან გონება არ ჰყოფნით, ან მტრები არიან. 10 წელია, წამლის ფასების რეგულაციაზე მაქვს შეტანილი კანონპროექტი, რომელიც ფასებს, დაახლოებით, ოთხჯერ შეამცირებს.

- მთავრობამ ხომ დააანონსა თურქეიდან წამლების შემოტანა და ამის საფუძველზე მედიკამენტების გაიაფება...

- კი, მაგრამ როცა სერგეენკო მინისტრი იყო, ალტერნატიული წინადადება შემომთავაზა, დაახლოებით, ასეთი, როგორიც ახლა დააანონსეს, რაც არ არის ცუდი ვარიანტი, თუმცა არ იქნება ისეთი ეფექტური, რადგან აქაც შეიძლება კარტელური შეთანხმება მოხდეს. უფრო ეფექტური ჩვენი ინიციატივაა, მაგრამ არ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები.

- ბატონო ჯონდი, როგორია თქვენი პოლიტიკური გეგმები? რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობას ხედავთ?

- გულახდილად გითხრათ, ჩემი უახლოესი გეგმა პოლიტიკურ სიტუაციაში დეტალური გარკვევაა. არ ვიღებდი პროცესებში მონაწილეობას და არც თვალ-ყურს ვადევნებდი.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ვერ ვხედავ ამის შესაბამის მოცემულობას და ვერც აზრს, რადგან იგივე შედეგი დადგება. როგორც ჩანს, შეეჩვია ჩვენი კოლეგების დიდი ნაწილი, რომ არჩევნების შემდეგ, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ და რა იცვლება არჩევნებიდან ერთ თვეში, როცა გამოდიან და ყვირიან, ისევ ჩავატაროთ არჩევნებიო? რამე დამატებითი მექანიზმი შეიქმნა, რომ ისევ არ გაყალბდეს არჩევნები? როტაციაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში. ახალგაზრდები კი ჩნდებიან, მაგრამ თუ წინადადებების ჩამოყალიბება შეუძლიათ, ეს პოლიტიკა ჰგონიათ. ენის ტლიკინი სავსებით საკმარისად მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსად წარმოიდგინონ თავი და როგორც რუსთაველმა თქვა, „უცილობლობს, ვითა ჯორი“...

- წეღან გკითხეთ და არ მიპასუხეთ: მცირეამომრჩევლიანი პარტიებისთვის გამოსავალს სად ხედავთ?

- მცირე რესურსის მქონე პარტიების გამოსავალი მეტი ჭკუა და რესურსების გაერთიანებაა, მაგრამ ისეთი პარტიები უნდა გაერთიანდნენ, რომელთაც შეკრებადი, მსგავსი იდეოლოგიის ელექტორატი ჰყავთ. საზოგადოებას არჩევანი აქვს და უნდა აირჩიოს, თუ არადა, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. გამოსავალი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების კონსოლიდაციაშია და თუკი ბიზნესმენები დაინახავენ, რომ რაღაც პერსპექტივა არსებობს, ამის გამოყენებას შეეცდებიან.

  ავტორი: თათია გოჩაძე