„ჩემთვის გაუგებარია, რას ზეიმობს „ნაციონალური მოძრაობა!“- დაუჭერს თუ არა მხარს „ლეიბორისტული მოძრაობა“ ნიკა მელიას - ინტერვიუ მიხეილ ქუმსიშვილთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან“ თბილისში 2021 წლის არჩევნებში მერობის კანდიდატად მიხეილ ქუმსიშვილი იყრიდა კენჭს, რომელმაც 0,81% აიღო. საინტერესოა, როგორ ხსნიან საკმაოდ დიდი ბეგრაუნდის მქონე  პარტიაში ასეთ დაბალ შედეგს... აქვე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი - ახლა, როდესაც თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებშიც მეორე ტურია დანიშნული, მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დააფიქსირებენ პარტიები ოპოზიციური კანდიდატის მხარდასაჭერად. „ვერსია“ დაინტერესდა, „ლეიბორისტული პარტია“ მხარს დაუჭერს თუ არა ოპოზიციის კანდიდატს მეორე ტურში? - ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხზებზე მიხეილ ქუმსიშვილს ვესაუბრეთ:

„2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ძალიან პოლარიზებული გამოვიდა, უამრავი დარღვევა იყო, პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდებოდა 2020 წლის არჩევნებისგან, რომელიც ცალსახად იყო გაყალბებული და ახლა შეიძლება უფრო მაღალიც კი იყო დარღვევების ხარისხი. ვფიქრობ, რომ ოპოზიციაც არ იღებს ხმას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, საკუთარი შედეგით კმაყოფილები არიან. მათი ამოცანა იყო ოპოზიციაში ძალების გამყარება და არა ხელისუფლების შეცვლა, რაც შეეხება საზოგადოებას, მათაც ემოციურ ფონზე მიიღეს გადაწყვეტილება. არჩევნების წინა დღეს დაემთხვა სააკაშვილის ჩამოსვლა, შემდეგ მისი დაკავება და ბუნებრივია, ასეთ ემოციურ ფონზე მოუწია ხალხს გადაწყვეტილების მიღება, რაც ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.“

მიხეილ ქუმსიშვილი გიორგი გახარიას პარტიის შედეგებსაც აფასებს:

„ის ფაქტი, რომ გახარიას პარტიამ ჩვენზე მეტი ხმა აიღო, განაპირობა მისმა პრემიერ-მინისტრობამ „ქართულ ოცნებაში“, რის გამოც გარკვეული წონა და ავტორიტეტი აქვს, რა თქმა უნდა, მან ახლა „ქართული ოცნებას“ ბევრი ხმა წაართვა და რეალურად, ამ პარტიის ელექტორატზეა დამოკიდებული.“

ქუმსიშვილს მიაჩნია, რომ ამ არჩევნებში ყველა ოპოზიციური პარტია დაზარალდა:

„ზოგადად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიიღო 0.1 პროცენტით მეტი ან ნაკლები, ყველა ოპოზიციური პარტია დაზარალდა. ერთადერთი, ვინც ამ არჩევნებისგან იხეირა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლებმაც მდგომარეობა უფრო გაიღრმავეს და სამომავლოდაც, როგორც ჩანს, უნდათ, რომ მათ შორის იყოს მთავარი მეტოქეობა, დანარჩენები დასუსტდნენ და სამწუხაროდ, მათ ეს გამოუვიდათ. ის პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ არ მიეკუთვნებოდნენ, ამ პოლარიზაციის და ემოციის ფონზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, დაიჩაგრნენ და დარჩნენ უფრო დაბალი მხარდაჭერის ხარჯზე.

ამომრჩეველმა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, სამწუხაროდ გვითხრა, რომ სურს ბელადები ჰყავდეს, რომელსაც ეძებენ სააკაშვილში ან ივანიშვილში.

იმის მიუხედავად, რომ 18 წელია, ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ხალხმა კვლავ იგივე წრეზე გადაწყვიტა მმართველობის და ცხოვრების გაგრძელება, ვფიქრობ, რომ ზუსტად ახლა არის ცვლილებები და სიახლეეები საჭირო. ქვეყანაში უნდა განვითარდეს მრავალპარტიული დემოკრატია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი პოლარიზაციას და ორპოლუსიანობას.

ამომრჩევლის გადაწყვეტილებით ბოროტად ისარგებლა რამდენიმე პარტიამ, მათ შემოგვთავაზეს ის სპექტაკლი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიდგა, ვგულისხმობ სააკაშვილის შემოპარვას, თურმე 4 დღე საქართველოში ყოფილა, არჩევნების წინა დღეს ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა, ისარგებლეს ხალხის ემოციებით და საბოლოო ჯამში ხალხმაც მათ სასარგებლოდ გააკეთა არჩევენი.


ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და თუ რაიმე უშველის ამ ქვეყანას, ეს სწორედ სხვა ალტერნატიული პარტიების გაძლიერება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში. არ ვაპირებთ არცერთ პარტიასთან გაერთიანებას, თუმცა ბუნებრივია, არიან ისინი, ვისთანაც შეიძლება ინტერესთა თანაკვეთა გვქონდეს, პარტიები რომლებიც აცნობიერებენ, რომ მთვარი პრობლემა არის ორპოლუსიანობა და სანამ ეს ორი ძალა იქნება საქართველოში წამყვანი, იქამდე რთული იქნება იმ მიზნის მიღწევა, რაც გულისხმობს განვითარებას და წინსვლას.

ჩვენ მიმდინარე კონსულტაციებში არ ვიღებთ მონაწილეობას, ვაკვირდებით სიტუაციას ვსწავლობთ არჩევნების მოვლენებს და ანალიზს ვაკეთებთ იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რასაც მრავლად ჰქონდა ადგილი.

არასოდეს გვაქვს პრობლემა ოპოზიციასთან მოლაპარაკეების წარმართვაზე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ბევრად უფრო ჯანსაღი პოზიციები დაფიქსირებულიყო არჩევნებამდე და არ მომხდარიყო ასეთი ემოციური თამაში ხალხის გადაწყვეტილებებზე, ახლა უკვე ლაპარაკი რას შეცვლის, არ ვიცი.

ჩვენ ველოდებოდით მეტი ადამიანის მხარდაჭერას, იმიტომ, რომ ედისონ რისერჩის კვლევის მიხედვითაც, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა 6% გვაქვს, როგორც წესი, ჩვენ კვლევითი ორგანიზაციები ზედმეტ რეიტინგს არასდროს არ გვიწერენ თუ არ გვაკლებენ, ხალხის განწყობაც ვიცოდით და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე მაქსიმუმი გავაკეთეთ, მოგეხსენებათ წაგვართვეს დაფინანსება და დიდი ფინანსები არ გვქონდა, თუმცა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობდით.

ჯერ უნდა გადაწყდეს მიიღებს თუ არა ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას და შემდეგ გასარკვევია ის, რომ პირველი ტურის შედეგებს ლეგიტიმურად ცნობს თუ არა ოპოზიცია. ჩემთვის ისიც გაუგებარია, რას ზეიმობს „ნაციონალური მოძრაობა“, მგონია რომ საზეიმოდ არ გვაქვს საქმე, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ 46% აქვს ქვეყნის მასშტაბით აღებული და წინასწარ ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, სახელისუფლებო პარტიას ნამდვილად არ დავუჭერთ მხარს, ჯერ ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ უნდა მივიღოთ ინფორმაცია“, - აცხადებს მიხეილ ქუმსიშვილი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი