„პოლიტიკური ელიტა მოწყვეტილია რეალობას, ბოლომდე უნდა დაჭაობდეს სიტუაცია...“ - არჩილ გამზარდია IRI-ს ახალ კვლევას აანალიზებს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

 საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვა არაერთ პოლიტიკურ ასპექტს შეეხება, რომელიც საზოგადოებრივ განწყობას მეტნაკლებად ასახავს, თუმცა კვლევა განსჯის საგანი გახდა, რადგანაც საკითხში გარკვეული სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ შემთხვევითი შერჩევით ჩატარებული რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის შედეგი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს იმას, რეალურად ასახავს თუ არა გამოკითხვა მოსახლეობის აზრს... ასეა თუ ისე, შეგვიძლია, კვლევის არსებულ შედეგებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ...

 კვლევაში კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - 31% „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსასახელებს; ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ – 16%;

საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 4%;

დროა - ელენე ხოშტარია“ – 2 %;

სტრატეგია აღმაშენებელი- გიორგი ვაშაძე“ – 2%;

ლეიბორისტული პარტია“ – 2 %;

ხალხისთვის- ანა დოლიძე“-2%;

ლელო“ -2%;

პატრიოტთა ალიანსი“- 1 %;

კონსერვატიული მოძრაობა - ალტ ინფო“ – 1%;

გირჩი - მეტი თავისუფლება“ -1 %;

მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %;

სხვა - 2%;

არ ვაძლევ ხმას - 4%;

ბიულეტენს გადახაზავს - 11%;

არ ვიცი - 12 % ;

არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული - 7 %.

 

გამოკითხულთა 30% ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, 25%-ცალსახად ეწინააღმდეგება, 19%-მეტნაკლებად უჭერს მხარს, 11% კი მეტნაკლებად ეწინააღმდეგება.

 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54 პროცენტი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს 53 პროცენტი ასახელებს, უკრაინას - 45%, თურქეთს-20 %, აზერბაიჯანს -20 %, სომხეთს -7 %, ჩინეთს - 4 %, რუსეთს 4 %, ირანი - 1 %.

 

კვლევის მიხედვით, მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია და რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეები.

გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია და ამ ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%- სურს, რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.

 

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს კვლავაც მთავარ საფრთხედ აღიქვამენ. გამოკითხულთა 90% რუსეთს ძირითად პოლიტიკურ საფრთხედ თვლის, ხოლო, 83% - რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს.

 

IRI-ს ახალი კვლევის შესაფასებლად, „ვერსია“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა:

 

_ არჩილ, ჩატარებული კვლევის მიხედვით, როგორი პოლიტიკური განწყობაა დღეს საქართველოში?

_ მადლობა, რომ ამ კითხვით დაიწყე... ძალიან ბევრი  კვლევის მეთოდი არსებობს, რომელიც ბევრად უფრო სიღრმისეულად იკვლევს საზოგადოებრივ განწყობას, მაგრამ ყველაზე პოპულარული ახლა შემთხვევითი გამოკითხვაა, რომელიც ყველაზე ზედაპირულად ითვლება. განვითარებად ქვეყნებში, მათშორის საქართველოში, საშუალო სტატისტიკური პირის დადგენა, რომლის პოზიციაც იქნებოდა სტანდარტი და გამომხატველი ასობით ადამიანისა, საკმაოდ ძნელი დასადგენია. ამიტომ პირადად ჩემთვის, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რაოდენობრივი კვლევა არ არის წარმომადგენლობითი და IRI-ს სპეციფიკური მიდგომა აქვს, ვთქვათ, მოწონების კოეფიცინტზე - ზოგს ჰგონია, რომ რესპონდენტი ასახელებს პიროვნებებს, სინამდვილეში კი არის შეთავაზებული ნუსხა, სადაც მოწონება-არმოწონების შეფასება ხდება. სხვათაშორის, ერთგვარი პარადოქსი იყო ხოლმე, როცა დავით ბაქრაძე ამ რეიტინგებში ლიდერობდა, ჩემთვის ეს არც სასაცილო იყო და არც პარადოქსული, რადგან როცა სიაში მსგავსი ნაკლებად გამოხატული პერსონაა, ის შეიძლება, უფრო მოსწონდეთ, ვიდრე არ მოსწონდეთ.

_ ისე, როგორ ფიქრობთ, ბაქრაძე რატომ აღარაა ამ კვლევის რეტინგულ სიაში?

_ ალბათ, IRI-მ უნდა განმარტოს, რა პრინციპით ადგენს ამ სიას. მაგალითად, „გირჩში“ გააპროტესტეს, რომ მათზე ნაკლებად აქტუალური პერსონები იყვნენ შეტანილი ნუსხაში... თანამედროვე სოციოლოგიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ხშირად განიხილავენ არა იმდენად საზოგადოების განწყობის ამსახველს, არამედ უფრო საზოგადოებრივი განწყობის მფორმირებელ საშუალებას - ესეც ფაქტორია. გაუგებარია, ამ ნაწილში რატომაა შეყვანილი ისეთი პერსონები, რომლებსაც სრულიად სხვადასხვა საქმიანობა და მოქალაქეების მიმართ განსხვავებული ანგარიშვალდებულება აქვთ. თუმცა, მაინც შეგვიძლია, ვიხელმძღვანელოთ მსგავსი გამოკითხვებით, რადგან ძირითადად პრინციპს, პროპორციულ გადანაწილებას, მონაცემთა შორის კავშირს შედარებითი ანალიზის პრინციპით ვაკვირდები ხოლმე. ეს კი აჩვენებს იმას, რაზეც სპეციალისტები ხშირად ვსაუბრობთ, რომ ძალაუფლება ვის ხელშიცაა, ისინი მოჩანან აქტორებად, რადგან მათ ხელშია რესურსები, მათი პოზიციები თანმიმდევრულია და მიჰყვებიან ვერტიკალს, რომელიც აისახება მოქალაქეთა ნაწილზე.

 სპეციალისტები ვსაუბრობთ იმაზეც, რომ ოპოზიციაში არის პრობლემა - ერთმანეთთან კომუნიკაციის ხარვეზები, ახალი პოლიტიკური ეპოქისთვის დამახასიათებელი მეთოდები, დამოკიდებულებები ნაკლებად ისახება ოპოზიციის რესურსებში.

სხვათაშორის, ამ კვლევაში საინტერესო ტენდენცია ჩანს რუსეთთან, ევროკავშირთან მიმართებაში, სადაც დინამიკა რეალისტურად და საინტერესოდ მოჩანს, რომელიც აჩვენებს საზოგადოებრივ შეხედულებებს. ისიც საინტერესოდ და რეალისტურად მენიშნა, რომ ჩვენთან ამომრჩეველი ურთიერთწინააღმდეგობრივია. ჩნდება კითხვა - თუ ერთ საკითხზე თანახმაა ამომრჩეველი, ამის საწინააღმდეგოდ გამოხატულ საკითხთან მიმართებაში როგორ შეიძლება, პოზიტიური არჩევანი ჰქონდეს? - დიახ, ამომრჩეველი არის ურთიერთწინააღმდეგობრივი საკუთარ თავთანაც და ჩანს, რომ ჩვენი საზოგადოება სურვილების ეტაპზე უფროა, ვიდრე - მიზნების. ამომრჩეველს რომ ჰქონდეს მიზანი და პოლიტიკურ სუბიექტთან კავშირს ხედავდეს, შეიძლება, სხვა შედეგი დამდგარიყო.

_ საყურადღებოა გამოკითხვის ის ასპექტიც, რომ გამოკითხულთა 34% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 44%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 19%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი უნდობლობა პოლიტიკური სპექტრის მიმართ?

_ თუ დავაკვირდებით მსგავსი კვლევის ანალიზებს, თითქმის ყველგან გამოკითხულთა ნაწილის სავალალო რაოდენობა აძლევს კონკრეტულ პასუხს. ლოგიკურია, როდესაც ხელისუფლებას აქვს მხოლოდ რესურსების ეფექტი და მხარდაჭერა ამის ფონზე გააჩნია და ადამიანები ვერ აღიქვამენ, ოპოზიციაში ვის რა უნდა, რადგან მედიითაც წინ გამოტანილია უფრო პოლიტიკური ინტრიგები და რეალითი შოუები, ვიდრე შინაარსი და აზრი, ამიტომ ამომრჩეველი სკეპტიკურია ყველას მიმართ და ეს არჩევნებზეც კარგად ჩანს ხოლმე, როცა უმრავლესობა არ მიდის ხმის მისაცემად. უბრალოდ, ჩვენთან საარჩევნო კანონმდებლობა იძლევა უფლებას, რომ აქტივობის მიუხედავად, ძალიან მცირე ნაწილმა გადაწყვიტოს სახელმწიფოს მართვის ბედი. მოკლედ, ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემა პოლიტიკური პარტიების შინაარსში, გამოხატულებაში.

მუდმივად ამ პროცესებს ვიკვლევ და ვამბობ, რომ ახლა განსხვავებული პოლიტიკური ეპოქაა, ოპოზიცია კი ცდილობს 2000-იანების მეთოდოლოგიით იმუშავოს. 2022 წელია და რაც გინდა, სტატიკური იყოს ქვეყანა, რაღაცები მაინც ვითარდება, ამიტომ ადამიანები ითხოვენ განსხვავებულ მეთოდოლოგიას და არა იმას, რაც გვაქვს - პოლტიკური კონკურენცია გაუაზრებელია; პოლიტიკური დომინაცია ნეგატიურ საქმეს აკეთებს; ამომრჩევლის ფუნქცია პოლიტიკური სექტორისთვის გაუგებარია, რადგან ისინი ფიქრობენ, მე რომ დღეს და ხვალ სრულიად განსხვავებული პოზიცია მაქვს, ამომრჩეველი მაინც ყველაფერში უნდა გამომყვესო, არადა ასე არ ხდება. ამომრჩევლის თავისუფლება გამოჩნდა სხვადასხვა აქციაზე, როცა საპროტესტო დემონსტრაციაზე მივიდნენ და პოლიტიკურ პასაჟებს აღარ გაჰყვნენ, პოლიტიკოსები მარტო დარჩნენ მოედანზე. ამასთან, „საპნის ოპერად“ გადაქცეული მუდმივი პოლიტიკური რეალითი შოუ შეიძლება, საყურებლად ადამიანს იტაცებს, მაგრამ ნდობით არ აღჭურვავს. სხვათაშორის, პარადოქსია, მაგრამ პოლიტიკოსები, რომლებიც მედიაში განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობენ, მათი ე.წ. ყურებადობა მაღალია, უმრავლეს შემთხვევაში ნომინალურ ხმებს ვერ აგროვებენ არჩევნებში. ეს ასიმეტრია აჩვენებს იმას, რომ პოლიტიკოსების აღქმა ამომრჩევლებისთვის აღარ ხდება, მათ აღიქვამენ, როგორც ანიმაციების თუ რეალითი შოუს პერსონაჟებს. როცა კავშირი მოქალაქესა და პოლიტიკოსს შორის არის მხოლოდ გასართობი, ვიღებთ ამ შედეგს - ბევრი აღარ პასუხობს გამოკითხვაში ან ყველას წინააღმდეგია, ან სრულიად ინდეფერენტულია და ა.შ. მოკლედ, მთელი რიგი კომპლექსური ხარვეზებია.

 სამეცნიერო დონეზე ვიკვლევ ამ საკითხს და ყველა მიმართულებით რატომღაც ძველი მიდგომა აქვთ პარტიებს. დაუჟინიათ „პოლიტიკური ერთობა“ - ეს ძველი პოლიტიკური ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი, როცა იყო პოლიტიკური ბლოკები, გაერთიანებები...

_ დიახ, ხშირად გვესმის გაცვეთილი ფრაზა - „ყველა ერთად და ერთ აზრზე უნდა ვიყოთ“...

_ ეს ეპოქა დასრულდა, ოღონდ პოლიტიკოსები ამას ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან. მოქალაქეს სჭირდება ერთი პარტია თავისი უნიკალურობით და არა პარტიების კრებითობა, სადაც გაუგებარია თითოეული მათგანის ფუნქცია. ბევრად უფრო ადვილია, გამოვარდე და პერფორმანსები დადგა მედიასთან, მითუმეტეს, რომ ქართული მედიაც სავალალო ვითარებაშია და სკანდალის გარდა, ძალიან იშვიათად ინტერესდება შინაარსით, ამის გამო პოლიტიკური პირების ნაცვლად, ვიღებთ „პოლიტიკურ ცხოველებს“ პერსონაჟების სახით, რომლებიც მხოლოდ სასერიალო ინტერესითაა წარმოდგენილი, რაც ამომრჩევლის ინდეფერენტულობას იწვევს.

_ კვლევის მიხედვით, მხოლოდ 13% მიიჩნევს, რომ ბოლო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, არადა ოპოზიცია მრავალთვიანი ბოიკოტისა და დასავლეთის პროცესში ჩართულობით თითქოს ყველანაირად ცდილობდა საკითხის საზოგადოებამდე მწვავედ მიტანას, თუმცა, როგორც ჩანს, არ გამოუვიდა... როგორ ფიქრობთ, ეს ოპოზიციის არათანამიმდევრულობის შედეგია? ოპოზიციის მიერ საზოგადოების დამუნათება, რომ მათთვის არასასიამოვნო პასუხი გასცეს ამ კითხვას, მართებულია?

_ აღნიშნული დაბალი მაჩვენებელი შეიძლება, საკითხის დეაქტუალიზაციის შედეგი იყოს. კვლევა არჩევნებიდან მალევე რომ ჩატარებულიყო, სხვა შედეგი იქნებოდა. მეორე მხრივ, პირადად მე, როგორც ინფორმაციის მქონე პირი, დარწმუნებული ვარ, საკმაო დონეზე იყო არჩევნები გაყალბებული, მაგრამ ერთია, მე რას ვფიქრობ და მეორეა, ოპოზიციამ როგორ გამოხატა გადაჭარბებული შეფასებებით ეს საკითხი. საკმარისი გაყალბება ნიშნავდა იმას, რომ ეს ყოფნიდა ხელისუფლებას, ხოლო როგორც ოპოზიციამ გააშუქა, რომ ეს იყო „ტოტალური გაყალბება“, რა თქმა უნდა, ამ გადაჭარბებულ შეფასებას რეალისტურობის ნაკლები საფუძველი ჰქონდა, მითუმეტეს, რომ ეს ვერ დამტკიცდა შიდა სივრცეში და პარტნიორებთან... ამ შემთხვევაში ოპოზიციის დამოკიდებულებას უფრო ვიზიარებ არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ამის დადასტურება ვერ მოხდა და რწმენის დონეზე დარჩა.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ახსენეთ, ოპოზიციის დამოკიდებულება ამომრჩევლის მიმართ - აქაც ვიტყვი, რომ ოპოზიცია ჩამორჩა თანამედროვე პოლიტიკურ ეპოქას. რას ჰქვია, ამომრჩეველს მიმართავენ, არასწორად ფიქრობო?! - მინდა და ვიყიდი დაობებულ პურს, მომხმარებელი ვარ და როგორც მინდა, ისე გადავწყვეტ ჩემს ნებას! ამომრჩევლის აღქმა პოლიტიკურ სუბიექტებში პრობლემურია, ეს მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან არ ხდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ხელისუფლებას ძალაუფლება აქვს... დიახაც, იყავი კარგი, მაგრამ თუ არ მომინდა შენი არჩევა, ეს შენი პრობლემაა... ესეც ჩამორჩენილი მიდგომას, რომ ამომრჩევლებზე ხდება გადაბრალება, რადგან ამომრჩეველს სრული უფლება აქვს, როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს. ამიტომ კეთილი ინებონ პოლიტიკოსებმა და მსგავსი პასაჟებისგან თავი შეიკავონ, თავისუფალ ადამიანებს გაგვაჩნია უფლება, ის შემოვხაზოთ, რომელი პოლიტიკური სუბიექტიც გვინდა.

_ პერსონალურ რეიტინგებში თვალშისაცემია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილზე უფრო მაღალი რეიტინგი არაერთ სხვა პოლიტიკოსს თუ პერსონას აქვს. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ამ ორი მნიშვნელოვანი ფიგურის რეიტინგის დაბალ ნიშნულზე გადანაცვლება?

_ ეს მარტივად ახსნადია - საქართველოში ხშირად პიროვნებები აქტუალობის მიხედვით იძენენ ფასს. ივანიშვილი ახლა ნაკლებად აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთში ახსენებენ, ეს ადამიანი არ ჩანს და მოქალაქეს შინაგან კავშირი არ გააჩნია, რადგან ეს განწყობა იმათთან მიმართებაში აქვს, ვისაც ხშირად ხედავს...

_ სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილს ვხედავთ ხშირად ეკრანზე, მაგრამ მისი რეიტინგი მაინც არაა მაღალი ამ კვლევის მიხედვით...

_ აქ შეიძლება საქმე გვქონდეს თემის მიმართ მობეზრებასთან ამომრჩევლის ნაწილში, რადგან როცა ამდენი წელი ერთსა და იმავე პირებთან გაქვს კავშირი, რაღაც მომენტში შეიძლება, უფრო ნაკლებად საინტერესო იყოს... ბოლო 20 წელია, ერთსა და იმავე ტიპის შეფასებაში მონაწილეობს სააკაშვილი და 10 წელზე მეტია - ივანიშვილი, ამიტომ ერთი და იგივესადმი დამოკიდებულება ადამიანებს ისეთი არ აქვთ, როგორც ამას პარტიული „ბაბლი“ მიიჩნევს.

_ არჩილ, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ვითარება გაუარესდა. როგორ ფიქრობთ, ეს არის ინდიკატორი არა მხოლოდ მმართველი ძალის, არამედ სრულიად პოლიტიკური ელიტისთვის, რომ პროცესები უკეთესობისკენ წარმართონ?

_ სიტყვები „კარგი“, „ცუდი“, ინდივიდუალურად გასააზრებელი ტერმინებია და ვდილობ, საუბრისას მინიმუმამდე დავიყვანო. მდგომარეობის გაუარესება ძალიან პირობითია - ვისთვის რა არის ვითარების გაუარესება?... ვვარაუდობ, რომ ამ კვლევაში იგულისხმება სოციალური ასპექტი და ზოგადი უსაფრთხოების განცდა. ვფიქრობ, რომ ადამიანთა უმრავლესობა ზოგად სოციალურ სიდუხჭირეს, დასაქმების პრობლემას გულისხმობს. რაც შეეხება იმას, თუ რა უკუკავშირი უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სუბიექტებს - ხელისუფლებას რესურსებზე მდგარი ძალაუფლება აქვს და ბუნებრივია, მათთვის არაა საინტერესო... როცა ხელისუფლება ფიქრობს, რომ ხალხი კი არაა მისი საყრდენი, არამედ რესურსი და ძალაუფლება, სრულიად გულგრილად უყურებს სახელმწიფო საჭიროებებსაც და ხალხის მდგომარეობასაც, ამიტომ ჩემთვის ახსნადია, რატომაა მმართველი ძალა გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, სრული კრიზისი აქვთ შინაგანი რესურსების. გართული არიან იმით, რომ რაღაცნაირად ჩაანაცვლონ ხელისუფლება და იმ ფაქტორების გამო, რომ ჩამორჩენილი არიან პოლიტიკურ ეპოქას, ცოცხალი თავით არ მიჰყვებიან ადამიანების მდგომარეობას, არ სწავლობენ, რა შეიცვალა, რა მიდგომაა საჭირო, თავისთავად ეს მაჩვენებლები მათთვის ასევე უინტერესოა. ჩვენთან ყველა მონაცემი პოლიტიკოსებისთვის გახდა მხოლოდ საკუთარი პროპაგანდის საფუძველი, განა რეალურად აღელვებთ ეს პრობლემები...

არ დაგვავიწყდეს, მე და შენ რომ ტრანსპორტით დავდივართ და გვეშინია თვის ბოლოს მოსვლის, რადგან არ ვიცით, კომუნალური გადასახადები როგორ გადავიხადოთ... მე და შენ კი არ გვესმის ხალხის, არამედ ამ ხალხის ნაწილი ვართ და ასე ვცხოვრობთ, მაგრამ ელიტებს ეს პრობლემა არ აქვთ... არ იციან, რას ნიშნავს თუნდაც ის, რომ პურის ზომამ რომ დაიკლო, როგორ აისახა ეს ჩვენს სახლში კვებაზე; რამდენად გაუჭირდათ დიასახლისებს ფასის ზრდის გამო ხორციანი სადილის მომზადება შვილებისთვის და ა.შ. პოლიტიკური ელიტა მოწყვეტილია რეალობას, პოლიტიკური უნარები დაქვეითებული აქვთ. როგორც ჩანს, ბოლომდე უნდა დაჭაობდეს სიტუაცია... ხომ არის მომენტი, რომ დიასახლისი დაობებულ პურს არ აგდებს, ჯერ მაცივარში ინახავს, გამოშრობას ცდილობს და ბოლოს როცა ხვდება, რომ ცხოველიც არ შეჭამას, გადაყრის... ალბათ, პოლიტიკურ პროცესში ამ დონემდე უნდა მივიდეთ. როგორც ჩანს, კარგად და საკმარისად არ „დაობებულა“ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი...