ბუდაპეშტში 3 ფინალით და ოქროს გარეშე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უნგრეთის დედაქალაქმა ძიუდოს გრან-პრის უმასპინძლა. ტურნირი, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულად ითვლება, სახელოვანი ძიუდოისტებისთვის მიმზიდველია და ამიტომ, ბუდაპეშტში არაერთი ჩემპიონი ვიხილეთ. მხოლოდ ტედი რინერის დასახელება რად ღირს, რომელიც უნგრეთში გამართული გრან-პრის მთავარი ვარსკვლავი იყო და ოქროს მედალიც მარტივად მოიპოვა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს...

ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა საერთო ჯამში ხუთი მედალი აიღო, სამი ვერცხლი და ორიც ბრინჯაო. ფინალური შეხვედრები ლუხუმ ჩვხიმიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა დათმეს, მესამე ადგილი კი თემურ ნოზაძემ და ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვეს. ფინალის წამგები სამივე ძიუდოისტი, ნაკრებში ალბათ ყველაზე გამოცდილია. მათ არც უმაღლესი რანგის ტიტულები უკვირთ და თუ ლიპარტელიანს ოლიმპიადის და მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის მედალი აქვს შინ, იგივე ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონია, შავდათუაშვილი კი ყველაფრის ჩემპიონი... ბუდაპეშტშის ტურნირმა ოლიმპიადა გაგვახსენა, სადაც საოცარი შედეგი ვაჩვენეთ, 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ, ანუ იქაც 3 ფინალი წავაგეთ და დასანანია, რომ ამ 3 ფინალიდან ორის მოგება შეიძლებოდა.

მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ ბოლოდროს ფინალში გასვლა და მერე იქ მარცხი გაგვიმრავლდა. რომ ვთქვათ, ბიჭებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთო, ალბათ არ იქნება მართალი, იმიტომ, რომ როგორც ნაკრების სამწვრთნელო შტაბის დღევანდელ შემადგენლობას, ისე ძიუდოისტთა აბსოლუტურ უმრავლესობას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ, უპრონციპულესი დაპირისპირებები კბილებით აქვთ გატანილი და მოგებული. უფრო ის გვგონია, რომ ძაღლის თავი ფიზ-მომზადებაში იმალება და ბოლო შეხვედრაში ჩვენებს ძალა არ ჰყოფნით. სხვა მხრივ, სამწვრთნელო შტაბის ამ შემადგენლობის ხელში, ძიუდოისტთა ნაკრები ყველა ტურნირზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ჩადის და...ფინალების მოგება უნდა ვისწავლოთ.