დიდი თავგადასავალი დაიწყო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლშია. მან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯოშობს. პირველივე ვარჯიშზე, ორმხრივი თამაშისას, ქართველმა შემტევმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. თან, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად გააკეთა და გულშემატკივრების მხრიდან, რომლებიც ვარჯიშს ესწრებოდნენ, ტაშის გარდა შეძახილი „მესი, მესი“ დაიმსახურა. „ქართველი მესი“ - სწორედ ასე წარადგინა ჟურნალისტთა ნაწილმა კვარაცხელია იტალიაში, თუმცა თავად ხვიჩა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი სახელი და გვარი იტალიელებს დაამახსოვრებინოს. მან ვიდეოც ჩაწერა, სადაც დეტალურად ხსნის, რა ჰქვია და როგორ უნდა წარმოითქვას „ხვიჩა კვარაცხელია“.

მოგეხსენებათ, ჩვენებური „ნაპოლიმ“ გუნდიდან წასული კაპიტნის, ლეგენდარული ლორენცო ინსინეს ნაცვლად შეიძინა და იმის მიუხედავად, რომ ბევრს მიაჩნდა, კვარას ინსინეს შეცვლა ძალიან გაუჭირდებაო, გუნდის თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ დაადასტურა, რომ ქართველი სწორედ მისი პოზიციისთვის იყიდა.

„მარცხენა ფლანგზე მშვიდად ვარ, რადგან წავიდა ინსინე, მაგრამ მოვიდა კვარა. ის ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდაა და მართალია, ჯერჯერობით ისეთ სასურველ ფიზიკურ კონდიციაში არ გახლავთ, როგორიც მე მსურს, თუმცა ესეც დროის საკითხია. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება, ახალი სეზონის დაწყებამდე ფორმაშიც შევა და მჯერა, ხმამაღალ სიტყვას იტყვის“,-განაცხადა სპალეტიმ.

და ერთიც - ვარჯიშის შემდეგ, გულშემატკვირებმა კვარაცხელიასთან ავტიგრაფის თხოვნით რიგი დააყენეს...