რა დარტყმა მიაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა რუსულ სპორტულ ფედერაციებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

რამდენიც არ უნდა ვამტიცოთ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ფაქტია, სპორტი პოლიტიკის გარეშე არ არსებობს და არც პოლიტიკაა სპორტის გარეშე. შესაბამისად, უკრაინაში მინდინარე პროცესები სპორტზე ნათლად აისახა და სანქციები რუსულ ფედერაციებსაც დაუწესეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თორნიკე შენგელიამ მიიღო, რომელმაც მოსკოვის „ცსკა“ დატოვა და აცხადებს, რომ იქ დაბრუნებას აღარ აპირებს. „ოჯახური და პირადი მიზეზების გამო, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სიტუაციითაა გამოწვეული, აგრეთვე შესაძლო შედეგებით, „ცსკა“ თორნიკე შენგელიამ, იფე ლუნდბერგმა, მარიუს გრიგონისი და იოჰანეს ფოიგტმანი დატოვეს. მოთამაშეთა მოქმედება კონტრაქტის პირობებისა და საკლუბო რეგლამენტის დარღვევაა, მაგრამ კლუბი გაგებით ეკიდება ყოველი კალათბურთელის პერსონალურ ვითარებას. მოთამაშეებთან შეთანხმების სტატუსი გადაწყვეტილი იქნება, როდესაც ევროპაში პოლიტიკური და სპორტული სიტუაციის ნორმალიზება მოხდება“,-ეს განცხადება კლუბის ვებ-გვერდმა გაავრცელა, მაგრამ ისინიც კარგად ხვდებიან, რომ აღარასდროს იქნება ისე, როგორც ადრე, მითუმეტეს, რომ ევროპის საკალათბურთო ასოციაციამ რუსულ კლუბებს შინ თამაში უბრალოდ აუკრძალა.

ოფიციალური საერთაშორისო მატჩების საკუთარ კედლებში ჩატარება აეკრძალათ საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებს, თუმცა აამ შემთხვევაშ, რუსებს მაშველად სერბეთი გამოუჩნდათ. ამასთან დაკავშირებით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც რუსულ კლუბებს საშინაო მატჩების ჩატარება საკუთარ კედლებში შეეძლებათ. თუ რუსული სპორტის წარმომადგენლები საკუთარ მატჩებს სერბეთში გადაიტანენ, მათ საუკეთესო პირობები ექნებათ. ამ ყველაფერს ალექსანდრ ვუჩიჩი ადასტურებს. მეტიც, სერბეთის ჩემპიონატის შეხვედრაშ გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე უკრაინის დროშა გამოსახეს და ზედ საფლავის ჯვრები ასახეს. ანუ, ამ ჟესტით, სერბეთმა რუსეთს არამარტო ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, არამედ უკრაინა „დაასამარა“.

სოციალურ ქსელში იარაღის ფოტო გამოაქვეყნა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა გიორგი ზანთარაიამ, რომელიც წლებია, უკრაინის სახელით ასპარეზობს და დაადასტურა, რომ მეორე სამშობლოს ახლა იარაღით ხელში იცავს. ზოგადად, არაერთმა სპორტსმენმა აიღო ხელში იარაღი, შეწყვიტა კარიერა და უკრაინაში ქვეყნის დასაცავად დაბრუნდა. შენგელიას შემდეგ, ქართველმა გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მოსთხოვეს პოზიციის დაფიქსირება. ყაზანის „რუბინისა“ და ზოგადად, რუსული პრემიერლიგის ქართველმა ვარსკვლავმა საკუთარ გვერდზე დადო ფოტო, სადაც დაწერა, არა ომს.

უკრაინაშია საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი, უკრაინელი ანასტასია გოტფრიდი. მან სოციალურ ქსელშ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც შვილთან ერთად თავშესაფარშია და შვილს სწორედ ჩვენი ნაკრების ქურთუკით ათბობს.

სხვათა შორის, რუსები იმით ამაყობდნენ, რომ არცერთ რუს სპორტსმენს ღიად არ უთქვამს, ამას რას ვაკეთებთ, რუსეთის სახელით არ ვიასპარეზებო, თუმცა პირველი მერცხალი უკვე გამოჩნდა.

 „ვფიქრობ, უკვე შეუძლებელი და შეუფერებელია, რომ ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციას რომელიმე ტურნირზე წარმოვადგენდე. უკვე გავაგზავნე მოთხოვნა ფიდე-ში, რომ ან ქვეყანა შევიცვალო, ანაც ნეიტრალური დროშის ქვეშ ვიასპარეზო. სანამ ეს არ მოხდება, არცერთ ტურნირზე არ ვითამაშებ. ვფიქრობ, ფიდემ უნდა მიიღოს ზომები, რათა ასეთი ტრანსფერები შესაძლებელი გახდეს მათთვის, ვისაც არ შეუძლიათ იმის იგნორირება, რაც ხდება. პასუხს ველოდები“,-ეს განცხადება საკუთარ გვერდზე რუსმა მოჭადრაკემ, 27 წლის გროსმაისტერმა, ვიაჩესლავ ტილიჩეევმა განათავსა.

ავსტრალიაში მოთამაშე ერთადერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ გოლი გაიტანა, რის შემდეგაც უკრაინის ფეებში შეღებილი მაისური მწვანე კონტინენტზე აღმართა და მხარდაჭერა ამ გზით გამოხატა. იგივე გააკეთა კვიპროსში გიორგი ქვილითაიამ და ზოგადად, ქართველებს სადაც ამის შესაძლებლობა ეძლევათ, უკრაინის მხარდაჭერას ღიად აფიქსირებენ. ახლა რაც შეეხება საერთაშრისო სანქციებს.

ფეხბურთი

ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთს დარტყმა მიაყენა UEFA იყო. სანქტ-პეტერბურგში მდებარე „გაზპრომ არენას“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლის სტატუსი ჩამოერთვა და მის ნაცვლად პატივი, პარიზის „სტად დე ფრანსს“ ერგო. UEFA აქტიურად ამუშავდა ერთ-ერთ უმსხვილეს სპონსორთან, „გაზპრომთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე, რომლისგანაც ყოველწლიურად 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რუსულ ავიაკომპანიასთან, Aeroflot-თან კონტრაქტი გაწყვიტა. არადა, „წითელი ეშმაკები“ ამ კომპანიისგან წლიურად 40 მილიონ ევროს იღებდნენ. მანჩესტერელებმა ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩზე, Aeroflot-ის თვითმფრინავით წასვლაზე უარი უკვე თქვეს. გელზენკირხენის „შალკემ“ მაისურზე სპონსორის, „გაზპრომის“ წარწერით თამაშზე უარი თქვა.

მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში, რუსეთის ნაკრები პოლონეთს ხვდება, ხოლო შვედეთი - ჩეხეთს. წყვილებს შორის გამარჯვებულები კი ერთმანეთში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებენ, რომელიც ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება. ჰოდა, შვედეთის, ჩეხეთსა და პოლონეთის ნაკრებებმა FIFA-ს უკვე მიმართეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ასაპარეზობას არ აპირებენ და მსოფლიოს მმართველ ორგანიზაციაშ შეუძლია სამივე ნაკრებს ტექნიკური წაგება 0:3 ჩაუთვალოს და რუსეთი მსოფლიოზე პირდაპირ დაუშვას. ახლა FIFA-ში იმაზე მსჯელობენ, ეს სამი ნაკრები ამოაგდონ გათამაშებიდან თუ ყატარში გამზავრების უფლება რუსეთს არ მისცენ. უდიდესი ალბათობით, გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორიც რუსეთს არ მოეწონება. პლეი-ოფის მატჩები 24 და 29 მარტსაა დაგეგმილი.

სანამ ნაკრებებთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, FIFA-მ უკვე თქვა,რომ რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. რუსებს გასვლითი მატჩების ნეიტრალურ მოედანზე მაყურებლების გარეშე გამართვა მოუწევთ. რუსეთის ნაკრები ყველა ტურნირზე ითამაშებს არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელწოდებით. შეხვედრებისას მათ არ ექნებათ დროშა და არ გაჟღერდება ჰიმნი.

რაგბი

პირველი, რაც რაგბის კავშირმა გააკეთა, 27 თებერვალს დაგეგმილი საქართველო-რუსეთის მატჩის გადადება იყო. ამის შემდეგ კი რაგბის ევროპულმა ორგანიზაციამ რუსეთში ყველა სახის საქმიანობას შეწყვიტა. მატჩები, ტურნირები თუ სხვა სახის ღონისძიებები, რაც რუსეთის ტერიტორიაზე იგეგმებოდა, უბრალოდ გაუქმებულია.

ფორმულა 1

სოჭის გრან პრი „ფორმულა 1“-ის ახალი სეზონში აღარ იქნება. FIA-ს ხელმძღვანელებმა მისი კალენდარიდან ამოღება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. პირველმა მოთხოვნა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა დააყენა და აღნიშნა, რომ სოჭის გრან პრის ბოიკოტს გამოუცხადებს. გერმანელი პილოტი გახდა პირველი მძღოლი, ვინც რუსეთის წინააღმდეგ ისაუბრა. აღნიშნული რბოლა 25 სექტემბერს უნდა გამართულიყო. ამით უშუალოდ სოჭს დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ზარალი მიადგება.

კალათბურთი

საკალათბურთო ევროლიგამ რუსეთის გუნდების საშინაო მატჩების ნეიტრალურ მოედნებზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. „ცსკა“-ს, „ზენიტსა“ და „უნიკსს“ საკუთარ მოედანზე თამაში აეკრძალათ. 27 თებერვალს მოსკოვში ჩასატარებელი „ცსკა“-სა და „ბარსელონას“ მატჩი კი გაურკვეველი ვადით გადაიდო. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ ნიდერლანდებმა უარი თქვა კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში რუსეთის მასპინძლობაზე. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ ნიდერლანდებია და თავისი შეხვედრები რუსეთს ამ ქვეყანაშ უნდა ჩაეტარებინაა, თუმცა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლები კატეგორიულად გამორიცხავენ რუსეთის მასპინძლობის შესაძლებლობას. ესტონეურმა კალევმა და პოლონეთის ზელენა გურამ VTB ლიგა დატოვეს და განაცხადეს, რომ ამ ტურნირზე აღარ იასპარეზებენ.

ძიუდო

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვლადიმირ პუტინს ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსი გაუუქმა. პარალელურად, მიმდინარე წლის 20-22 ივნისს გასამართი ყაზანის გრანდ სლემი გაუქმდა და აღარ გაიმართება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია უახლოეს მომავალში რუსეთში არცერთი ღონისძიების ჩატარებას არ განიხილავს.

ჩოგბურთი

ATP Challenger ტურმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ჩელენჯერის სერიის საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც მოსკოვში უნდა გამართულიყო, აღარ გაიმართება. ტურნირის დაწყება 28 თებერვალს იგეგმებოდა და 3 მარტამდე გაგრძელებას ითვალისწინებდა.

ჭადრაკი

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ, ფიდემ, უარი თქვა 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის რუსეთში გამართვაზე. 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა ხანტი-მანსიისკში ზაფხულში უნდა გამართულიყო.

სათხილამურო სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ, რუსეთში გასამართი ღონისძიებები შეწყვიტა და მათ შორის, ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატიც, რომელიც მარტში უნდა ჩატარებულიყო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საბჭომ მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არ იკმარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, სანქციები ბელორუსის წინაააღმდეგაც გატარდეს. ოფიციალური წერილი დაეგზავნათ საერთაშორისო ფედერაციებს, რათა მათ გადაიტანონ ან გააუქმონ ის სპორტული ღონისძიებები, რომლის ჩატარებასაც ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე გეგმავდნენ. საბჭომ ასევე მათ მოსთხოვა, რომ რუსეთსა და ბელარუსს დროშისა და ეროვნული ჰიმნის გამოყენების უფლება არ ჰქონდეთ, რაც რუსეთის შემთხვევაში ამჟამადაც მოქმედებს.