რა მოხდა 26 მარტს და რატომ არის ეს თარიღი უმნიშვნელოვანესი არამარტო ქართული ფეხბურთისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ის, რაც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ ჩვენი მეტოქის ქვეყანაში მოხდა, არის პასუხი კითხვაზე, რატომ წავაგეთ აღნიშნული შეხვედრა“-ბერძნული მედიის ეს დასკვნა, სავარაუდოდ არის პასუხი ყვლა კითხვაზე და ნათლად ასახავს, თუ რა ხდებოდა 26 მარტამდე საქართველოში და როგორ ამოხეთა დაგუბებულმა ემოციებმა ერთ ღამეში. ჰო, 34 წლის ემოციეებმა... 34 წელი ელოდა საქართველო ამ დღეს, ელოდა სულგანაბული, ელოდა მოთმინებით, ელოდა გაბრაზებულიც და იმედგაცრუებულიც, მაგრამ ელოდა, ელოდა, ელოდა...

და მაინც, რა მოხდა 26 მარტს და რატომ არის ეს თარიღი უმნიშვნელოვანესი არამარტო ქართული ფეხბურთისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის. დავიწყოთ იმით, რომ ნიკა კვეკვესკირის გოლის შემდეგ, საქართველოში არავის ახსოვდა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, არავის ახსოვდა, ვინ იყო ნაცი და ვინ ქოცი, ვინ რომელ რელიგიას თუ სექტას ეკუთვნოდა, ვინ იყო ეგბტ თემის მომხრე თუ მოწინააღმდეგე... ჰო, არავის არაფერი ახსოვდა, უბრალოდ, ყველას უხაროდა წარმატება და ერი იყო ერთ მუშტად შეკრული. ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ სწორედ ასე, ერთ მუშტად შეკრულმა ქართველებმა მოიგეს დიდგორი და შეიძლება, უცნაური შედარება იყოს, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ნაკრების დიდგორი სწორედ 26 მარტი იყო, ბრძოლის ველი - „დინამო არენა!“ ჩახერგილი არაფერი ყოფილა, მაგრამ ნააკრებმა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდა, რომ უკან დასახევი გზა არ იყო, არ არსებობდა სხვა გზა და... მოდით, ისიც ვთქვათ, რასაც ბევრმა ალბათ ყურადღება არ მიაქცია - სტადიონის გარშემო სპეც-დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული და სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მარცხის შემთხვევაში... არა, არ გვქონდა მარცხის უფლება და ეს იცოდა ყველამ.

რაც შეეხება ქომაგს. საბედნიეროდ, სტადიონის მესვეურებმა მეორე ტაიმის დაწყებამდე, კარებები გახსნეს და „დინამო არენასთან“ მოსული უბილეთო მგზავრები შემოუშვეს. ამიტომ, მეორე ნახევრისთვის, სტადიონის არამარტო ტრიბუნები, არამედ კიბეებიც გადავსებული იყო. გარედან შემოსულმაქომაგმა ახალი მუხტი მოიტანა, უფრო ენერგიული გახდა ქომაგობა და მაშინ, როცა ბერძნებს ეგონათ, რომ საწყისი 45 წუთის შემდეგ, გულშემატკივრები დაიღლებოდნენ, პირიქით მოხდა - უფრო ხმამაღლა ახმაურდა ტრიბუნები. დამატებით დროში კი, ფანებს მეორე, მესამე და მეათე სუნთქვა გაეხსნათ, წამით არ დადუმებულან და მერე იყო ნერვების თამაში, პენალტების სერია და ბოლოს კვეკვესკირის გოლი, რომელიც სიგიჟის დასყების საწინდარი იყო. რა ხდებოდა სტადიონზე? ისევ ბერძნულ პრესას დავესესხოთ - „ჩვენს გუნდს გავარვარებულ ქვაბში, ჯოჯოხეთში მოუწევს თამაში“ და სტადიონი მართლაც ჰგავდა გავარვარებულ ქვაბს, მაგრამ არა ჯოჯოხეთს, არამედ სამოთხეს, სადაც ყველა ნეტარებდა და ამ ნეტარებას, ვისაც როგორ შეეძლო, ისე გამოხატავდა. მერე იყო, სოციალური ქსელები ემოციების ვიდეოებმა რომ წალეკა და ყველას ათასობით ნახვა ჰქონდა. თურმე, რა ცოტა გვჭირდება სიხარულისთვის და ბედნიერებისთვის, მაგრამ... არ იყო ეს ცოტა, რადგან ცოტა რომ ყოფილიყო, წინა თაობაც იზამდა.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი არიან. სულ კი, ევროპაზე 6 ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე, პირველ-მეორე ადგილოსნები და ექვსი ჯგუფის ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანი გადის, ანუ ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ჯგუფში ერთი მოგებაც გვეყოს 1/8-ფინალში გასასვლელად. 18 ივნისს, დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ (ტევადობა 81 365) თურქეთს ვხვდებით და ეს შეხვედრა თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება, 22 ივნისს ჰამბურგში, „ვოლკსპარკსტადიონზე“ (ტევადობა 57 274) ჩეხეთი გველოდება და მატჩი ჩვენი დროით 17.00 საათზეა, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, 26 ივნისს პორტუგალიას, „ფელტინს არენაზე“ (ტევადობა 62 271), გელზენკირხენში ვეთამაშებით და შეხვედრა 23.00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობილია, რა ეღირება ჯგუფური ეტაპის მატჩებზე დასასწრები ბილეთები. Uefa-ს ოფიციალური საიტის ცნობით, ყველაშეხვედრაზე ბილეეთის ფასი 30, 60, 150, 200 და 400 ევრო იქნება, მერვედფინალში ბილეთების ფასი უკვე 50, 85, 175, 250 და 500 ევრო, მეოთხედფინალურ შეხვედრებში 60, 100, 200, 300 და 700 ევრო, ნახევარფინალში - 80, 195, 400, 600 და 900 ევრო, ფინალურ შეხვედრაზე დასწრების მსურველებს კი 95, 300, 600, 1 000 და 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ. Uefa გვატყობინებს, რომ საქართველოს ნაკრების თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვას სფფ უზრუნველყოფს, ხოლო თუ ბილეთები სრულად არ გაიყიდება, მაშინ მათი შეძენა უკვე Uefa-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

და ერთიც - ევროპისა და მსოფლიოსჩემპიონატების სტარტზე, ქართული კომპანიები თუ ცნობილი ადამიანები ღიად აცხადებდნენ, ვის უჭერდნენ მხარს, იმ ნაკრების მაისურებს იცვამდნენ, კომპანიები იმ ქვეყნის დროშის ფერებში რთავდნენ ოფისებს. ახლა კი... ახლა ყველა საქართველოს მხარეს იქნება, ყველა საქართველოს მაისურით და თეთრ-წითელ ფერებში მორთული ოფისებით. ეს საოცარი სანახაობა კიდევ წინ გველოდება.