რა ცვლილებები იქნება 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე - სრული ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

განათლების სამინისტროს განცხადებით, 2022 წლიდან აბიტურიენტებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე სიახლე იქნება. ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობაა. კერძოდ, მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

უწყების ცნობით, აბიტურიენტთა ჩარიცხვა ისევ სამი საგნის მიხედვით მოხდება. ცვლილება არ ეხება ჯანდაცვის მიმართულების არც ერთ პროგრამას და ასევე, გრანტის გაცემის წესს.

სიახლეა, ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის 2022 წლის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსს, მაია გაბუნიას „ვერსია“ ესაუბრა:

-რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე?

-აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით აღნიშნულ მისამართზე და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება! რეგისტრაცია იწყება გამოცდამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო); აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება - ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლის (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის გელიანი (ე.წ. ტუშის) კალმისა (0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით).

-საგამოცდოდ არსებობს თუ არა დამატებითი კოვიდრეგულაციები? რაიმე ხომ არ შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?

-2022 წლის გამოცდებზე ცენტრი იხელმძღვანელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. გასულ წლებში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის საგნის გამოცდის უსაფრთხოდ ჩატარების წესები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე.

ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილ იქნა გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება განისაზღვრა მინიმუმ 2 მეტრით, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრზე მეტით. ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით დაზუსტდა, რომ ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. თუ საგამოცდო სექტორში სიცხე 30 გრადუსს (ცელსიუსით) მიაღწევს, ჩაირთვება კონდიციონერი - ამ შემთხვევაში სავალდებულო იქნება პირბადის გაკეთება.

-ხომ არ არის ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამასა და გამოცდებში?

-2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ არა მხოლოდ მათემატიკა ან/და ისტორია, არამედ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

ეს სიახლე აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. წელს ცვლილება შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტსაც. ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:

  1. ტექსტის რედაქტირება.
  2. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს)
  3. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად). ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად.

ასევე გეოგრაფიის ტესტში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შევა მცირეოდენი ცვლილებები. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

-შშმ პირებისთვის არის თუ არა განკუთვნილი სივრცეები პანდემიის პირობებში?

-ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია პანდუსით, გარდა ამისა, აბიტურიენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ გამოცდების დროს სპეციფიკური გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ ველი - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100). პირობებს განსაზღვრავს სპეციალური კომისია ფორმა N100-ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად.

გამოსაშვები გამოცდები სკოლებში

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მსჯელობა არ ყოფილა. გამოცდები აღარ ტარდება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის.