დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. კიდევ 1 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.