დაქირავებული მკვლელის სკანდალური ჩვენება

კრიმინალური ქრონიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ შეუკვეთა ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობა და როგორ „დაავერბოვკეს“ „გულის“ გარემოცვის წევრი

იმის მიუხედავად, რომ მკვლელობიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის, იგივე „გულის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა არ ცხრება. სალიფოვის გარემოცვის მთავარი საზრუნავი ახლა მისი მკვლელის, ხაგან ზეინალოვის ლიკვიდაციაა, მაგრამ სავარაუდოდ, თურქეთის პრეზიდენტსაც კი არ ჰყავს ისეთი დაცვა, როგორიც ზეინალოვს. ამბობენ, რომ მისთვის მიტანილ საკვებსაც კი დეგუსტატორები სინჯავენ და მხოლოდ ამის შემდეგ აჭმევენ. გვერდით კამერაში, ასევე, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება მკვლელობის მეორე მონაწილე, იმ მანქანის მძღოლი, ამირ გამიდლი, რომელი მანქანითაც ზეინალოვმა სასტუმრო დატოვა. რაღა თქმა უნდა, თურქმა სამართალდამცავებმა ზეინალოვი უკვე დაკითხეს და როგორც ამბობენ, არათუ დაკითხეს, შეაშინეს კიდეც ანუ პატიმარს პირობა წაუყენეს, თუ დეტალებში არ მოყვებოდა, რა და როგორ მოხდა, განსაკუთრებულ დაცვას მოუხსნიდნენ და მაქსიმუმ, ერთ კვირაში, მას „გულის“ ხალხი მისწვდებოდა. შესაბამისად, ზეინალოვმა გუდას პირი მოხსნა.

„ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. მე „გულის“ გარემოცვაში შემთხვევით მოვხვდი, შემდეგ მისი ნდობა მოვიპოვე და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მის უახლოეს გარემოცვაში უცხო მხოლოდ მე ვიყავი, დანარჩენები ან მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ან ნათესავები. ალბათ, ამიტომ, სწორედ ჩემზე გამოვიდნენ მკვლელობის დამკვეთები და ეს შეკვეთა მივიღე. რის ფასად და რატომ, ამას არ ვიტყვი, მთავარია, თქვენ იცით ის, ვინ დაუკვეთა და ვინ შეასრულა. რა მნიშვნელობა აქვს საფასურს? თანაც, რაღაცას ხშირად მხოლოდ თანხის გამო არ აკეთებ, შეიძლება გითხრან, რომ შენს ახლობელს რამე მოუვა და უკვე ფიქრობ, რომ საქმე უნდა შეასრულო. 

რაც შეეხება დამკვეთს, იმის გათვალისწინებით, ვინ წამიყვანა სასტუმროდან, დამკვეთის დასახელება საჭიროც არ არის“, _ ეს გახლავთ ამონარიდი ზეინალოვის იმ ჩვენებიდან, რომელიც თურქულმა და აზერბაიჯანულმა მედიამ მოიპოვა. 

ვინ არის ამირ გამიდლი, კაცი, რომელმაც ზეინალოვი სასტუმროდან წაიყვანა და ქალაქ დენიზლიში, მკვლელთან ერთად დააკავეს? 

ის 4 წლის წინ, 18 აგვისტოს, თურქეთში მოკლული „კანონიერი ქურდის“, როვშან ჯანიევის გარემოცვის წევრი, როვშანის ძმების უახლოესი მეგობარია. როგორც ამბობენ, სწორედ ის გავიდა ზეინალოვზე, სწორედ მან მოამზადა, პრაქტიკულად, „კამიკაძე“ მკვლელი და სწორედ ის აკონტროლებდა სიტუაციას. 

იმასაც ამბობენ, რომ „გულის“ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ვიდეოც, სწორედ გამიდლისთვის იყო განკუთვნილი, რათა დარწმუნებულიყო, რომ ზეინალოვი „კანონიერი ქურდის“ გვერდით იმყოფებოდა და მკვლელობა წუთების ამბავი გახლდათ. 

„ახლა რომ ვაანალიზებ სიტუაციას, ვხვდები, რომ უბრალოდ, გამომიყენეს. ადგილი, სადაც ამირ გამიდლის სასტუმროდან უნდა წავეყვანე, ძალიან მიყრუებულია. შესაბამისად, იქ დასამალად კი არა, რეალურად, მოსაკლავად მივყავდი, თუმცა მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი. მე მოვკალი „გული“, გამიდლი მომკლავდა მე და კვალიც გაქრებოდა. ვერავინ ვერასდროს გაიგებდა, რა და როგორ მოხდა რეალურად, არავის ეცოდინებოდა მოტივი და მიზეზი. ახლა კი ყველაფერი ხელისგულზე დევს. უნდა მეთქვა თუ არა „გულისთვის“, რომ ჩემს „დავერბოვკებას“ ცდილობდნენ? _ აზრი არ ჰქონდა, რადგან ის სხვანაირი იყო, იფიქრებდა, რომ მის გუნდში სუსტი რგოლი ვიყავი და იმიტომ ამირჩიეს. ამიტომ, ამის თქმის შემდეგ სიცოცხლის შანსი, უბრალოდ, არ მქონდა, ისე კი...“, _ ესეც ზეინალოვის ჩვენების ნაწილია. 

ის, რომ „გული“ სწორედ ჯანიევის გამო მოკლეს, ახალი ვერსია ნამდვილად არ არის. 4 წლის წინ მომხდარი მკვლელობის შემდეგ, ჯანიევის ორივე ძმა და მეგობრები დაუფარავად ამბობდნენ, რომ მკვლელობა სწორედ „გულის“ დაკვეთილი იყო, თუმცა მისთვის ოფიციალური პრეტენზია არავის წაუყენებია. 

სამაგიეროდ, მკვლელობის შემდეგ, ჯანიევის ძმებმა დაცვა გააორმაგეს, „გულის“ ძმებისთვის კი მთავარ სამიზნეებად, სწორედ ისინი იქცნენ. კრიმინალური სამყაროს ტახტზე ასვლა „გულის“ ძმას, ნამიკ სალიფოვს სურს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. 

როგორც კრიმინალურ წრეებში საუბრობენ, უმცროსი სალიფოვი, ძმისგან განსხვავებით, რადიკალიზმის მომხრე არ არის, მოლაპარაკებებს ამჯობინებს და ამიტომ, საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას მუდმივად აგვიანებს, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ 23-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, „გულის“ ნახევრად აწყობილი კრიმინალური იმპერია, სწორედ მისმა ძმამ დაახვედრა. 

რაც შეეხება უმცროსი სალიფოვის პერსპექტივას, ძმის სიკვდილის შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფ „კანონიერ ქურდთაგან“, ყველაზე გავლენიანი მერაბ ჯანგველაძეა და საეჭვოა, ეს გავლენა უმცროსი სალიფოვის სასარგებლოდ დათმოს.

ბათო ჯაფარიძე