იყავით ფრთხილად! - მოქმედებს ორგანიზებული ბანდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ვინ იყენებს „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის ძმის სახელს

 

ბათო ჯაფარიძე

 

ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ, რომ „კაი ბიჭები“ მთელი საქართველოს მასშტაბით გააქტიურდნენ და ბიზნესმენებს ფულს აწერენ. ეს განსაკუთრებით იქ შეინიშნება, სადაც ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს - სამცხე-ჯავახეთში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. მეტიც, ამას წინათ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი თბილისელი „კაი ბიჭი“ „კანონიერ ქურდებს“ მიმართავს და ეუბნება, რომ აუხსნან, უნდა იყვნენ თუ არა „კაი ბიჭები“ „მეტადონის“ პროგრამაში ჩართულნი. ჩანაწერში ისმის ხმა, სადაც ის ამბობს, რომ „კაი ბიჭი“ არ უნდა იდგეს მეტადონის რიგში და არ უნდა სვამდეს იმ ჭიქიდან წამალს, საიდანაც სვამენ „ქათმები“ და „ბალანდიორები“. ამ ჩანაწერს კრიმინალურ სამყაროში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ქურდების აზრიც გაიყო და... ამას წინათ, სწორედ იმ ადგილზე მომხდარი აფეთქება, სადაც „მეტადონი“ რიგდება, ამ ამბის გაგრძელებააო, ასე ამბობენ, თუმცა ბოლომდე სიმართლე არავინ იცის.

 

მანამდე კი იყო მარნეული და ქუჩაში დაცხრილული ის ადამიანი, რომელმაც ვიდეომიმართვა ჩაწერა და კრიმინალებს მოუწოდა, შეგვეშვით, თქვენთვის მოსაცემი ფული არ გვაქვს და მოცემას არც ვაპირებთო. მამაკაცს ოთხი ტყვია ფეხებში მოარტყეს ანუ არ მოკლეს, სამაგალითოდ დასაჯეს და სხვებსაც მიანიშნეს, რომ ურჩობის შემთხვევაში, უკან არაფერზე დაიხევენ.

„საქმე ის გახლავთ, რომ სახელმწიფო ბიზნესმენებს აღარ ატერორებს, ფულს აღარ აწერს და ადამიანებს სერიოზული დანაზოგი გაუჩნდა. ნაციონალების  დროს, დაადგებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შავი სალაროსთვის 100 ან 200 ათასი იყო საჭირო, ან რომელიმე ჩინოვნიკს სასწრაფოდ ახალი ჯიპი სჭირდებოდა და სახელმწიფო ტერორზე ხმას ვერავინ იღებდა. ახლა ასე აღარაა და  „ჭარბი ფულის“ მითვისება კრიმინალებმა გადაწყვიტეს. რამდენჯერმე გაიჟღერა ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის, იგივე „გულის“ ძმის, ნამიკის სახელმა. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ, „გული“ საკუთარი დაცვის წევრმა მოკლა, მისი მემკვიდრეობა კი ძმამ გადაიბარა.

„რეალურად, ნამიკის სახელს იყენებენ, ის კი არაფერ შუაშია. დმანისში დაბადებული ძმები ყველას უყვარს და ყველა პატივს სცემს და ეს იმიტომ, რომ ისინი მოსახლეობას არ ატერორებენ. ახლაც, ნამიკი თავად ცდილობს იმ ადამიანების ვინაობის დადგენას, რომლებიც მისი სახელით მოქმედებენ და ყველას ეუბნება, რომ მისთვის გადასახდელი არავის არაფერი აქვს“, - გვეუბნება ერთ-ერთი პირი, რომელსაც ფული მოთხოვეს და მან სამართალდამცავებს მიაკითხა.

გამოდის, რომ სალიფოვის სახელით სხვა სარგებლობს და ცდილობს, არა ერთი და ორი, არამედ, ასი ათასობით თანხა იშოვოს. იმასაც გვეუბნებიან, რომ რამდენიმე ადამიანმა გადაიხადა, ოჯახის წევრების მოკვლის მუქარას ვერ გაუძლო და ამ ხალხთან ახლა სამართალდამცავები მუშაობენ და ცდილობენ გაარკვიონ, ვინ დგას ყველაფერ ამის უკან. ამას წინათ ჩატარებული სპეცოპერაციაც ამის ერთ-ერთი გამძახილი იყო, როცა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მხილებული არაერთი პირი დაკავეს, თუმცა პრობლემა ისევ არსებობს. სამართალდამცავები არც იმას მალავენ, რომ მოქმედებს კარგად ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს ფული გამოძალოს და ძალოვნებს დაუსხლტეს. პლუსი ამ საქმეში ის გახლავთ, რომ ამ დაჯგუფებას ახლა ნამიკ სალიფოვის ხალხიც ეძებს, მაგრამ პოლიციისგან განსხვავებით, თუ ისინი იპოვიან, ციხეში კი არ გაუშვებენ, არამედ, ქურდული წესებით დასჯიან.

„სახლში მოდის უცნობი ადამიანი, გეუბნება, რომ გაქვს გადასახდელი თანხა და გისახელებს ციფრს, შემდეგ გეუბნება დროს, როცა ეს თანხა უნდა ჩაბარდეს და მიდის. მერე იწყება ფიქრი, გადაიხადო თუ პოლიციაში წახვიდე. ბევრი ვიცი, ვინც უხმოდ გადაიხადა და ახლა მშვიდადაა, თუმცა იმის გარანტია, რომ გადახდას მეორედაც არ მოსთხოვენ, არავის აქვს. ამიტომ, ყოველთვის პოლიციაში წასვლა სჯობს“, - გვეუბნება ერთ-ერთი ბიზნესმენი.

ძალოვნებს რამდენჯერმე ჰქონდათ ბანდის დაკავების მცდელობა და ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს კიდეც, თუმცა საინტერესო ის გახლავთ, რომ დაკავებულთაგან ვერავინ ამბობს, ვინ არის მეთაური, რადგან ის მათ თვალით არ უნახავთ და ბრმად მოქმედებდნენ. გამოძალული ფულიდან მათ გარკვეული, მცირე პროცენტი ერგებათ და კიდევ იმის დაპირება, რომ ყველაფერს „კანონიერი ქურდები“ გაიგებენ და მადლობასაც ეტყვიან, თუმცა რეალურად, არავინ არაფერს იგებს და სად მიდის უზარმაზარი თანხები, არავინ იცის. საუბარი უკვე მილიონობით ლარსა და დოლარზეა, რომელთა კვალს, ჯერჯერობით, ვერავინ მიაგნო.

იგივე ხდება სამცხე-ჯავახეთშიც, თუმცა  ამჯერად სომხური წარმოშობის „კანონიერ ქურდებზე“ კეთდება აქცენტი და სქემა იქაც იგივეა. ჯერჯერობით, ამ რეგიონში სროლა და ცხვირ-პირის მტვრევა არ ყოფილა, მაგრამ ურჩების დასჯით იქაც იმუქრებიან. ჩვენი ინფორმაციით, ადამიანთა გარკვეული წრე ამბობს, რომ ქურდები ქართულ კრიმინალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვნენ, რომ ყველა ქალაქს ჰყავს „მაყურებელი“ (ეს ფრაზა იმ ჩანაწერშიც ისმის, ზემოთ რომ ვახსენეთ) და გროვდება „ობშჩიაკი“. არადა, ამის რიტუალური მტკიცებულება ნაკლებადაა. ყველა დიდ ქალაქსა თუ მცირე მუნიციპალიტეტში მაყურებლის ყოფნა არათუ სამართალდამცავებს, რიგით ადამიანებსაც არ გამოეპარებოდათ და ამის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ თემაზე აქტიური საუბრები მიმდინარეობს და განსაკუთრებით მოზარდ  თაობაში.

„ის, რომ უხილავი ხელი, ან რომელიმე „კანონიერი ქურდი“ საქართველოში რომელიმე ქალაქს აკონტროლებს, აბსურდია. არის პატარ-პატარა საკუთარი ინიციატივები, ვიღაცებს სურთ, რომ მაფიოზობანა ითამაშონ და ყველაფერი ეს სრულდება მაშინვე, როგორც კი ჩვენთან შემოდის ინფორმაცია. რაც შეეხება ფულის გამოძალვის სქემას, ამ მიმართულებით ძიება მიმდინარეობს და მგონია, რომ ძალიან მალე დასრულდება“, - გვითხრა სამართალდამცავი უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

მანამდე კი... 21-ე საუკუნეში, „კანონიერი ქურდი“ თუ „კაი ბიჭი“ ფულს რომ გძალავს, შენ ჩუმად იხდი, პოლიციაში არ მიდიხარ და განცხადებას არ წერ, პრობლემა უკვე სახელმწიფო სისტემაში კი არა, შენშია.