ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მაღალჩინოსნებს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებდნენ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრთხილად, აკვარიუმის კომპანია თქვენს კაბინეტებში ფარულ ვიდეოკამერებს ამონტაჟებს!

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

თანამედროვე ეპოქაში არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ჩვენს პირად სივრცეში ვინმე უკითხავად შემოიჭრება. რა თქმა უნდა, ეს კანონით დასჯადია, მაგრამ შესაძლოა, ისე შემოიჭრნენ, ვერაფერი გაიგოთ. პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში შევიდა მუხლი კიბერდანაშაულისა და უკანონო მიყურადება-თვალთვალის შესახებ, რომელიც წინა საუკუნეში წარმოუდგენლად ჩანდა. სახლში დამონტაჟებული ვიდეოთვალი კი არა, მეორე მსოფლიო ომის დროს დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა, ლამის, მთვარეზე გაფრენას უდრიდა (თან, მეორე მსოფლიო ომის დროს, მთვარეზე გაფრენა წარმოუდგენლად ჩანდა). ახლა კი, ნებისმიერს შეუძლია, სათანადო ცოდნის პირობებში, სხვის კომპიუტერში შეაღწიოს, სხვისი ტელეფონი „გატეხოს“, ამოიღოს და ნახოს ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს კანონსაწინააღმდეგოა და, მე თუ მკითხავთ, ბევრად მკაცრად უნდა დაისაჯოს, ვიდრე დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 

დანაშაული, რომელიც ართუ შორეულ წარსულში მოხდა, იმდენად დიდი და მძიმე იყო, წესითა და რიგით, უზარმაზარი რეზონანსი უნდა გამოეწვია, მაგრამ საქმეში მაღალჩინოსნები იყვნენ გარეულნი და ამიტომ, ყველაფერი ჩუმად და მშვიდად ჩატარდა, თუმცა არა დამნაშავეთა ჯგუფისთვის, რომელმაც საოცარი გეგმა მოიფიქრა და ყველაფერი საუცხოოდ ჩაატარა.

საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული დანაშაულის გახსნის შემდეგ, საქართველოში ანალოგიური აღარ მომხდარა და საეჭვოა, მომავალში მოხდეს, რადგან ყველა მაღალჩინოსანმა იცის ამის შესახებ და თუ არ იცის, მას აუცილებლად აფრთხილებენ, რომ კონკრეტული მიმართულებით ფხიზლად უნდა იყოს.

და მაინც, რა მოხდა ისეთი, რომ საგამოძიებო უწყებამ თავიდან პირი დააღო, შემდეგ კი, როგორც იქნა, დანაშაულები ერთმანეთს დაუკავშირა და კვალსაც სწორედ ამის შემდეგ მიაგნო?

ყველაფერი ძალიან მარტივად და ბანალურად დაიწყო. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მისაღებში წერილი დატოვეს, სადაც ეწერა, რომ თუ კონკრეტულ თანხას არ გადაიხდიდა, მისი მეუღლე მიიღებდა ვიდეოს, თუ როგორ ერთობოდა სექსით ახალგაზრდა ქალთან, საკუთარ კაბინეტში. დასახელებული იყო დრო, წუთები და წამებიც კი. წერილს ფოტომტკიცებულება არ ახლდა, მაგრამ ყველაფერი იმდენად დეტალურად იყო აღწერილი, რა ეცვა ქალს, რა ეცვა კაცს, ვინ როდის რა გაიხადა და ვინ როდის რა ჩაიცვა, რომ ადრესატი დარწმუნდა - გადაუღეს. ის თანხის გადახდას დათანხმდა და პარალელურად, კაბინეტში დაათვალიერებინა ყველაფერი, რისი დათვალიერებაც შეიძლებოდა, მოიტანა მოსასმენი აპარატურის საძებნი, თუმცა შედეგი ნული იყო. ივარაუდეს, რომ ვიდეოთვალი დროებით დააყენეს, შემდეგ მოხსნეს და... პროფილაქტიკის მიზნით, შენობაში დამლაგებლები მთლიანად შეცვალეს.

ცოტა ხნის შემდეგ, ანალოგიური წერილი სხვა მაღალჩინოსანმაც მიიღო. ისიც დარწმუნდა, რომ ვიდეო გადაუღეს, თანხა მანაც გადაიხადა, მანაც ყველაფერი დაათვალიერებინა, მაგრამ შედეგი აქაც ნული იყო. დამლაგებლები იმ შენობაშიც შეცვალეს.

სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ანალოგიური წერილი ერთ-ერთი ძალოვანი უწყების საკმაოდ გავლენიანმა პირმა მიიღო, თუმცა ამჯერად საქმე სექსსა და სიყვარულს არ ეხებოდა. წერილის ავტორი დეტალებში წერდა, როგორ მიიტანა ჩინოსანმა კაბინეტში ყუთით შავი საღამოს კაბა, როგორ მოიზომა, როგორ ტრიალებდა სარკის წინ, როგორ მოირგო აზღუდი... ძალოვანმა ცოფები ყარა, თუმცა...თანხა მანაც გადაიხადა და კაბინეტი არათუ დაათვალიერებინა, არამედ, კედლებიც კი ჩამოანგრევინა, თუმცა შედეგი ამ შემთხვევაშც ნული იყო. თანხა უცხოურ ანგარიშზე ირიცხებოდა, ოფშორში, შემდეგ კი კვალი იკარგებოდა. ყველა შემთხვევაში, საუბარი 100 ათას დოლარზე იყო.

არაოფიციალურად, საქმეში მთელი ძალოვანი უწყება ჩაერთო. მსჯელობის შემდეგ, ორი რამ დადგინდა - პირველი ის, რომ წერილების აღწერის მიხედვით, საუკეთესო შემთხვევაში, ოთახში მხოლოდ ვიდეოთვალი იყო დაყენებული და არა მოსასმენი აპარატურა და მეორე - წერილის ავტორი შეგნებულად არ აგზავნიდა ფაილს, რომ ადრესატი არ მიმხვდარიყო, კონკრეტულად, საიდან ხდებოდა გადაღება.

ოთახები კიდევ ერთხელ შეისწავლეს, მისხალ-მისხალ გაიარეს ყველაფერი, მაგრამ ვერაფერი იპოვეს ანუ დამნაშავე ან ყველაფერს საუცხოოდ ნიღბავდა, ან ყველა უწყებაში ჰყავდა ვიღაც, ვინც ყველაფერ ამას აკეთებდა, ვიდეოთვალს დებდა, შემდეგ კი ხსნიდა, რაც ერთი შეხედვით, წარმოუდგენლად ჩანდა.

იმის მიუხედავად, რომ ძალოვნებმა, პრაქტიკულად, ყველა რესურსი გამოიყენეს, შედეგი არ ჰქონდათ და... სულ სხვა უწყების ჩინოსანმა ახალი წერილი მიიღო. მას წერილით აცნობეს, როგორი თავბრუდამხვევი თავგადასავალი ჰქონდა მდივანთან და რაც მთავარია, აღუწერეს მდივნის ჩაცმულობის ყველა დეტალი და ისიც კი, რომ  სექსის შემდეგ, მდივანმა ოთახში სიგარეტი გააბოლა. ჩინოსანი არაოფიციალურად დაკითხეს, მომხდარსა და წერილის მიღებას შორის შუალედი ორი კვირა იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შანტაჟისტს შეეძლო, ვიდეოთვალი გაეტანა. ოთახი მაინც გაჩხრიკეს, თუმცა ამაოდ - ისევ ვერაფერი იპოვეს.

რაც შეეხება წერილს, ყოველთვის კურიერს მოჰქონდა და კურიერი მუდმივად ამბობდა, რომ ქუჩაში გააჩერა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ეკეთა სათვალე, ეხურა კეპი, წერილი ხელთათმანიანი ხელთ მიაწოდა და კონკრეტულ მისამართზე მიტანის სანაცვლოდ, 50 ლარი გადაუხადა. კურიერს ეჭვი რომ არ შეპარვოდა, წერილს მის თვალწინ ლუქავდა და ანახებდა, რომ იქ ფურცლის მეტი არაფერი იდო. კურიერის მონახვას დედაქალაქში არაფერი უნდა - ისინი მუდმივად სკუტერებით მოძრაობენ.

გამოძიება არათუ ჩიხში შევიდა, ჩინოვნიკები სიმწრით თმას იგლეჯდნენ. კურიერების აღწერით, ბიჭი 30 წლისაც კი არ იქნებოდა და ვიღაც ლაწირაკი სისტემას, რომელიც თითქოს დასავლურ თარგზე იყო მოჭრილი და ყველა ამაყობდა, თავზე ამხობდა, თუ იმხობდა. ახლიდან, სათითაოდ დაათვალიერეს ყველა ჩინოსნის კაბინეტი, ცდილობდნენ გაეგოთ, ხომ არ იყო მათ შორის რამე საერთო, ერთ-ერთმა თქვა, რომ ყველა კაბინეტში აკვარიუმი იდგა და ყველა ჩინოსანს ძვირადღირებული თევზები ჰყავდა.

ერთ-ერთი აკვარიუმი დაცალეს, ფსკერზე დალექილი კენჭები და ნიჟარები საგულდაგულოდ დაათვალიერეს და ერთ-ერთ ნიჟარაში ოსტატურად ჩამონტაჟებული ვიდეოთვალი იპოვეს. ელემენტი დაცლილი იყო და ვიდეოთვალიც გათიშული, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამომძალველი ამ ქმედებას ვერ დაინახავდა. ექსპერტიზის დასკვნით, საუკეთესო შემთხვევაში, ელემენტი 3-4 კვირას თუ იმუშავებდა ანუ გათვლა იმაზე იყო, რომ თუ ჩინოსანი რამეს დააშავებდა, ყველაზე დიდი, ეს ერთი თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. გაირკვა ისიც, რომ ყველა კაბინეტში, აკვარიუმი ერთმა და იმავე კომპანიამ დაამონტაჟა და თევზებიც სწორედ მან მიიყვანა. დაიწყო კომპანიის თანამშრომელთა შესწავლა, თუმცა შესასწავლი არაფერი გახლდათ - იქ მხოლოდ ერთი გოგონა და ორი ახალგაზრდა ბიჭი მუშაობდა. კურიერებს ორივეს სურათი ანახეს და გაარკვიეს, რომ საქმეში ორივე მონაწილეობდა და წერილს ხან ერთი ატანდა, ხან - მეორე.

სავარაუდოდ, საქმის კურსში იყო გოგონაც, რადგან მისი ავტომობილის ფასიდან გამომდინარე, ხელფასით ასეთ მანქანას ვერ შეიძენდა.

შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივად აეწყო: ერთ-ერთი ჩინოსნისთვის აკვარიუმი შეუკვეთეს, დაამონტაჟეს და როცა მონტაჟი დაასრულეს, კაბინეტში ძალოვნები შევიდნენ. ბიჭები ამას ნამდვილად არ ელოდნენ, მათ თვალწინ დაცალეს აკვარიუმი და ერთ-ერთი ნიჟარიდან ვიდეოთვალი ამოიღეს. საქმე გახსნილი იყო, მაგრამ არ იყო საჩივარი ანუ დაზარალებული, რის საფუძველზეც მათ გაასამართლებდნენ, თუმცა იქვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადამოწმდა ეს კომპანია, რომელიც ჩინოსანთა კაბინეტებიდან საიდუმლო მასალების შესახებ ცდილობდა ინფორმაციის მიღებას, რაც გამორიცხული გახლდათ, რადგან შეუძლებელი იყო, წყლიდან რაიმე დოკუმენტის გარჩევა და რაც მთავარია, ვიდეოთვალი არ იწერდა ხმას.

ამის მიუხედავად, სამეული გაასამართლეს და სასჯელს ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა. სამაგიეროდ, ახლა ყველა ჩინოვნიკმა იცის, რომ თუ აკვარიუმს უკვეთავენ, ნიჟარებს თავად ყიდულობენ და თავადვე აწყობენ.