ვინ და რატომ სცემა ქართველ „კანონიერ ქურდს“ სტამბულში

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ონიანისა და ლავას ოღლის ომი გრძელდება - ქურდული სამყარო დიდი გარჩევის მოლოდინშია

 

ბათო ჯაფარიძე

 

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინშია და, რაღა თქმა უნდა, მთავარი თემა უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომია, კრიმინალური სამყარო თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ცდილობს, ყველაფერ ამისგან სარგებელი მიიღოს. პირბადეების სავალდებულო ტარებამ კრიმინალურ დაჯგუფებებს არაერთი სარგებელი მოუტანა - ისინი მარტივად ქურდობდნენ, ძარცვავდნენ, ყაჩაღობდნენ და მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი ხდებოდა, რადგან პირბადეაფარებული ადამიანების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს.

 

ციხიდან ტარიელ ონიანის გამოსვლის შემდეგ, ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის, გავლენის სფეროების ახალი გადანაწილება დაიწყო და, რაღა თქმა უნდა, ამ ამბავში ონიანი სრულადაა ჩართული. ერთი ეგაა, ახალი თაობის ქურდებს, მათ, რომლებმაც სახელი და გავლენა სწორედ მაშინ მოიპოვეს, როცა ონიანი ცხრაწლიან სასჯელს იხდიდა, მონაპოვრის დათმობა ცოცხალი თავით არ სურთ, რაც თავის მხრივ, ძველი თაობის ქურდებს არ მოსწონთ. სწორედ ამის ნიადაგზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ, კონფლიქტი ონიანსა და მინდია გორაძეს, იგივე, ლავას ოღლის მოუხდათ. მათ შორის დაპირისპირებამ იმდენად დიდი მასშტაბები მიიღო, რომ ასე განსაჯეთ, გაგრძელება ქართულ ციხეებში ჰპოვა - ცალკე ონიანის სანაცნობო თუ სამეგობრო იწევდა გორაძის „სასტავზე“ და ცალკე, არანაკლებ გავლენიანი, ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის წრე ცდილობდა გორაძის მეგობრებისთვის ზიანის მიყენებას. ასეა თუ ისე, ქართულ ციხეებში სიტუაცია დალაგდა, თუმცა კრიმინალური სამყარო დიდი გარჩევის მოლოდინშია.

როგორც გვიყვებიან, მინდიამ ტარიელ ონიანზე დასარტყმელადაც გაიწია, რასაც მისი მხრიდან მძაფრი რეაქცია აუცილებლად მოჰყვება. ონიანის მხარემ უკვე დააანონსა დიდი „სხადნიაკი“, რომელიც წესითა და რიგით, ამ თვეში უნდა გამართულიყო, მაგრამ ამბობენ, რომ სექტემბრისთვის გადაიწია, რადგან ტარიელს სურს, კარგად მოემზადოს და პრეტენზია არა მარტო გორაძეს, არამედ, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა „კოლეგას“ წაუყენოს და ისინი სტატუსის გარეშე დატოვოს.

ახალგაზრდებმა საქმეში რუსეთის ციხეში მყოფი შაქრო კალაშოვიც ჩართეს,რომელიც ონიანის მხარეს არაფრის დიდებით დაიჭერს და საშემოდგომოდ დიდი ამბები გველოდება. მანამდე კი...

6 ივლისს, თურქეთში, სასტუმრო „მარინ პრინცესის“ ფოიეში, „კანონიერი ქურდები“ -  ნუგზარ ტორჩინავა (მეტსახელად, „ტორჩიკა“) და გიორგი ჯანელიძე (მეტსახელად, „გოგი პიტერსკი“) ისვენებდნენ. მოულოდნელად, მათ ორი ნიღბიანი მიუახლოვდა. თავდამსხმელებს ხელზე კასტეტები ეკეთათ და ისინი თავს ჯანელიძეს დაესხნენ. წინააღმდეგობის გაწევა ორივე „კანონიერმა ქურდმა“ სცადა, მაგრამ თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მსუბუქად გაილახა ტორჩინავა და ძალიან მძიმედ იცემა ჯანელიძე. როგორც ჩანს, თავდამსხმელებს აქცენტი სწორედ მასზე ჰქონდათ გაკეთებული, მაგრამ...

როგორც გვიყვებიან, 46 წლის ჯანელიძე, ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელსაც სხვა „კანონიერ ქურდებთან“ კონფლიქტი, უბრალოდ, არ აქვს, ამიტომ ყველასთვის გაუგებარია, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა ასე ჯანელიძე. არ გამორიცხავენ, რომ სიტუაციის არევის მიზნით, ეს ერთ-ერთ „კანონიერ ქურდს“ ჩაედინა, რათა კრიმინალურ სამყაროში გაურკვევლობა შეეტანა და მხარეებს ერთმანეთის მიმართ ნდობა დაეკარგათ.

ეს, რაც შეეხება საქართველოს საზღვრებს გარეთ „მოღვაწე“ კრიმინალებს. აი, ქვეყნის შიგნით კი... ორ კვირაზე მეტი გავიდა, რაც ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს, თუმცა ეს ამბავი თითქოს არც მომხდარა. სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს და ახალი რომ არაფერია, აშკარად ჩანს. როგორც გავიგეთ, ასამდე სამართალდამცავმა მეორე დღეს ახლომდებარე ტყეები მოჩხრიკა, მოსახლეობას კი უთხრეს, სავარაუდო მკვლელს ვეძებთო (რითაც მათი გულისწყრომა გამოიწვიეს), რეალურად კი ეძებდნენ იარაღს, რომელიც ქილერმა ადგილზე არ დატოვა. არსებობდა ვერსია, რომ ქილერმა იარაღი ტყის სიღრმეში შეიტანა და იქ დააგდო, მაგრამ ავტომატი ვერ იპოვეს.

მკვლელობის შემკვეთს (და არა შემსრულებელს) ეძებს კაჭარავას სამეგობროც, მაგრამ დამაიმედებელი სიახლე არც ამ მიმართულკებითაა. ვერავინ ამბობს კონკრეტულად, რა შეიძლება გამხდარიყო კაჭარავას მკვლელობის მიზეზი.

ბევრს აქვს ვერსია, რომ ცნობილ ბიზნესმენზე წარსულში, კონკრეტულად კი, 90-იანებში მომხდარი ამბების გამო, ახლა იძიეს შური, მაგრამ მისი უახლოესი გარემოცვა ამასაც გამორიცხავს, რადგან თუ ვინმე იყო დაპირისპირებული მაშინ კაჭარავასთან, ან შერიგებულია, ან მათი ნაწილი, უბრალოდ, ცოცხალი აღარაა.

ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კაჭარავას მკვლელობა არცთუ დიდი ხნის წინ მომხდარი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის გაგრძელებაა. თითქოს, კვარაცხელიას მკვლელობისთვის გასამართლებულებს, სომხეთში წასვლის ფული, სწორედ კაჭარავასგან ჰქონდათ მიღებული, მაგრამ რეალობასთან ახლოს არც ეს ვერსიაა. თანაც, კვარაცხელიების ოჯახმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ შურისძლებას არ აპირებენ და შესაბამისად, კაჭარავას საქმესთან კავშირი კატეგორიულად გამოირიცხა.

კვარაცხელიების მხრიდან შურისძიებას გამორიცხავს გარდაცვლილი ბიზნესმენის სამეგობროც და უფრო სხვა მიმართულებებზე მუშაობს. როგორც გვეუბნებიან, იმავე მიმართულებაზე ფიქრობენ სამართალდამცავებიც, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია და ორივე მხრიდან დუმილიც ამის მომასწავებელი გახლავთ.

რაც შეეხება კრიმინალს, როგორც მოსალოდნელი იყო, წვრილ-წვრილმა დანაშაულმა ზღვისპირეთში გადაინაცვლა. აჭარის რეგიონში არცთუ იშვიათად ფიქსირდება მობილური ტელეფონების დაკარგვა და იმის მიუხედავად, რომ ტელეფონების ჩაბარება სირთულესთანაა დაკავშირებული, ხელოსნები 1000-ლარიან და უფრო მეტი ღირებულების ტელეფონებს 100 ლარად იბარებენ და შემდეგ, ნაწილებს იყენებენ. ჰოდა, დღეში 2-3 ასეთი ტელეფონი რომ ჩააბარონ, არა მარტო დასასვენებელ ფულს, არამედ, მცირე კაპიტალსაც დააგროვებენ კრიმინალები და ამიტომ, აჭარის რეგიონი მათთვის მიმზიდველია, თუმცა ჭკუა ტურისტებმაც ისწავლეს და სამართალდამცავებიც მობილიზებულნი არიან. ამიტომ, უპატრონოდ მობილურ აპარატებს არავინ ტოვებს, თუმცა...

იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საოჯახო სასტუმროში პირები პასპორტის გარეშე შესახლდნენ ანუ მეპატრონემ რეალურად არ იცოდა, ვინ შეუშვა და შემდეგ მათ მეზობელი ნომრები გაასუფთავეს და გაქრნენ. ამიტომ, ახლა უმკაცრესად კონტროლდება ისიც, რომ უსაბუთოდ ოთახი არავის მიაქირაონ და სამართალდამცავებსაც მუშაობა გაუადვილდეთ.

ზაფხულის მოსვლასთან ერთად, გააქტიურდა მარიხუანას მოხმარებაც და ამ მიმართულებითაც იმატა დანაშაულმა. ინტერნეტში აქტიურად იყიდება მარიხუანა (ნახევარლიტრიანი ქილა 500-700 ლარი ღირს) და იმის მიუხედავად, რომ ძალოვნები მაქსიმალურად ცდილობენ „ბარიგების“ გამოვლენას, მარიხუანას შემთხვევაში, ყველაფერი ჭირს. მოხმარება საქართველოში დანაშაულად არ ითვლება და მით უმეტეს იმის ფონზე, როცა იმავე ინტერნეტით, ბევრად ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების შეძენაა შესაძლებელი.

ეგ კი არა, მთელი საკურიერო სისტემაა აწყობილი იმისთვის, რომ ლოკაციებზე, სადაც კამერები არ არის, კონკრეტულმა პირებმა ნარკოტიკები დადონ და მხოლოდ ამისთვის 70-დან 100 ლარამდე იღებენ. ამით, გამყიდველი არ რისკავს, რადგან დაკავების შემთხვევაში, კურიერმა არც კი იცის, ვისგან აიღო ნარკოტიკი და ვინ არის მსხვილი გამსაღებელი.

სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით, ახალი წლიდან, ნებისმიერ ობიექტზე, თუნდაც მიყრუებულ სოფელში, სავალდებულო იქნება ვიდეოთვალის დაყენება და ყველაფერი ეს, სამართალდამცავებს მუშაობას ძალიან გაუიოლებს. მართალია, ვიდეოთვალებით აღჭურვა არცთუ იაფი დაჯდება, თუმცა რეალურად, ეს ობიექტების მფლობელებისთვისაც ძალიან კარგი უნდა იყოს, რადგან მათ ზუსტად ეცოდინებათ, რა ხდება ობიექტზე. გარდა ამისა, პროცენტულად, იმ ადგილებში, სადაც ვიდეოთვალებია დამონტაჟებული, დანაშაულსაც ნაკლებად სჩადიან და ასეთი ადგილები კრიმინალებისთვისაც ნაკლებმიმზიდველია