გმირად აღიარებული მამაკაცი მანიაკი აღმოჩნდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 რატომ იტაცებდა და ახრჩობდა მკვლელი 5-დან 7 წლამდე ბიჭებს საკუთარ დაბადების დღეზე

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ხანდახან ისე ხდება, რომ გამომძიებლები უპატიებელ შეცდომას უშვებენ და გისოსებს მიღმა ადამიანს სხვისი დანაშაულის გამო კეტავენ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ამას შეგნებულად აკეთებენ, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც, გამომძიებელს შინაგანად სჯერა, რომ ნამდვილ დამნაშავეს მიაგნო, მტკიცებულებები უტყუარია და ყველაფერი კანონის ფარგლებშია. სინამდვილეში კი, რეალური დამნაშავე გარეთ რჩება და ბედნიერია იმით, რომ გამოძიება შეცდა. რა თქმა უნდა, გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ უმძიმეს დანაშაულებში ეჭვმიტანილი ადამიანი უწყებაში თავის ფეხით მივა და იტყვის, გამოძიება შეცდა, დამნაშავე მე ვარ და გისოსებს მიღმა ვიღაც უდანაშაულოდ მოხვდაო...

გასული საუკუნუს 80-იან წლებში, რუსეთში, ერთი-მეორის მიყოლებით, რამდენიმე მძიმე დანაშაული მოხდა. კონკრეტულად, ყოფილ ლენინგრადში, 5-დან 7 წლამდე ბიჭებს, საკუთარ დაბადების დღეზე იტაცებდნენ და შემდეგ მათ გაგუდულებს ნახულობდნენ. ცხედრებს ძალადობის სხვა ნიშანი არ ეტყობოდათ, არ იყვნენ გაუპატიურებულები, ნაწამები, უბრალოდ, თოკით იყვნენ გაგუდულები და მორჩა ანუ ერთი შეხედვით, დამნაშავე მათ უმიზეზოდ ხოცავდა. ყველაფერი კი იმაზე მოულოდნელად დასრულდა, ვიდრე ვინმე ელოდა. გოგონას დაბადების დღე იყო, ის 11 წლის ხდებოდა, მამამ გადაწყვიტა, შვილისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, ბავშვი შინ მძინარე დატოვა, მაგრამ როცა დაბრუნდა, უცხო მამაკაცი დაინახა და ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. მომხვდურმა ოჯახის უფროსი იარაღიდან გასროლით ფეხში დაჭრა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერმა კაცმა მოახერხა და თავდამსხმელი გაგუდა. სამართალდამცავებმა ივარაუდეს, რომ ეს სწორედ ის მანიაკი იყო და მართლაც, მისი გარდაცვალების შემდეგ, ორი წელი გავიდა და ერთი ბავშვიც არ დაკარგულა. საზოგადოება დამშვიდდა, ბავშვებს შინ ისევ თამამად სტოვებდნენ მარტო. კაცს, რომელიც გოგონას მარტო ზრდიდა, რადგან მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა, სპეციალური მედალიც კი მისცეს და რაც მთავარია, ოთხი ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, რადგან ტყვია მუხლის სახსარში იყო გაჭედილი. საბოლოო ჯამში, სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა, მას ჯოხის გარეშე გადაადგილება არ შეეძლო. ამის მიუხედავად, ის ნამდვილი გმირი გახლდათ, ორჯერ ტელევიზიაშიც კი მიიწვიეს და მეზობლები ხომ საერთოდ, პატივით ეპყრობოდნენ, სახელმწიფომ სპეციალური პენსიაც დაუნიშნა... მანიაკის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი, მისივე მეგობარი ქალის შვილი იყო. ბიჭი საკუთარ დაბადების დღეზე გაუჩინარდა, შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ მანიაკი მოკვდა, განადგურდა, საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. არადა, წყვილი თითქოს დაქორწინებას აპირებდა, თითქოს, მამინაცვალი გერს ძალიან კარგად ეპყრობოდა, მეზობლებიც აღნიშნავდნენ, საკუთარი შვილივით უვლიდა, დედაზე მეტად აქცევდა ყურადღებას, აბა, ვინ იფიქრებდა, თუ მოსაკლავად ამზადებდაო.

„ბედის ირონიით, მანიაკის საცოლეს სასწავლებელი თბილისში ჰქონდა დამთავრებული და ჩემს მეუღლესთან მეგობრობდა. მომხდარიდან სამი წელი იყო გასული, ჩემს ცოლს რომ დაურეკა - თუ შეიძლება, საქართველოში ჩამოვალ, ეგებ, გული გადავაყოლო, მდგომარეობიდან დღემდე ვერ გამოვედიო. ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, დათანხმდა, თუმცა იქვე ჩემი თხოვნაც დააყოლა, ეგებ, საქმის მასალები წამოიღო სრულად, ჩემს ქმარს პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებაო. ეს ჩემი ინიციატივა იყო, მაინტერესებდა, როგორ მოქმედებდა მანიაკი, საქმე ძალიან რეზონანსული გახლდათ და მიუხედავად ბავშვების მკვლელობისა, საიდუმლო გრიფი არ ედო. მაშინ საბჭოთა კავშირი რკინის ფარდის ჩამოშორებას ცდილობდა და წარმატებულ საქმეებს ანსაჯაროვებდა. ჩემთვის ამ საქმის გაცნობა დამატებითი, მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნებოდა, ხოლო საქმის მასალები ქალს აუცილებლად ექნებოდა, როგორც ერთ-ერთ დაზარალებულს. მოკლედ, ათ დღეში, ჩემს მეუღლეს მეგობარი ესტუმრა, მე კი მაგიდაზე 18-ტომიანი საქმე მედო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ქართველ მაძებარს საქმის შესავალი ძალიან მოეწონა, რადგან მისი ლენინგრადელი კოლეგები, როგორც ჩანს, ნამუსიანად მუშაობდნენ და ყველა დეტალი სიღრმისეულად ჰქონდათ შესწავლილი. უფრო მეტიც, ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მანიაკის მიახლოებითი ასაკიც ჰქონდათ გამოთვლილი, რომელიც მოკლულისას ემთხვეოდა და კიდევ არაერთ ისეთ დეტალსა და ნიუანსზე იყო გამახვილებული ყურადღება, გამოცდილი მაძებრებიც კი ბევრს ისწავლიდნენ. აი, მისი მკვლელობიდან სასამართლომდე კი ყველაფერი ხელის ერთი მოსმით გახლდათ დასრულებული. თითქოს, გამომძიებლებს ერთი სული ჰქონდათ, საქმე ბოლოში გასულიყო და კოშმარი დასრულებულიყო. ხუმრობა ხომ არ არის, საერთო ჯამში, მანიაკმა შვიდი ბიჭი იმსხვერპლა და მერვეზე ჩაავლეს. ჰო, საქმეში ახსნილი იყო ის ტრანსფორმაციაც, რომელიც მანიაკმა განიცადა. თუ მანამდე, ის მხოლოდ ბიჭებს ხოცავდა, ბოლო შემთხვევაში, გოგოზე იმიტომ გაილაშქრა, რომ საქმიანობაში რამე სიახლის შეტანა სურდა, საკუთარი თავის გასახალისებლად. მანიაკები ასე ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც იქცევიან და ეს ფსიქოლოგებისა თუ ფსიქიატრების მხრიდან იშვიათ შემთხვევას მიეწერა.

საქმის შესწავლას თითქმის ერთი კვირა მოვანდომე, ღამეები არ მეძინა და ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვიყავი. კმაყოფილი იმით, რომ ბევრი ახალი გავიგე და თანაც, ამ საქმის გამოძიების დროს, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის გვარიც ამოვიკითხე, რომელიც ბოლო პოზიციებზე ნამდვილად არ გახლდათ და გამიხარდა, რომ საქმის გახსნაში ისიც მონაწილეობდა. მართალია, ყველაფერი გამოძიებისთვის იღბლიანმა შემთხვევამ დაასრულა, მაგრამ მაინც. ამ უზარმაზარი ტომების შექმნასა და ზღვა მასალის მოძიებას მრავალი უძილო ღამე სჭირდებოდა. რაც შეეხება ჩემს სტუმარს, მეუღლე მაქსიმალურად ცდილობდა მის გახალისებას, ხან სად დაჰყავდა, ხან - სად და ცოტა თვალშიც გამოახედა. ერთ დღეს კი მეც დამითანხმეს, ოპერაში წავსულიყავით. ხათრი ვერ გავუტეხე, თორემ ნამდვილად არ მქონდა სურვილი, ორი საათის განმავლობაში, არიები მესმინა. ოპერიდან რომ ვბრუნდებოდით, გზაზე, მოკლული ბავშვის დედა და მანიაკის საყვარელი ქალი მოულოდნელად მომიბრუნდა და მეკითხება - ასე შეიძლება ადამიანის გარდასახვა? ის ხომ ჩემს შვილს საკუთარივით უვლიდა? სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, სექტემბერში, ზღვაზე წაგვიყვანა და ორი კვირის განმავლობაში, სანამ იქ ვიყავით, ბავშვს სასკოლო მასალას უკითხავდა, სკოლას აცდენ და რომ არ ჩამორჩე, შენ დიდი კაცი უნდა გაიზარდოო. თუ მოკვლას უპირებდა, ამას რატომ აკეთებდა, რატომ?! მითხრა ქალმა და ატირდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

შინ დაბრუნებულ სტუმარს ბატონმა თენგიზმა ქართული კონიაკი დაალევინა, დაამშვიდა და მაშინვე საქმეს ეცა. თუ ქალს დაეჯერებოდა, სწორედ იმ დროს, როცა ლენინგრადში, მორიგი ბავშვის მკვლელობა მოხდა, მანიაკად მიჩნეული კაცი მომავალ ცოლთან და გერთან ერთად, შავის ზღვის სანაპიროზე ისვენებდა. მეორე დღეს ქართველმა გამომძიებელმა ფრთხილად, მაგრამ კატეგორიულად მოსთხოვა ზუსტად გაეხსენებინა ის დღეები, როცა სანაპიროზე ისვენებდნენ და როცა ქალმა იგივე გაიმეორა, საქმე თავდაყირა დადგა. სწორედ იმ დროს, ლენინგრადში ბიჭი გაუჩინარდა ანუ ის მანიაკმა მოკლა და მანიაკად მიჩნეული პირი ამ დროს, რამდენიმე ასეული კილომეტრის იქეთ, ზღვაზე ისვენებდა.

ჩემს მეგობარს დავურეკე და საქმის ვითარება გავაცანი. თავიდან არ დაიჯერა, მერე კი საქმეებს ჩახედა და არაოფიციალურად თბილისში ჩამოფრინდა, ჩემს სახლში გამოჰკითხა ქალი და როცა დარწმუნდა, არ ვტყუოდით, ქალს კიდევ ერთი რამ ჰკითხა - როცა თქვენი შვილი დაიკარგა, საქმრო რას აკეთებდაო? ქალმა ტირილი დაიწყო, ჩემზე მეტად ნერვიულობდა, მერე კი, როცა გარდაცვლილი ვიპოვეთ, თქვა, მკვლელს აუცილებლად მოვნახავ და ჩემი ხელით მოვკლავო. მან იარაღიც ამის შემდეგ იყიდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მანიაკი სწორედ თავად იყო“,- გვიყვება ბატონი თენგიზი.

ორმა გამომძიებელმა ორი ღამე გაათენა და დაასკვნა - მანიაკი არა მოკლული, არამედ, მისი მკვლელი, იმ გოგონას მამა იყო, რომელმაც ვითომ მანიაკი მოკლა. ეს ხსნიდა ყველაფერს - იმას, თუ რატომ მიაკითხა ვითომ მანიაკმა გოგონას და არა ბიჭს, იმას, რომ თურმე, გოგონას დაბადების დღე ინციდენტის დღეს კი არა, მეორე დღეს იყო. მოკლული როგორღაც გავიდა მანიაკის კვალზე და სწორედ მის მოსაკლავად მივიდა, თუმცა თავიდან სურდა დარწმუნებულიყო, ხოლო როცა დარწმუნდა, მანიაკმა დაასწრო. ლენინგრადელი გამომძიებელი პეტრეს ქალაქში გაფრინდა და მეორე დღეს, გმირად შერაცხული მამაკაცი ჩვენებას აძლევდა.

მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა. ბიჭი იბადებოდა და სწორედ მან მომიკლა უსაყვარლესი ქალი. ამის მერე, პატარა ბიჭები შემძულდა და გადავწყვიტე, ისინი სწორედ მათ დაბადების დღეზე დამეხოცა. ეს სურვილი არც ახლა გამნელებია, მაგრამ როცა იმ კაცმა გამშიფრა და დამჭრა, დავკოჭლდი, სირბილი აღარ შემიძლია, არც ბავშვის ტარება შემიძლია, რადგან ჯოხს უნდა დავეყრდნო. ეს არის მიზეზი, რის გამოც მკვლელობები შეწყდა“,- განაცხადა დაკავებულმა. ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაკავებული შერაცხადად აღიარა, რამაც სასამართლოს მისი კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლების შესაძლებლობა მისცა. რა თქმა უნდა, დახვრეტა მიუსაჯეს, კაცს კი, რომელიც მანამდე მანიაკად იყო გამოცხადებული, ეს ლაქა ჩამოაშორეს.