რატომ მოკლეს ცნობილი პოლიტიკოსისა და უშიშროების გავლენიანი წარმომადგენლის ცოლ-შვილი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ოქროს ფხვნილით სავსე ჩემოდნის დღემდე ამოუხსნელი საიდუმლო

 

1984 წელს, მოსკოვთან ახლოს, სააგარაკე უბანში, ორი ქალი მოკლეს. ევლალია ფიოდოროვნა და მისი ქალიშვილი, თავში მძიმე საგნის ჩარტყმით დახოცეს. ეს საქმე ჩვეულებრივი ძარცვის ეპიზოდად ჩაითვლებოდა, რომ არა ერთი, საინტერესო დეტალი - 84 წლის ევლალია ფიოდოროვნა სერგო გოგლიძის ქვრივი იყო, მეორე ქალი - მისი ქალიშვილი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, მათთვის, რომლებმაც არ იციან, ვინ იყო სერგო გოგლიძე, მის ისტორიას მოკლედ გიამბობთ.

 

სერგო გოგლიძე 1901 წლის 12 აგვისტოს, ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის სოფელ ქორთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1911-1915 წლებში, სწავლობდა უზბეკეთის ქალაქ კოკანდის კომერციულ სასწავლებელში, 1915-1917 წლებში - ტაშკენტის კომერციულ სასწავლებელში. 1917 წელს, გაიწვიეს მეფის არმიაში. მსახურობდა პირველ ციმბირულ პოლკში. 1918 წელს, შევიდა წითელ არმიაში. 1919 წლის ოქტომბრიდან 1920 წლამდე, თურქესტანის ფრონტის რევტრიბუნალის ინსპექტორი, კომენდანტის თანაშემწე და საქმის მწარმოებელი იყო. 1920 წელს, დაამთავრა ტაშკენტის საღამოს საშუალო სკოლა. 1921 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე - თურქესტანის საგანგებო კომისიაში, ჯარების პოლიტსამდივნოს უფროსად მუშაობდა. 1921 წლის ნოემბრიდან 1922 წლის ივნისამდე იყო საკავშირო საგანგებო კომისიის ყირგიზეთის მხარის 37-ე ბრიგადის სამხედრო კომისარი, საკავშირო საგანგებო კომისიის ჯარების კომისარი ჩინეთის საზღვრის დაცვაში. 1922 წლის ივნისიდან 1923 წლის მარტამდე, მუშაობდა მოსკოვში, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარების შტაბის ინსტრუქტორ-ორგანიზატორად, ასევე, სახელმწიფო პოლიტსამმართველოს რწმუნებულად დასავლეთის საზღვრების გამაგრების დაცვის საქმეში. 1923 წლის მარტიდან 1926 წლამდე იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის - სახელმწიფო პოლიტსამმართველოს რწმუნებული, დასავლეთის საზღვრების გამაგრების დაცვის საქმეში. 1923 წლის მარტიდან 1926 წლამდე იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის - სახელმწიფო პოლიტსამმართველოს სასაზღვრო დაცვის ნაწილის პოლიტიკური ინსპექციის ინსპექტორი, ორგანიზაციული მუშაობის საქმეში. ახალგაზრდული ასაკისთვის, ეს უზარმაზარი თანამდებობები იყო, მაგრამ გოგლიძე თავს ყველაფერს სანიმუშოდ ართმევდა. ის 1926 წლიდან 1927 წლის 1 დეკემბრამდე მუშაობდა გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარებისა და სასაზღვრო დაცვის სამმართველოს პოლიტნაწილების ინსპექტორად, 1927 წლის 1 დეკემბრიდან 1930 წლის 1 ივნისამდე - გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარებისა და სასაზღვრო დაცვის სამმართველოს პოლიტგანყოფილების საორგანიზაციო ქვეგანყოფილების უფროსად. 1930 წლის 1 ივნისიდან 1933 წლის 1 ივნისამდე - გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარებისა და სასაზღვრო დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დ თანაშემწედ პოლიტნაწილის დარგში, 1933 წლის 1 ივნისიდან 1934 წლის 10 ივლისამდე - გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარებისა და სასაზღვრო დაცვის სამმართველოს უფროსად, 1934 წლის 13 ივლისიდან 11 ნოემბრამდე - შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საქართველოს სსრ სამმართველოს უფროსად და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სასაზღვრო და შინაგანი დაცვის სამხედრო დაცვის სამმართველოს უფროსად, ამავე წლის 11 ნოემბრიდან 1937 წლის 1 იანვრამდე იყო ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და შინაგან საქმეთ სახალხო კომისარიატის საქართველოს სამმართველოს უფროსი.

1935 წლის 26 ნოემბერს, მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების მეორე რანგის კომისრის წოდება. სწორედ აქედან დაიწყო მისი ნამდვილი აღმასვლა. 1937 წლის 1 იანვრიდან 1938 წლის 21 ნოემბრამდე, სერგო გოგლიძე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. ითვლებოდა ბერიასთან დაახლოებულ და ნდობით აღჭურვილ პირად. 1938 წლის 14 ნოემბრიდან იგი დაინიშნა საკავშირო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ლენინგრადის სამმართველოს უფროსად, სადაც 1941 წლის 26 თებერვლამდე მუშაობდა. 1941 წლის აპრილიდან 31 ივლისამდე იყო საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს რწმუნებული მოლდავეთის (ახლანდელი მოდოვა) სსრ-ში. 1941 წლის 31 ივლისიდან 1943 წლის 7 მაისამდე - შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხაბაროვსკის მხარის სამმართველოს უფროსი. 1941 წლის აგვისტოდან 1943 წლის 7 მაისამდე ამავდროულად იყო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომიარიატის რწმუნებული შორეულ აღმოსავლეთში. 1950 წლის 31 დეკემბრიდან 1951 წლის 10 ნოემბრამდე იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტოს კოლეგიის წევრი. 1951 წლის 3 იანვრიდან 13 ნოემბრამდე - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს რკინიგზისა და საწყლოსნო ტრანსპორტის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი. 1951 წლის 26 აგვისტოდან 10 ნოემბრამდე - სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, 1951 წლის 13 ნოემბრიდან 1952 წლის 15 თებერვლამდე - უზბეკეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, 1952 წლის 13 თებერვლიდან 20 ნოემბრამდე - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე. 1952 წლის 13 თებერვლიდან 1953 წლის 5 მარტამდე იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კოლეგიის წევრი, 1952 წლის 19 თებერვლიდან 1953 წლის 5 მარტამდე - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მე-3 მთავარი სამმართველოს უფროსი. 1952 წლის 20 ნოემბრიდან 1953 წლის 5 მარტამდე - სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე. 1953 წლის 11 მარტიდან 29 ივნისამდე - საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-3 სამმართელოს უფროსი. 1945 წლის 9 ივლისს, გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1953 წელს, საგანგებო მისიით, სერგო გოგლიძე  გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც იგი 3 ივლისს დააკავეს და მოსკოვში ჩამოიყვანეს. სერგო გოგლიძე რეპრესირებულ იქნა. 1953 წლის 23 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. იგი დღემდე არ არის რეაბილიტირებული.

ცნობისათვის, მას ჰყავდა ძმები, ჭადრაკის დიდოსტატი ვიქტორი (1905-1964) და ვლადიმერი (1908-1942), რომელიც ომში დაიღუპა. 1936-1953 წლებში, ვიქტორი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. 1954 წლიდან გახსნა საჭადრაკო სკოლა და არაერთი დიდოსტატი აღზარდა. სერგო გოგლიძე დაქორწინებული იყო ორჯერ. პირველი ოჯახი მიატოვა 1934 წელს და ნათესავების გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ მათთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია და ისინი არც ერთხელ არ უნახავს. ამის მიუხედავად, 1954 წელს, სერგო გოგლიძის შვილი, ვლადიმერი დააკავეს და ყაზახეთში გადაასახლეს. სერგო გოგლიძის ძმიშვილის ცნობით, ვლადიმერი 1972 წელს, ბათუმში გარდაიცვალა...

როცა გოგლიძე ხაბაროვსკში გაუშვეს სამუშაოდ, მას დაევალა, რომ ყურადღება მიექცია ოქროს კარიერებზე ძვირფასი ლითონის მოპოვების პროცესისთვის, რადგან არსებობდა სერიოზული ეჭვი, რომ ოქრო არალეგალური გზებით გადიოდა და შავ ბაზარზე ხვდებოდა. გოგლიძის დანიშვნის შემდეგ, ოქროს მოპოვება გაორმაგდა და მან ეს იმით ახსნა, რომ ოქროს მოპარვა აღკვეთა. არაერთხელ, თავად სტალინმა მაგალთად მოიყვანა ის, თუ როგორ გამოასწორა გოგლიძემ მდგომარეობა ხაბაროვსკში და მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ რეალურად, მან ყველა გზა ერთადერთი მიზნისთვის ჩაკეტა - ოქროს მთავარი მომპარავი და გამსაღებელი თავად გახდა. მერეც, როცა ის დახვრიტეს, საბჭოთა კანონების მიხედვით, მისი ქონება მთლიანად კონფისკაციას დაექვემდებარა. გოგლიძის ქვრივმა, ევლალია ფიოდოროვნამ მოახერხა და ნიკიტა ხრუშჩოვს სთხოვა, სახლიდან მხოლოდ ორი ჩემოდნის წაღების უფლება მომეცი, ოჯახურ ნივთებს გავიტანო. ხრუშჩოვმა არა მარტო ამის ნება დართო, არამედ, ქმრის საბანკო ანგარიშზე არსებული 160 ათასი მანეთიც დედა-შვილს დაუტოვა. როგორც ამბობენ, ქალებმა სახლიდან ოქროს კარიერიდან მოპარული ოქრო გაიტანეს... ჰო, ორი ჩემოდანი ოქრო.

მას შემდეგ, დედა-შვილს არსად უმუშავია, მათ აგარაკი შეიძინეს მოსკოვის გარეუბანში, დაიქირავეს მოსამსახურე და სახლიდან თითქმის არ გადიოდნენ. ეს მოსამსახურე მათ 1983 წლამდე ემსახურებოდა, მერე კი გარდაიცვალა და ქალებმა ახალი მოსამსახურე იპოვეს, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე. სწორედ მას წამოსცდა ქმართან, რომ ქალები ძალიან დიდ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და როცა ფული გამოელეოდათ, გოგონას რაღაც ოქროსფერ ფხვნილს აძლევდნენ, რომელიც მას კონკრეტულ იუველირთან მიჰქონდა და ის იუველირი ამ ფხვნილში ათასებს აძლევდა. მოსამსახურე ქმარს იმასაც მოუყვა, რომ აღნიშნული ფხვნილით სავსე ჩემოდანი მან რამდენჯერმე ნახა, მაგრამ ვერ გაარკვია, რა იყო და არც ის იცოდა, სად უნდა გაეყიდა.

ქმარი, რომელსაც ზურგს ორი ნასამართლეობა უმაგრებდა, მაშინვე მიხვდა, რა ფხვნილზე იყო საუბარი. რეალურად, ეს ოქროს ქვიშა გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში, გოგლიძემ დააგროვა ხაბაროვსკში და... როცა სამართალდამცავები ადგილზე მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ სახლიდან არაფერი არ იყო წაღებული და მოსამსახურემ მხოლოდ ის ჩემოდანი მოისაკლისა, რომელშიც უცნაური ფხვნილი ეყარა. საინტერესოა ისიც, რომ მოსამსახურეს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ ჩემოდანი მისმა ქმარმა მოიპარა, მაგრამ ამაში მაშინ დარწმუნდა, როცა სამართალდამცავებმა მის ქმარზე ძებნა გამოაცხადეს, თუმცა საბჭოთა კავშირი ისე დაიშალა, ვერც იმ ჩემოდანს მიაგნეს და ვერც - კაცს. ამბობენ, მან მოახერხა და საბჭოთა კავშირი დატოვა, თუმცა როგორ და რა გზებით, არავინ უწყის. რა თქმა უნდა, როცა დედა-შვილი გარდაიცვალა, რუსულმა მხარემ საქართველოში გოგლიძის ნათესავები დაძებნა, რათა მათთვის მემკვიდრეობა გადაეცა. თუმცა, საქართველოში მალე ჩამოვიდა ბრძანება, სადაც მითითებული იყო, რომ სერგო გოგლიძის ნათესავების ძებნა შეეწყვიტათ ერთადერთი მიზეზით - მის ქვრივს ქმარზე უარი ჰქონდა ნათქვამი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას უარი მის ნათესავებზეც ჰქონდა გაცხადებული. ეს იყო ოფიციალური მიზეზი, არაოფიციალურად კი, მოკლულების სახლში, სამამულო ომის დროს დაკარგული არაერთი ძვირფასი ნივთი აღმოაჩინეს, მათ შორის, ნახატები, საიუველირო ნაკეთობები, რომლებზეც მძარცველებს ხელი არ ჰქონდათ დადებული, რითიც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქალები მხოლოდ ჩემოდნის გამო მოკლეს, ჩემოდნის, რომელშიც ყველაზე უხეში დათვლებით, 18-დან 25 კილომდე ოქროს ქვიშა იყო შენახული.

ავტორი-ბათო ჯაფარიძე