ხარვეზები ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ ინსპექტირებაში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

 

ავტორი: მაკა რუხაძე

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სახელმწიფო კონტროლით დაინტერესდა. გარდა იმისა, რომ ქალაქში გამონაბოლქვით დაბინძურების მაჩვენებელი დადგენილ ნორმებს ბევრად აღემატება, სახელმწიფო აუდიტი კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი მიზეზის გამო დაიგეგმა - შეფასებულიყო ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებულ პროცესებზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა, ასევე, ქვეყანაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისობა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დირექტივებთან და სტანდარტებთან.როგორც მოსალოდნელი იყო, აუდიტის შედეგად, სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა.

თუმცა, ვიდრე დარღვევებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით მოძრავი ავტომობილების ტექნიკური გამართულობა მნიშვნელოვანია მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისა და გარემოზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 91% ცხოვრობს გარემოში, სადაც ჰაერის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს დაწესებულ ნორმებს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა ქვეყნების უმსხვილეს ქალაქებში, ასევე მსხვილ სამრეწველო ობიექტებსა თუ სამრეწველო ზონებთან ფიქსირდება, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ტრანსპორტის, მრეწველობის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან.

 

ხარვეზები რეფორმით მიღწეულშედეგებში

აუდიტის შედეგად, რომელიც 2018-2020 წლებს ეხება, გაირკვა, რომ ამ პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა მავნე ნივთიერების კონცენტრაციების დადგენა და არეალის დაფარვა სრულყოფილად არ წარმოებდა. შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით მიღებული გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე. არადა, ამის გარეშე, რეფორმის ეფექტიანობის სათანადოდ შეფასება შეუძლებელია.

„რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, ინსპექტირების ცენტრები უნდა დაკომპლექტდეს შესაფერისი კადრებით, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ინსპექტორების არასათანადო კვალიფიკაციით გამოწვეული შეცდომები.აუდიტორული პროცედურების შედეგად შერჩეული ინსპექტირების ცენტრებზე, სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი 2018-2020 წლებში ინსპექტორთა წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა ინსპექტირების ცენტრები აკრედიტაციის ცენტრიდან იღებდნენ დადებით შეფასებებს.ინსპექტორთა კვალიფიკაციის შეფასება განხორციელდა არასრულყოფილად, რადგან შეფასება გაიარა არა ყველა, არამედ, მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა. მეტიც, ისეთი შემთხვევებიც გამოვლინდა, როდესაც აკრედიტაციის ცენტრი ინსპექტორთა სწავლებას და შემდგომ,გასაუბრების შედეგად მათი ცოდნის შეფასებას, თავადვე ახორციელებდა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ინსპექტირების ცენტრების დანადგარებისა და აღჭურვილობის დადგენილ ვადებში დაკალიბრება, მათი გამართული ფუნქციონირება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემების უწყვეტი ფუნქციონირება, ინფორმაციულ სისტემებში ასახული ინფორმაციის უტყუარობა და სისრულე, არ ხორციელდებოდა მოთხოვნათა სრული დაცვით. ეს კი, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, აკრედიტაციის ცენტრის კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე მიუთითებს და უარყოფითად აისახება ინსპექტირების პროცესის სრულყოფილად და ობიექტურად განხორციელებაზე.

 

განუხორციელებელი ღონისძიებები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სსიპ აკრედიტაციის ცენტრისმხრიდან გამოვლენილი შეუსაბამობების მიუხედავად, ინსპექტირების ცენტრებს არ შეუფასებიათ შეუსაბამობების გავლენა,ამიტომ აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგმა ვერ უზრუნველყო შედეგების კორექტირება და პრევენციას.ეს კი უარყოფით გავლენას ახდენს ინსპექტირების ხარისხსა და რეფორმის ეფექტიანად განხორციელებაზე.

„2018-2020 წლებში, ინსპექტირების პროცესზე კონტროლი მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით, შესაფერისი პასუხისმგებლობების ზომების არარსებობის პირობებში, აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებული ვიდეომონიტორინგი ვერ უზრუნველყოფდა ინსპექტირების ცენტრებისა და ინსპექტორების მიმართ სისტემურ მიდგომას და ინსპექტირებასთან დაკავშირებული დარღვევების პრევენციას.ამის მიზეზი იყო ის, რომ ინსპექტირების პროცესის კონტროლს არ ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფუნქციის მქონე სახელმწიფო უწყება, ხოლო აკრედიტაციის ცენტრის მიერ ჩატარებული ინსპექტირების პროცესის მიმდინარე მონიტორინგი, როგორც მისი ფუნქციებისგან განსხვავებული საქმიანობა, ვერ უზრუნველყოფს დარღვევების სათანადო პრევენციას. გარდა ამისა, ინსპექტირების ცენტრების მხრიდან ვიდეოჩაწერის უწყვეტ რეჟიმში განხორციელებასთან და ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებები არ სრულდებოდა, არ იყო განსაზღვრული პასუხისმგებლობის შესაბამისი მექანიზმები და ინსპექტირების ცენტრებს ეძლეოდათ შესაძლებლობა, თავი აერიდებინათ სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლისთვის“.

მეტიც, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ არ არსებობდა რისკებზე დაფუძნებული შერჩევის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ინსპექტირების ცენტრის/ფილიალის ვიდეომონიტორინგს;არ არსებობდა ქმედითი მექანიზმები ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამომწვევი მიზეზების, მათი მნიშვნელობის დადგენასა და პრევენციასთან დაკავშირებით.

 

ხარვეზები ავტომობილების ინსპექტირებაში

არსებული რეგულაციებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ვადამდელი ინსპექტირება სავალდებულო არაა.არადა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, დროის გარკვეულ მონაკვეთში, გზებზე გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენარჩუნებასა და რეფორმის მიზნების მიღწევას ვადამდელი ინსპექტირება ხელს შეუწყობდა. საკითხის კომპლექსურობისა და სირთულის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა ამ ინიციატივის დანერგვის შესაძლებლობა განიხილონ.

სახელმწიფო აუდიტის ფარგლებში, მაკონტროლებლებს ინსპექტირების ცენტრებს შორის კონკურენციაც უნდა შეესწავლათ. ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ინსპექტირების ცენტრების მოწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. მასში მონაწილე ერთადერთ პრეტენდენტთან - შპს „პრემიუმ რეზიდენსთან“ (რეორგანიზაციის შედეგად, სს „გრინვეი საქართველო“) სამი ხელშეკრულება გაფორმდა, საერთო ღირებულებით - 6 723 000 ლარი. სს „გრინვეი საქართველოს“, ქვეყნის მასშტაბით, ინსპექტირების ხაზის მოწყობა და ოპერირება დაევალა.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს“ გადაწყვეტილებით, სს „გრინვეი საქართველოს“ შერჩევის პროცესი შეფასდა კონკურენციის შეზღუდვად, რომელმაც ბაზარზე ახალი სუბიექტების შესვლას ხელი შეუშალა. საქართველოს ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სასამართლოში გაასაჩივრა.აქედან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფი მოკლებული იყო შესაძლებლობას, რათადაესკვნა, რამდენად შეუწყობდა ხელს ამგვარი პირობები რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა არ არსებობს. თუმცა, ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა უნდა დანერგილიყო 2021 წლის მარტიდან და მასში ინსპექტირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა ასახულიყო. აუდიტორების მტკიცებით,ინსპექტირების ცენტრების მხრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით, არ არის წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია, რაც არ იძლევა სრულყოფილი სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის საშუალებას