ტურიზმის სტატისტიკა - რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 179 მილიონი დოლარით გაიზარდა

 

ავტორი: მაკა რუხაძე 

2022 წლის ტურისტული სეზონი გამორჩეული უნდა ყოფილიყო. ექსპერტებიცა და დარგის სპეციალისტებიც აცხადებდნენ, რომ 2020-2021 წლებში, პანდემიისა და „ლოქდაუნის“ გამო დაზარალებულ ტურისტულ სექტორს, სწორედ 2022 წლიდან უნდა ამოესუნთქა. რეალურად, ეს ასეც იქნებოდა, რომ არა რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა - რუსეთის შეჭრა უკრაინაში და თითქმის ხუთთვიანი ომი. ცხადია, ეს მდგომარეობა ტურისტულ სეზონზეც აისახა, თუმცა ომის მიუხედავად, საქართველოში რუსი ტურისტებიც სჭარბობენ და უკრაინიდან იძულებით დევნილი, მშვიდობიანი მოქალაქეებიც. პრინციპში, არც უცხოელი ტურისტების ნაკლებობაა, თუმცა უმჯობესია, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის - „საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებს გავეცნოთ და სიტუაცია მხოლოდ ამის შემდეგ, ციფრებზე დაყრდნობით შევაფასოთ.

ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები პესიმისტურ პროგნოზს აკეთებდნენ. მაგალითად, ტურისტული კომპანია „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა კელაურიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ პანდემიის დასრულებასთან ერთად, ძალიან დიდი მოლოდინი არსებობდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, 2022 წელი კიდევ უფრო წამგებიანი იქნება.

სინამდვილეში, „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის ექვს თვეში ანუ იანვრიდან ივნისამდე პერიოდში, საქართველოში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 1 209 272 გახლდათ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 186.3%-ით მეტია. მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში, 445 894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. მათ შორის, სხვა ანუ არატურისტული ვიზიტების რაოდენობა - 58 113, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები - 387 781 იყო.

___________________

___________________

ახლა ვნახოთ, რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა საერთაშორისო ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში: რუსეთიდან - 90 239 ვიზიტორი; თურქეთიდან - 62 192 ვიზიტორი; სომხეთიდან - 61 974 ვიზიტორი; საქართველო (არარეზიდენტი) - 22 143 ვიზიტორი; ისრაელი - 20 555 ვიზიტორი; უკრაინა - 15 273 ვიზიტორი; ყაზახეთი - 14 368 ვიზიტორი; აზერბაიჯანი - 13 067 ვიზიტორი; ბელარუსი - 12 284 ვიზიტორი; საუდის არაბეთი - 10 372 ვიზიტორი; ირანი - 9 454 ვიზიტორი; უზბეკეთი - 5 697 ვიზიტორი; გერმანია - 5 557 ვიზიტორი; პოლონეთი - 3 907 ვიზიტორი; აშშ - 3 195 ვიზიტორი.

______________________

______________________

ტურისტული სეზონისთვის საქართველოს ზღვისპირა კურორტებიც მზადაა. მეტიც, პანდემიის შემდეგ, აჭარა ნელ-ნელა იბრუნებს ტურიზმის ინდუსტრიას, მაგალითად, ბათუმში ვიზიტორთა სიმრავლეა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში, განსაკუთრებით ბათუმში, სრულადაა აღდგენილი 2019 წლის ტურისტული ნაკადები. მისივე თქმით, ყოველდღიურად იზრდება, როგორც აეროპორტების დატვირთვა, ასევე, ემატება ახალი საერთაშორისო მიმართულებები და რეისები.

ტურისტული სეზონის გააქტიურება მხოლოდ ბათუმში იგრძნობა. სულ სხვა ვითარებაა ქობულეთში, გონიოში, კვარიათსა და სარფში, სადაც ტურისტების ნაკლებობას უჩივიან. მეტიც, კვარიათსა და გონიოში სასტუმროები ლამის დაცარიელებულია.

ისევ ოფიციალურ სტატისტიკას დავუბრუნდეთ. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 179 200 000 აშშ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში, უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 301 700 000 აშშ დოლარს, არადა, ერთი წლის წინ, ეს მაჩვენებელი 122 500 000 აშშ დოლარი გახლდათ. 2020 წლის ივნისში, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 11 200 000 აშშ დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლების ასეთი დაბალი მაჩვენებლები განპირობებული იყო კორონავირუსის პანდემიითა და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებით.

რაც შეეხება 2022 წლის გასული თვეების სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან, ქვეყანამ მაისში 258 600 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო; აპრილში - 188 600 000 აშშ დოლარი; მარტში - 174 500 000 აშშ დოლარი; თებერვალში - 105 200 000 აშშ დოლარი; იანვარში - 114 000 000 აშშ დოლარი.