ფრთხილად, საოჯახო ნივთებით თაღლითობენ!

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ონლაინ დასაქმება ბევრი ადამიანისთვის მარტივი და მოსახერხებელია. ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა დისტანციურ სამსახურებზე, რაც ბოლო პერიოდში რისკის შემცველი გახდა. სოციალურ ქსელებში იქმნება ყალბი საიტები, რომლებიც აცხადებენ ვაკანსიებს, იგებენ დარეგისტრირებული ადამიანების პირად მონაცემებს და იპარავენ თანხას, რაც კანონის მიხედვით ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე და ზოგ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთითაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოქმედებს, ონლაინ თაღლითობის შემთხვევები გაიზარდა. „ვერსიამ“ მოძებნა რამდენიმე ასეთი საეჭვო საიტი, რომელსაც სოციალურ ქსელში განთავსებული ჰქონდა ვაკანსია და დაუკავშირდა. „დამსაქმებელი“ აღმოჩნდა უცხოელი, რომელიც გვესაუბრებოდა ქართულად:

- ჩვენ ვიღებთ შეკვეთებს სავაჭრო პლატფორმაზე, ვეხმარებით ონლაინ მაღაზიებს გაყიდვების გაზრდაში. ყოველი დავალების შესრულების შემდეგ, დაგერიცხებათ 200-250 ლარი. მუშაობის დაწყებამდე საჭიროა დარეგისტრირდეთ და გადაიხადოთ თანხა. - მოგვწერა „დამსაქმებელმა“

 

  განთავსებულ ვაკანსიას ხალხისგან ჰქონდა უარყოფითი გამოხმაურება და ერთ-ერთ ასეთი კომენტარის ავტორს ვკითხეთ მიზეზი:

- ეს საიტი არ ასაქმებს ხალხს, გარეგისტრირებენ და გარიცხინებენ ფულს.        

- თანხის ჩარიცხვას როდის ითხოვენ ან როგორ?

- გადახდა დასარეგისტრირებლად გჭირდება. გეუბნებიან, რომ სხვანაირად რეგისტრაციას ვერ გაივლი.

- რა რაოდენობის თანხას ითხოვენ?

- პირველ ეტაპზე 20 ლარი მომთხოვეს, შემდეგ აღარ გამიგრძელებია რეგისტრაცია.

- სადმე ფიქსირდება ამ ადამიანების ვინაობა?

- უცხოელების პროექტია, მაგრამ კონტაქტზე ქართველი გამოდის. ქართველების ანგარიშის ნომრები დევს, რომლებიც სავარაუდოდ იმ ხალხისაა, ვინც დარეგისტრირდა.

 

 „ვერსია“ კიდევ დაუკავშირდა სხვა მსგავს საიტს, რომელმაც პასუხი მალევე დაგვიბრუნა:

- გამარჯობა. გვაქვს ონლაინ ვაკანსია ონლაინ მაღაზიაში! მოვალეობა: გქონდეთ თიბისის ან საქართველოს მობაილბანკი, გირიცხავთ თანხებს დღეში 10-20-ჯერ და დარიცხულ თანხას გვირიცხავთ მობაილბანკიდან კრისტალზე, ყოველი დარიცხვისას იტოვებთ თანხის 5%-ს.

 

ვთხოვეთ, რომ უფრო დეტალურად განემარტა, თუ რა მაღაზია ჰქონდა და რა ევალებოდათ თანამშრომლებს, რის შემდეგაც დაგვბლოკა. ჩვენ დავუკავშირდით ქალს, რომელიც სოციალურ ქსელში, ეხმაურებოდა ამ საიტს და წერდა, რომ მოატყუეს და ფული გადაარიცხინეს:

- „დამსაქმებლები არ არიან, ხალხს ატყუებენ, რომ ავეჯს ყიდიან და თანხას არიცხინებენ. შემდეგ გბლოკავენ და ქრებიან.“ - აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუში.

პიროვნების სახელი, ვისაც ქალმა გადაურიცხა 260 ლარი ავეჯის შესაძენად, არ შეესაბამებოდა იმ სახელს, რომელიც ეწერა საიტზე. ხალხი თანხას რიცხავს იმ ავეჯის საყიდლად, რომელიც რეალურად არ არსებობს, იმ ადამიანების ანგარიშის ნომრებზე, ვისაც „ასაქმებენ“, მათ კი ევალებათ, რომ ეს თანხა გადარიცხონ საიტის მფლობელის კაზინოს ანგარიშზე, რადგან საშიშროების დროს დაზარალდება მხოლოდ ის, ვისი ანგარიშის ნომერიც ჩანს და არა საიტის მფლობელი.

     

     

    როგორ დავიცვათ თავი ონლაინ თაღლითობისგან?

  • გაიგეთ ვისგან ყიდულობთ - წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია მაღაზიის შესახებ და გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს.
  • დააკვირდით ვებგვერდის მისამართის ველს - დარწმუნდით, რომ გვერდის მისამართის ველს აქვს ბოქლომის სიმბოლო და იწყება https://-ით და არა http://-ით, სადაც s მიუთითებს ტრანზაქციების დაცულობაზე.
  • დააკვირდით გადახდის რა მეთოდს იყენებს მაღაზია - სანდო მაღაზიები იყენებენ PayPal გადახდის მეთოდს და არა ბარათის ასლის გადაგზავნას.
  • არ დაამახსოვრებინოთ ვებგვერდს ბარათის მონაცემები - თუ ვინმე მოახერხებს თქვენი ანგარიშის გატეხვას, მარტივად შეძლებს დამახსოვრებული ბარათით სარგებლობას.
  • ონლაინ შესყიდვებისთვის იქონიეთ დამატებითი ბარათი - ცალკე ბარათზე განათავსეთ მხოლოდ იმ რაოდენობის თანხა, რომლის დახარჯვასაც აპირებთ.
  • არ უპასუხოთ საეჭვო ელექტრონულ წერილებს - ზოგჯერ იგზავნება წერილები, სადაც ითხოვენ თქვენს სახელს, პაროლს, ბარათის ნომერსა და უსაფრთხოების კოდს, რასაც ბანკი თქვენგან არასდროს მოითხოვს.
  • აკონტროლეთ თქვენი ტრანზაქციები - რეგულარულად შეამოწმეთ ანგარიშიც ამონაწერი და გაიაქტიურეთ SMS მომსახურება.
  • გამოიყენეთ რთული პაროლები - უნდა შედგებოდეს მინიმუმ 10-12 ნიშნისგან, რომელიც მოიცავს დიდ და პატარა ასოებს, რიცხვებსა და სიმბოლოებს.
  • დააკვირდით ვებგვერდის მისამართსა და შინაარსს - დააკვირდით რამდენად შეესაბამება შინაარსი იმ მიზანს, რა მიზნითაც ამ ვებგვერდზე შემოხვედით.
  • განაახლეთ ოპერაციული სისტემები - ისარგებლეთ სისტემის უახლესი ვერსიით, ჩამოტვირთეთ განახლებები (updates), გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები.

ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი