ვახო მეგრელიშვილი: „სულ ფეხებზე მკიდია... გიჟები ხომ არ ვართ?!“

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, 15 თებერვალს, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცია შეიკრიბა. პარტიებს სამოქმედო გეგმაზე უნდა ესაუბრათ, თუმცა მოლაპარაკების მაგიდა რამდენიმე წუთში დატოვეს იაგო ხვიჩიამ და ვახო მეგრელიშვილმა, „გირჩის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ დასმული კითხვები შეხვედრაზე უპასუხოდ დარჩა და პროცესს შორიდან დააკვირდებიან. ვახო მეგრელიშვილმა ერთი საინტერესო ამბავიც თქვა, როდესაც კითხვები დავსვით, ოპოზიციონერები გარეთ სიგარეტის მოსაწევად გავიდნენო... ამ და სხვა დეტალებზე „ვერსია“ ვახო მეგრელიშვილს ესაუბრა.


- ბატონო ვახო, რას ნიშნავს, სიგარეტის მოსაწევად გავიდნენ? - ოპოზიციონერ ლიდერებს მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ?

- ხომ არ შეიძლება, რომ ის სამი საკითხი, რაზეც კითხვები დავსვით, არასერიოზული იყოს? ეს საკითხებია: რა საერთო გეგმა აქვს ოპოზიციას, ნიკა მელია რომ მართლა დაიჭირონ?
მეორე საკითხი ეხება პატარა პარტიებს, „ლეიბორისტების“ ოფისში არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში... ჩვენი პოზიცია ხომ იციან დაბალ ბარიერსა და შესაძლებლობაზე, რომ ორპოლუსიანი სისტემა არ დარჩეს ქვეყანაში და ვიკითხეთ, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად თვლით, რომ ბარიერის საკითხი უმნიშვნელოა-თქო?
მესამე კითხვა ეხებოდა გაყალბების საკითხს, ვინაიდან ყველა ფიქრობს, რომ გაყალბება არის უმთავრესი საკითხი, ხომ არ შევაგროვოთ, ვისაც რა გაყალბების მონაცემები გვაქვს? რატომ არ გვიჯერებენ უცხოელები? - იმიტომ, რომ ვერ ვამტკიცებთ ამას-თქო. ამ სამ საკითხზე ვკითხეთ, რას ფიქრობდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი წავიდა სიგარეტის მოსაწევად, საუბარი გავაგრძელეთ მათთან, ვინც დარჩა. ერთადერთი ადამიანი იყო „რესპუბლიკური პარტიიდან“, ხათუნა სამნიძე, რომელმაც თქვა, გასაგებია, თქვენ რასაც ამბობთო, პოზიტიურად იყო ლაპარაკისთვის განწყობილი.

- ანუ, ამ კითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ თუ უბრალოდ, „გირჩისგან“ დასმული კითხვა დატოვეს უპასუხოდ, როგორი განცდა შეგექმნათ?

- შეგვიძლია, მიქსი გავაკეთოთ... კითხვებზე რომ პასუხები ჰქონდეთ, მაშინ მივიღებდით, რომ „გირჩი“ იმდენად მიუღებელია ამ ოპოზიციური გაერთიანებისთვის, რომ მთავარი პრობლემა ყოფილა „გირჩი“, რომელიც ამ კითხვებს სვამს...

- რომ ამბობთ, მოვლენების განვითარებას დავაკვირდებითო, საინტერესოა, რაღას აკვირდებით? ამდენი დრო გავიდა და...

- ოპოზიციას რომ ვაკვირდებით, მეგობრები ხომ არ ვყოფილვართ? გამარჯობის დონეზე გავიცანით ერთი წლის წინ, საერთო პროცესში ვიყავით და დადგა კრიტიკული მომენტი, სადაც უბრალოდ ლაპარაკი არაა საკმარისი. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ერთმანეთის პოზიციები. როგორ შეიძლება, მთელ ოპოზიციას ერთი აზრი ჰქონდეს და განსხვავებულ აზრს ფიზიკურად არც კი განიხილავდეს? ვიფიქრეთ, რომ ასეთი ოპოზიცია შემთხვევით ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ხომ დაგვიჭერს პირველად ჩვენ და ჩვენნაირ ხალხს? შესაბამისად, ვუთხარით, თქვენი გვეშინია, თუ არ დაგველაპარაკებით, რევოლუცია რომ მოაწყოთ და ხელისუფლებაში მოხვიდეთ, ვის დაიჭერთ, ჯერ ივანიშვილს და მერე, ალბათ, ჩვენ-თქო? თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება, რანაირიად შეიძლება, პარტნიორები კრიზისში, როცა ყველას საფრთხე გვემუქრება, ერთმანეთთან კოორდინაციის მნიშვნელობას ვერ ხვდებობდნენ? არ გვესმის.

- გამოდის, რომ ოპოზიციურ შეხვედრებზე აღარ ივლით?

- არა, სანამ არ დაგვპატიჟებენ პერსონალურად, გეხვეწებით, მობრძანდითო, ჩვენ იქ არ წავალთ, გიჟები ხომ არ ვართ?

- რატომ, თავი შეურაცხყოფილად იგრძენით?

- შეურაცხყოფა რა შუაშია? იქ ხომ საქმეზე მივდივართ და გვგონია, რომ იქ ხალხი იგივე საქმეზეა შეკრებილი და თუ აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს სხვა საქმე აქვს, ხომ ხვდებით, რომ ერთად არაფერი გესაქმებათ?

- პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით რაიმე ხომ არ შეიცვალა?

- პარლამენტში როგორ შევიდეთ, ჩვენ ხომ პარლამენტში გვინდა შესვლა და როცა იქ პარლამენტის ნაცვლად, არის გაჩაღებული სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლის ველი, სადაც სირცხვილია მისვლა, დალაპარაკება და განსხვავებული აზრის თქმა, ანუ, ძალიანაც რომ გინდოდეს პარლამენტში შესვლა, როგორ უნდა შეხვიდე?

- ანუ, გინდათ პარლამენტში შესვლა და იმის გამო, რომ ბულინგის მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ, არ შედიხართ?

- თქვენ რანაირად უყურებთ, ადამიანური, ეთიკური რაღაცები ხომ გაქვთ, თათია? რა შუაშია ეგ? სულ ფეხებზე არ მკიდია, ჩემს გვერდზე როგორი... ჯერ როდის გინახავთ, ვინმეს დავებულინგებინეთ?!

- ალეკო ელისაშვილი რომ პარლამენტში შევიდა, საზოგადოებისგან დიდი რისხვა დაატყდა...

- თათია, მომისმინეთ... მანდ ხომ საქმე ისაა, რომ შენ მხარის არჩევა გიწევს, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ. მაგალითად, ჩვენ თუ დავრჩებოდით ფანჩატურში, ხომ გასაგები იქნებოდა, რომ თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, ჩვენც უნდა გამოვსულიყავით ქუჩაში და გვეყვირა - „დავასრულოთ დიქტატურა!“? - რომ არ დაგველაპარაკნენ, ხომ გადავრჩით ამ ამბავს? ახლა მეორე მხარესაა „ქართული ოცნება“, რომელიც ანალოგიური პრობლემაა. „ქართულ ოცნებას“ ხელში უჭირავს ყველაფერი, რისი ჩაგდებაც უნდა მიხეილ სააკაშვილს და შესაბამისად, მე რომ წავიდე „ოცნებასთან“, მიხეილ სააკაშვილი ხომ თავის თამაშს თამაშობს და მე „ქართული ოცნება“ გავხდები და „გირჩი“ აღარ ვიქნები?

- მოკლედ, პარლამენტში შესვლა ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, არა?

- გადაწყვეტილია, რომ არ მივალთ იქ, სანამ პარლამენტი არ იქნება. ერთად შევეცადოთ, რომ ნორმალური პარლამენტი გვქონდეს და ბედნიერად მივალთ იქ სამუშაოდ.

- ნორმალურ პარლამენტში იმას გულისხმობთ, რომ მინიმუ 113 დეპუტატი იყოს, არა?

- დიახ, მჯერა, რომ 113-იც უნდა შეიკრიბოს და 150-ც. მაგ შემთხვევაში ის მთავარი პრობლემა, რამაც მოლაპარაკებები გაგვაჩერებინა, რაღაცნაირად გადაჭრილი უნდა იყოს. ანუ, ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობას“ დღეს დასაჭერად არ უნდა დასდევდეს, მინიმუმ და შესაბამისად, თემა უნდა გადავიდეს დაჭერა-არდაჭერიდან რაღაც საკითხზე, რომელზეც, ელემენტარულად, შეიძლება თანამშრომლობა. ჩვენ ხომ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყველა საკითხი გამოგვერიცხა, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა ლაპარაკი. თუ არ შეტრიალდა პირიქით ეს პროცესი, არანაირი შეთანხმება არ იქნება და არანაირი პარლამენტი არ იქნება. დღეს იქ არის 96 ადამიანი და ყველას ესმის, რომ იქ არის მხოლოდ „ქართული ოცნება“, შესაბამისად, მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ შესვლა პარლამენტში შესვლა ხომ არ არის? - ეს არის ქართულ ოცნებასთან“ მისვლა.