ზალიკო უდუმაშვილი: „პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში“

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოპოზიციაში ქაოსია, ალეკო ელისაშვილი ჯერ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს დაუპირისპირდა და შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტში შედის. „გირჩში“ აცხადებენ, რომ მიუხედავად ელისაშვილის ამ გადაწყვეტილებისა, პარლამენტში ჯერ არ შევლენ და გააგრძელებენ ოპოზიციასთან საუბარს, რათა საკუთარ პოზიციაში მათი დარწმუნება შეძლონ. „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ, 19 იანვარს, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაპირისპირებამ ცხადყო, რომ ოპოზიციურ ერთობას ბზარი შეეპარა. ამ ფონზე, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც პარლამენტში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას ფლობს? „ვერსია“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა:

- ზოგადად, ძალიან ცუდია ყველაფერი ის, რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომ  ოპოზიციაში თითქოს რაღაც განხეთქილებაა. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსმა დროულად უნდა გადაწყვიტოს, შედის თუ არა პარლამენტში, ეს ინდივიდუალური გადასაწყვეტია და ვერავინ ვერავის დააძალებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმ ოპოზიციური ერთიანობის, რომელიც შედგა და 31 ოქტომბრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, არ შევიდეს პარლამენტში, აბსოლუტური უმრავლესობა დარჩება ამ აზრზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რასაც ვითხოვთ ამდენი ხანია. ეს პროცესები არაა სასიამოვნო საყურებელი და ვფიქრობ, რაც დროულად შეჩერდება დებატები ამ თემაზე და მაყურებელი ნაკლებს ნახავს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში კამათობს პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე, მით უკეთესი იქნება ყველასთვის, რადგან ეს გარკვეულწილად ყურადღების გადატანაა მნიშვნელოვანიდან სხვა თემაზე. დღეს მეტად მნიშვნელოვანი თემა არის ახალი არჩევნები ქვეყანაში.

- „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ აპირებს თქვენი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა მოლაპარაკების მე-5 რაუნდისთვის ჩამოყალიბებული ჰქონდეს პოზიცია მთელ ოპოზიციას. საინტერესოა, ოპოზიციური ძალები როდის ხვდებით ერთმანეთს, რომ დაალაგოთ საკითხები, სანამ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად წარდგებით?

- ვვარაუდობ, რომ უახლოეს დღეებში შედგება ეს შეხვედრა, არ გაიწელება დიდხანს იმიტომ, რომ ახალი წლის შემდეგ ჩვენ არ შევხვედრივართ ამ ფორმატში ერთმანეთს და ბევრი საკითხი დაგვიგროვდა განსახილველი. ბუნებრივია, იქნება ყველა საკითხზე მსჯელობა და ახლა უკვე ოპოზიცია განაგრძობს რეგულარულ რეჟიმში შეხვედრებს, რადგან გაზაფხული მოდის და ჩვენი პოლიტიკური აქტიურობა გაცილებით გაიზრდება, ვინაიდან უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და დიდი შანსია, რომ ეს პარლამენტი ერთპარტიულად დარჩეს, მიუხედავად იმისა, შევა თუ არა ვინმე კიდევ პარლამენტში...

- ალეკო ელისაშვილს გულისხმობთ?

- ამის მიუხედავად, ეს პარლამენტი იქნება ერთპარტიული იმიტომ, რომ პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც გადალახა ბარიერი, უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ასე რომ, გეგმა გვაქვს დასასახი, როგორ ვხსნით გაზაფხულის სეზონს, ანუ მთელი პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში.

- ესე იგი, საპროტესტო აქციები იქნება ოპოზიციისთვის განხილვის მთავარი თემა?

- არა მხოლოდ საპროტესტო აქციები, აქცია არ არის ერთადერთი ფორმა, ასე რომ, დავსახავთ გეგმას. ვფიქრობ, ახალი არჩევნები გარდაუვალი თემაა და პოლიტიკური ბრძოლის საკითხია, რამდენად შევძლებთ, რომ რაც შეიძლება ადრე დავანიშნინოთ ახალი არჩევნები, უბრალოდ, „ქართული ოცნება“ გადასულია დროის გაჭიანურებაზე.

- ბატონო ზაალ, გამორიცხავთ, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმე შევიდეს?

- „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველას, ვინც გასულია პარტიის სიით პარლამენტში, დაწერილი აქვს განცხადება მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.

თათია გოჩაძე