რატომ არ უშვებს დედა ცოტნე გამსახურდიას მშობლიურ სახლში და რა ეტაპზეა სასამართლო დავა - ექსკლუზიური ინტერვიუ ანა ჯაბაურთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 დავა კოლხური კოშკისთვის

ავტორი: თათია გოჩაძე

 არ მიყვარს პირადი სახის ინფორმაციის, ან ყოფილი თუ მოქმედი ოჯახის წევრების ამბების გასაჯაროება და მათზე საუბარი (მერე, ხელმოცარულების მიერ, ამ ამბების ათასგვარი ინტერპრეტაცია). არ არის ეს სწორი და ჩემი აზრით, არც ახლა მაგის დრო, როდესაც რუსეთმა მსოფლიო ასეთი გამოწვევის წინაშე დააყენა.

უბრალოდ, საქმე ეხება შემდეგს: მე, როგორც მამაჩემის და ბაბუაჩემის მემკვიდრეს, განზრახული მაქვს, კოლხური კოშკი, მის ისტორიულ საზღვრებში, გადავცე სახელმწიფოს, მისი შემდგომი დანიშნულების განსაზღვრის მიზნით. მხედველობაში მაქვს, მუზეუმის მოწყობა და მისი კულტურული დატვირთვა.

მავანნი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ათასგვარი გზით ცდილობენ ამ ყველაფრის არდაშვებას. ლაფს ასხამენ სახელმწიფოს, გაუგონარ საქციელს სჩადიან და ჩემი აზრით, ეს ხალხი უფრო ზიანს განიცდიან, ვიდრე მათი ადრესატები.

ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ქართული სახელმწიფო მიიღებს კოლხურ კოშკს განკარგვაში და დარწმუნებული ვარ, გამოიყენებს დანიშნულებისამებრ, ხოლო კოშკის გარშემო, სხვა ტერიტორია მოხმარდება ცოტნეს რეაბილიტაციის პროცესს“, - დაწერა ცოტა ხნის წინ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „ტვიტერში“.

ძმის ამ იდეას ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა. ამასთან, კონსტანტინე გამსახურდიამ გამოაქვეყნა ცოტნე გამსახურდიას მკურნალი ექიმის წერილი გერმანიიდან, რომელიც აცხადებს, რომ ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია მისი მშობლიურ გარემოში ყოფნა:

ეს წერილი ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლე აჩუქა. ორი უნივერსიტეტის პროფესორმა, საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, გერმანიაში ცნობილმა ნევროლოგმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ცოტნესთვის არ ითაკილა ექთნის, სანიტრისა და ექიმის ფუნქციის ერთდროულად შესრულება, ხოლო შემდეგ, სირბილით, მისი საწოლის რეანიმაციაში საკუთარი ხელით შეგორება. იქაც თავზე ადგა. არ იყო მისთვის შაბათი და კვირა, დღე და ღამე - მუდმივად იდგა ცოტნეს სიცოცხლის სადარაჯოზე, სანამ სამშვიდობოს არ გაიყვანა იგი. 9 თვე გავიდა მას შემდეგ. დღესაც მისი მეთვალყურეობსა და მკურნალობის ქვეშაა ცოტნე, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე. დიახ, პროფესორი ქრისტოფერ კელინგჰაუზი ის კაცია, ვინც ცოტნე დაღუპვისგან იხსნა.

სწორედ მისი კატეგორიული რჩევისა და რეკომენდაციის გამო, გასული წლის ივნისში მოხდა ცოტნეს დაბრუნება თბილისში. იცოდეთ, რომ რეაბილიტაციის პროცესს, მინიმუმ, 50 პროცენტით აფერხებთ მისი წლობით საავადმყოფოებში ყოფნითა და საკუთარი სახლისა და გარემოსგან ამდენი ხნით მოცილებით, იყო მისი მოთხოვნა - ცოტნესთვის პოზიტიური, მშვიდი, მისთვის საყვარელი და ახლობელი გარემოა ახლა საჭირო, რომელშიც დადებითი მუხტის მიღების გარდა, მოხდება ემოციური და მხედველობითი მეხსიერების გააქტიურება, მოგონებების გამოწვევა, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ნეირონებს შორის კავშირის დამყარებას, აღდგენასა და მათ გააქტიურებას! ასეთი ადგილი კი მხოლოდ მისი სახლია, სადაც მან ბავშვობა და სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა.

სამწუხაროდ, უდიდესი ექიმისა და ადამიანის ეს რეკომენდაცია დღემდე შეუსრულებელია: ცოტნეს არ ეძლევა საშუალება საკუთარ სახლში დაბრუნებისა და სრულყოფილი რეაბილიტაციისა, რის გამოც, გიორგი გამსახურდია იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა. სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგის სარჩელი, თუმცა მეორე მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროცესი გაიწელოს და გაიწელოს ცოტნეს წარმატებული რეაბილიტაციაც.

ძაან გაიგებს ცოტნე, კოშკშია, თუ სად არის. მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება“, - ზუსტად ამ სიტყვებით ამბობს უარს ცოტნეს საკუთარ სახლში შეშვებაზე მისი ბიოლოგიურ დედა

მაშ ასე, გაეცანით პროფესორ კელინგჰაუზის წერილს და დასკვნები იმის შესახებ, გაიგებს თუ არა ცოტნე კოშკშია თუ სად არის, თქვენთვის მომინდვია. ეს წერილი, რამდენიმე დღის წინ, სწორედ მაშინ მოგვწერა, როდესაც შეიტყო, რომ მისი მთავარი რეკომენდაცია ვერ შესრულდა. არც ისე იოლია, ცოტნეზე გადაყოლილ უცხო ადამიანს აუხსნა, თუ რატომ ხდება მისი მთავარი მოთხოვნის შესრულების შეფერხება

ტექსტის ქართული თარგმანი:

ძვირფასო ქალბატონო, ძვირფასო ბატონო,

ბატონ გამსახურდიას აქვს ტვინის დაზიანება ტრავმის შედეგად, რომელსაც რამდენიმე გართულება მოჰყვა.

მისი ყოფნისას ჩვენს საავადმყოფოში, 2021 წლის აპრილიდან ივნისამდე, შესაძლებელი გახდა მისი, როგორც მოტორული ფუნქციების, ასევე, კოგნიტური და ფიზიკური უნარების გაუმჯობესება. თუმცა მისი აქ ყოფნის დასაწყისიდანვე ჩანდა, რომ ერთ წელზე მეტხანს, უცხოეთის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში განუწყვეტელი ყოფნის შემდეგ, მისი ფუნქციების შემდგომი გაუმჯობესება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ თავის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში. როდესაც იგი სამშობლოში წაიყვანეს, მას უკვე შეეძლო კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლები მასთან ემოციურად დაახლოებულნი იყვნენ.

ეს ემოციური სტიმული, რაც თავის თავში მოიცავს კონტაქტს მისთვის ახლობელ ადამიანებთან, როგორებიც არიან მისი მეუღლე და ძმები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეაბილიტაციის პროცესში.

ამიტომაც, ჩემი აზრით, მისი ჯანმრთელობის აღდგენის პროცესისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მას გადაიყვანენ თავის ყოფილ სახლში, სადაც დაიბადა და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. მეხსიერების ემოციური რეაგირება და აქედან გამომდინარე, შესაძლო პროგრესის სიდიდე და მნიშვნელობა, უგულებელყოფილი არ უნდა იქნეს.

საკუთარ სახლში მის დაბრუნებაზე უარის თქმა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რეაბილიტაციის პროგრესის შედეგს, რომელიც აქამდეა მიღწეული.

საუკეთესო სურვილებით,

დოქტორი, ქრისტოფ კელინგჰაუზი“.

 

***

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ვერსია“ დაინტერესდა, როგორია ახლა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სამართლებრივი ბერკეტი არსებობს, რომ მშობლიურ გარემოში - კოლხურ კოშკში დაბრუნება შეძლოს? - გთავაზობთ ინტერვიუს ცოტნე გამსახურდიას მეუღლესთან, ანა ჯაბაურთან, რომელიც მეუღლეს გვერდიდან არ შორდება და მისი რეაბილიტაციის პროცესში უდიდესი წვლილი შეაქვს. ჯაბაური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ახლა წეროვანში, სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში, იმყოფებიან და მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის ფიზიოთერაპევტები მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად უტარებენ რეაბილიტაციას:

 - ცოტნეს მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესებულია იმ მხრივ, რომ ემოციების გამოხატვა უკეთ დაიწყო. კერძოდ, ხუმრობასა და პოზიტიურ ინფორმაციაზე სიცილით რეაგირებს. ნელი, მაგრამ დადებითი დინამიკა გვაქვს.

- როგორც ცნობილია, გიორგი გამსახურდიამ წამოიწყო სამართლებრივი დავა კოლხური კოშკისთვის. რა ეტაპზეა ეს საქმე და რისთვის იბრძვის გიორგი გამსახურდია?

- გიორგი გამსახურდია იბრძვის მხოლოდ ერთი რამისთვის - როგორმე, გააუმჯობესოს და ხელი შეუწყოს საკუთარი ძმის რეაბილიტაციის პროცესი. ეს სასამართლოც მხოლოდ იმისთვის წამოიწყო, რომ ცოტნეს მიეცეს საშუალება, საკუთარ სახლში დაბრუნდეს. არავის უნდოდა სასამართლო დავის წამოწყება, მაგრამ მას, უბრალოდ, სხვა შანსი არ დაუტოვეს. პირველ ინსტანციაში საქმე მოიგო, მაგრამ მეორე მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ყოველნაირად ცდილობს, პროცესი გაწელოს.

- როგორც ცნობილია, ცოტნეს მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, აუცილებელია მისი მშობლიურ სახლში ყოფნა, რაშიც მანანა გამსახურდია უშლის ხელს. რა შეგიძლიათ, გვითხრათ ამაზე? არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, ცოტნეს მშობლიურ სახლში გადაყვანა შესაძლებელი გახდება?

- სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, რა თქმა უნდა, სწორედ, სამართლებრივად უნდა მოხდეს ცოტნეს კოშკში დაბრუნება. მაშინ, როდესაც იურიდიულად, კოშკი იქნება მხოლოდ ცოტნესი და გიორგის, ვერავინ ვეღარ შეუშლის ხელს ცოტნეს სახლში დაბრუნებას. იურიდიული ასპექტის გარდა, არსებობს მორალურიც - ზვიად გამსახურდიას დატოვებული ერთადერთი ანდერძით, მისი უძრავ-მოძრავი ქონება და, მათ შორის კოშკიც, ეკუთვნის მხოლოდ ცოტნე და გიორგი გამსახურდიებს და სხვას არავის. ესაა ბატონი ზვიადის ნება და ყველა მცდელობა მისი სურვილისა და ერთადერთი ანდერძის აღსრულებისთვის ხელის შეშლისა, არის ამორალური. გარდა ამისა, ამორალურია ადამიანის საკუთარ სახლში დაბრუნებას ხელი შეუშალო მხოლოდ იმიტომ, რომ ის უმწეოა და საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლია. სწორედ ამ უსამართლობას აღუდგა გიორგი გამსახურდია წინ, მით უმეტეს, რომ ცოტნეს პროფესორის კატეგორიულ რეკომენდაციასაც მის საკუთარ სახლში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ, კარგად იცნობს.

- გიორგიმ განაცხადა, რომ მუზეუმისთვისგადასცემს სახელმწიფოს კოლხური კოშკის ნაწილს. ამ საკითხზე თქვენი პოზიცია როგორია?

- როგორც გიორგის, ასევე, ცოტნესა და კოკოს სურვილია, კოლხური კოშკი გახდეს მუზეუმი. ასეთი იყო ზვიად გამსახურდიას სურვილიც, რასაც კოკოს მიერ, არაერთხელ გამოქვეყნებული დოკუმენტური მასალაც ადასტურებს. ინციდენტამდე, ცოტნეს ხშირად უთქვამს ჩემთვის, რომ აუცილებლად მოახდენდა მის სიცოცხლეშივე კოშკის გადაცემას სახელმწიფოსთვის. რადგან ამ მოცემულობაში, ცოტნესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში დაბრუნება, ჩვენი სურვილია, მან იცხოვროს კოლხურ კოშკში, პარალელურად კი, განიხილებოდეს მასში მუზეუმის მოწყობის საკითხიც. კოლხური კოშკი საკმაოდ დიდი შენობაა. ცოტნეს საცხოვრებლად ერთი სართულიც ეყოფა. ასე რომ, ერთი მეორეს ხელს არ უშლის.