რას ემსახურებოდა ედუარდ შევარდნაძის აფეთქება და ვის ინტერესში შედიოდა ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ნინო დოლიძე

 

... იმ დღეს თოვდა, მაგრამ ეს თოვლი თეთრი კი არა, სისხლისფერი იყო... იმ დღეს საქართველოში წითელი ვირუსი გავრცელდა, ვირუსი, რომლის სამკურნალო ვაქცინის გამოგონებასაც ათეულობით წელი დასჭირდება... თავდაპირველად ვაქცინას დადებითი ეფექტი ექნება და სენს თითქოს დაამარცხებს... ამ ვაქცინას ეროვნულ მოძრაობას დაარქმევენ, მაგრამ მერე, წლები რომ გავა, წითელი დაავადება გაცოცხლებას დაიწყებს, ეროვნული მოძრაობაც მინავლდება და ვიღაცები 1921 წლის 25 თებერვლის რეინკარნაციას შეეცდებიან. ეს ვიღაცები მოდერნიებული ბოლშევიკები იქნებიან ანუ ახალი ყაიდის კომუნისტები, რომელთაც 37 მანეთის სევდა წალეკავს. მათ მარო მაყაშვილისა თუ სხვა იუნკრების პატრიოტულ სულისკვეთებაშიც ეჭვი შეეპარებათ და 21- საუკუნეში გული ისევ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტების იმპერიისკენ გაუწევთ...

ახლაც ებერვალია და მსოფიოს, უფრო კონკრეტულად, ჩვენს მოკავშირე უკრაინას ისევ ჩრდილოეთური ჭირი უტევს. საერთოდ, თებერვალი ერთობ მძიმე თვეა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის. გასაბჭოებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს პრემიერი, ზურაბ ჟვანია, სწორედ თებერვალში აღესრულა (ამის ესახებ ვერსიის წინა ნომერში დეტალურად ვწერდით); ბიზნესმენი ბადრი პატარაციშვილიც თებერვალში გარდაიცვალა და ცხონებული ედუარდ შევარდნაძეც მეორედ სწორედ თებერვალში ააფეთქეს.

ასე რომ, ვერსია სისხლიანი თებერვლის ერთგვარ ანატომიას გთავაზობთ, თუმცა შორეულ 25 ებერვალზე შემდეგ ნომერში ვისაუბროთ. ახლა კი ბადრი პატარკაციშვილის გარდალებისა და 1998 წლის 9 თებერვალს, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის პერიპეტიები გავიხსენოთ...

 

სიკვდილის აჩრდილი ლონდონში

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან (2005 წლის 3 თებერვალი), ზუსტად სამი წლის შემდეგ, კიდევ ერთი ტრაგედია ხდება - 2008 წლის 12 თებერვალს, ლონდონში, საკუთარ სახლში, 52 წლის ასაკში, ცნობილი ბიზნესმენი, ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი იღუპება. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების საბაბ-მიზეზი გულის შეტევა გახდა, თუმცა იმთავითვე გავრცელდა მოსაზრება, რომ პატრაკაციშვილი, შესაძლოა, მოწამლეს. ამ ვერსიას, ჟვანიას ტყვიით მოკვლის ვერსიის მსგავსად, არსებობის უფლება თუნდაც იმიტომ აქვს, რომ ბიზნესმენი სააკაშვილსა და მის გარემოცვასთან დაპირისპირებული გახლდათ, თუმცა ჟვანიასგან განსხვავებით, პატარკაციშვილი მაშინდელ სახელისუფლო ელიტას კრიჭაში ღიად ჩაუდგა - 2007 წლის 7 ნოემბერამდე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა, 7 ნოემბრის შემდეგ ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში (2008 წლის იანვარი) კი კენჭი იყარა.

ჟვანიასა და პატარკაციშვილის გარდაცვალების ხელწერა ერთნაირი, ცხადია, არაა, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, რომ ისინი მეგობრები იყვნენ და, როგორც ამბობენ, სააკაშვილს პატარკაციშვილი სწორედ ჟვანიამ გააცნო.

ისე, რაკიღა სიტყვა მეგობრობაზე ჩამოვარდა, აქვე, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წყაროს თქმით, ჟვანიას ნუგზარ საჯაიასთანაც კარგი ურთერთობა ჰქონდა ანუ ერთი ვერსიით, თუკი საჯაიამ თავი კი არ მოიკლა, არამედ, მოკლეს, შესაძლოა, ეს უფრო ე.წ. „რეფორმატორების“ იმ ფრთის ინტერესში ყოფილიყო, რომელი ფრთაც ნაცმოძრაობის ავანგარდში მოექცა(!). ერთ-ერთ წინა X-ფაილში, „ვერსია“ უშიშროების საბჭოს მდივნის სუიციდსა თუ მკვლელობას უკვე შეეხო და ამიტომ, ამ თემას აღარ გაშლის.

რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას, საგულისხმოა, რომ ბიზნესმენის სიცოცხლის, ასე ვთქვათ, ხელოვნურად შეწყვეტის ვერსია ოჯახს არ გაუშლია. სამაგიეროდ, ისინი, რომლებიც ოლიგარქთან მეგობრობდნენ და მისი გარდაცვალების შემდეგ, პატარკაციშვილის ქვრივს დაუპირისპირდნენ, მინიმუმ, პირად საუბრებში უშვებენ ალბათობას, რომ ბადრი, შესაძლოა, მოკლეს. ამ მოსაზრებას ის გარემოებაც ამყარებს, რომ გარდაცვალების წინ, ლონდონში სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი მაღალჩინოსანი ჩადის, რომელიც პატარკაციშვილს, მისსავე სახლში, კონსპირაციულად ხვდება. მოგვიანებით, ამ შეხვედრის ფარული ჩანაწერი გავრცელდება, თუმცა დაზუსტებით დღესაც არავინ იცის, ეს ჩანაწერი ვინ გააკეთა - პატარკაციშვილმა თუ მისმა სტუმარმა...

ვერსიას, რომ ებრაული წარმოშობის ქართველი ბიზნესმენი, შესაძლოა, მოკლეს, კიდევ ერთი გარემოება ამაგრებს: პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლით ადრე, სახელდობრ, 2006 წელს, ასევე, ლონდონში, ალექსანდრე ლიტვინენკო იღუპება. ლიტვინენკო, რომელიც „ფსბ“-ს აგენტი გახლდათ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უპირისპირდებოდა და, როგორც ამბობენ, გარკვეული „ბმა“ ბორის ბერეზოვსკისთან ჰქონდა.

მოგეხსენებათ, პატარკაციშვილი ბერეზოვსკის მთავარ დასაყრდენად ითვლებოდა. ბერეზოვსკი-პატარკაციშილის ტანდემი ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაუპირისპირდა. ეს ის დროა, როცა პატარკაციშვილი საქართველოში დაბრუნდა და ქართულ საზოგადოებრივ თუ ბიზნესცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. მაშინდელი მოარული ხმით, პატარკაციშვილმა პუტინის რეპრესიებს თავი საქართველოში, ბერეზსოვსკიმ კი დიდ ბრიტანეთში გაქცევით დააღწია...

ცნობისთვის: ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი, ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, რომლის კარიერაში „კაგებეშნიკური შტრიხებიც“ იყო, 2013 წლის 23 მარტს, პატარკაციშვილის მსგავსად, ლონდონში გარდაიცვალა. მაშინდელ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენმა თავი მოიკლა (საჯაიას სცენარი?!). სიკვდილამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, ბერეზოვსკიმ თავის გარდაცვლილ მეგობარსა და პარტნიორს, ბადრი პატარკაციშვილს ბრალი დასდო, რომ მათი საერთო აქტივები, რომლებსაც არასწორად მართავდა, მიითვისა. ბერეზოვსკისა და პატარკაციშილის ოჯახს შორის დავა სასამართლომდეც მივიდა. არსებული ინფორმაციით, მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხების დეტალები დღემდე კონფიდენციალურია...

კიდევ ერთი მისტიკური სიმბოლურობა: რამდენიმე წლის წინ, 20 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გარდაიცვალა. ჩურკინი, რომელსაც გარდაცვალების მეორე დღეს 65 წელი შეუსრულდა, გაერო-ში ამ თანამდებობას 2006 წლიდან იკავებდა... რუსული მედიის ცნობით, ჩურკინი არ ავადმყოფობდა და მოულოდნელად გარდაიცვალა.

რა გახდა დიპლომატის სიკვდილის მიზეზი? - ამას, ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ჩურკინს, პატარკაციშვილისა არ იყოს, გულმა უმტყუნა, მაგრამ ჩვენ, რიგით მოკვდავებს, ყოველთვის გვექნება ეჭვი, რომ ჩურკინი დიდი პოლიტიკური თამაშების ანაწერა გახდა.

საერთოდ, სპეცსამსახურებისთვის (როგორც რუსული, ასევე - დასავლურისთვის) ადამიანის გაქრობაზე ადვილი არაფერია. არასასურველ „მასტებს“, ანტიკური დროიდან მოყოლებული, ასე იცილებენ. საბჭოთა პროლეტარიატის ბელადი სტალინი კი ამბობდა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემაო.

ასე რომ, პოლიტიკაში ჩართულო ქალბატონებო და ბატონებო, ისე არ გაიგოთ, რომ ყვავივით დაგჩხავით, მაგრამ თებერვალი ჯერ არ დამთავრებულა. ამიტომ, კარგი იქნება, თუკი სიფრთხილეს გამოიჩენთ, თან ხომ იცით, ქვეყანაში „ციანიდით შეიარაღებული წვეროსნები“ დადიან.

მოკლედ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა!..

 

არშემდგარი ტერაქტი

ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, ცხონებული ედუარდ შევარდნაძეც ფრთხილობდა, მაგრამ ორჯერ მაინც ააფეთქეს. 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტი უფრო, ასე ვთქვათ, შედეგიანი იყო - შევარდნაძე მსუბუქად დაშავდა, მაგრამ 9 თებერვალს, ამფეთქებლებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მიუხედავად ამისა, 1998 წლის 9 თებერვალი ტერორიზმისა და დივერსიული საქმის ისტორიაში ისეა შესული, როგორც დღე - უპრეცედენტო თავდასხმისა, რომლის მსგავსსაც, იმხანად, მსოფლიო  არ იცნობდა.  

იმდროინდელი ქართული პრესის ელექტრონულ არქივში ვკითხულობთ:

სამთავრობო ტრასაზე, რასაც ყოველდღე გადის საქართველოს პრეზიდენტი, ათეულობით ბოევიკი ჩასაფრდა საღამოს 19:00 საათიდან და მსხვერპლს 20:00 საათამდე ელოდა.

საბედნიეროდ, თავდასხმამ ფუჭად ჩაიარა. არც ერთი ჭურვი ედუარდ შევარდნაძის მერსედესს არ მოხვდა ისეთ ტრაექტორიით და იმ ნაწილში, სადაც იგი მანქანის სალონში შეღწევას შეძლებდა.

ეს რომ მომხდარიყო, პრეზიდენტი უეჭველად დაიღუპებოდა, ვინაიდან ზღაპარია, თითქოს ნაღმმტყორცნებმა მერსედესი ვერ გახვრიტეს - რპგ-7 და რპგ-9, რომლებსაც ტერორისტები იყენებდნენ, არათუ მერსედესის თხელ ტყვიაგაუმტარ საფარს, არამედ, ტანკების 30-სანტიმეტრიან ჯავშანსაც კი ხვრეტს.

ამრიგად, ედუარდ შევარდნაძე ბეწვზე გადარჩა. მისი პირადი დაცვის წევრებმა ყველაფერი იღონეს, რაც შეეძლოთ - მათ საკუთარ თავზე მიიღეს ცეცხლი და ტერორისტების ყურადღება პრეზიდენტს მოაცილეს.

ორი მათგანი (ერთი - პირადი დაცვიდან ანუ .. ლიჩნიკი, მეორე - სპეცდანიშნულების რაზმიდან), ბრძოლისას სასიკვდილოდ დაიჭრა და დაიღუპა. შეიძლება ითქვას, დაცვამ ძალიან დიდი როლი შეასრულა შევარდნაძის გადარჩენაში, მაგრამ მთლიანობაში, პრეზიდენტის უშიშროების სისტემამ ვერ იმუშავა, ვინაიდან ამ სისტემის არსი თავდასხმის მოგერიებაში კი არ მდგომარეობს, არამედ, თავიდან აცილებაში.

რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კულიკოვმა ბაქოში ქარაგმულად უთხრა ქართველ კოლეგას, რომ შევარდნაძეზე თავდასხმა მზადდებოდა - არა მხოლოდ დაცვა უნდა გაძლიერებულიყო (ეს გაკეთდა), არამედ, უნდა გადაფარულიყო ყველა წერტილი, საიდანაც შეიძლებოდა იგი განხორციელებულიყო (ყოველ შემთხვევაში, რეგულარული მოძრაობის მარშრუტებზე მაინც).

მაგალითად, დღეს, იმავე წერტილიდან ტერორისტები თავდასხმას ვეღარ შეძლებდნენ იმ უბრალო მიზეზით, რომ როგორც კი პრეზიდენტი რეზიდენციიდან - კრწანისისაკენ მოძრაობას დააპირებს, ის ადგილი საგანგებოდ მოწმდება.

საკმარისი იყო 9 თებერვალს ეს გაეკეთებინათ და თავდასხმა ვეღარ განხორციელდებოდა - კორტეჟი არ დაიძვრებოდა, ვინაიდან შესაბამის შეტყობინებას ვერ მიიღებდა ამ წერტილიდან.

არადა, მონაკვეთი 300 არაგველის ძეგლიდან კრწანისის ასახვევამდე ყველაზე მოხერხებულია თავდასხმისთვის. ნებისმიერი სპეცსამსახური, ამ შემთხვევაში, იმსჯელებდა პროვოკაციული დაშვებით.

მე რომ თავდასხმას ვაპირებდე, რომელ ადგილს შევარჩევდი? ვიმეორებ: სპეცსამსახურის უმთავრესი დანიშნულება პროფილაქტიკაა და არა უკვე განხორციელებული თავდასხმის მოგერიება - ახალგაზრდა მებრძოლთა სიცოცხლის ფასად.

ყოველივე ეს, ალბათ, მაინც ჩვენი სახელმწიფოებრივი გამოუცდელობის შედეგია. საქართველო მხოლოდ ახლა იწყებს სახელმწიფოს შენებას. ზოგი სწრაფად ახერხებს ამას, ზოგი - გვიან, თუმცა ისრაელი 1948 წელს დაარსდა, მაგრამ 1949 წელს, ამ ქვეყნის სპეცსამსახურები ასეთი ფორმის ტერაქტს არაფრის დიდებით არ დაუშვებდნენ. 1995 წელს, იცხაკ რაბინი სხვა ფორმით მოკლეს: დემოკრატიულ ქვეყანაში ძნელია თავიდან აიცილო სიტუაცია, როცა ტერორისტი შეიძლება ზურგიდან მიეპაროს ხალხის მასაში მდგარ ლიდერს და ზურგში ესროლოს. 1998 წლის ტერაქტი საქართველოსთვის ნამდვილად სამარცხვინო იყო.

არა პირადი დაცვისთვის, არამედ, მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რომელმაც ასეთი თავხედური დივერსიის თავიდან აცილება ვერ შეძლო.

დივერსია კი ნამდვილად თავხედურად განხორციელდა. მასში მონაწილეობდა 5 ჩეჩენი და 12 თუ 13 ქართველი. ძირითადად, ქობალია-ელიავას ყოფილ დაჯგუფებათა მებრძოლები. რამდენიმე თვის შემდეგ, კაკო ელიავას ბუნტიც ამ მომენტთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. დივერსანტები მზადებას გადიოდნენ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მდებარე ბაზაზე. მათ ამზადებდა ინსტრუქტორთა ინტერნაციონალი, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან.

შეიძლება პირდაპირ ითქვას: ტერორისტული აქტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ, 1998 წლის 9 თებერვალს, რუსეთისა და იჩქერიის სპეცსამსახურთა ერთობლივი ოპერაცია იყო. ზვიადისტები იარაღად გამოიყენეს, ოღონდ ბოლომდე არ ენდნენ და საკუთარი მებრძოლები გამოაყოლეს.

რუსეთის მოტივაცია, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს - კრემლს ყოველთვის სურდა და სურს საქართველოში სიტუაციის არევა, ქაოსისა და არეულობის პროვოცირება.

მაგრამ ჩეჩნეთს რაღა უნდოდა, მას თითქოს რატომ უნდა აძლევდეს ხელს საქართველოში დესტაბილიზაცია? ნუ ავჩქარდებით! რაკი ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს გროზნო-თბილისის საავტომობილო ტრასის გახსნას, იჩქერიის ლიდერებს ერთობლივი ტერაქტით სურდათ მოსკოვისთვის დაემტკიცებინათ, რომ თუ რუსეთი ცნობს იჩქერიის სუვერენიტეტს, მიუხედავად 400-წლიანი ომისა, ჩეჩნეთი მზად არის, იქცეს რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ კავკასიაში - ამერიკ და დასავლეთის ინტერესთა საწინააღმდეგოდ.

ეს ფორმულა ჩემი მოგონილი როდია - იგი ღიად ჩამოაყალიბა ასლან მასხადოვმა ერთ-ერთ გამოსვლაში. არავითარი კავკასიელობა ეს არ არის. აქედან ჩანს, რომ კავკასიური ერთობაც ილუზია ყოფილა და სხვა არაფერი, ეს ილუზია გულუბრყვილო ქართველების გასაცურებლად მოიგონეს, რათა მახეში შევეტყუებინეთ.

9 თებერვლის ტერაქტის მთავარი აღმასრულებელი (არა ორგანიზატორი, არამედ, აღმასრულებელი ორგანიზატორები გროზნოსა და მოსკოვში არიან) გოჩა ესებუა, რომელიც გაეროს წინააღმდეგ, ჯიხაშკარის პროვოკაციის დროს, ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა მოსკოველ ზვიადისტებთან - ქართულმა უშიშროებამ მოკლა; თუმცა, რასაკვირველია, სჯობდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ აქ არაპროფესიონალიზმი გამომჟღავნდა.

მთავარი ახლა ის არის, ზვიადისტების სასამართლოზე მაინც ითქვას სიმართლე და ქართული საზოგადოება თვალნათლივ დარწმუნდება მოსკოვი-გროზნოს თითქოსდა დაუჯერებელი ალიანსის არსებობაში საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დაპატიმრებულები ბევრს ვერაფერს იტყვიან, ვინაიდან ბევრი ნამდვილად არ ეცოდინებოდათ - ისინი ხომ უბრალო ტიკინები იყვნენ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მომართეს საქართველოს მტრებმა.

 

***

1998 წლის 9 თებერვლის შემდეგ, საქართველოში ათასი უბედურება მოხდა, თუმცა საბედნიეროდ, სახელმწიფოს პირველ პირებზე შეიარაღებული თავდასხმა არავის უცდია. როგორც ჩანს, გავიზარდეთ, ან სულაც, თავდასხმებმა სოცალურ ქსელებში გადაინაცვლა.

ასეა თუ ისე, ამ მხრივ, საწუწუნო არაფერი გვაქვს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ქართულ პოლიტიკაში ჩართული სუბიექტები მხოლოდ იმაზე არ იქნებიან ორიენტირებულნი, მესამე პრეზიდენტი ციხეში თავს როგორ გრძნობს, არამედ, უახლეს ისტორიას თვალსაც გადაავლებენ და წარსულს, მინიმუმ, იმისთვის მაინც გაიხსენებენ, რომ აწმყო ააშენონ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტელიტას კითხვა და ხანდახან აზროვნებაც ეზარება. არადა, მსოფლიოში ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, იგივე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენთან ყველაფერი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებითა და სოლიდარობის აქციის გამართვით შემოიფარგლება. იმაზე კი არავინ მსჯელობს, რა გველის, თუკი რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრება...