პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო - ნახეთ განახლებადი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამ წუთებში რამდენიმე ქალაქის მახლობლას აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის მასშტაბით საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

ნახეთ განახლებადი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე:
12:17 - ქალაქი სჩასტიე დავიბრუნეთ, 50-მდე მტერი ლიკვიდირებულია - უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი
უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქი სჩასტიე დაიბრუნეს. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, განადგურებულია რუსული ტენიკა, ლიკვიდირებულია 50-მდე მტერი.

11:23 - ოდესის ოლქში დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6, დაჭრილია 7 და დაკარგულია 19 ადამიანი - გერაშენკო
08.36 საათის მონაცემებით, ოდესის ოლქში ქალაქ პოდილსკში დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6, დაჭრილია 7 და დაკარგულია 19 ადამიანი. ხოლო მარიუპოლში დაღუპულია 1 და დაჭრილია - 2. ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

ევროპის საბჭოს და G7-ის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე რუსეთის წინააღმდეგ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ დღეს დილით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ის გმობს რუსეთის "გაუმართლებელ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას" და ამბობს, რომ ევროპის საბჭო და დიდი შვიდეულის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა შეთანხმდნენ “შემდგომ ნაბიჯებზე" რუსეთის წინააღმდეგ.

ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიცია შეიქმნას, დაუყოვნებლივ დაწესდეს სანქციები და უკრაინას ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწიონ.

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი აიღეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს - უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი აიღეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს. დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და ვინიცას რაიონებში იწვის სამხედრო ნაწილები და საწყობები.

სამხედრო ძალებმა დონბასში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს - უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განცხადებით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

ნატო უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას იწვევს

ნატოს ელჩები დილით საგანგებო შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს. ინფორმაციას Reuters- ავრცელებს. მანამდე კი საგანგებო განცხადება გაავრცელა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა და რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები.

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჩვენს ჯარს თქვენი მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაიანის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსეი რეზნიკოვი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას ეხმაურება და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ - ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ნაბიჯები განიხილეს. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ და მოკავშირეები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.

უკრაინის რომელ ქალაქებში დაფიქსირდა აფეთქებები ბოლო მონაცემებით | CNN

ეს არის შიშველი აგრესია დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

"არავის უნდა დაავიწყდეს ეს დღე" - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს "დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ შიშველი აგრესია" უწოდა.

ბელარუსიდან უკრაინაში ჯარები და სამხედრო მანქანები შევიდა

CNN-ი შეესწრო, პირდაპირი ეთერის დროს, როგორ შედიან სამხედრო მანქანები ბელარუსიდან უკრაინაში. მათ სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთეს.

ვგმობთ გაუმართლებელ თავდასხმას, კრემლის პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ - ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას ეხმაურება და წერს, რომ კრემლის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.

მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს - კულება

დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სანქციების დაწესებას აპირებს - CNN

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დღეს, ხუთშაბათს მოსკოვის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაიდენის ადმინისტრაციის წევრი CNN-ს უდასტურებს.

შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით, პუტინმა აირჩია სისხლისღვრის გზა - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ კრემლის ქმედებებს გადამწყვეტი პასუხი გაეცემა.

მოვუწოდებ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები - სტოლტენბერგი

მოვუწოდებ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ამის შესახებ განცხადებას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აკეთებს.

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო.

ეს კონფლიქტი ახლავე უნდა შეწყდეს - გაეროს გენერალური მდივანი რუსეთს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეში მოუწდოებს რუსეთის პრეზიდენტს დააბრუნოს ჯარები რუსეთში და შეწყვიტოს "რას შეიძლება იყოს ყველაზე საშინელი ომი საუკუნის დასაწყისში".

უკრაინის გვერდით ვდგავართ, ვიმუშავებთ პარტნიორებთან რათა ვუპასუხოთ ამ საშინელ აგრესიას - ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას ეხმაურება და წერს, რომ ისინი პარტნიორებთან ერთად პასუხს გასცემენ "ამ საშინელ აგრესიას".

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები კიევის აეროპორტის აღებას ცდილობენ - სენატორი რუბიო

სადესანტო ძალები კიევის აეროპორტის აღებას ცდილობენ, ასევე უტევენ საზღვაო ქალაქ მარიუპოლს, სახმელეთო ძალები კი ბელარუსის მიმართულებიდან მოდიან.

უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს, მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწებას ეხმაურება და წერს, რომ უკრაინა თავს დაიცავს. მისი თქმით, მსოფლიომ რუსეთი უნდა შეაჩეროს.

პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი... მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს - ბაიდენი

რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეხმაურება. მისი თქმით, აშშ და პარტნიორები ერთიანი და გადამწყვეტი ნაბიჯებით უპასუხებენ რუსეთს. ბაიდენი ამბობს, რომ G7-ს წერვებს შეხვდება და შემდეგ გამოაცხადებს იმ ზომებს, რასაც ამერიკა დააწესებს.

კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმები ისმის

ამ წუთებში აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის ქალაქებში. CNN-ის გუნდი ამბობს, რომ ბომბების ხმა გაიგეს კიევის აეროპორტის მახლობლად. მედიაში ვრცელდება ვიდეოები, რომლის მიხედვითაც აფეთქებებია ბორისპილის რაიონში, დედაქალაქის აღმოსავლეთით, სადაც აეროპორტი მდებარეობს.

07:00 - პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ მის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული ოკუპირენული ტერიტორიები დახმარებას ითხივენ.