ბოლო ვახშამი ბაფეტთან აუქციონზე გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთმა იღბლიანმა და, როგორც ჩანს, ძალიან მდიდარმა ადამიანმა 19 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა უორენ ბაფეტთან 21-ე და უკანასკნელ ვახშამში. ვაჭრობა eBay-ს აუქციონზე გაიმართა და შედეგმა წინა რეკორდს - 4.57 მილიონს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. 2019 წელს, ცნობილ ბიზნესმენთან და ფილანტროპთან ვახშამში, ეს თანხა გაიღო კრიპტოვალუტით მოვაჭრემ, ჯასტინ სანმა. აუქციონიდან მიღებული შემოსავალი სან-ფრანცისკოს არაკომერციული ორგანიზაციის ფონდში გადაირიცხა, რომელიც ღატაკებს, უსახლკაროებსა და იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჭარბ მოხმარებას ებრძვიან. ფონდი Glide მათ სთავაზობს კვებას, თავშესაფარს, ტესტებს აივ-სა და ცე-ჰეპატიტზე, პროფესიულ სწავლებასა და საბავშვო პროგრამებს.

91 წლის ბაფეტმა, რომელიც კომპანია Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია, 2002 წელს, ფონდში, ასევე აუქციონის წყალობით, 53.2 მილიონი დოლარი შეიტანა. eBay-ს წარმომადგენლების თქმით, ბაფეტთან ვახშამი ყველაზე ძვირადღირებული ლოტი იყო, რაც კი ქველმოქმედების მიზნით წარმოუდგენიათ კომპანიის საიტზე. დღევანდელი მონაცემებით, უორენ ბაფეტი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში, ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის, ბერნარ არნოსა და ბილ გეითსის შემდეგ, მეხუთე ადგილზეა.