საბჭოთა ანაბრები სახელმწიფოს შიდა ვალი აღარაა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წლიდან, საბჭოთა ანაბრები სახელმწიფოს შიდა ვალად აღარ ჩაითვლება. ეს იმიტომ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტის მიხედვით, საბჭოთა ანაბრები პირობითი ვალდებულების მუხლში გადავიდა. ამ ცვლილებების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოს საგარეო ვალი ეკონომიკასთან მიმართებაში 60%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ისედაც ჭარბ ვალს, მიმდინარე წელს, კიდევ 6 მილიარდი ლარის სესხიც დაემატა, რომელიც მთავრობამ პანდემიის გამო აიღო. მოკლედ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას აღმოჩნდა, რომ საგარეო ვალი ეკონომიკასთან მიმართებაში, 60%-ზე მეტი ანუ 60.1% იყო. ხელისუფლებამ გამოსავალი მოძებნა _ შიდა ვალის მუხლიდან საბჭოთა ანაბრების მომსახურება ამოიღო და ამგვარი კორექტირების შედეგად, საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში, 59.1%-ით განსაზღვრა.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საბჭოთა ანაბრები მე-20 საუკუნის შავ-ბნელ 90-იან წლებში უგზო-უკვლოდ შთაინთქა. უფრო ზუსტად, გაქსუებული საბჭოთა ჩინოვნიკების ჯიბეებში ჩაილექა, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს გარიჟრაჟზე, ახლადგამომცხვარ ბიზნესმენებად მოგვევლინნენ. სინამდვილეში, ისინი გასული საუკუნის 80-იანების ტიპური, საბჭოთა საქმოსნები იყვნენ, რომლებსაც კომუნისტებიც კი ეჭვის თვალით უცქერდნენ...

ეს არაა ლირიული შესავალი, პირიქით, სამწუხარო რეალობის ამსახველი, ისტორიული პასაჟია, რა დროსაც, ჩვენი მშობლებისა თუ ბებია-ბაბუების შრომის შედეგად დაგროვილი დანაზოგები უსინდისოდ მოიპარეს. უფრო ზუსტად, საბჭოთა ანაბრები თაღლითური გზით მიითვისეს, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილისთვის გაიმეტეს.

1998 წლის 5 მარტს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“, რომელიც საბჭოთა ანაბრების ანაზღაურების ერთადერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, არჩილ კაიკაციშვილმა „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ ამ კანონმა აღიარა საბჭოთა ანაბრები საქართველოს საშინაო ვალად და მისი გასტუმრების ვალდებულებაც მანვე დასახა.

„ამავე კანონის მიხედვით, საბჭოთა ანაბრების გასტუმრების უფლებამოსილ ორგანოდ ფინანსთა სამინისტრო განისაზღვრა, რომელსაც სახელმწიფო ვალის გასტუმრების პოლიტიკა უნდა შეექმნა. ეს ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს უნდა განესაზღვრა საბჭოთა მეანაბრეების რაოდენობა, ანაბრების ინდექსაცია, რიგითობა, თუმცა დღემდე ეს ვალდებულება არ შესრულებულა. 2013 წელს, ჩვენმა ასოციაციამ საბჭოთა ანაბრებთან დაკავშირებით ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა და არსებული რეალობა შეისწავლა. გაირკვა, რომ მხოლოდ 4-5 სხდომა გაიმართა, მაგრამ არავითარი გადაწყვეტილება არ მიღებულა. სამწუხაროდ, ეს სხდომები მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა“, _ განუცხადა „ვერსიას“ არჩილ კაიკაციშვილმა.

მისი თქმით, წლების მანძილზე, საბჭოთა ანაბრები პოლიტიკური კეკლუცობის საშუალებას წარმოადგენდა, ოღონდ არჩევნებიდან _ არჩევნებამდე. უფრო ზუსტად, სხვადასხვა პოლიტიკოსებს საბჭოთა ანაბრები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდებოდათ და ამომრჩეველთა ხმების სანაცვლოდ, მათი გასტუმრების პირობასაც დებდნენ, თუმცა არჩევნების დასრულებისთანავე, დაპირება ავიწყდებოდათ.

არჩილ კაიკაციშვილმა „ვერსიასთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ საბჭოთა ანაბრების დაბრუნების მოთხოვნით, საქართველოს არაერთმა მოქალაქემ მიმართა სასამართლოს, თუმცა უშედეგოდ, რადგან არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილებულა.

„საქართველოს სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო _ დიახ, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ საბჭოთა ანაბრები, მაგრამ ბუნდოვანია ამ გადაწყვეტილების აღსრულება. ამის შემდეგ, საქმე ევროპის სასამართლოშიც გაიგზავნა, თუმცა იმის გამო, რომ ევროსასამართლო საბჭოთა ანაბრების დაბრუნების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, დაადგინა _ ქვეყანას არ გააჩნია სამართლებრივი ბაზა ამ საკითხის მოსაწესრიგებლად“.

 

***

2021 წლის ბიუჯეტში, საქართველოს სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 60%-ს გადააჭარბა. თუმცა საქართველოს ფინანასთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით,  სამ წელში, მთავრობა ვალის დონეს _ 60%-ზე დაბლა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტისას _ 3%-ზე დააბრუნებს. მეტიც, მინისტრის თქმით, სახელმწიფო ვალის 60%-იანი ზღვარი ნამდვილად არაა პრობლემა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მომსახურების შესაძლებლობა არსებობს.

ასეა თუ ისე, 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად აღარ ითვლება. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის ახირება არ ყოფილა. ირკვევა, რომ ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეკომენდაციის შედეგად მიიღეს. კერძოდ, სახელმწიფო ვალის წარმოების მეთოდოლოგიიდან, სსფ-ს რეკომენდაციით, ისტორიული ვალი, იგივე, საბჭოთა ანაბრების მომსახურება ამოიღეს. შედეგად, კორექტირებული ვალის ნიშნული, 2021 წლის ბიუჯეტში მშპ-ის 59.1%-ით განსაზღვრეს. საბოლოოდ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს ვალი 33 მილიარდ 700 მილიონი ლარია.

არჩილ კაიკაციშვილმა „ვერსიას“ განუცხადა, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც „ქვეყანას არ გააჩნია სამართლებრივი ბაზა საბჭოთა ანაბრების დაბრუნების საკითხის მოსაწესრიგებლად“, სსფ-მ ამგვარი რეკომენდაცია გასცა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი ჯიუტია: თითქმის 30 წელია, საბჭოთა ანაბრები დაკარგულია, ქვეყანას ეს პროცესი სამართლებრივად არ შეუფასებია, არც ანაბრების აღრიცხვიანობის საკითხი მოუწესრიგებია და რაც მთავარია, საქართველოს მთავრობას შიდა ვალში აღიარებული საჭოთა ანაბრების დარუნების გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

მაია მიშელაძე