გიგა წულეისკირი: მევახშეები თაღლითობით ცდილობენ ადამიანების კერძო საკუთრების დაპატრონებას

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მევახშეობის თემა პერიოდულად აქტუალური ხდება ქართულ საზოგადოებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება კონკრეტული ფაქტი ადამიანების საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შესახებ. თუმცა პრობლემა რეალურ უფრო სერიოზულია და საზოგადოება და სპეციალისტები მასზე - მისი გადაწყვეტის გზებზე კონცეპტუალურად არ მსჯელობენ. საზოგადოებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა არა თუ თავად მოვლენის მიმართ, არამედ ადამიანები ვერ გაერკვნენ კონკრეტულ მოცემულობაში თუ ვინ არის მევახშე. ვგულისხმობ მევახშეს უწოდებენ ყველას - ბანკიდან და მასში დასაქმებული პირიდან დაწყებული, კონკრეტულად ფიზიკური პირით დასრულებული, რომელიც ფულის გასესხების საქმიანობით არის დაკავებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ჰოტნიუსი“ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს გიგა წულეისკირს ესაუბრა.


- მოდით დავიწყეთ ზოგადო კითხვით - მევახშეობა რა მოვლენაა და რა გავლენას ახდენს ის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრებაზე?

მევახშეობა ოდითგანვე არსებობს და ეს ნიშნავს ორ ადამიანს შორის სასესხო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. დღევანდელ ყოფაში სამწუხაროდ ხალხს თანხის საჭიროება დიდი აქვს, გამომდინარე იქიდან რომ ეკონომიკა ქვეყანაში არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია და მოქალაქეები იძულებულები არიან საქმე დაიჭირონ კერძო მევახშეებთან, ანუ მათთან შევიდნენ სასესხო ურთიერთობაში.

- რა სახის სესხებს იღებენ კერძო პირებისგან?

სესხის ორი ძირითადი მიზანი არსებობს: ვალი განვითარებისთვის - ინვესტიცია, ბიზნესი, ბანკის სესხის გადაფარვა და ვალი გადარჩენისთვის - პრობლემების მოგვარება, ჯანმრთელობა და ა.შ. რადგან გართულებულია სესხის აღების პროცედურები ვგულისხმობ 2019 წლის ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციებს, რა დროსაც მოთხოვნილია კონკრეტული კრიტერიუმები თუ ვისზე უნდა გაიცეს სესხი და აკმაყოფილებს თუ არა ის ეროვნული ბანკის კრიტერიუმებს - მოქალაქეები მიმართავენ სხვადასხვა გზებს რაც მათ აიძულებთ ურთიერთობა დაიჭიროს ე.წ კერძო მევახშეებთან - თანხის გამსესხებლებთან.

- ამ რეგულაციებით რეალურად არა მხოლოდ ბანკია დაცული, არამედ მსესხებელიც ესეც უნდა ვაღიაროთ...

გასაგებია, თუმცა, რადგან ეროვნული ბანკს სესხის გაცემის პროცედურები გამკაცრებული აქვს, მოქალაქეები იძულებულები ხდებიან ნაცვლად სასესხო ხელშეკრულებისა მევახშეებთან შევიდნენ თვალთმაქცურ გარიგებაში.

- ანუ?

ადამიანები ამ რეგულაციებით იძულებულები ხდებიან კერძო მევახშეებს საკუთარი უძრავი ქონება ნოტარიუსის დახმარებით წინასწარ გადაუფორმონ, იმ პირობით რომ თანხის დაბრუნების შემდეგ ქონება მსესხებელმა უკან გადმოიფორმოს. თუმცა აქ კიდევ ერთ და მთავარ პრობლემას ვაწყდებით.

- რას გულისხმობთ?

თანხის დაბრუნების დროს მევახშეები უარს ამბობენ ქონების დაბრუნებაზე და უარყოფენ რომ მსესხებელთან ოდესღაც სასესხო ურთიერთობა ჰქონდათ. თითქოს მათ ხელშეკრულების გაფორმების დროს არა სასესხო ურთიერთობა, არამედ უბრალოდ ბინა იყიდეს. მევახშე არის ადამიანი, რომელიც კაბალური და თაღლითური გზებით ასესხებს თანხას ფიზიკურ პირზე.

- მოდით აქვე ერთი დათქმაც - თუ ადამიანი ბანკიდან სესხულობს ფულს და იგი გარანტირებულად ფულის სანაცვლოდ დებს საცხოვრებელ ბინას, ან იპოთეკურ სესხის იღებს ბინის უზრუნველყოფით და რაღაც ეტაპზე თუ ვერ იხდის თანხას, ბანკმა რა უნდა გააკეთოს? არც თანხა მოითხოვოს და არც უზრუნველყოფა?

სიტყვა უზრუნველყოფის საგანი სწორედ იმას ნიშნავს რომ თანხის ვერ გადახდის შემთხვევაში ეს კონკრეტული ნივთი - უძრავი ქონება უნდა გაიყიდოს საჯარო აუქციონის წესით და მოხდეს კრედიტორის დაკმაყოფილება ზუსტად იმ თანხით რაც მან გაასესხა პროცენტებთან ერთად, ანუ აუქციონიდან შემოსული თანხა უნდა გადანაწილდეს გამსესხებელს და მსესხებელზე.

- როგორია ანალოგიური ქმედებები უცხოურ პრაქტიკაში?

უცხოურ პრაქტიკაში ასეა - უზრუნველყოფის საგანი არის ნივთი, ალტერნატივა თანხის გასტუმრების და არც უცხოური და არც ქართული კანონმდებლობით უზრუნველყოფის მითვისების უფლება არავის არ აქვს.

- ზემოთაც აღვნიშნე საშინელი საყურებელია, ადამიანების გამოსახლების პროცესი. საინტერესოა როგორია სტატისტიკა წლების მიხედვით. ეს პროცესი იზრდება თუ მიდის კლებისკენ და რა არის ამის მიზეზი?

„იპოთეკითა და მევახშეებით დაზარალებულთა ასოციაციას“, რომლის დამფუძნებელია ჰოლდინგი „სფერო“, ამ ეტაპზე 470 მიმდინარე ქეისი აქვს. ბოლო წლებში ეს სტატისტიკა იზრდება და იზრდება. მიზეზი არის ფონი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, დაუსჯელობის სინდრომი. უფრო და უფრო მეტი მევახშე ბედავს უზრუნველყოფის საგნის მითვისებას.

- და რატომ?

ამ დრომდე ერთი პრეცედენტიც კი არ გვაქვს, რომ თაღლითობისთვის მევახშე დაისაჯა. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი იურისტები ამ წუთებშიც ყველაფერს აკეთებენ მათ პასუხისგებაში მისაცემად. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე ცნობილ მევახშეზე პროკურატურას გამოძიება უკვე დავაწყებინეთ.

- საცხოვრებელი ბინებიდან ადამიანების გამოსახლებაში როგორია ხვედრითი წილი - ბანკებს, ბანკებისაგან სესხის შემძენი კომპანიებსა და კერძო მევახშეებს შორის?

ხვედრითი წილი ალბათ მევახშეებზეა, ადამიანებზე რომლებიც თაღლითური, შავი ხვრელებით ცდილობენ ადამიანების კერძო საკუთრების დაპატრონებას.

- როგორც ცნობილია ბანკებს არ აქვთ ადამიანების გამოსახლების უფლება თუ ეს მათი ბოლო საცხოვრებელია. რამდენად არის დაცული ეს სტანდარტი და ხომ არ ხდება მისი გვერდის ავლა, რაიმე მეთოდით?

მოდით დავიწყოთ იმით, რომ უწყება, რომელიც ასახლებს არის აღსრულების ეროვნული ბიურო და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს მათ ბანკი მიმართავს თუ მევახშე. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს უკვე დასაკუთრებული აქვთ მოქალაქეების კერძო ქონებები და ნებისმიერ დროს მათ შეუძლიათ მიმართონ აღსრულებას, თუმცა ვინაიდან და რადგანაც მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც ბანკებსა თუ მიკროსაფინანსოებში კერძო საკუთრება აქვთ ჩადებული დიდია, ამ ეტაპზე ბანკები ამას ვერ ბედავენ თუმცა ბედავენ კერძო მევახშეები.

- მევახშეობა ქვეყანაში ფაქტობრივად ლეგალური საქმიანობაა. თუ ბანკი ფულს არ გაძლევს მიმართავ კერძი პირს და აი, აქ იწყება პროცედურა, რომელიც შემდგომ საკმაოდ ულმობელია თუ თანხის დაბრუნებას დადგენილ ვადებში ვერ ახერხებ. რომ ახსნათ ეს პროცესი და საფრთხეები.

მიუხედავად ამ ყველაფრისა უზრუნველყოფის სახით მითვისება არის სისხლის სამართლის დანაშაული - 180-ე თაღლითობის მუხლი და 182-ე სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მუხლი.

- მაგრამ, ეკონომისტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მევახშეობა - ფულით სპეკულაცია, საკმაოდ კარგი საქმიანობაა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს აძლევს ადამიანებს კონკრეტული კრიზისის გადაგორების საშუალებას. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

მგლის ხახაში თავის ჩაყოფა - მეტს ვერაფერს დავამატებ. სიტყვა სიტყვით ამას ნიშნავს ზუსტად.

- „იპოთეკითა და მევახშეობით დაზარალებულთა ასოციაცია“ რაში ხედავს პრობლემის მოგვარების გზებს. რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად რომ ჩვენ კვლავ და კვლავ არ ვხედავდეთ ადამიანების სახლიდან გამოსახლების პროცესს და ამავდროულად, როგორც გამსესხებელი ასევე მსესხებელი იყვნენ დაცულნი?

პრობლემის მოგვარების გზებს ასოციაცია ასე ხედავს - ამ პრობლემის არა მიჩქმალვა, არამედ ხმამაღლა საუბარი, გაშუქება ანუ აფიშირება და კანონის აღსრულება, დამნაშავეების დასჯა. კანონ აღმასრულებელი უწყებების მაქსიმალური ჩართულობა აღნიშნულ თაღლითურ საქმეებზე და დანაშაულებრივ სქემებზე მყისიერი რეაგირება. ასევე საქმის ობიექტური გამოძიება. ჩვენ ჩვენის მხრივ „იპოთეკითა და მევახშეებით დაზარალებულთა ასოციაციამ“ დავაფუძნეთ დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატა, რომელიც უკვე დამოუკიდებლად აწარმოებს გამოძიებას ე.წ თაღლითი მევახშეების წინააღმდეგ. ჩვენ დამოუკიდებლად ვაგროვებთ მტკიცებულებებს, რომელთაც ვაწვდით ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურას - საგამოძიებო უწყებებს, რითაც მათ ვეხმარებით დანაშაულების დროულად გამოძიებაში. ანუ ჩვენი მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა დაზარალებული მოქალაქეების საქმეები დროულად გამოიძიოს, იქამდე, ვიდრე მათი გამოსახლება მოხდება. ასევე უსასყიდლოდ ვემსახურებით ადამიანებს რომლებიც კერძო მევახშეებისგან დაზარალებულები არიან.

- მადლობა საუბრისთვის, რადგან თემა მართლაც მნიშვნელოვანია, ჩვენ კვლავ დავბრუნდებით ამ საკითხს და მზად ვართ ინტენსიურად ვითანამშრომლოთ ასოციაციასთან.

 

ესაუბრა, რუსა ხავთასი