ოთარ ანგურიძე - მოსალოდნელია ფასების კლების ტენდენცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„რაც უფრო მეტად გაჭიანურდება საომარი მოქმედებები, მით უფრო ღრმა კრიზისში შევა ევროპა არა მარტო სამხედრო ან პოლიტიკური, არამედ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც“

 

„მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ინფლაცია და გაზრდილი ფასები. ჩვენ, ყველა, დაინტერესებულნი ვართ, რომ რაც შეიძლება, შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და ის წნეხი, რომელიც ამ კრიზისებიდან გამომდინარეობს.

ზოგადად, ინფლაციას როცა ვახსენებთ, მინდა მოქალაქეებს გავახსენო, რომ კოვიდპანდემიით გამოწეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში, არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, აშშ-ში, 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გერმანიაში ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა. ჩვენს ქვეყანაში, როგორც მთელ მსოფლიოში, გამოწვევაა ინფლაცია და ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. გამორიცხულია, რომ გამონაკლისი იყოს, რადგან პატარა ქვეყანა ვართ - პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც აშშ-სა და ევროპაში ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია - ომი უკრაინაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ასეთი მასშტაბის ომი არ ყოფილა. ბუნებრივია, ამას გავლენა ექნება ყველასა და ყველაფერზე, მათ შორის, ფასებსა და ეკონომიკაზე. ამიტომ, ამას კარგად გააზრება და ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგად ახსნა სჭირდება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ, როდესაც ინფლაციასა პროდუქტების გაძვირებაზე საუბრობენ.

პრემიერის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში გაზი გაცილებით იაფია, ცხადია, ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის შემდეგ. „ვერსიას“ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესზე თსუ-ს ანალიზისა და ეკონომიკური პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე ესაუბრება:

 

- ბატონო ოთარ, ორწლიანი პანდემიის კულმინაცია იყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რასაც ნავთობის გაძვირება მოჰყვა, საბოლოოდ კი, ყველაფერი ეს, პროდუქტების ფასებზეც აისახა, ხომ ასეა?   

- ინფლაცია ორი თვის წინ არ დაწყებულა, ორი წლის წინ ანუ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკამ პირველი, ძლიერი დარტყმა მიიღო. თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ხალხმა დაიწყო პროდუქტების მომარაგება, მოთხოვნამ კი საწყის ეტაპზე, გაზარდა ფასები. შემდეგ ისე განვითარდა პროცესები, რომ ეს ხელოვნური ინფლაცია ბუნებრივ ინფლაციად ჩამოყალიბდა. ჩვენთანაც იგივე პროცესები განვითარდა, რადგან საქართველოს მოსახლეობაც ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამას ისიც დაემატა, რომ ჩვენ არ ვართ მწარმოებელი ქვეყანა, ძირითადად, სხვა ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, მსოფლიოში განვითარებული ეკონომიკური პროცესები საქართველოზეც ავტომატურად აისახა.

დღეს უკვე, ინფლაციის პიკზე ვართ და ამ ვითარებაში, ორი ვარიანტია - ფასები ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს ან ერთ დონეზე უნდა შენარჩუნდეს და ამით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ახალი წონასწორობები უნდა ჩამოყალიბდეს. თუმცა, თუ საქართველოში, ფასები ზედა ზღვარზეა, იგივეს ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე, რადგან იქ კვლავ ძვირდება პროდუქტები. ეს იმიტომ, რომ ევროპა ღიადაა ჩართული რუსეთთან დაპირისპირებაში, ამან კი გარკვეული სახის რისკები შექმნა - ევროპა დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, მათ შორის, ნავთობზე, ელექტროენერგიასა და გაზზე. რაც უფრო გაიწელება საომარი მოქმედებები უკრაინაში, მით უფრო დაზიანდება ევროპის ეკონომია. როგორც ჩანს, ამისთვის არცერთი ქვეყანა არ ყოფილა მზად...

- დიახ, ბოლო მომენტამდე არ ელოდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

- შესაბამისად, არც მზაობა ყოფილა და პირველი კვირის დაბნეულობამ გვანახა, რომ ფინანსურ სანქციებზე საუბარი მხოლოდ ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყეს. პრაქტიკულად, არც ევროპა აღმოჩნდა ასეთი მასშტაბური ომისთვის მზად და ამიტომ, იქაც დიდია უკმაყოფილება ფასების ზრდის გამო. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ევროპაში რუსული ენერგორესურსების მიწოდება შეწყდება, გაცილებით მაღალი ინფლაცია დაფიქსირდება, რადგან ასე მარტივად და სწრაფად ვერ მოძებნიან ნავთობისა და გაზის ალტერნატიულ მომწოდებლებს. ამას გარკვეული სახის ინფრასტრუქტურა სჭირდება, სხვა ქვეყნები, საიდანაც შესაძლებელია იმპორტის განხორციელება, დაშორებულია ევროპისგან და ტრანსპორტირების შემთხვევაში, ნავთობზე, გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასების კიდევ უფრო ზრდა გარდაუვალი იქნება. ჩვენ ეს პრობლემა ნაკლებად გვაქვს, რადგან აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული, რომელიც ჩვენი უახლოესი მეზობელია, საერთო საზღვარი გვაქვს და არც გაზის ტრანსპორტირების ნაწილში გვაქვს პრობლემა.

- აზერბაიჯანის გარდა, ყაზახეთიც ხომ შეიძლება გაზის ერთ-ერთ მომწოდებლად განვიხილოთ, ხოლო ელექტრონერგიას რაც შეეხება, გაზაფხულზე მდინარეები ადიდდება და შესყიდვა აღარ დაგვჭირდება.

- დიახ, ყაზახური გაზი ალტერნატივაა, მაგრამ ერთი პრობლემაა - შორსაა, რის გამოც, ძვირი დაგვიჯდება. მეორე მხრივ, თუ ყაზახეთი გაზის ტარიფს დაწევს, ამით დაბალანსდება საზღვრების სიშორე და ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ყაზახეთიც ალტერნატიულ ვარიანტად განვიხილოთ. რაც შეეხება ელექტროენერგიას, გაზაფხულზე პიკური გამომუშავების პერიოდია, მაგრამ გაზაფხულსა და ზაფხულს, შემოდგომა და ზამთარი მოსდევს, როდესაც დეფიციტური პერიოდი გვაქვს. ამ შემთხვევაში, გვიწევს იმპორტის განხორციელება, მაგრამ ამ ნაწილშიც, რუსეთზე დამოკიდებულები არ ვართ, იმპორტს სხვა მეზობელი სახელმწიფოებისგან - სომხეთიდან და თურქეთიდან ვახორციელებთ. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთზე ღრმა ენერგეტიკული დამოკიდებულება არ გვაქვს, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ამ მხრივ, ჩვენთან რისკებიც ნაკლებია.

- თქვენი პროგნოზით, როდის დასტაბილურდება ინფლაციური ფონი საქართველოში და როდის ელით ფასების კლების ტენდენციას?

- პირველ რიგში, ამისთვის საჭიროა, რომ ნეგატიური ფაქტორები შემცირდეს. ევროპის ლიდერები ღიად ალაპარაკდნენ, რომ აუცილებელია, ომი დასრულდეს - რისკები, რაც მომდინარეობს ომისგან, მოკლევადიანი არ იქნება. რაც უფრო მეტად გაჭიანურდება საომარი მოქმედებები, მით უფრო ღრმა კრიზისში შევა ევროპა არა მარტო სამხედრო ან პოლიტიკური, არამედ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. რაც შეეხება საქართველოს, იმდენად მცირე და პატარა ქვეყანა ვართ, რომ მართალია, გლობალური რყევები ჩვენზეც მოქმედებს, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც საფრანგეთის, გერმანიის ან ბრიტანეთის შემთხვევაში. ეს იმიტომ, რომ არც ჩვენი ეკონომიკაა დიდი და არც - სახელმწიფო, შესაბამისად, ჩვენს ეკონომიკაზე ზეწოლა და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკური რყევები გაცილებით სუსტია.