კარგად დაგეგმილი რუსული პროვოკაცია - ქართული რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტი რუსეთის ბაზარზე?!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: „იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ჯოჯოხეთური ომია უკრაინაში და როდესაც ჩვენ თვითონვე ვართ ოკუპირებული ქვეყანა რუსეთის მიერ, რძე, რძის პროდუქტები და ყველი კი არა, ზედმეტი შავი ქვა რომ მქონდეს, რომელიც არაფერში მჭირდება, რუსეთის ბაზარზე იმასაც კი არ გავიტან!“

„როსსელხოზნადზორმა“ საქართველოში მორიგი პროვოკაცია დაგეგმა. რამდენიმე დღის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომლითაც რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურმა რუსეთში რძის ნაწარმის შეტანის უფლება 15 ქართულ კომპანიას მისცა. მართალია, „დღეშიც აშკარად გამოვლინდა „მტერ-მოყვარე“. მოკლედ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინელებისთვის „ზურგში დანის ჩარტყმად“ შეაფასა ინფორმაცია, რომლითაც რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთმა ქართულ რძესა და რძის პროდუქტებზე შეზღუდვა მოხსნა. სინამდვილეში, ქართულ ღვინოსა და რძის პროდუქტებზე სანქციების მოსახსნელად, „როსსელხოზნადზორთან“ მოლაპარაკებები 2020 წლიდან დაიწყო.

რუსეთის მთავარ ვეტერინარს რატომღაც ახლა, უკრაინაში დატრიალებული ჯოჯოხეთის კვალდაკვალ „გაახსენდა“ ორი წლის წინ დაწყებული ამბავი და სანქციები მოხსნა, თანაც არც მეტი, არც ნაკლები - 15 კომპანიისთვის, რასაც ქვეყნის შიგნით დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი მოჰყვა. ვისაც არ დაეზარა, არავინ დაიშურა სალანძღავი სიტყვები რძის კომპანიების მიმართ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა: ჯერ ერთი, საქართველო იმ რაოდენობის რძეს და რძის პროდუქტებს ნამდვილად არ აწარმოებს, რომ საკუთარი, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს და თუ მაინცდამაინც ექსპორტის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, ევროპისა და აღმოსავლეთის ბაზრებს აირჩევენ და მეორე - საქართველოში მოქმედი რძის პროდუქტების არცერთი კომპანია არ აპირებს რუსეთის ბაზარზე შესვლას! 

 

„ვერსია“ დეტალურად, ფაქტებზე დაყრდნობით გიამბობთ, როდის და როგორ დაიგეგმა მორიგი, რუსული პროვოკაცია: 6 მარტს, რუსეთის სახელმწიფო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც „როსსელხოზნადზორის“ განმარტებით, 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება ქართულ ღვინოზე, რძესა და რძის პროდუქტებზე სანქციების მოხსნის შესახებ. მოლაპარაკება უწყების ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ (სეს) ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურიშვილს შორის გაიმართა...

6 მარტსვე, მოგვიანებით, ამ ინფორმაციას „სეს“-ი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებას 2020 წლიდან აწარმოებენ:

„ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის უზრუნველსაყოფად, მრავალი წელია, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე, ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.

„სურსათის ეროვნული სააგენტო“  მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებშიც შესაძლებელი გახდეს.

ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ განხორციელებული  ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე, 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს, ევროპაში, უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული“, - ვკითხულობთ „სეს“-ის განცხადებაში.

სეს-ის ამ განცხადებას რძის გადამამუშავებელი უმსხვილესი ქართული კომპანია „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ განმარტებაც მოჰყვა. კომპანია აცხადებს, რომ პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტს არ გეგმავს:

„ვეხმაურებით აქტუალურ თემას, რომელიც ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხება. „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს არ გეგმავს! „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“ რძის უმსხვილესი გადამამუშავებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია. ამ ეტაპზე, კომპანია აქტიურადაა ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში. პარალელურად, ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას ვგეგმავთ და იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში, აქტიურად ვემზადებით, ბაზარი საქართველოში წარმოებული პროდუქტით ჩავანაცვლოთ“.

„სანტე ჯი ემ თი პროდუქტებს“ მხარი საქართველოში მოქმედმა სხვა კომპანიებმაც აუბეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სანქციების მოხსნის მიუხედავად, არცერთი ქართული კომპანია არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე შესვლას. მეტიც, იმავე დღეს, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარმა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ საკმაოდ ემოციური ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:  

„მე, ანა  მიქაძე-ჩიკვაიძე, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი და რიგი რეგალიების მქონე, ახლა და ამ წუთას ვაცხადებ, რომ საქართველოს არა აქვს და ახლო მომავალშიც არ ექნება რძის იმდენი პროდუქტი, გაიტანოს არამცთუ რუსეთში, ნებისმიერ კეთილგანწყობილ ქვეყანაშიც კი, რადგან ვერ ვაკმაყოფილებთ საკუთარ, შიდა ბაზრის მოთხოვნებსაც! სხვა დეტალებს, ისევ ჩვენი - ყველის მწარმოებლები რომ არ დავაზიანო, ჯერ არ ვიტყვი!

ვაცხადებ ღიად და დაუფარავად, თუ ერთი გრამი რძის პროდუქტი გავა რუსეთის ბაზარზე, მით უფრო, ამ საზიზღარი ომის  ფონზე, იმ სიკვდილის ქრონიკის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გათვალისწინებით, მე დავტოვებ ამ  ქვეყანას, არ ვიმუშავებ არასდროს ქართულ ყველზე და მის პოპულარიზაციაზე, შევწყვეტ ყველა კვლევას და მოვითხოვ თავშესაფარს ნებისმიერ კეთილგანწყობილ ქვეყნაში, რომელსც სძულს რუსეთი, რუსული პოლიტიკა და პუტინი!!!

მე, საქართველოს მოქალაქე - ყველის დედა, დედოფალი, არ ვიცი, რაც დამარქვით და რას მეძახით, ვთვლი, რომ ეს პროვოკაციაა დღეს და რუსული რბილი ძალის პოლიტიკა! როგორც არ უნდა ადრე დადებულყო შეთანხმება, ახლა ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს!

დავწერ  პეტიციას და მოვითხოვ მეყველე, მერძევე, მეწარმე ფერმერებისგან ხელმოწერას. ბოდიში, შიმშილით სიკვიდილი მირჩევნია, რუსული ბაზრის მომარაგებას!

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

არ ვიცინით ყველის ვაჭარივით და არც არასდროს გავიცინებთ! არ გავცვლით ჩვენს სამშობლოს ყველის ნაჭრებზე!

რუსკი კარაბლ, იდი...!“

ამის შემდეგ, „ვერსია“ ქართული ყველის ისტორიის მკვლევარს, ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ვიდეო-მიმართვის სოციალურ ქსელში გავრცელებისთანავე, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელი, ზურაბ ჩეკურიშვილი დაუკავშირდა ყველაფერი დეტალურად აუხსნა:

„საკმაოდ ემოციური ვიდეო-აღიარება გამომივიდა, რადგან თვითონაც ემოციური ადამიანი ვარ და ჩემს სენტიმენტებს არ ვმალავ, მით უმეტეს, როდესაც თემა ძალიან ზემგრძნობიარეა. ჩემთვის ესაა ეროვნული კულტურის, იდენტობის ნაწილი, არ შეიძლება, რომ ღვინო, ყველი და რძის პროდუქტები ქართველმა ადამიანმა რამეში გაცვალოს! ამ საკითხს არ ვუყურებ, როგორც ბიზნესმენი, რადგან ბიზნესმენი კი არა, მკვლევარი ვარ. იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ჯოჯოხეთური ომია უკრაინაში და როდესაც ჩვენ თვითონვე ვართ ოკუპირებული ქვეყანა რუსეთის მიერ, რძე, რძის პროდუქტები და ყველი კი არა, ზედმეტი შავი ქვა რომ მქონდეს, რომელიც არაფერში მჭირდება, რუსეთის ბაზარზე იმასაც კი არ გავიტან!

თუმცა, ჩემი ვიდეო-მიმართვის პასუხად, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, პირადად, ბატონმა ზურაბ ჩეკურიშვილმა დამირეკა და დეტალურად ამიხსნა ყველაფერი. თუ დააკვირდით, ჩემი მიმართვის ბოლოს ხაზგასმით ვამბობ, რომ ზურაბ ჩეკურიშვილი პატრიოტი ადამიანია. მოკლედ, ბატონმა ზურაბმა ამიხსნა ის, რაც ისედაც ვიცოდი - დიახ, მართლაც 2020 წლიდან მიმდინარეობდა ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ დღეს, უკრაინაში მოწყობილი ჯოჯოხეთის ფონზე, არცერთი წვეთი რძე და არცერთი გრამი ყველი არ ღირს იმად, რომ იქიდან მოგებული ფულით ბედნიერები ვიყოთ. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებასაც არ აქვს სხვა მოსაზრება, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ ადგილობრივ, საკუთარ ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ და რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გატანა ბლეფი და ზღაპარია!“

„ვერსიასთან“ საუბრისას, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვდარდობთ, როგორ შევავსოთ რძის მარაგები, რათა პროდუქცია კეთილგანწყობილი ქვეყნების ბაზრებზე გავიტანოთ. მისი თქმით, რძისა და რძის პროდუქტების არცერთი ქართული კომპანია არ გაიტანს საკუთარ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე, რადგან ყველა კარგად ხვდება, რომ სანქციების მოხსნა რუსული პროვოკაციაა.

„გაირკვა, რომ არცერთი კომპანია არ აპირებს, წამოეგოს ამ პროვოკაციას. სახელმწიფო კერძო კომპანიების გადაწყვეტილებაში ვერ და არ ჩაერევა და აბა, რა გვაღელვებს?! ადამიანებო, გარდა იმისა, რომ რუსეთი ჯოჯოხეთურად დამნაშავეა, ეს ქვეყანა არავისთვის სტაბილური არაა - უპირო, საშიში და მაღალი რისკის შემცველი ბაზარია! საკუთარი მოქალაქეები ჰკიდია ამ რეჟიმს, საკუთარი! როგორც შეგვიძლია, რუსეთის ბაზარი და ეს ქვეყანა უნდა დავივიწყოთ, ვითომ არც კი არსებობენ!“