რა ბედი ელის საქართველოს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გია ხუხაშვილი: „დღეს, საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება!.. არ ვამბობ, რომ შევიარაღდეთ და ფრონტის ხაზზე გავიჭრათ, მაგრამ რომელ ბანაკში ხარ, ეს ხომ უნდა გამოკვეთო სრულიად აშკარად? ამას ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს და პირიქით - ცდილობს, კოჭები გაუგოროს რუსეთსაც!“

დასავლეთმა - აშშ-მა და ევროპამ წამზომი უკვე ჩაურთო რუსეთს. უკრაინის საზღვართან ახლა ნამდვილი ნერვების ომია, მთელი მსოფლიო დაძაბული ელის თავზარდამცემ ამბავს - შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში. მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ტოპნიუსების მთავარი თემაც სწორედ ესაა, მეტიც,  აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში ან დღეებში გეგმავს და იქვე დასძენს, რომ მის ამ ვარაუდს საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს:

„მივიჩნევთ, რომ მათი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება - ქალაქი, რომელშიც 2 800 000 უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს. თუ რუსეთი ამ გეგმების განხორციელებას მიჰყვება, რუსეთი პასუხისმგებელი იქნება კატასტროფულ ომზე. აშშ და ნატო-ს მოკავშირეები ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავენ. ჩვენ არ გავგზავნით ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად, თუმცა გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს დაუჭერენ უკრაინელ ხალხს და რუსეთს პასუხს ვაგებინებთ მისი ქმედებებისთვის. დასავლეთი გაერთიანებულია და მტკიცედაა განწყობილი - მზად ვართ, რუსეთს მკაცრი სანქციები დავუწესოთ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება! თუმცა, გავიმეორებ, რუსეთს შეუძლია, დიპლომატიური გზა აირჩიოს. დეესკალაცია ჯერ კიდევ არაა გვიან“.

ძნელი სათქმელია, გადადგამს თუ არა რუსეთი დეესკალაციისკენ ნაბიჯს, მაგრამ ფაქტია, თუ უკრაინაში მაინც შეიჭრება, აშშ-სა და მოკავშირეების მკაცრ სანქციებს ვერ ასცდება. ერთი კვირის წინ, ამერიკელმა სენატორებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთს ფინანსური სანქციები ელის. საინტერესოა, როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარე - რუსეთიცა და უკრაინაც ჩვენი ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან. მეტიც, საქართველოს ენერგეტიკა - დენითა და გაზით - მიბმულია რუსეთზე. პოლიტიკისა და ეკონომიკის ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა „ვერსიასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამას საქართველოზე დრამატული გავლენა არ ექნება, თუმცა საფრთხე გვემუქრება და იქვე დააზუსტა - დღეს, საქართველოს ბედი, არც მეტი და არც ნაკლები, უკრაინაში წყდება!

 

- ბატონო გია, თუ რუსეთი დაარტყამს უკრაინას, აშშ-სა და მოკავშირეების ფინანსურ სანქციებს ვერ ასცდება. როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე?

- არ მგონია, ამან ჩვენზე სერიოზული და დრამატული გავლენა მოახდინოს, რადგან მცდარია წარმოდგენა, რომ ენერგეტიკულად მიბმულები ვართ რუსეთზე. კი, ბატონო, გვაქვს გარკვეული ურთიერთობები, მაგრამ ჩვენი ენერგოსისტემა საკმაოდ კარგადაა დივერსიფიცირებული. მაგალითად, გაზთან დაკავშირებით, საერთოდ პრობლემა არ გვაქვს, რადგან ამ მიმართულებით, ჩვენი გენერალური პარტნიორი აზერბაიჯანია, ხოლო რაც შეეხება ელექტროენერგეტიკას, აქაც იგივე მდგომარეობაა - ალტერნატიული სისტემები გვაქვს და გარკვეული ოდენობით, საკუთარი სიმძლავრეებიც გაგავაჩნია, გარდა ამისა, აგერაა აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. შესაბამისად, რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ძალიან დრამატულ გავლენას ვერ მოახდენს საქართველოზე.

- გასაგებია, მაგრამ რუსეთიცა და უკრაინაც ხომ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან?

- რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორობას, გარკვეული გადაჯგუფება მოხდება, მაგრამ დღევანდელ სამყაროში, ამას შესაძლოა, ფასების რყევა ანუ ინფლაციური პროცესის დაჩქარება მოჰყვეს. თუ იმას გულისხმობთ, რომ შესაძლოა, გარკვეული დეფიციტი შეიქმნას, არც ამგვარ დეფიციტს ველოდები, რადგან თანამედროვე გლობალური ეკონომიკური სისტემა საკმაოდ მოქნილია, რათა ქვეყნები უზრუნველყოფილნი იყვნენ, დეფიციტი არ შეიქმნას და პირველ რიგში, პირველადი მოხმარების პროდუქტები მაქვს მხედველობაში.

უბრალოდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ საკუთარი ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა სათანადო დონეზე, ვერ განვავითარეთ ეკონომიკის რეალური სექტორი ისე, რომ თუნდაც სასურსათო უსაფრთხოება შეგვექმნა და ქვეყნის შიგნით წარმოებული პირველადი მოხმარების პროდუქტებით მოგვემარაგებინა ქვეყანა. ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი ალტერნატივა გვაქვს თურქეთის მიმართულებით, აღმოსავლეთიდან და ამდენად, თუნდაც უკრაინისა და რუსეთის თამაშიდან გასვლის გამო, ბუნებრივია, გარკვეული გადაჯგუფება მოგვიწევს. თუმცა გიმეორებთმ ეს გადაჯგუფებაც საკმაოდ სწრაფადაა შესაძლებელი და ამ მხრივ, რაღაც კატასტროფულ მდგომარეობას არ ველოდები.

- მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინისკენ - შეიჭრება თუ არა რუსეთი. ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველოც ხომ მოვლენების ეპიცენტრში მოხვდება და ამ მხრივ, საფრთხე არ გვემუქრება?

- რა თქმა უნდა, გვემუქრება! ფაქტობრივად, მსოფლიო წესრიგისა და ჩვენი სამყაროში პოზიციონირების თვალსაზრისით, დღეს, საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება! გასაგებია, რა გეგმა აქვს რუსეთს - ესაა ტრანსფორმირებული საბჭოთა კავშირის აღდგენა და ამ გეგმაში, საქართველო მოიაზრება უკრაინასთან ერთად. შესაბამისად, რაც მოხდება უკრაინაში და როგორც განვითარდება მოვლენები, პაუზის ანუ გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოშიც იგივე მოხდება. თუ დასავლეთმა ვერ მოახერხა უკრაინის სათანადო დაცვა, მით უმეტეს, საქართველოსაც ვერ დაიცავს და ეს სრულიად აშკარა იქნება!

აქედან გამომდინარე, ასეთი მოცემულობაა, რომ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია ის, რაც ხდება უკრაინაში. ამ პროცესის ასე წაყრუება ანუ სიმხდალისა და არასტრატეგიული ხედვისთვის სიბრძნის დარქმევა, რასაც ხელისუფლება აკეთებს, როდესაც ვითომ ფრთხილობენ და ამას ძალიან ბრძნულ ნაბიჯს უწოდებენ, კარგ შემთხვევაში, სიბრიყვეა, ცუდ შემთხვევაში - მავნებლობა! შორს ვარ იმ აზრისგან, ხელისუფლებას მოვუწოდო, ფრონტის წინა ხაზზე გაიჭრას, რა თქმა უნდა, ესეც მეორე უკიდურესობაა და არც ეს უნდა მოხდეს, მაგრამ როდესაც მიმდინარეობს რკინის კედლის აღმართვა ორ სამყაროს შორის, შენ აბსოლუტურად გამოკვეთილი პოზიცია უნდა გქონდეს, ამ კედლის რომელ მხარეს ხარ!

ჩვენი ხელისუფლება ბუნდოვან პოზიციას ირჩევს ანუ მისდევს იმ კონცეფციას, დათვს თუ მოეფერები, ის აღარ შეგჭამს და ეს ასე ნამდვილად არ იქნება. დათვს თუ მოეფერები, კარგ ბიჭობაში კი არა, სისუსტეში ჩაგითვლის და უფრო გემრიელად შეგახრამუნებს. ასეთი მოცემულობაა, ჩვენი ხელისუფლება თვლის, რომ კი, ბატონო, პროდასავლელი ვარ, მაგრამ რუსეთსაც თვალი უნდა ვუპაჭუნო, რადგან არ გაბრაზდეს და არ გადამთელოს, რაც კარგ შემთხვევაში, სიბრიყვეა. ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ასეთი გზა - მივყვეთ ისტორიის დინებას, თუ მარჯვენა ნაპირზე გაგვრიყა ამ დინებამ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ყვირილს - „ნატო-სა და ევროკავშირს გაუმარჯოს“, თუმცა მარცხენა ნაპირზე თუ გაგვრიყა, პრინციპში, „გაუმარჯოს წითელ არმიაზეც“ არ ვიტყვით უარს! აბა, რა ვქნათ ახლა, ხომ არ ვიომებთ?! თუ სხვა გზა არ გვექნება, კი, ბატონო, პუტინთან ერთადაც ვიცხოვრებთ, მთავარია, ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში! აი, ესაა მთავარი ფასეულობა, ხელისუფლებას სხვა ფასეულობა არ აქვს. რა, დემოკრატია უნდა, თუ სამართლიანი მართლმსაჯულება? - არაფერი, მხოლოდ ძალაუფლება და ამ ძალაუფლებით მოპოვებული სიკეთეები უნდა! მეტი ამოცანა და მიზანი მათ ცხოვრებაში არ აქვთ - კი, ბატონო, კარგია, თუ ევროპაში მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ევროპაში არ მოხდება, ჩემს ძალაუფლებას რატომ შევუქმნა საფრთხე, პუტინთანაც შესანიშნავად ვიცხოვრებ!

- ბატონო გია, ვინაიდან საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება, დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახოს დრო ახლა ნამდვილად არ გვაქვს, ხომ?

- არა, ამის დრო კი არა, უაზრობაა ეს პოლიტიკა. თუ ნამდვილად ვთვლით, რომ ჩვენი განვითარების ვექტორი დასავლეთია, ახლა მიდის ომი და შენ მკვეთრი პოზიცია ხომ მაინც უნდა გქონდეს, რომელ ბანაკში ხარ? არ ვამბობ, რომ შევიარაღდეთ და ფრონტის ხაზზე გავიჭრათ, მაგრამ რომელ ბანაკში ხარ, ეს ხომ უნდა გამოკვეთო სრულიად აშკარად? ამას ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს და პირიქით - ცდილობს, კოჭები გაუგოროს რუსეთსაც! ოპოზიციონერი დეპუტატები რომ აეროპორტიდანვე გაადეპორტა, ამით თვალები უპაჭუნა რუსეთს - ხომ ხედავ, მე კარგი ბიჭი ვარო. ვამბობთ, რომ დასავლეთში ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთსაც „ბაბაიას“ ვეძახით. ეს პოზიცია რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელია და ამას სისუსტედ გვითვლიან, მეტიც, რუსეთი ახლა ფიქრობს, მთავარია, უკრაინაში გადავწყვიტო პრობლემები, თორემ ესენი ხომ ისედაც ჩემები არიან! სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ სწორად ფიქრობს რუსეთი, რადგან მართლა აქეთ მიდის პროცესი.

ქართული ბატალიონი ხომ არის უკრაინაში და ქართველი მებრძოლები იბრძვიან, გამოკვეთე, რა, შენი პოზიცია, რისი გეშინია? ეს თუნდაც იმისთვის გააკეთე, რომ დასავლეთმა თავისიანად ჩაგთვალოს. დღეს, დასავლეთი თავისიანად არ გვთვლის, კი, ბატონო, მათ ვჭირდებით, მათ აქტივად გვთვლიან და ძალიან არ გვიბრაზდებიან ამ სისულელეების გამო, რადგან რომ გაგვიბრაზდნენ, ეშინიათ, კიდევ უფრო მეტად არ გადავიხაროთ რუსეთისკენ და ჩუმად არიან, თუმცა თავისიანად არ მივაჩნივართ. თვლიან, რომ გაუგებარი ტიპები ვართ, რომლებიც დიახ, ვჭირდებით და გამოგვიყენებენ კიდეც, მაგრამ თავისიანებად არ მივაჩნივართ. ერთია, თქვენი დამოკიდებულება საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, ხოლო მეორეა - მეზობლების მიმართ. დასავლეთი უკრაინას ოჯახის წევრად მიიჩნევს, ხოლო საქართველოს - მეზობლად, რომელსაც გამოიყენებს რაღაცაში, მაგრამ თუ დასჭირდა, კარგადაც მიაყიდის კიდეც, რადგან მისიანები არ ვართ, არც იმ წესებით არ ვცხოვრობთ, რაც მათთვისაა მისაღები და საბოლოოდ, ასეთი მეზობელიც არავის უნდა!