ყველაფერი, რაც დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შესახებ უნდა იცოდეთ!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა - რა ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ სოციალურად დაუცველები და შეუნარჩუნდებათ თუ არა სახელმწიფო შემწეობა დასაქმების შემთხვევაში

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა 1 მარტიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამას აამოქმედებს. 14 თებერვლის მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ფართო აუდიტორიისთვის სახელმწიფო პროგრამის დეტალები განმარტეს. გაინტერესებთ, სად დასაქმდებიან სოციალურად დაუცველები; რა ოდენობის ანაზღაურება ექნებათ მათ; შეუნარჩუნდებათ თუ არა სოციალური დახმარება დასაქმების მიუხედავად? მაშინ, ეს სტატია აუცილებლად ყურადღებით უნდა წაიკითხოთ, რადგან თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე კონკრეტულ და ამომწურავ პასუხებს მიიღებთ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული დასაქმების აქტიური პოლიტიკა ანუ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყება. პრემიერმა იქვე დააზუსტა და განმარტა, რომ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ, დასაქმება და საკუთარი თავის რეალიზება:

„რამდენიმე კვირის წინ, მე ღიად ვისაუბრე ამ საკითხზე. ეს არის ინიციატივა, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში და სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. ამ მიზნით, ჩვენ ნოემბერში დავიწყეთ მუშაობა. ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, მე გუნდი გავგზავნე ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითის დასამუშავებლად. ჩვენ შევისწავლეთ კარგად, თუ როგორ მუშაობდა ევროპაში აღნიშნული ინიციატივა და დღეს გვაქვს მზაობა, რომ დავიწყოთ ეს ინიციატივა. მინდა, მოსახლეობას განვუმარტო, რას გულისხმობს ეს ინიციატივა.

მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა და კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის დაძლევისკენ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ, წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა, ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, უნდა ითქვას, უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან, 200 000-ზე მეტი შრომისუნარიანია ანუ 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში და არ მონაწილეობს ეკონომიკაში. ისინი აბსოლუტურად დემოტივირებულები არიან, რომ დასაქმდნენ ლეგალურად, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ბავშვებს, შშმ პირებს - ყველას, ვისაც ეს სჭირდება. შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ, დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველა, ვისაც ეს შეუძლია, ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება. სოციალურად დაუცველთა დასაქმების აქტიური პოლიტიკა ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას და წაახალისებს მათ, რათა შრომის ბაზარზე გააქტიურდნენ.

საინტერესოა, რის საფუძველზე შეიქმნა სოციალურად დაუცველთა აქტიური დასაქმების სახელმწიფო პროგრამა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შეიქმნა:

„აქ ჩვენ მივიღებთ ორმაგ შედეგს - ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები, ხოლო მეორე მხრივ, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთესაც შეუწყობს ხელს. ამ პროგრამით ისარგებლებენ სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000 ადამიანი“.

ცხადია, საზოგადოებას აინტერესებს, კონკრეტულად სად დასაქმდება სოციალურად დაუცველი, დაახლოებით, 200 000 მოქალაქე. ირაკლი ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე, სხვა სამინისტროები შეძლებენ და უზრუნველყოფენ 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას. მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილმა იქვე დასძინა, რომ შესაძლოა, წელსვე, სხვადასხვა საჯარო უწყებებში, ეს ვაკანსია 100 000-მდეც კი გაიზარდოს. საინტერესოა, კონკრეტულად რომელი უწყება განახორციელებს სოციალურად დაუცველი მოქალა          ქეების დასაქმების პროგრამას, რა ოდენობის შემწეობას მიიღებენ ისინი სახელმწიფოსგან ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმების შემთხვევაში და შეუნარჩუნდებათ თუ არა უკვე არსებული სოციალური დახმარება:

„პროგრამას განახორციელებს დასაქმების სახელმწიფო სააგენტო და მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს საზოგადოებრივი სამუშაო,  ასევე, შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია, ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში,შეძლოს დასაქმების ფორმალიზება, ან პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ქვეპროგრამებში ჩართვა. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას - მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა! ის დახმარება, რასაც ის დღეს იღებს, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთი მხრივ, ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, 400-500 ლარი, ან 700-800 ლარიც იყოს და ამას გარდა, 300 ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგან. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ ის არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც, ვფიქრობთ, სამართლიანია. რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში, მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების სააგენტოს, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს. საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა ჩვენი ვარაუდით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე. ერთი მხრივ, 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებს და თვითრეალიზაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, ისინი უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ ადამიანებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კიდევ უფრო დააკონკრეტა, რა ოდენობის ანაზღაურებას  მიიღებენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, თუ ისინი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან. დავითაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ პირებს, ოთხი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ შეუჩერდებათ. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისას კი, მათი ყოველთვიური ანაზღაურება დაუბეგრავად, 300 ლარით განისაზღვრება:

„ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების დონეზე და სხვადასხვა სამინისტროში. ეს არის, როგორც ფიზიკური შრომა, ასევე, გარკვეული საოფისე საქმიანობები. რა თქმა უნდა, ამას დასაქმების სააგენტოს ძალიან აქტიური ჩართულობა სშჭირდება. აღსანიშნავია ის, რომ თითოეულ დასაქმებულს სოციალური კომპენსაციის პაკეტი არ შეუჩერდება, პირიქით, ოთხი წლის განმავლობაში, სტაბილურად შეუნარჩუნდებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი დამატებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთვებიან“.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ დასაქმების პროგრამა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, განვითარების ამ ეტაპზე, საქართველოში ბევრი პრობლემაა, რასაც გადალახვა სჭირდება და იქვე დასძინა, რომ აუცილებელია, ქვეყანაში ინვესტიციები განხორციელდეს:

„ჩვენ გვინდა, რომ ამ პროექტით, სოციალურად დაუცველებს შემოსავლის ზრდის დამატებითი შესაძლებლობები გავუჩინოთ ანუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სოციალურ ფენას ცხოვრების უკეთესი პირობები, სწორედ დასაქმების მხრივ შევუქმნათ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 200 000-ზე მეტი მოქალაქე შრომისუნარიანია, რომლებსაც ზრუნვის სხვა პრობლემები არ სჭირდებათ და მათ შეუძლიათ დასაქმებაში ჩართვა. ეს არის ძალიან დიდი სამუშაო რესურსი და ამავდროულად, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც განვითარების ამ ეტაპზე ძალიან ბევრი პრობლემა აქვს გადასალახი. მათ შორის, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული და საჯარო საჭიროებებია ამ ქვეყანაში მოსაგვარებელი. ტემპი, რომლითაც ქვეყანა ტრანსფორმაციას განიცდის, რა თქმა უნდა, არავოსთვისაა დამაკმაყოფილებელი. ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი მემკვიდრეობა აქვს 90-იანი წლების სამოქალაქო ომიდან, თუ ტერიტორიების დაკარგვიდან მოყოლებული. შესაბამისად, ძალიან ბევრი ინვესტიცია გვჭირდება, როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი, რათა ეკონომიკა იმგვარად დავაჩქაროთ, რომ საუკეთესო შედეგები მივიღოთ“.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის სამუშაო რესურსი, რომელიც ქვეყანაშია, მთავრობამ ეფექტიანად უნდა გამოიყენოს. კითხვაზე, რატომ შეირჩა საზოგადოებრივი დასაქმება სოციალურად დაუცველი პირებისთვის, ლევან დავითაშვილმა უპასუხა, რომ იმას, რასაც კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკა ვერ აგენერირებს, მთავრობამ საკუთარი ინიციატივით უნდა შეავსოს და იქვე დასძინა, რომ ეს გამიზნული სამუშაო ადგილები უნდა იყოს და აუცილებლად ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.