გაძვირებული ცხოვრების ანატომია - გვემუქრება თუ არა შიმშილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა

 ავტორი: მაკა რუხაძე

 თვენახევარია, პური და სამომხმარებლო კალათის ყველა ძირითადი პროდუქტი გაძვირდა. პურის გაძვირებას თავისი სერიოზული მიზეზი ჰქონდა - მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირდა. სხვათა შორის, სამომხმარებლო კალათის ძირითადი პროდუქტების გაძვირებასაც საკმაოდ სერიოზული საფუძველი ჰქონდა - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-მ სურსათის ფასების ინდექსი გამოაქვეყნა. FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის - რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს. ახალი კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ოქტომბერში, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ათწლეულის რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - 3.9%-ით გაიზარდა და 133.2 ქულა შეადგინა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ფასების ეს მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა, რადგან 2011 წლის ივლისის ფასებს გადააჭარბა. პარალელურად, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა ოქტომბრის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, წინა წელთან შედარებით, 12.8%-ით გაიზარდ.

 FAO-ს ფასების ინდექსი

ვიდრე „საქსტატის“ მონაცემებს გავეცნობით, ჯერ FAO-ს ფასების ინდექსის ცვლილებით დავიწყოთ. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი პროდუქტის გაძვირებასა თუ ლარის კურსის ცვლილებას ადგილობრივი ექსპერტები გლობალურ ჭრილში - საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით იხილავენ. აქედან გამომდინარე, დეტალურად განვიხილოთ, რატომ და რა მიზეზით გაძვირდა მსოფლიო ბაზრებზე სასიცოცხლოდ აუცილებელი კვების პროდუქტები. 

FAO-ს კვლევით ირკვევა, რომ მარცვლეულის ფასების ინდექსმა ოქტომბერში, საერთო ჯამში, 3.2%-ით მოიმატა. ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 5%-ით გაიზარდა, ამავდროულად, მოსავლის კლების გამო, შემცირდა პროდუქტის შეთავაზება მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებიდან, როგორებიცაა კანადა, რუსეთის ფედერაცია და აშშ. სხვა მარცვლეული კულტურების ფასიც, წინა თვესთან შედარებით, მომატებულია.

მცენარეული ზეთის ფასი, წინა თვესთან შედარებით, 9.6%-ით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. საერთაშორისო ექსოერტების შეფასებით, ფასები პალმის, სოიოს, მზუსუმზირისა და რაფსის ზეთის გაძვირების ხარჯზე გაიზარდა. უკვე მეოთხე თვეა, პალმის ზეთი ძვირდება.

რძის პროდუქტების ფასის ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა, რაც განპირობებულია კარაქზე, რძის ფხვნილსა და საღ რძეზე მდგრადი მოთხოვნით. რძისგან განსხვავებით, ყველის ფასი, საერთო ჯამში, იმავე ნიშნულზე დარჩა, რადგან მიწოდებამ საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ხორცის ფასის ინდექსი შემცირდა და 0.7% შეადგინა. გაეროს ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის მხრიდან ღორის ხორცის შესყიდვამ და ბრაზილიის საქონლის ხორცის გაიაფებამ ამ მაჩვენებლის კლება განაპირობა. ფრინველისა და ცხვრის ხორცის, დიდი საერთაშორისო მოთხოვნისა და წარმოების შემცირებული მოლოდინების გამო გაძვირდა.

შაქრის ფასების ინდექსი 1.8%-ით შემცირდა. ეს ამ ინდექსის პირველი შემცირებაა ექვსთვიანი მდგრადი ზრდის ფონზე. ტენდენციის შეცვლა განაპირობა საერთაშორისო მოთხოვნის შემცირებამ, ინდოეთისა და ტაილანდის წარმოების უკეთესმა პერსპექტივამ და აშშ დოლართან მიმართებაში, ბრაზილიური რეალის კურსის გაუფასურებამ.

 

პროდუქტები საქართველოშიც გაძვირდა

ოქტომბრის სამომხმარებლო ფასების ინდექსი „საქსტატმაც“ გამოაქვეყნა, რომლითაც გაირკვა, რომ შარშანდელთან შედარებით, ეს ინდექსი 12.8%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ ანგარიშით ირკვევა, რომ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასების 18%-იან ზრდას ჰქონდა, თუმცა სურსათის გარდა, ინფლაციაზე საწვავის გაძვირებაც აისახა. მოკლედ, „საქსტატის“ ანგარიშზე დაყრდნობით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, ბოსტნეული - 43%-ით, ზეთი - 31%-ით, რძე, ყველი და კვერცხი - 18.2%-ით, ტკბილეული - 18%-ით, პური კი - 19.4%-ით გაძვირდა!

ახლა, ეს ინფორმაცია უფრო დეტალურად, ცალკეული პროდუქტების ჯგუფების მიხედვით ჩავშალოთ:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ამ ჯგუფში ფასები 18.4%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასებმა მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 43%-ით, ზეთსა და ცხიმზე - 31.6%-ით, პურსა და პურპროდუქტებზე - 19.4%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე - 18.2%-ით, შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე - 18%-ით, თევზეულზე - 16%-ით, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე - 13%-ით, ხორცსა და ხორცპროდუქტებზე - 11.2%-ით, ხილსა და ყურძენზე - 9.3%-ით, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე - 6.4%-ით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 19.6%-ით გაიზარდა, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასებმა მოიმატა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 28.9% და სატრანსპორტო მომსახურებაზე - 2.8%. პარალელურად, სატრანსპორტო საშუალებების შეძენის ფასები 1.3%-ით შემცირდა.

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, გაზი: ამ ჯგუფში ფასები 11.9%-ით გაძვირდა, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, გაზი და სათბობის სხვა სახეები - 13.9%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.3%, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5%,

ჯანმრთელობის დაცვა: ამ ჯგუფსი ფასები 8.4%-ით გაძვირდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.65 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა  - 12.7%, საავადმყოფოების მომსახურება - 5.3% და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 3.6%.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები 5.4%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია, როგორც ფეხსაცმლის - 8.6%, ასევე ტანსაცმლის - 3.2% ქვეჯგუფებზე.

„საქსტატის“ ანგარიშით ირკვევა, რომ 2021 წელს, საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მაღალი ინფლაციის დონით, საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და მას ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა: ვენესუელა, სუდანი, სურინამი, იემენი და ზიმბაბვე.

„საქსტატის“ ეს ანგარიში კიდევ უფრო მეტად რომ ჩავშალოთ და კონკრეტული პროდუქტების გაძვირებით შევავიწროვოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: 2021 წლის ოქტომბერში, ყველაზე მეტად ბოსტნეული გაძვირდა და ჩვენც ამ პროდუქტების დეტალური ანალიზით დავიწყოთ: ბადრიჯანი - 128.1%-ით გაძვირდა; პომიდორი - 117.3%-ით; კომბოსტო - 89.3%-ით; ჭარხალი - 56.2%-ით; კიტრი - 46,3%-ით; კარტოფილი - 44,6%-ით.

ამის შემდეგ, ყველაზე მეტად მცენარეული რაფინირებული ზეთი გაძვირდა: მზესუმზირის ზეთის ფასმა 52.4%-ით მოიმატა.  

კვების პროდუქტებთან ერთად, ბოლო ორ თვეში, ბავშვთა საფენები და კვების პროდუქტებიც საგრძნობლად გაძვირდა. ასე, მაგალითად, სხვადასხვა აფთიაქებში, „პამპერსის“ 94-ცალიანი შეფუთვის ფასი სხვადასხვაა და 60 ლარამდე აღწევს. რაც შეეხება ხილის ფაფებს, მათი საშუალო ფასი 5.00-დან 10 ლარის ფარგლებში მერყეობს.