რა მიზნით იქმნება ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას „ტროიკა“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ო (პოზიცია)

 

„ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ“ - ინტერვიუ პაატა მანჯგალაძესთან

 

თათია გოჩაძე

 

„დროა“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან და ერთობლივი განცხადებით, ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას საჯაროდ 31 კითხვით მიმართავენ. ბრიუსელში ვიზიტის შედეგად, ამ სამი პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც შეაჯამეს ვიზიტი და თქვეს, რომ 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით, რამე სახის შეფასება არ იქნება; შეფასება გამოქვეყნდება 2023 წლის ბოლოს; სავარაუდოდ, შეფასება იქნება ნეგატიური ანუ საქართველო კვლავ ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ოპოზიციაში გაყოფილი პოზიციების მიუხედავად, სამი პოლიტიკური პარტია ერთიანობის იდეისთვის ბრძოლას განაგრძობს. „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერები ამბობენ, რომ მიუხედავად კოლეგების კრიტიკისა, ისინი მზად არიან მხარეებთან მსჯელობისთვის, მათ შორის, ოპოზიციონერ კოლეგებთან, რომლებიც მათი გაერთიანების იდეას არ ემხრობიან. ისინი ამბობენ, რომ მთავარი ახლა ერთიანობაა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების პოლიტიკური მიზნები ეროვნული ინტერესების მატარებელი არ არის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ იმასაც, რომ ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას გაერთიანება, მათთვის სერიოზული არ არის. პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია ძალიან უნიჭოები არიან. ამის შესახებ მეგრელიშვილმა ამ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის პარტიების გაერთიანების შესახებ საუბრისას განაცხადა. მაშინ, როცა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად დრო ცოტა რჩება და პარლამენტი კი თითოეულ პუნქტზე აქტიურად მუშაობს, გაერთიანების იდეა იდეად რჩება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს სტრატეგია საკუთარ გუნდშიც დაუწუნეს, გიორგი ვაშაძეს თეონა აქუბარდია გამოეყო. „ნაციონალებს“ კი ნონა მამულაშვილი დაემშვიდობა.

„ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის „ტროიკას“ ერთი მოტივი აქვს, ოპოზიციის გაერთიანება კი არა - იმ პოლიტიკოსების გაშავება და ჩაძირვა, რომლებიც კეზერაშვილის ფინანსური კონტროლის ქვეშ არ არიან“, - ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას, პარტიების გაერთიანების შესახებ.

გაერთიანების შესახებ მეტის გასარკვევად, „ვერსია“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს ესაუბრა:

 

- „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩისა“ და „დროას“ ერთიან პლატფორმაში გაერთიანების არსი ის არის, რომ ქვეყანა გადასარჩენია და ასე გაგრძელება არ შეიძლება. ოღონდ, ეს არ არის პათეტიკა, დღეს არ არის საარჩევნო კამპანია, რომ სიაზე და „ბლოკზე“ ვისაუბროთ. ჩვენი დაკვირვებით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აკარგვინებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მათ არ უნდათ და აკრძალულიც აქვთ, როგორც თავის დროზე, იანუკოვიჩსა და სომხეთს აუკრძალა რუსეთმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ვფიქრობთ, ასეთი გარიგებაა „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთს შორის, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან საქართველოს სახით, რუსეთი დაკარგავს გავლენას კავკასიაში.

ჩვენ ასეთ შეთქმულებას ვხედავთ და გამოვიდეთ, ვისაუბროთ იმაზე, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ 5 თუ 3% ხვალ უნდა გახდეს 10%, ესაა ჩვენი სტრატეგიული ამოცანა და ვლანძღოთ სხვა ყველა პარტია, ეს უსინდისობა იქნება ჩვენი მხრიდან, როცა ასეთი საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. ალბათ, იცით ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ცნობილი ნათქვამი - „მხოლოდ უკანასკნელ მომენტში ვახერხებთ გაერთიანებას“... არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მივიდეს უკანასკნელ მომენტამდე და მერე დაფიქრდეს ყველა. ჩვენ მანამდე გვინდა მოქმედება, პოლიტიკოსობა იმას ნიშნავს, რომ საფრთხეების შესახებ მანამდე მიიღო ინფორმაცია და გაატარო კონკრეტული ღონისძიებები. სწორედ ამას ვცდილობთ, ესაა თავისუფალი პლატფორმა პროდასავლური ანუ ქართული ძალების. თუ დასავლეთი არის მტერი, მეგობარი რჩება რუსეთი, სხვა არჩევანი არ არსებობს - ან დასავლეთი/ევროპა, ან რუსეთი. სხვა პროქართული კურსი არ არსებობს, პროქართული კურსი არის პროევროპული კურსი და ეს დამტკიცებულია ჩვენი ისტორიით, ყველა ჩვენი ღირსეული წინაპარი ასე ხედავდა ამ საკითხს.

- ბრიუსელში, კონკრეტულად, რა საკითხებზე გესაუბრნენ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები? რა ინფორმაცია ჩამოიტანეთ კანდიდატის სტატუსის პერსპექტივაზე?

- „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, ოპოზიციის ლიდერები ჩადიან ევროპაში და საქართველოზე ცუდს საუბრობენო. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი სჭირდება და დემოკრატიულმა მექანიზმებმა უკეთესად რომ იმუშაოს, საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოზე მომუშავე ჯგუფში, ან ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დროს გავიგეთ, რომ ინფორმაცია აქვთ აბსოლუტურად ყველაფერზე. ჩვენ გვეკითხებოდნენ, ეს ანტიდასავლური, პრორუსული 9-კაციანი ჯგუფი რომ შექმნეს, რაში სჭირდებათო? თუ ევროპაში მოდიხართ, ეს რუსული ნარატივი რატომ ჟღერდება „ქართული ოცნების“ მხრიდანო? - ამაზე პასუხები კი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს.

- მმართველ პარტიაში გიპასუხებდნენ, რომ ეს ადამიანები „ქართულ ოცნებას“ გამოეყვნენ და ცალკე პოლიტიკური ძალა შექმნეს...

- კი, მაგრამ უმრავლესობაში რჩებიან და რა გამოდის, რუსულ ჯგუფთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია გააკეთა? ჩვენთან, პროდასვალურ ძალებთან არ თანამშრომლობენ, უსამშობლოებს გვეძახიან, არადა, თავად არიან. ჩვენი მოსახლეობის 85% მომხრეა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციისა, „ქართული ოცნების“ დაახლოებით 65% დღესაც ამ კურსს უჭერს მხარს და ამიტომ სჭირდება ორსახოვნება მმართველ ძალას, ღიად პრორუსულ კურსზე რომ გადავიდეს, ხელისუფლების ფასი დაუჯდება. ამიტომ, პრორუსულ კურსზე გადაიყვანა ეს 9 ადამიანი, თან შექმნა ილუზია, ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართო.

ევროპაში, ყველაფერ ამაზე, ჩვენზე უკეთ არიან ინფორმირებულნი და მეტიც, გვითხრეს, ფორმალურად, სათაურების გადმოწერა და ასეთი კანონების მიღება ჩვენთვის არაფერს ცვლის, თუ არ დავინახეთ, რომ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ანტიკორუფციული ან დეოლიგარქიზაციის თვალსაზრისითო, რადგან ახსოვთ, რომ მმართველი ძალა ხელს აწერს რაღაც შეთანხმებას და მერე აუქმებს. შარლ მიშელის დოკუმენტიც ახსოვთ, ის შეთანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ და შემდეგ „გადაახიეს“ ხალხსა და შარლ მიშელს...

- თუმცა, მიშელის დოკუმენტის გაუქმებაში ნაციონალურ მოძრაობასაც მიუძღვის წვლილი, ესეც უნდა ითქვას...

- დღეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი რომ არ აქვს, მმართველი ძალის „დამსახურებაა“. ბრიუსელში გვითხრეს, შეგეძლოთ, გქონოდათ კანდიდატის სტატუსი, უბრალოდ, ნდობა არ გვქონდა ხელისუფლებისო...

- მოკლედ, თქვენი ინფორმაციით, 2023 წელი ექნება კიდევ ხელისუფლებას ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად?

- არ მინდა ცრუმოლოდინი გავაჩინოთ. კარგია 12-პუნქტიანი რეკომენდაცია და სანქციებზე საუბარი, მაგრამ ქართველების გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. მთავარი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ჩვენ.

- ოპოზიციის მიმართ რა მოწოდება აქვთ ევროპელ პარტნიორებს? რის გაკეთებას გთხოვენ?

- მოგვიწოდებენ ჩვენი პარტნიორების მეტი ინფორმირებისკენ და პოლარიზებაზეც გვესაუბრნენ. ადრე, „ნაცი-ქოცის“ პოლარიზებაზე იყო საუბარი და ახლა ასე არ დგას საკითხი. ახლა პოლარიზება უნდა მოხდეს პრორუსსაა და პროქართველს ანუ პროევროპელს შორის, რათა ქართველმა ხალხმა გაიგოს სიმართლე.

- თქვენს გაერთიანებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რატომ არ არის?

- რა ვიცი, ვეტო არავისთვის გვაქვს დადებული. ვინც გაიაზრებს იმ საფრთხეს, რომ ვიწროპარტიული კინკლაობის დრო არ გვაქვს და დემოკრატიულად უნდა გადავწყვიტოთ პროცესი...

- ანუ აქამდე, ყველაფერ ამაზე, ენმ-ის ლიდერებთან არ გისაუბრიათ?

- ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთგვაროვანი, ბევრი ლიდერია და სხვადასხვა ლიდერს სხვადასხვა პოზიცია აქვს, არაა ასე მარტივად...

- პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს, ფორმალურ ლიდერებს რა პოზიცია აქვთ?

- მათი კომენტარები ხომ ნახეთ? - ამბობენ, არც ერთ პარტიას არ შევუწყობთ ხელს, ჩვენი მანდატები წაიღონო... ჩვენ კი ვეუბნებით, რომ საკითხი მანდატებზე არ დგას, ჯერ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და შემდეგ გავანაწილოთ მანდატები არჩევნებში...

- თქვენ რითი ხსნით ენმ-ის ლიდერების ამ პოზიციას თქვენს გაერთიანებაზე?

- ვფიქრობ, რომ საფრთხე ბოლომდე არ აქვთ გააზრებული.

- თამარ ჩერგოლეიშვილმა საკმაოდ კრიტიკული „ფეისბუქ-სტატუსი“ მიუძღვნა თქვენს გაერთიანებას, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ ეს გაერთიანება მელიას წინააღმდეგაა და ამის უკან კეზერაშვილი დგას...

- ვფიქრობ, დაბნელებულია ცოტა ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერიას შეთქმულების იქით, პროცესს ვერ ხედავს.