ვინ, როგორ და რატომ დაგეგმა ზვიად გამსახურდიას „ღირსების სასამართლო“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სკანდალური ფაქტები არქივიდან, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია პირველად ასაჯაროვებს

ავტორი: ნინო დოლიძე

 

თავიდან, როცა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ საფუძველი ეროვნულ მოძრაობას ჩაუყარეს, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე, ნელ-ნელა გაირკვა, რომ ეროვნულ მოძრაობაში ჩართული ბევრი ადამიანი, რომელიც თავს ლიდერად მიიჩნევდა, ზვიად გამსახურდიას, უბრალოდ, ვერ იტანდა. მეტიც, საარქივო მასალებიდან ნათელი ხდება, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ზვიადს ძირს უთხრიდა და მის დისკრედიტაციას ცდილობდა. ამას მოწმობს კონსტანტინე გამსახურდიას მიერ, საკუთარ „ფეისბუქ-გვერდზე“ გამოქვეყნებული ვრცელი წერილიც, რომელიც ე.წ. ღირსების სასამართლოს ეხება. ამ წერილში ზვიადის უფროსი ვაჟი დეტალურად იხსენებს „ღირსების სასამართლოს“ მოწყობას და იმის დემონსტრირებასაც ახდენს, თუ რისთვის დასჭირდათ თამარ ჩხეიძეს, გარდაცვლილ ზურაბ ჭავჭავაძესა და სხვებს გამსახურდიას გასამართლება. ახლა, შესაძლოა, ბევრმა თქვას, რამდენიმე ათეული წლის წინ მომხდარი ამბების ხელახლა წამოწევა რა საჭიროაო, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დადგეს, წარსულიდან ყველა დეტალი უნდა ვიცოდეთ, რადგან ანალოგიური შეცდომები აღარ დავუშვათ. ასე რომ, დღევანდელ პრესბლოგში კომენტარების გარეშე და, როგორც იტყვიან, განსჯისთვის, კონსტანტინე გამსახურდიას წერილს გთავაზობთ.

 

„ღირსების სასამართლოს“ სახელით წოდებული ფირი პირველად საქართველოს სსრ-ს ტელევიზიით, 1989 წელს გავიდა, თუმცა მას იმ მიზნისთვის ნამდვილად არ მიუღწევია, რა მიზნითაც იგი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიამ გაუშვა - მიზანი ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაცია იყო. იგი განმეორებით 2015 წლის 15 მარტსაც აიტვირთა ინტერნეტ-სივრცეში. რამდენადაც ადამიანებმა არ იციან, ამ „სასამართლოს“ მოწყობის რეალური ფონი და კონტექსტი, შევეცდებით, მოვლენებისა და ფაქტების რეკონსტრუქციას.

დადგა 1989 წელი, ჩაიარა ახალმა წლებმა და 9 იანვარს ეს შეხვედრაც შედგა - ვიღაცებისთვის ეს იყო „შიდა გარჩევა“, ხოლო მავანთათვის - „ღირსების სასამართლო“. წიგნში უკვე იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რით გაამართლა თამარ ჩხეიძემ უარი ზვიად გამსახურდიასთან თანამშრომლობაზე, როდესაც ილია ჭავჭავაძის საზოგადოება დაფუძნდა, ხოლო ზვიად გამსახურდია მის დამფუძნებელ კონფერენციაზე, 1987 წლის შემოდგომაზე, არ მიიწვიეს. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო: ზვიად გამსახურდია თავის მონანიებას ღირსეულ საქციელად თვლიდა და სხვებისგანაც მოითხოვდა მისთვის ეს დაედასტურებინათ. ამ ბრალდების აბსურდულობას ზემოთ პასუხი გაეცა და კიდევ ერთხელ აღარ შევჩერდებით. მომდევნო წელს, ილია ჭავჭავაძის გამოცემაში „ივერია“ (1988 წლის მერვე ნომერში), გამოქვეყნდა ანონიმური პასკვილი სათაურით - „ზოგჯერ თქმა სჯობს“. მასში განიხილებოდა ამერიკელი ჟურნალისტების, ჰაროლდ პაიპერისა და კრეგ უიტნისთვის მოსკოვში მოწყობილი სასამართლო პროცესის ამბავი, რომლებმაც დაწერეს, რომ ზვიად გამსახურდიას მონანიება, სინამდვილეში, ფაბრიცირებული იყო, რის გამოც მათ სასამართლოში უჩივლა სსრკ-ს ცენტრალურმა ტელევიზიამ. ამერიკელი ჟურნალისტები დაჯარიმდნენ, თუმცა ჯარიმა მათ, ცხადია, არ გადაუხდიათ. მეტიც, სსრკ აკრედიტაციის ვადაზე ადრე დასტოვეს.

პატიმრობაში მყოფი ზვიად გამსახურდია მოსკოვში გამართულ ამ პროცესზე მოწმედ გამოიყვანეს. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჟურნალში, 1988 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში კი ეწერა, თითქოს ზვიადის ტაქტიკური უკანდახევა შევარდნაძისა და უშიშროების კომიტეტის გამარჯვება იყო. იქვე უნდობლობა გამოეცხადა მერაბ კოსტავას ტექსტს ზვიადის მონანიების გამო, რომელიც 1987 წელს, ჟურნალ „გლასნოსტში“ გამოქვეყნდა. მერაბი მასში წერდა, რომ ყველაფერი ერთმანეთთან შევათანხმეთ, ამ გზით, ზვიადი გარეთ გამოვიდოდაო.

ტაქტიკური მანევრი, რომლითაც ზვიად გამსახურდიამ თავიდან აირიდა ქვეყნიდან გაძევება, აღნიშნული სტატიის ანონიმი ავტორების მიერ გამოცხადებული იყო სამარცხვინო კომპრომისად და სტატიის ქვეტექსტიდან თუ გამოვალთ, იგი ამ პოზიციაზე დგომას (ანუ კომპრომისულს) შემდგომშიც აგრძელებდა. წერილში საუბარი იყო იმაზეც, თითქოს ზვიად გამსახურდია სისტემატურად ეწეოდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას, აცხადებდა რა, მათ სუკ-ისა და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გავლენის გამტარებლებად (ეს ბრალდება იყო კონკრეტული წერილის ან დაბეჭდილი მასალის მითითების გარეშე, - კ.გ.) და ეს არა მარტო საქართველოს მასშტაბით: სტატიის მიხედვით, აღნიშნული დამაზიანებელი ინფორმაციები ილია ჭავჭავაძის საზოგადოების შესახებ მოსკოვში, გოგოლის ბულვარზეც გაუხმოვანებია საქართველოდან ჩასულ პირს, სადაც რუსი დისიდენტები იკრიბებოდნენ. ვინ იყო ეს პირი, სტატიაში დასახელებული არ არის, მხოლოდ აღნიშნულია, რომ მას გოგოლის ბულვარი დაატოვებინეს. სტატიის მიხედვით, იგი, როგორც ჩანს, თბილისიდან სპეციალურად იყო ამ საქმისთვის მივლინებული. და რაც მთავარია, ზვიად გამსახურდიასა და მის მეუღლეს, მანანა არჩვაძეს, სტატიის თანახმად, შეუთვლიათ საფრანგეთში, 1988 წელს ემიგრირებულ ზაქარია (ჯონი) ლაშქარაშვილზე, რომელიც 1983-1987 წლებში პატიმრობაში იმყოფებოდა პარტია სეგო-ს („საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ორგანიზაცია“, - კ.გ) დაფუძნების გამო, თითქოს ის სუკ-ის აგენტია და მოერიდეთო. რამდენადაც ცნობილია, ჯონი ლაშქარაშვილი პოლიტიკურად და ადამიანურად ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ლიდერებთან, თამარ ჩხეიძესთან და ზურაბ ჭავჭავაძესთან.

სტატიის ანონიმურ ავტორებს იქითკენ მიჰყავთ მსჯელობა, რომ მკითხველმა უნდა დაასკვნას, თითქოს ზვიად გამსახურდია უშიშროების კომიტეტის მიერ მართულ ფიგურად რჩებოდა შემდგომშიც. ამ წერილზე მიბმული იყო თავად ზვიად გამსახურდიას წერილი - „გამოვედი თუ არა მე ცენტრალური ტელევიზიით, 1978 წლის მაისში“. ამ წერილს კი ახლდა სარედაქციო კომენტარი ისევ კონკრეტული ავტორის ან ავტორთა ჯგუფის მითითების გარეშე.

რაზეა ეს წერილი? მასში ზვიად გამსახურდია ცდილობს განმარტოს, რა მოინანია ტაქტიკური მოსაზრებით და რა - არა; რომ მისი მხრიდან მოუნანიებლობის შემთხვევაში, ჩვენს ეროვნულ საქმეს საფრთხე ემუქრებოდა; რომ მერაბ კოსტავამ მოიწონა მოჩვენებითი უკანდახევის გეგმა, ხოლო ფრაგმენტი ამ ვიდეოჩანაწერისა „ვრემიას“ პროგრამით უჩვენეს - კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით, მისი ნებართვის გარეშე, ვითომდაც ეს იყო „ტელეინტერვიუ“ სასამართლოს შემდეგ. კომენტარში ისმის კითხვები, რომელზეც, სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიამ ბევრჯერ გასცა პასუხი მაშინაც და მოგვიანებითაც: კომენტარის ავტორები ზვიად გამსახურდიას ედავებიან კეთილსინდისიერებაში, აქ წარმოჩენილი ფაქტების სუბიექტურ ინტერპრეტაციაში. მათი თვალსაზრისით, ეს „მონანიება“ ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტე იყო და მისი გამართლება „ტაქტიკური უკანდახევით“ მიუღებელიაო. ჩვენც მივუტევებდით, მაგრამ იმიტომ ვერ მივუტევეთ, რომ ზვიად გამსახურდია წლების მანძილზე ჩირქს ცხებს ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოში დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობსო, მათ ხან სუკის მაიორს, ხანაც ამავე ორგანიზაციის პოლკოვნიკს უწოდებსო. იქვე წერენ, რომ ზვიად გამსახურდიამ უშიშროების აგენტებად გამოაცხადა აკაკი ბაქრაძე, ჯანრი კაშია და ილია მეორე. რასაკვირველია, აქაც ზეპირ „გამოცხადებაზეა“ საუბარი, ტექსტი ან სტატია, სადაც „გამოაცხადა“, ავტორებს არ მოჰყავთ. ამავე სტატიაში, ზვიად გამსახურდიას ბრალად ედება „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში“ განხეთქილების შეტანა იმით, რომ გამგეობის ორი წევრი გადაიბირა (წესით, ავტორები გულისხმობენ გიორგი ჭანტურიასა და ვანო ხუხუნაიშვილს, თავდაპირველი, 1987 წლის გამგეობის წევრებს, - კ.გ.) ოფიციოზი კი თვალთმაქცურად ცდილობს „წამებულის შარავანდედით შემოსოს იგი და ხალხის თვალში, ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩინოს“ - ხელისუფლება ხშირად ლანძღავს გამსახურდიას და ამით რეკლამას უკეთებსო. ბოლოს დასმულია კითხვა: ეს ყოველივე იმიტომ ხომ არ ხდება, რომ საქართველოში ეროვნული მოძრაობა ყალბი გზით წარიმართოსო?

ზვიად გამსახურდიას 1988 წლის ოპონენტების, ყოფილი „დისიდენტების“ ეს სტატია, კაცმა რომ თქვას, დიდად არ განსხვავდებოდა ოფიციოზის მიერ, ზვიადის მისამართით გადმოსხმული ტალახისგან. იგი ყვითელი პრესის ვიღაცის გასაშავებელ-სკანდალურ სტატიასაც ჰგავდა, სადაც არასოდეს წყაროებს არ უთითებენ და ზეპირ გადმოცემებს ეყრდნობიან. ან სად წაიკითხეს ავტორებმა, თითქოს თავის „ტაქტიკურ მანევრს“ ზვიად გამსახურდია გმირულ საქციელად თვლიდა? ამის გამო, 1989 წლის 9 იანვარს, შედარებით დახურულ ფორმატში, კერძოდ, „არაფორმალური“ მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის, კოკა გაწერელიას კერძო ბინაზე დაინიშნა „ღირსების სასამართლო“. ამ სასამართლოზე მოპასუხის როლში იყვნენ ზვიად გამსახურდია, ასევე წმინდა ილია მართლის საზოგადოების და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის - მეოთხე დასის ლიდერები, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, თემურ ქორიძე, ნოდარ წულეისკირი და სხვები, მეორე მხრივ კი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერები, თამარ ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძე, ასევე ჟურნალ „ივერიას“ სარედაქციო კოლეგიის წევრები.

შეკრებას ესწრებოდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების „დარბაზის“ რამოდენიმე წარმომადგენელი, აკაკი ბაქრაძე, ჯაბა იოსელიანი და სხვები. ღირსების სასამართლოს არ დაესწრო მერაბ კოსტავა, რამდენადაც იგი მოწინააღმდეგე იყო ასეთი ფორმატისა; ამ სასამართლოს აქტორები საკმაოდ ტემპერამენტიანი ადამიანები იყვნენ, ამიტომაც იქნება მძიმე ურთიერთბრალდებები და საუბარი შეურაცხმყოფელ ტონალობაში გადავაო. საქმე მაინც არ გაირკვევა, მხარეები კი ერთმანეთს უფრო მეტად დაშორდებიანო, იყო მისი პოზიცია.

სასამართლოს დაწყებისთანავე, ზვიად გამსახურდიას წაუყენეს ბრალდება, თითქოს ზაქარია (ჯონი) ლაშქარაშვილი საფრანგეთიდან ადასტურებდა ზვიად გამსახურდიასა და მისი მეუღლის შემონათვალს მის (ანუ ჯონის) აგენტობაზე. როდესაც ზვიად გამსახურდიამ მოითხოვა წყარო და დოკუმენტი, აღმოჩნდა, რომ მეორე მხარეს ის არ გააჩნდა. მაშინ ზურაბ ჭავჭავაძემ მოწმეებს მოუხმო. ბორის კაკუბავამ, რომელიც ლაშქარაშვილის მსგავსად, „უძრაობის ეპოქაში“ პოლიტპატიმარი იყო, ამ „სასამართლოზე“ განაცხადა, დიახ, გამსახურდიამ ერთხელ მითხრა, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას სუკ-ი მართავსო. ამას ზვიად გამსახურდიას მხრიდან ირონიული შენიშვნა მოჰყვა მელასა და მოწმედ მოყვანილ თავისსავე კუდზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის ზაქარია ლაშქარაშვილისა და ბორის კაკუბავას პოლიტპატიმრებად აღიარებისა და დაცვის საკითხში საერთაშორისო უფლებადაცვით სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე. ბედის ირონიაა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები დაადგნენ მას პირზე. „ნებლაგადარნი პიოს“ (უმადური ძაღლი), ჩაილაპარაკა გიორგი ჭანტურიამ კაკუბავას მისამართით.

იმის გამო, რომ მერაბ კოსტავა ორივე საზოგადოებასთან რჩებოდა, თამარ ჩხეიძემ და ზურაბ ჭავჭავაძემ შეძლეს, რომ აფხაზეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები, სწორედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში გაერთიანდნენ. მათვე დააფუძნეს სოხუმში ადგილობრივი ორგანიზაცია ნუგზარ მგალობლიშვილის, ვოვა ვეკუას, თემურ ლორთქიფანიძის, ჯონი ლატარიას, ბორის კაკუბავასა და სხვათა შემადგენლობით. ერთადერთი ადამიანი, ვინც არ შეუერთდა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“, იყო გაგრის ქართველობის ლიდერი, არკადი მარკოზია. მან გაგრაში დააფუძნა „წმინდა ილია მართლის საზოგადოება“.

რა სურათი რეკონსტრუირდება იმ დოკუმენტებიდან, რომელიც თავად ჯონი ლაშქარაშვილმა ატვირთა და ჯერ კიდევ განთავსებულია ვირტუალურ სივრცეში? ასევე ისმის კითხვა: თუკი ზვიად გამსახურდია პოლიტპატიმარ ჯონი ლაშქარაშვილს თავის დროზე ეხმარებოდა, შეიძლებოდა, მის თვალში იგი საეჭვო პირი ყოფილიყო? მაშინ ხომ არც დაეხმარებოდა.

1988 წელს, ჯონი ლაშქარაშვილმა გადაწყვიტა პარიზში გამგზავრება, რამდენადაც სურდა ემიგრაციაში განეგრძო ცხოვრება. მანამდე იგი მივიდა რუსუდან ბერიძესთან, მერაბ კოსტავას ყოფილ მეუღლესთან, რათა მისგან რამე კომპრომატი გამოეთხოვა ზვიადისა და მერაბის წინააღმდეგ. მან იცოდა, რომ რუსუდანი და მერაბი ერთად აღარ ცხოვრობდნენ და შესაძლოა, რუსუდან ბერიძე იმდენად განაწყენებული ყოფილიყო ყოფილ მეუღლეზე, რომ ასეთ უღირს საქციელზე დათანხმებულიყო, მაგრამ აქ ლაშქარაშვილი შეცდა. მან კომპრომატები ვერ მიიღო, ხოლო ეს ამბავი რუსუდანისგან მალე შეიტყო მერაბ კოსტავამაც. მისთვის ცხადი გახდა, რომ ჯონი ლაშქარაშვილი ტყუილად არ ფიქრობდა ამ კომპრომატების შეგროვებას. ალბათობა მისი კავშირისა სსრკ-ს უშიშროების სამსახურთან, მერაბ კოსტავას თვალში ძალიან გაიზარდა. სწორედ მისგან შეიტყო ზვიად გამსახურდიამ ეს ამბავი. ამის შემდეგ, ზვიადმა, თავის მხრივ, აფხაზეთში ყოფნისას გააფრთხილა ვოვა ვეკუა, ნუგზარ მგალობლიშვილი და ბორის კაკუბავა, რომ მორიდებოდნენ ლაშქარაშვილს. თუმცა ღიად იმის თქმას, რაც შეეხება, რომ ლაშქარაშვილი კავშირშია სუკ-თან, საამისოდ ჯეროვანი მტკიცებულება დოკუმენტურ დონეზე არ არსებობდა.

„ღირსების სასამართლოს“ ვოვა ვეკუა არ დასწრებია, ხოლო კაკუბავა და მგალობლიშვილი პირზე დაადგნენ ზვიადს, შენ მართლაც გვითხარი, რომ ლაშქარაშვილი აგენტიაო. სხვათა შორის, თამარ ჩხეიძემაც მერაბ კოსტავასგან მოჰკრა ყური მოსაზრებას ლაშქარაშვილის აგენტობაზე, მაგრამ ზურაბმაც და თამარმაც კარგად იცოდნენ - ზვიადი მერაბს მოწმედ არ დაასახელებდა. თუმცა ერთგან მან თამარს ძალიან მოკლედ უპასუხა, თითქოს ჩაილაპარაკა: მერაბი შენს გამო საერთოდ არაფერს აღარ ამბობსო.

ზვიად გამსახურდიას არ სურდა ღიად ეთქვა ეს ამბავი, ამიტომაც ზურაბ ჭავჭავაძეს მიმართა, დოკუმენტი წარმოადგინე, სად ვთქვი ან სად დავწერეო. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ზურაბ ჭავჭავაძემ ამის ნაცვლად მოწმეები გამოიძახა, ხოლო დოკუმენტი, ცხადია, მას არ გააჩნდა. იგი თავდაჭერილობით და სიდინჯით ცდილობდა იმის კომპენსაციას, რომ დოკუმენტი რეალურად ხელთ არ ჰქონია. მწყობრიდან გამოსულმა ზვიადმა, როდესაც ვერ მიიღო მისგან დოკუმენტი, მას „კაგებეშნიკი“ უწოდა, თუმცა უფრო სალანძღავი კონოტაციით - რამდენადაც მას საერთოდ არ სჩვეოდა გინება. ეს, რა თქმა უნდა, მისთვის წამგებიანი რეაქცია იყო. თამარ ჩხეიძემ კი, როდესაც არგუმენტები შემოელია, ზვიადს უყვირა, შენ მერაბთან კამერაში „ნასედკად“ ჩაგსვესო. ზვიადის რეაქცია ამაზე პრაქტიკულად ნულოვანი იყო. რაც შეეხება ჭანტურიას, იგი ამ „სასამართლოზე“ ზვიადის მხარეზეა, მაგრამ ამ სრულიად არანორმალურ ვითარებაში მანაც დაკარგა მოთმინება და ნერვებმა უმტყუნეს: გავიხსენოთ მისი ნათქვამი ზურაბ ჭავჭავაძის მიმართ - „გაგიხვრიტავ შუბლს“. ჭანტურიასთვის ხომ იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს ხალხი - იგულისხმებიან მოპასუხეები - სიმართლის გასარკვევად არ არიან მოსულნი. მათი რეალური მიზანი ლაშქარაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილის კიდევ ერთხელ ამოწევაა (ბრალდება მისი სუკ-ის აგენტობაზე) და ზვიად გამსახურდიას, როგორც ცილისმწამებელის გაშავება.

ღირსების სასამართლოს მოწყობის მთავარი მიზეზი (და გნებავთ, საბაბი) გახდა დისიდენტ ჯონი ლაშქარაშვილის ჩეკისტობაზე გავრცელებული ჭორი, რომელიც, ვითომდაც ზვიად გამსახურდიამ გაავრცელა. სინამდვილეში, ამ საკითხზე ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობდა. უბრალოდ, თავიდან მერაბ კოსტავას გარკვეული ეჭვი გაუჩნდა, რომელიც ზვიადს გაანდო, რომელიც ღირსების სასამართლოს მოწყობის მთავარი მიზეზი (და გნებავთ, საბაბი) გახდა. ამ ბრალდების დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტი, რაც ოპონენტმა მხარემ წარადგინა, იყო თავად ლაშქარაშვილის წერილი, რომელიც მკაფიოდ და ცალსახად, მის შესახებ ჭორის გამავრცელებლად, ზვიად გამსახურდიას ცოლს - მანანა არჩვაძეს ასახელებდა.

როგორც ზვიადი, ასევე „სასამართლოზე“ დამსწრე ზვიადის მომხრე თუ ნეიტრალური საზოგადოება, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდება ეკუთვნის არა ზვიადს, არამედ ზვიადის ცოლს, რომელმაც, ცხადია, ზვიადის სურვილის წინააღმდეგ, ხმა გაუვრცელა ლაშქარაშვილს საფრანგეთსა და საქართველოში აგენტობის შესახებ. რადგან ზვიადი კოკა გაწერელიას სახლში უარყოფს ლაშქარაშვილის შესახებ აგენტობის ბრალდების გავრცელებას და ამტკიცებს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არავისთვის მიუწოდებია, ცხადია, სულ მცირე, მას ამის თქმის სურვილი არ ჰქონია და არც არსად უთქვამს მსგავსი რამ. სხვა საკითხია, ლაშქარაშვილის ჩეკისტობა-დისიდენტობის საკითხი და ზვიადის აზრი ან ეჭვი ამის შესახებ. ფაქტია, რომ იმ მოცემულობაში, კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზანშეწონილების გათვალისწინებით, ზვიადს მსგავსი ინფორმაცია არავისთვის მიუცია. გამოდის, რომ მანანა არჩვაძის დესტრუქციული თავშეუკავებლობის, არამკითხე-მოამბეობისა, თუ შეგნებულად ინსპირირებული განხეთქილების მცდელობის გამო, თამარ ჩხეიძისნაირ ზვიადის მოძულე და არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე უგუნურ სუბიექტებს ხელ-ფეხი გაეხსნა კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინათ ზვიადისთვის, „ღირსების სასამართლოს“ მოწყობის სახით.

საინტერესოა, რომ ზურაბ ჭავჭავაძე, თავად ჯონი ლაშქარაშვილის მიერ ატვირთულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში ეუბნება ჯონის, მერაბი უნამუსოდ მოგვექცაო. მან, ესე იგი, იცის, რომ მერაბმა არ დაუმალა ზვიადს ლაშქარაშვილის მისვლის ფაქტი რუსუდან ბერიძესთან. კოსტავამ უარი განაცხადა ამ სასამართლოზე რამე ფორმით მონაწილეობა მიიღოსო, ის აქამდე, ყოვლად უიმედო შემთხვევებშიც იცავდა გამსახურდიას, თუმცა ახლა უარი თქვაო. ასევე ეკითხება, ზვიადი ამბობს, მე არ მითქვამს ჯონის შესახებ რომ ის აგენტიაო. მანდ, პარიზში, კიდევ ვინ არის, ვინც დაადასტურებდა ზვიადის მიერ შენ მიმართ წაყენებულ აგენტობის ბრალდებას? როგორც აღმოჩნდა, არც არავინ. ზურაბ ჭავჭავაძე აქვე ურჩევს ლაშქარაშვილს, გინზბურგთან „ჭიდაობას“ თავი დაანებეო. იგულისხმება ალ. გინზბურგი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის აქტივისტი, რომელიც ემიგრაციის შემდეგ, პარიზში მოღვაწეობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გინზბურგი აშკარად არ ადასტურებდა ვერსიას, თითქოს ზვიადი ჯონის აგენტობის შესახებ ესაუბრა.

გარკვეულ მომენტში, იქ მყოფი ჯაბა იოსელიანი ფეხზე წამოდგა და იკითხა, აქ რა ხდებაო. თუ საბუთები გაქვთ, მოიტანეთ, თუ არა და ეს დაბრალებები რას ჰგავსო. თემურ ქორიძემ ამ დროს ხმამაღლა იკითხა, ეს კაცი ვინ არისო. მას განუმარტეს, რომ ეს კაცი ჯაბა იოსელიანია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დარბაზის წევრი. ეს იოსელიანს აღარ მოეწონა და შეკრება დატოვა. „სასამართლოდან“ ასევე წავიდა აკაკი ბაქრაძეც.

ეს „სასამართლო“, რომელმაც ზვიად გამსახურდიაზე ორკესტრირებული თავდასხმის სახე მიიღო, უსიამოდ და ცუდად დასრულდა. მხარეები, ცხადია, თავიანთ პოზიციებზე დარჩნენ, თუმცა ობსტრუქცია, ცილისწამება და ეროვნული მოძრაობისთვის ზიანის მიყენება თვალსაჩინო გახდა. და ეს იყო სწორედ „მოსარჩელეთა“ მხრიდან. ამ „სასამართლოს“ იღებდა გოგა ხაინდრავას მიერ მოყვანილი უცნობი ოპერატორი, რომელმაც ბოლოს, კოკა გაწერელიას ბინიდან მოკურცხლა, ხოლო კადრები ძალიან მალე ტელევიზიით გადაიცა. ბოლოს კამერა კედელზე ჩამოკიდებულ ილია ჭავჭავაძის პორტრეტზე ჩერდება. ასე დაიწყო 1989 წელი“.