შეასრულებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში დეტონატორის ფუნქციას - ვახტანგ ძაბირაძის პოლიტანალიზი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„ეს დემოკრატიის ძალიან მარტივი და გულუბრყვილო გააზრებაა“ - ვახტანგ ძაბირაძის პოლიტანალიზი

 თათია გოჩაძე

 საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად წამზომი ჩართულია. ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიცია კი პოლარიზების შემცირებას ისევ ვერ ახერხებს და 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ცალკ-ცალკე სამუშაო ჯგუფებს ქმნის. პოლიტიკური დაპირისპირების შესასუსტებლად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ გახდეს მედიატორი მხარეებს შორის. რამდენად გამოუვა მეხუთე პრეზიდენტს ქართული პოლიტიკური ველის გამთლიანება და იმის გაკეთება, რაც ევროპარლამენტის თავმჯდომარე შარლ მიშელმაც კი ვერ შეძლო, ამას დრო გვიჩვენებს... ერთი რამ ფაქტია: ზურაბიშვილი ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ სივრცეში მკვეთრ პოზიციონირებას ცდილობს და ზეპარტიული, ნეიტრალური ინსტიტუციის იმიჯის მოსაპოვებლად იღწვის, თუმცა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს კრიტიკოსები დიპლომატიას უწუნებენ, რადგან ბევრის მოსაზრებით, ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უნდა ეთქვა, ყოველ შემთხვევაში, ფრაზა - „არა და არასოდეს“, არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მსგავსი ხისტი პოზიცია დიპლომატიური ენისგან შორსაა...  „ვერსიამ“ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს შეაფასებინა:

 - პრეზიდენტის სურვილი, გახდეს მედიატორი, სრულიად გასაგები და მისაღებია, მაგრამ სხვა საკითხია, როგორ შეხვდებიან პოლიტიკური მხარეები ამ განცხადებას და რამდენად აქვს ზურაბიშვილს იმის ავტორიტეტი, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს. ამ ფუნქციის შესრულებას თვით შარლ მიშელიც კი ცდილობდა და არ გამოუვიდა. გასაგებია, მთლად ის არ გამოუვიდათ, რომ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ეთქვათ, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა ეს ფორმატი ანუ ერთდროულად მაინც ვერ მოხერხდა, რომ ორივე მხარეს მოეწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტზე. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის ეს სურვილი მხოლოდ სურვილად რჩება და არ მგონია, მას რამე გაგრძელება მოჰყვეს. ამ ეტაპზე, ისეთ პიროვნებას ან უწყებას ვერ ვხედავ, რომელიც იკისრებს ამ ფუნქციას და წარმატებულად განახორციელებს იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი მხარის ინტერესში არ შედის დეპოლარიზაცია. ორივე მხარეს ხელს აძლევს არსებული ვითარება - „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მხოლოდ პოლარიზაციის შემთხვევაში შეინარჩუნებს უმრავლესობას და ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, რომ მხოლოდ პოლარიზაციის შემთხვევაში მოიპოვებს უმრავლესობას.

- ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. მეხუთე პრეზიდენტის მიერ მესამე პრეზიდენტის შეწყალება პოლარიზაციის ყინულს გაალღობდა?

- გავაანალიზოთ, როგორ იქნება აღქმული ეს ნაბიჯი ორივე მხარის მიერ - თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტად და იმ არეალს, რასაც ჰქვია პოლარიზაციის ერთი მხარე, ზურაბიშვილსაც მიამატებს. ნაციონალური მოძრაობა კი ამ გადაწყვეტილებას მიათვლის იმას, რომ პრეზიდენტი წავიდა ოპოზიციაში ანუ ერთი მხარე თავს ჩათვლის გამარჯვებულად, მეორე კი - დამარცხებულად და უფრო გაღრმავდება პოლარიზაცია. ამას ისიც დაუმატეთ, რომ შეწყალებული ეს ორი პიროვნება (მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, - რედ.) დუმილით არ იქნებიან გამორჩეულნი. განთავისუფლების შემდეგ ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესში...

- და ეს ცუდი იქნება, ბატონო ვახტანგ?

- ჩვენ ხომ იმაზე არ ვსაუბრობთ, ცუდი იქნება თუ კარგი. ვსაუბრობთ იმაზე, წაადგება თუ არა პოლარიზების დასრულებას მათი პოლიტიკაში ჩართვა... ჩემი აზრით, ეს პოლარიზაციას კი არ შეამსუბუქებს, არამედ, დაპირისპირებულ მხარეებს უფრო დააშორებს ერთმანეთისგან. პრეზიდენტი როცა ამბობს, არ შევიწყალებო, ცდილობს, დარჩეს ნეიტრალურ ფიგურად. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ხელისუფლება ჩათვლის, რომ ის „ნაციონალების პრეზიდენტია“ და ის იმიჯი, რის ჩამოყალიბებასაც ცდილობს, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც ზეპარტიულია, ხელის ერთი მოსმით განადგურდება.

რაც შეეხება იმას, ცუდი იქნება თუ კარგი, მგონია, რომ თუ პროცესის რადიკალიზაცია მოხდება, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება.

დღეს, ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა ტაქტიკითა და მოქმედებებით უფრო რუსულ საქმეს აკეთებენ, ვიდრე ქართულსა და პროდასავლურს. ხელისუფლება პირდაპირ მუსირებას ახდენს დასავლელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ეს „სამეული“ (მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, - რედ.) რასაც ლაპარაკობს, ბუნებრივია, „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიკურად შეიმუშავა - რაზეც თავად ვერ საუბრობს, იმაზე ალაპარაკოს, თუმცა არც თვითონ ერიდება... მუდმივად იმაზე საუბრობენ, რომ ვიღაცას უნდა საქართველო ომში ჩაერთოს. მეორე მხარე კი ამბობს, ჩვენ არ ჩავერთვებით ამ პროცესში, რადგან „ოცნება“ გადაგვაგდებსო და ცდილობს, ქუჩის აქციებით დაიწყოს ხელისუფლების „დემონტაჟი“. შესაბამისად, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში არასატაბილური სიტუაციის შექმნა, პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მას შემდეგ, რაც ევროპაში გაჩნდა კრიზისი და ამოქმედება დაიწყო სამხრეთის დერეფანმა, ბაქოდან ბუნებრივი აირისა და ენერგომატარებლების მიწოდება უკვე საქართველოს გავლით ხდება, დასავლეთს რატომ უნდა აწყობდეს არასტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში? - ეს აწყობს რუსეთს, რადგან ეს დერეფანიც ჩაიკეტოს და ეს იქნება რუსეთისთვის მომგებიანი. თავადაც გადაუკეტავს ბუნებრივ აირს ევროპას, რათა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში კრიზისი გამოიწვიოს.

- დიახ, შესაძლოა, პრეზიდენტი იაზრებს ყველა ამ ფაქტორს და ამიტომაც ალაპარაკდა მედიატორის როლის შესრულებაზე... ისე, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური პოზიციონირება გამოიკვეთა - მმართველ ძალას გაემიჯნა და მისი კრიტიკა დაიწყო. თქვენი ხედვით, რამდენად სწორად მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი და გაამართლა თუ არა მის მიმართ არსებული მოლოდინი?

- ვფიქრობ, პრეზიდენტი სწორად იქცევა, რადგან ეს უნდა იყოს ზეპარტიული ინსტიტუტი საპარლამენტო მმართველობაში. მას უნდა ჰქონდეს გამოკვეთილად ნეიტრალური პოზიაცია პოლიტიკური სპექტრის მიმართ. გეთანხმებით, რომ ომის დაწყების შემდეგ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა სანქციებს შეერთებოდა და დაიწყო იმ აზრის მუსირება, რომ დასავლეთი ცდილობს, საქართველოში ომი დაიწყოს, პრეზიდენტის პოზიცია ნელ-ნელა გამოიკვეთა. ახალი არაა ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი შეიცვალა, მარგველაშვილის შემთხვევაშიც იგივე მოხდა. „ქართულ ოცნებას“ კი ასეთი მიდგომა აქვს - ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. ამიტომ დაპირისპირება პრეზიდენტთანაც დაიწყო, რადგან აღმოჩნდა, რომ მას სურს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა გახდეს, რაც მმართველი პარტიისთვის მაინცდამაინც მისაღები არაა.

ვფიქრობ, ზურაბიშვილის ასეთი პოზიცია წაადგება ქვეყანას, თუ შეძლებს, წნეხს გაუძლოს. მასზე ორმაგი წნეხი მიმდინარეობს - „ოცნებაც“ აკრიტიკებს და ნაციონალური მოძრაობაც. ორივე ძალა ცდილობს, თავისკენ გადაქაჩოს პრეზიდენტი და თუ გაუძლებს ამ ზეწოლას, შეინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას, ქვეყნისთვის კარგი იქნება. ვინც პოლიტიკურად მიუკერძოებელია, მათთვის პრეზიდენტის ასეთი ქმედებები მოწონებას დაიმსახურებს, ხოლო ვინც თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გახადა ის პრეზიდენტი და ამიტომ ყველაფერზე თავი უნდა დაუქნიოს, მათთვის ეს პოზიციონირება მიუღებელი იქნება, თუმცა აქვე ერთიც უნდა აღინიშნოს, „ოცნებას“ არჩევანი აღარ ჰქონდა, როცა დარჩა ორი კანდიდატი არჩევნებში - გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი. რომც არ სდომოდა, არჩევდა ზურაბიშვილს, ვიდრე ვაშაძეს და ამ შემთხვევაში მმართველი ძალა სწორად მოიქცა.

- ზოგი იმასაც ფიქრობს,  რომ ახლა ზურაბიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს, მაგრამ სინამდვილეში, მმართველი ძალის საქმეს აკეთებს - ფასადურ განწყობას ქმნის, რომ თითქოს  ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი მიდის და ინსტიტუციები შეთანხმებულად არ მოქმედებენ...

- ძალიან მარტივი და გულუბრყვილო გააზრებაა  დემოკრატიისა, ვინც ამას ასე ფიქრობს. დემოკრატია პერსონებზე კი არაა დამოკიდებული, არამედ, ინსტიტუტებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არასდროს მუშაობდა და არც დღეს მუშაობს. დემოკრატია საქართველოში არ არის და არც ყოფილა. სისტემური რეფორმებია საჭირო, რომ  დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს და არა - პერსონები. ამ 30 წლის განმავლობაში ერთი საათიც კი არ გვიცხოვრია ჭეშმარიტი დემოკრატიის პირობებში. ამიტომ შეფასება პრეზიდენტისადმი, რომ ფასადურ განწყობას ქმნის, კიდევ ერთი ზეწოლაა და ალბათ, უარესი შეფასებებიც იქნება... არც პრეზიდენტი უნდა ელოდოს, რომ ტაშის კვრით დახვდებიან, რადგან რეალობაა ასეთი. ქვეყნის გარეთ კი ბევრი ფაქტორია, კომპლექსური მიდგომებია საჭირო და ამას უნდა გაუწოს ანგარიში ოპოზიციამ. ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომ დასვალეთის მოსაზრებებს არ ითვალისწინებს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, არც თავად ითვალისწინებს. ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ეს ორი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებად.

- პერსონებზე საუბრობდით და მარგველაშვილიც ახსენეთ... იმის მიუხედავად, რომ მეოთხე პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მაკრიტიკებელია, რეალურად, არც ერთ გადამწვეტ მომენტში რადიკალური ნაბიჯი არ გადაუდგამს, გვახსოვს ვეტოს არგამოყენების საკითხი და ა.შ. როგორ აფასებთ ზურაბიშვილის პერსონას? შესაძლოა, ის უწყობდეს დიდ სიურპრიზს მმართველ პარტიას, რომ გადადგას უფრო მკვეთრი ნაბიჯები ხელისუფლების წინააღმდეგ ანუ რამდენადაა სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ნაბიჯები პროგნოზირებადი?

- ზურაბიშვილის პოზიცია დღეს თითქმის სრულად ემთხვევა დასავლელი პარტნიორების პოზიციას. შეიძლება, უფრო მკვეთრი განცხადებები გააკეთოს, მაგრამ განცხადებების გარდა, სხვა სახელისუფლებო მექანიზმები არ გააჩნია. შეიძლება, ვეტო დაადოს კანონპროექტებს, მაგრამ ვეტოს დაძლევაც არ გაუჭირდება ხელისუფლებას. მართალია, ეს პოლიტიკური განაცხადი იქნება და უნდა გამოიყენოს პრეზიდენტმა, როცა საჭიროდ ჩათვლის, მაგრამ მისი ფიგურა დღეს ისეთი არაა, რომ მის გადაწყვეტილებას საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვეს. გახსოვთ, როცა ზურაბიშვილი გადააყენეს საგარეო საქმეთა მინისტრობიდან, განცხადება გააკეთა, ვიკრიბებით იპოდრომზეო და ზღვა ხალხი მივიდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზურაბიშვილის მაშინდელი პოლიტიკური წონა შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოლიტიკური წონაა. მას რომ დღეს ისეთივე პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს, როგორიც მაშინ ჰქონდა, შესაძლოა, გვეფიქრა, რომ პროცესში ჩართულობა „დეტონატორის“ ფუნქციას მაინც შეასრულებდა, მაგრამ ეს წონა მას საზოგადოებაში არ აქვს და შესაბამისად, განცხადებებს გააკეთებს თუ პოზიციას დააფიქსირებს,  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგი არ ექნება.