„ვერავინ ვერავის ვერაფერს გადააბარებს, ხელისუფლების ერთადერთი გადამბარებელი ძალა ხალხია“ - ინტერვიუ ირაკლი ქადაგიშვილთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 „ოპოზიციის მიზანი საქართველოს ევროპული მომავლისთვის კონკრეტული შედეგის დადება არაა!“

 ავტორი: თათია გოჩაძე

 ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად, საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ძალას ვადა დეკემბრამდე აქვს და ხელისუფლებამ უკვე წარადგინა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს ყველა სარეკომენდაციო პუნქტის შესრულებას. საპარლამენტო სივრცეში აღნიშნული პროცესი უკვე დაწყებულია, რაშიც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს. რას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად? - „ვერსია“ უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილს ესაუბრა:

 - პარლამენტის მიერ 12-პუნქტიანი რეკომენდაცია-გეგმის დიდი ნაწილი შესასრულებელია. ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ უკვე წარმოადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, სადაც თითოეული რეკომენდაციის შესახებ ნათქვამია, თუ რა სამუშაოა შესასრულებელი და გაწერილია ვადები, როდის უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტები, ცვლილებები კანონებში და როდის უნდა მოხდეს ამ კანონპროექტების მიღება პარლამენტის მიერ. ეს პროცესი უნდა დასრულდეს დეკემბრის პირველი ნახევრისთვის. აქედან გამომდინარე, კომიტეტების დონეზე, ეს სამუშაო დაწყებულია, ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველა ძირითადი კომიტეტი, რომელიც ჩართულია, ამ მიმართულებით მუშაობს. ამასთან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური ანუ ჩართულობა იყოს მაქსიმალური, ამიტომ მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს პარლამენტში, მაქსიმალურად ჩაერთოს. ამისკენ მოვუწოდებთ სამოქალაქო სექტორს და დარგის ექსპერტებსაც. ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს პარლამენტში და თითქმის ყოველი დღე ამ საკითხებზე მუშაობას ეძღვნება, რათა საშემოდგომო სესიისთვის უკვე გვქონდეს პროფესიულ ანალიზზე დამყარებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტები, რათა პარლამენტმა საშემოდგომო სესიის მსვლელობისას, შესაბამისი ცვლილებების გატარება შეძლოს.

- ბატონო ირაკლი, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციის პირველივე პუნქტი პოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს, საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი, ხელისუფლებასთან ერთად, ამ პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს და დამოუკიდებელ პლატფორმას ქმნის გეგმაზე სამუშაოდ. ამას როგორ აფასებთ?

- მკითხველმა რომ გაიგოს, ავხსნი - ამ საკითხების გადაწყვეტას სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას და ხელისუფლებასთან ერთად უნდა მოხდეს ამ საკითხებზე შესაბამისი ცვლილებების მიღება. მათ ცალკე მუშაობას, ტექნიკური თვალსაზრისით, შედეგი ვერ ექნება, პარლამენტში ვერც ერთ კანონს ვერ გაიტანენ, რადგან არ აქვთ უმრავლესობა. მეორე მხრივ, ასახსნელია, რეალურად რა ამოძრავებთ - მათი მიზანი სულაც არ არის საქართველოს ევროპული მომავლისთვის რამე კონკრეტული შედეგის დადება. მათი მიზანია, ევროპის დროშით სპეკულირება, მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოს ინტერესი და ამით გამოიწვიონ უკმაყოფილება საზოგადოებაში, ამას მოჰყვეს რევოლუციური სცენარების განვითარება და ასეთი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება ანუ მათი მიზანი ისევ ისაა, რაც ბოლო წლებში იყო, რომ რამენაირად, მოახდინონ რევოლუციური სცენარის ინსცენირება და ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში. ამისთვის იყენებენ ყველაფერს, სწირავენ ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებსაც კი ჩვენი ქვეყნისა, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასაც. რადიკალური ოპოზიციის - ნაციონალური მოძრაობის, „ლელოსა“ და გიორგი ვაშაძის პარტიის ეს უპირობო უარი განპირობებულია სწორედ ამ მიზნით ანუ არავითარი საქმიანი და მორალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ამ გზაზე წარმატებას მიაღწიოს, მათ არ გააჩნიათ. დღესაც იმავეს აკეთებენ, რომ რამენაირად ქვეყნის ეს ინტერესი დაზიანდეს და ამით ისარგებლონ, ესაა მათი რეალური სახე.

- ოპოზიციაში, რომელზეც საუბრობთ, ამბობენ, რომ ხელისუფლების გეგმა ფასადური „ბუტაფორიაა“ და სინამდვილეში, არ ემსახურება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას...

- ამ ადამიანებს საუბარიც კი არ უნდათ და პირდაპირ აცხადებენ „არა“-ს. მათ არ ჰყოფნით უნარი, რომ საქმესთან დაკავშირებით პროფესიონალურად ისაუბრონ, რადგან ყველა მათი კრიტიკა საქმიანი არაა და აგებულია, ძირითადად, პოპულიზმსა და უსაფუძვლო ლოზუნგებზე. მაგალითად, სასამართლოს საკითხი ყველაზე ყბადაღებული თემაა და ზოგადად, ადვილია ცუდის თქმა, ნეგატივის დაჯერება, მაგრამ არსებობს კონკრეტული კანონები, სტატისტიკა, გამოცდილება და საკანონმდებლო კუთხით თუ შევხედავთ, იმდენად მნიშვნელოვანია პროგრესი იმასთან შედარებით, რაც მათი მმართველობის დროს იყო სასამართლო სისტემაში, რომ ამის დაუნახაობა, უბრალოდ, შეუძლებელია. იმას კი არ ვამბობთ, რომ კარგადაა ყველაფერი, არამედ ვამბობთ, რომ პროგრესი არსებობს და შემდეგი ნაბიჯები ერთად უნდა გავიაროთ, მაგრამ ამაზეც ვერ მოდიან სალაპარაკოდ. არც ერთ საკითხზე საქმიანი, კონსტრუქციული წინადადების შემოთავაზება არ შეუძლიათ. ეს რომ შეეძლოთ, ამ პროცესში ჩაერთვებოდნენ. ვიმეორებ, მათთვის ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, მორიგ ჯერზე, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ქვეყნის შიგნით ეკონომიკაში, დემოკრატიული უფლებების დაცვასა თუ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მიუღებელია. მენტალურად ვერ წარმოუდგენიათ, რომ მათ გარდა, ხელისუფლებაში ვინმე უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ „ოცნება“ რამე წარმატებას მიაღწევს, ფიქრობენ, რომ ამით მათი პოლიტიკური მიზნები საბოლოოდ აუსრულებელი გახდება. ამ ეგოისტური პოზიციიდანაა მთელი მათი რიტორიკა...

- მნიშვნელოვანია ოპოზიციის განცხადებები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ხალხის განწყობა და ალბათ, დამეთანხმებით, რომ 20 ივნისს გამართული აქცია ძალიან მასშტაბური აღმოჩნდა. თუ სექტემბრიდან განახლდება აქციები, ამ პროტესტს როგორ უპასუხებს მმართველი ძალა?

- რა თქმა უნდა, ბევრმა ადამიანმა თავისი პოზიცია დააფიქსირა 20 ივნისს, როცა უთხრეს, ეს მიტინგი ემსახურება იმას, რომ ევროპას დავანახოთ ქართველი ხალხის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებითო და ხალხმა ეს მოწოდება გულწრფელად მიიღო, მაგრამ როგორც კი ეს შემდეგ გადაიზარდა რევოლუციურ გეგმაში, რომ ხელისუფლება უნდა წავლეკოთ და გაუგებარი „ტექნიკური მთავრობა“ მოვიყვანოთო, დავინახეთ, რომ ამ მოწოდებამ მხარდამჭერები დაკარგა და ეს რევოლუციური სცენარი არ განვითარდა. აქედან გამომდინარე, ადამიანებმაც კარგად იციან, ხალხის სურვილი ევროკავშირთან და ნორმალურ, ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრებასთან დაკავშირებით, ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნა რომაა. ამას ბევრი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება, მაგრამ მოსახლეობამ ისიც იცის, რომ რევოლუციური სცენარები და ნაციონალური პარტიის მმართველობა ვერასდროს მიგვიყვანს ამ მიზნამდე და საქართველოს ისევ არასტაბილურობის, ქაოსისა და ომის ვითარებაში გადაიყვანს. ყველაფერი ეს ღიად ჩანს მათი მოწოდებებიდან; უკრაინა-რუსეთის ამ აგრესიის პირობებში მცდელობიდან, რომ საქართველო ამ ომში ჩართონ, რაც მათი გაგებით, ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ამ ომში დამარცხდებოდა და ეს შეიძლება, ყოფილიყო ხალხში ახალი უკმაყოფილებისა და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების საბაბი. რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ 2008 წლის მარცხმა განაპირობა ის, რომ მათ მომდევნო წლებში ხელისუფლება დაკარგეს. ამიტომ მათი გათვლები ამ ეგოსიტურ მიზნებს უკავშირდება და ხალხსაც ესმის ეს ძალიან კარგად, მათ შორის, მათაც, რომლებსაც სურთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და აქედან გამომდინარე, ხალხი მათ გეგმებს არ აჰყვება.  

- ბატონო ირაკლი, წეღან თქვით, ოპოზიცია მენტალურად ვერ ეგუება სხვა პოლიტიკური ძალის ყოფნას ხელისუფლებაშიო და ალბათ, დამეთანხმებით, რომ დემოკრატიულობის პრინციპი სწორედ ხელისუფლებათა ცვლილებას გულისხმობს, გარკვეული პერიოდის შემდეგ... იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა უკვე 10 წელია, მმართველობაშია, თუ გაქვთ გააზრებული და მსჯელობთ იმაზე, რომ დადგება დრო, როცა უნდა გადააბაროთ ქვეყნის მართვა სხვა პოლიტიკურ ძალას ან ძალებს?

- რადგან დემოკრატია ახსენეთ, მინდა, სწორად იყოს გაგებული, რაც ვთქვი. ვერ ეგუებიან სხვა ძალის მმართველობას - ე.ი. ვერ ეგუებიან იმას, რომ დემოკრატიული წესით ვერ ცვლიან ხელისუფლებას. ვერავინ ვერავის ვერაფერს გადააბარებს, ხელისუფლების ერთადერთი გადამბარებელი ძალა არის ხალხი, რომელმაც კონსტიტუციით, ეს არჩევნებზე უნდა აღასრულოს ანუ ვისაც დაუჭერს არჩევნებზე ხალხი მხარს, ის გადაიბარებს ძალაუფლებას. რადგანაც არჩევნებით ვერ იბარებენ ხელისუფლებას, ამიტომ აქვთ სულ ამ რევოლუციების იმედი. უნდა შეეგუოს ყველა, შიგნითაც და გარეთაც, რომ ამის თვლა, შენ მესამედ მოხვედი თუ მერამდენედ... ევროპასა და ამერიკაში პოლიტიკური ძალები ათეული წლების განმავლობაში არიან ხელისუფლებაში, ხან ჩაენაცვლებიან ერთმანეთს და ნურავის უკვირს ის, თუ ამომრჩეველი რომელიმე პოლიტიკურ ძალას მესამედ დაუჭერს მხარს, ეს არის დემოკრატიული პროცესი. საქართველოში დღეს როგორი საარჩევნო სისტემა, მედიაპლურალიზმი, ბიზნესის თავისუფლებაცაა, ასეთი თავისუფალი გარემო არასდროს ჰქონია. ვისაც ელემენტარული მახსოვრობა აქვს, ხედავს ამას, რა იყო ადრე და სად ვართ დღეს.