„ეს პირდაპირ უკავშირდება პრეზიდენტს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს... ეს არის იერიში!“- ანა ბუჩუკური მმართველი ძალის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ავტორი: თათია გოჩაძე

 პარლამენტში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას მომდევნო კვირიდან დაიწყებენ. „ მმართველმა გუნდმა დააინიცირა კანონპროექტი, რომლითაც ზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები... კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოქმედ კანონს, აზუსტებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს და ამით უზრუნველყოფს მოქმედი კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის აღმოფხვრას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკასაც უპასუხა:

„აცხადებენ, რომ მართალია, კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია, მაგრამ ის ქმნის სამართლებრივ ინსტრუმენტს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვისო. გაუგებარია, როგორ შეიძლება ანგარიშსწორების ინსტრუმენტად განიხილო ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის მიმართ არავითარი სანქციის შეფარდების შესაძლებლობას არ იძლევა და მეტიც, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების სრულფასოვნად რეალიზებასაც უზრუნველყოფს! ანალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს მხოლოდ იმის შესაძლებლობას, რომ სამართლებრივად შეაფასოს, შეესაბამება თუ არა ამა თუ იმ კონსტიტუციური ორგანოს, მათ შორის პრეზიდენტის მოქმედება თუ უმოქმედობა საქართველოს კონსტიტუციას“.

საგულისხმოა, რომ კანონპროექტის დარეგისტრირებას წინ ევროპიდან დაბრუნებული ზურაბიშვილის მწვავე საპარლამენტო გამოსვლა უძღოდა. რის შემდეგაც მმართველმა გუნდმა გაავრცელა განცხადება, სადაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევაზე და კომპეტენციის გადამეტებაზე იყო საუბარი. იგულისხმება პრეზიდენტის შეხვედრები დასავლელ პარტნიორებთან, რომელიც მმართველი გუნდის განმარტებით, მათთან შეუთანხმებლად აწარმოა. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ განცხადებაში აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის გასარკვევად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდნენ. „ვერსია“ დაინტერესდა, რას გულისხმობს უმრავლესობის მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა და უკავშირდება თუ არა აღნიშნული პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის დროს გამოვლენილ ქმედებებს, რაც გამოიხატა დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრასა თუ კრიტიკულ საპარლამენტო გამოსვლაში.

 გთავაზობთ ინტერვიუს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერთან, დეპუტატ ანა ბუჩუკურთან:

_ ამ კანონპროექტს ორი მდგენელი აქვს - პოლიტიკური და იურიდიული.  რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში პოლიტიკური მდგენელი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვნახეთ, როგორ გაღიზიანდა „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებებით. ვგულისხმობ იმას, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, დაიკავა ღირსეული პოზიციონირება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ეს იყო საჯარო კომუნიკაციისას პოზიციონირება; შეხვედრები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმართვა რუსთაველის გამზრიდიან და ბოლოს ეს იყო ძალიან სამართლიანი მიმართვა საქართველოს პარლამენტში. პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლიდან მეორე დღეს ვნახეთ მმართველი გუნდის სამარცხვინო განცხადება, სადაც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ამ ყველაფერს გაარკვევდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ერთგვარი მუქარა იყო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

ამ განცხადების მერე, როგორც ჩანს, ჩახედეს საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და აღმოაჩინეს, რომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, პრეზიდენტის საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გაესაჩივრებინათ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ამას იურიდიულად სჭირდება, რომ პრეზიდენტის მხრიდან რაიმე სამართლებივი აქტი ყოფილიყო გამოცემული და ეს აქტი წარედგინათ სასამართლოში. აღმოაჩინეს, რომ თურმე, სამართლებივი საკანონმდებლო საფუძველი ამ საჩივრისა არ ჰქონდათ და „გადაიფიქრეს“, განაცხადეს, არ ვუჩივით, როდის ვთქვით, რომ ვუჩივით პრეზიდენტსო... შემდეგ უცებ დააინიცირეს ეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ აძლევს სამართლებრივ საფუძველს, არამხოლოდ სამართლებრივი აქტი გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი ისაა, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მოქმედება თუ უმოქმედობა შეუძლიათ, გაასაჩივრონ საკონსტიტუციო სასამართლოში. მეორე საკითხია - უკუძალას გაავრცელებენ თუ მომავლისთვის უკეტავენ ნებისმიერ თანამდებობის პირს თავისუფლად მოქმედების არეალს, მაგრამ ამას პოლიტიკური დანიშნულება რომ აქვს და კონკრეტულად პირდაპირ უკავშირდება პრეზიდენტს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ეს ცხადზე ცხადია.

_ რას იტყვით კანონპროექტის იურიდიულ მდგენელზე?

_  საკონსტიტუციო სასამართლოს რეალური კონტროლის ერთგვარი ელემენტები შემოაქვთ, მაგრამ ამას აკეთებენ ამოგლეჯილად. ანუ რეფორმის სახით კი არ გვთავაზობენ, სადაც ჩართულობა იქნებოდა ექსპერტების, არამედ როგორც ჩანს, 3 კაცი დაჯდა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რაღაც დაწერეს და ახლა გვეუბნებიან, ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთო. მოკლედ, იურიდიულ ნაწილში, უბრალოდ, არ შევალ, რადგან სასაცილოა და რეფორმები ასე არ ტარდება. ეს საკითხი ჰგავს იმას, წინა წლის დეკემბერში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩუმად დაწერილი კანონით რომ გააუქმეს. მაშინაც ამბობდნენ, კარგ საქმეს ვაკეთებთო, მაგრამ ეს ხომ არავის დაუჯერებია?! შესაბამისად, იურიდიულ ნიუანსებზე საუბარი არასერიოზულია, ამას აქვს მთავარი პოლიტიკური მდგენელი.

_ საინტერესოა ამ კანონის მიღებისთვის საკმარისი ხმა გააჩნია თუ არა უმრავლესობას და თქვენი პარტია დაუჭერს თუ არა მხარს კენჭის ყრის დროს?

_ კი, ეს ორგანული კანონია და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არ სჭირდება. შესაბამისად, სჭირდება 76 დეპუტატის ხმა და ხმები ეყოფათ. რაც შეეხება ჩვენს მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, რადგან გასაგებია, ეს ყველაფერი რისთვისაც კეთდება. ვიმეორებ, ეს არის მორიგი იერიში „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვებრძვი და პროცედურულ ომს ვუცხადებ ყველას, ვინც ჩემს პარტიულ ვერტიკალს არ ექვემდებარებაო.

_ თუ ეს კანონპროექტი მიიღეს და მართლაც მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის კომპეტენციის დარღვევის გამოსაკვლევად, შემდეგ იმპიჩმენტის საკითხი ავტომატურად დგება?

_ არა, ეს სხვადასხვა პროცედურაა. იმპიჩმენტის პროცედურა ცალკეა გაწერილი - 50 დეპუტატი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მსჯელობს დანაშაულის ან კონსტიტუციის დარღვევის არსებობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ბრუნდება პარლამენტში და შემდეგ სჭირდება 100 დეპუტატის ხმა, რომ საბოლოოდ პარლამენტმა გადაწყვიტოს, დააკისროს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრეზიდენტს. 100 დეპუტატი კი „ქართულ ოცნებას“ დღეს არ ჰყავს.

 ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, როცა თავიდან დაიწყო იმპიჩმენტის შესახებ საუბარი, მაშინაც ვთქვი და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ ნაციონალური მოძრაობაც იმდენად გაღიზიანდა ქალბატონ ზურაბიშვილზე იმიტომ, რომ იცით პრეზიდენტის დამოკიდებულება მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან და ზოგადად, ენმ-სთან მიმართებით, მაშინ ნახევრად ხუმრობით ვამბობდი და  ახლაც ვამბობ, სულ არ გამიკვირდება, „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ერთგვარი „კოალიცია“ შექმნან მისი თანამდებობიდან გადასაყენებლად, მაგრამ როგორც ჩანს, წავიდნენ სხვა გზით, რაც გულისმხობს იმას, რომ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ეს უკანასკნელი დაადგენს, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია ანუ შეიჭრა თუ არა სხვის უფლებამოსილებაში, გადაამეტა თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტმა. ანუ თეორიულად დადგინდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, პრეზიდენტის ქმედება რამდენად ჯდებოდა კონსტიტუციის ფარგლებში. ამათგან მართლა აღარაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ამ გზით წავიდნენ და არა იმპიჩმენტის გზით.