„რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოში არ ექნება დასაყრდენი!“ - რა მისწერა ევროპარლამენტს და რა იცის ალეკო ელისაშვილზე ლევან იოსელიანმა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

(ო)პოზიცია

 ავტორი: თათია გოჩაძე

 დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ... ძალია მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ და ველოდებით საბრძოლო დავალებას. ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა და ასეთი მეომრების შემომატების მერე ლამის დასაბმელე ვართ, სანამ რუსებს ვეძგერებით. სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!- წერს უკრაინიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში...  „ვერსია“ ელისაშვილის თანაპარტიელსა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანთან ინტერვიუს გთავაზობთ...

 - ბატონო ლევან, რა ინფორმაცია გაქვთ ალეკო ელისაშვილზე, შეგითანხმდათ თუ არა, როცა უკრაინის ომში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო?..

- აქ ბევრი არაფერია მოსაყოლი... ალეკოსგან, ალბათ, არავის გაჰკვირვებია, რომ უკრაინაში წავიდოდა, რადგან მას სჯერა, რომ სადაც იცავს უკრაინას, იქ იცავს საქართველოსაც. აქედან გამომდინარე, მიიღო ეს გადაწყვეტილება. კონკრეტულად სად იმყოფება, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. დღეში ერთხელ მაინც ვეხმიანებით ერთმანეთს და რაც ყველაზე მთავარია, მეამაყება, რომ ჩემი პარტიის ლიდერი და საქართველოს ერთადერთი პარლამენტარი, რომელიც იარაღით ხელში იცავს უკრაინას, ალეკოა. რა თქმა უნდა, პარლამენტში, მმართველი პარტიიდანაც და ოპოზიციიდანაც, ყველა უსურვებს მალე მშვიდობიანად სახლში დაბრუნებას.

- ჩვენი რედაქციაც უერთდება ამ სურვილს და ბატონ ალეკოს მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებთ! მნიშვნელოვანი და სახიფათო პროცესები მიმდინარეობს გლობალურ ჭრილში და აქ საქართველოს კონტექსტიც გასათვალისწინებელია. როგორ ფიქრობთ, ამ რთულ ვითარებაში საქართველოს სწორი პოზიცია უკავია?

- რა თქმა უნდა, ვითარება არაა მარტივი და ახლა ერთადერთი სწორი პოზიციაა, იყო იმ მხარეს, საითაც არის მთელი ცივილიზებული სამყარო. ჩვენი მოკავშირეები - ევროკავშირი, აშშ ცალსახად მხარს უჭერენ უკრაინას და ყველანაირად ეხმარებიან. გასაგებია, რომ საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულია და სხვა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ, ამიტომ ხელისუფლების სიფრთხილე ამ თვალსაზრისით შეიძლება, რაღაც დონემდე იყოს გასაგები, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს სიფრთხილე არ უნდა გადაიზარდოს ლაჩრობაში. თუ ასე მოხდა, კარგი არაფრით დამთავრდება. ამ ქვეყანაში ხალხი ყველაფერს აიტანს და ასე იყო ისტორიულად... ბევრ რამეს გაუძლებს - გაჭირვებასაც, უმუშევრობასაც, მაგრამ ვერ გაუძლებს ღირსების შელახვას და იმას, რომ საფრთხე დაემუქროს, რასაც 30 წელია, სისხლის ფასად ვიცავთ, ვგულისხმობ ჩვენს დაასავლურ ორიენტაციას და პერსპექტივას, რომ საქართველო საბოლოოდ შედგეს, როგორც ერთიანი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ამიტომ, ერთი მხრივ, მესმის მოზომილობა, მაგრამ ხელისუფლებას ვურჩევ, მისი განცხადებები ძალიან მკაფიო იყოს, როცა საქმე უკრაინის სუვერენიტეტსა და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას ეხება.   

- ისტორიული მნიშვნელობისაა ის განაცხადი, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდიატობის მოთხოვნაზე წარადგინა და თქვენი განცხადებაც მახსოვს, როცა თქვით, ამ საკითხის გარშემო საქართველოში სრულიად პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარეო. რა მოლოდინი გაქვთ, მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს?

- მიხარია, რომ რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პარლამენტში ერთხმად იქნა მიღებული და ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი. მე, როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მიმაჩნია, რომ ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს ამ პროცესში და წერილი მივწერე ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოვას, ევროკომიის პრეზიდენტ ურსულა ფონდერლაიენს, ასევე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელს  და ვთხოვე, რომ ყველანაირად დაეხმარონ საქართველოს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და გავხდეთ იმ დღის წესრიგის მონაწილე, სადაც არის უკრაინა. თუ დაჩქარების რაიმე შესაძლებლობა არსებობს უკრაინისთვის, ეს განხილული იყოს საქართველოსთვისაც. რადგანაც ოპოზიციის კვოტით ვარ დანიშნული ვიცე-სპიკერის პოსტზე, მაქვს პასუხისმგბელობა, რომ მათ საქართველოს ოპოზიიცის მხრიდანაც ჰქონდეთ ინფორმაცია და რაც მივწერე, ყველაფერ ამას იზიარებს სრულიად ოპოზიციური სპექტრი.

რაც შეეხება მოლოდინს, მესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არაა იოლი პროცესი, მაგრამ იმედი მაქვს, ვიქნებით იმ დღის წესრიგში, სადაც იქნება უკრაინა. მეორე მხრივ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ქვეყანაში რეფორმებს არ გავატარებთ, შეუძლებელია, ასეთი მნიშვნელოვანი წინსვლა მივიღოთ. იმ პირობებში, როცა ასეთი ტიპის სასამართლო გვაქვს, ინსტიტუციურად ასე გაუმართავია ქვეყანა, რთული იქნება ევროკავშირის წევრობაზე საუბარი. ამიტომ საჭიროა რეფორმების გატარება და ერთადერთი, რაც დღეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, დაჩქარებული წესით უნდა გაატაროს რეფორმები და ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ ამ პროცესის თანამონაწილე იყოს, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავ ამის მზაობასაც კი...

- გასაგებია, რომ ომის თემამ მთლიანად გადაფარა ყველა სხვა საკითხი, თუმცა მნიშვნელოვანია  საქართველოში განვითარებული შიდაპოლიტიკური პროცესებიც... ერთი მხრივ, საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს, მეორე მხრივ ვხედავთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეშია და მის სასამართლო პროცესებს ვადევნებთ თვალს... რადიკალური ნაწილი ოპოზიციას ისევ პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს, თქვენ პარლამენტში ერთ-ერთი პირველი შეხვედით და როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებაში ბოიკოტზე საუბარი გამართლებულია?

- ამ სიტუაციაში სრულიად ზედმეტია იმაზე საუბარი, რაც დიდი ხნის ჩავლილი ამბავია და არ მგონია, ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს პარლამენტის დატოვებაზე, რამდენიმე რადიკალური პოლიტიკოსის გარდა. ახლა არ არის იმის დრო, რომ ერთ წრეზე ვიაროთ. ახლა რეგიონი კრიზისშია და პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავის ფუნქცია, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გაკეთდეს უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკური განცხადებები და შეძლოს კონსოლიდაცია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი რამ, რაც შეიძლება რუსეთს დავუპირისპიროთ, პოლიტიკური კონსოლიდაციაა. რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოში არ ექნება დასაყრდენი. გასაგებია, აზრთა სხვადასხვაობა იქნება და უნდა იყოს კიდეც, მაგრამ როცა სახელმწიფოებრივ ინტერესს ეხება საქმე, უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართული პოლიტიკური კლასი არის ძალიან პრინციპული, რაც იმაში გამოიხატება, რომ რუსეთი საქართველოში პოლიტიკურ დასაყრდენს ვერ ნახავს. თუ ეს გზავნილი იქნება ნათელი, დამერწმუნეთ, ძალიან ბევრჯერ დაფიქრდება რუსეთი, უღირს თუ არა ხელახლა შეიჭრას იმ ქვეყანაში, სადაც დასაყრდენი არ აქვს. ასე რომ, ვფიქრობ, სულ სხვა პროცესები უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში და სულ სხვა რამით ვიყოთ დაკავებულნი, ვიდრე ერთმანეთის დაპირისპირებით და უსაგნო საუბრით. მათ შორის, უსაგნოა საუბარი დღეს პარლამენტის დატოვების თაობაზეც...

- სხვათა შორის, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ოპოზიციამ ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადა და არ აკრიტიკებდა მაშინდელ ხელისუფლებას. ახლა ოპოზიციურ პარტიებს ხომ არ გაქვთ კონსულტაციები, რომ ეროვნული ინტერესის გარშემო გაერთიანდეთ?

-  ვითარება განსხვავებულია და მადლობა ღმერთს, საქართველოს ახლა არავინ დასხმია თავს, მაგრამ კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია. ოპოზიციის შიგნით ამის პრობლემა არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, მმართველ პარტიასთან ერთად იყოს ეს პოზიცია შეჯერებული. ამიტომ, თუ გახსოვთ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის მნიშვნელოვანი გზავნილი სწორედ ეს იყო, რომ შევქმნათ ერთი დოკუმენტი, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური პარტიები კი არა, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საქართველოში ყველა დაინტერესებული პირიც მოაწერს ხელს, რაც იქნება ერთგვარი გზავნილი ყველასთვის, რომ საქართველოში არ არსებობს რუსეთისთვის დასაყრდენი პოლიტიკური ჯგუფი და ჩვენი არჩევანია ევროპა, ევროკავშირი და ევროატლანტიკური ალიანსია, როგორც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. ვფიქრობ, ამის გაკეთება სწორი იქნება. სხვა საკითხია, რამდენად მზადაა ამისთვის მმართველი პარტია. მან, მგონი, საპირისპირო გზა აირჩია და პრეზიდენტს ედავება სასამართლოში აბსოლუტურად არაფრისმომცემ კომპეტენციის გამიჯვნის ფაქტებზე, რაც კიდევ ერთხელ ძალიან ცუდად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, თუ ეს დავა შევა სერიოზულ ფაზაში და აღმოჩნდება, რომ საქართველოს პარლამენტი უჩივის საქართველოს პრეზიდენტს.

- პარლამენტში მნიშვნელოვანი პოზიცია გიკავიათ - ვიცე-სპიკერი ხართ და როცა საუბრობთ პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე, თქვენი დაკვირვების შედეგად, რას იტყვით, არის შესაძლებლობა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და „ქართულ ოცნებას“ შორის რაიმე სახის შეთანხმება შედგეს?

- მათი ურთიერთობა სპეციფიკურად დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი და ვხედავ, რომ რაღაც საკითხებზე შესაძლებელია შეთანხმება, მაგრამ საერთოდ ვერ ვხედავ, რომ ესენი ერთამენთს რაიმეზე მაინც ელაპარაკებიან. ამით კი, საბოლოო ჯამში, ზარალდება ხალხი. არ ველოდები, რომ უახლეს მომავალში მათი ერთმანეთთან დამოკიდებულება შეიცვლება...