„შეიძლება, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი რეზოლუციით მივმართოთ ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ორგანოებს...“ - ენმ-ს წარმომადგენელი რუსეთ-უკრაინის ომზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის მეთაურმა უკრაინის წინააღმდეგ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა თავის მიზნად ქვეყნის "დემილიტარიზაცია" დაასახელა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე. სისხლისმღრველი ომი დღესაც გრძელდება... დღეს ომის 22-ე დღეა და აღნიშნულ საკითხზე, არსებული მძიმე, დაძაბული, ვითარების შესახებ პოზიციის დასაფიქსირებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით ხაჯიშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „ვერსიას“ ესაუბრა:

„ვფიქრობ, რომ რუსეთს დიდი ხანია, ჩაფიქრებული აქვს ე.წ დამპყრობლური სპეცოპერაცია უკრაინის, საქართველოს და მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის მიმართ. მას სურს რუსეთის იმპერიის აღდგენა. თუმცა ეს მავნებლური მიზანი ვერ განხორციელდება, რადგან ახლა ყველა კარგად ვხედავთ, როგორი ერთიანი და ძლიერი ქვეყანაა უკრაინა.

საქართველომ ამ ომში უკრაინის მიმართ მეგობრული, სტრატეგიული და პარტნიორული პოზიცია უნდა დაიკავოს. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამიტომ რითაც შევძლებთ, უკრაინის მხარეს უნდა დავდგეთ. შეიძლება, ბევრი ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, დავაწესოთ სანქციები, საქართველოში შემოსულია ბელორუსული ავიახაზების კომპანია, რომელიც ყოველდღე ახორციელებს რეისებს ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით. პირველ რიგში, ეს ფრენები უნდა გაუქმდეს, ასევე რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში კომპანიების რეგისტრაციის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მკცარად უნდა გაკონტროლდეს საზღვარზე რუსი ტურისტების შემოსვლა. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი რუსეთიდან მკაცრ რეპრესიულ მდგომარეობას გამოექცა, მაგრამ მათ შორის ბევრი იქნება დივერსანტი.

ოპოზიციურ პარტიებს უკრაინასთან მიმართებაში საერთო დამოკიდებულება გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთ პოზიციაზე ვდგავართ და ეს ყოველივე მკვეთრად გამოხატული უნდა იყოს. უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ  შეიძლება გარკვეული პაკეტი მაინც შემუშავდეს სანქციების და შევუერთდეთ ცივილიზებულ სამყაროს. შესაძლებელია, ცალკეული პარტიები შეხვედრებს მართავენ, უკრაინა-რუსეთის ომის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ერთობლივი შეხვედრა არ გამართულა, მაგრამ მომავალში იგეგმება, შემდეგ კი შეიძლება ერთიანი რეზოლუციით მივმართოთ ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ორგანოებს.

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი