შუალედური არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს - ცესკო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2 აპრილს საქართველოში შუალედური არჩევნებია ჩანიშნული. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი - საკრებულოს მაჟორიტარს.

რუსთავის არჩევნებში ლელოს კანდიდატი ბადრი ჯაფარიძეა წარდგენილი, რომელსაც მხარს ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერს, თუმცა ჯაფარიძე უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, შუალედური არჩევნების გადადებას ითხოვს და საკუთარ კანდიდატურას არჩევნებიდან ხსნის:

"ამ ვითარებაში, როცა მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები არიან უკიდურესად დასტრესილები, დაზაფრულები, საარჩევნო პროცესის წარმოება შეუძლებელია. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, შევაჩერო ჩემი მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნების, რადგან ასეთ საგანგებო მდგომარეობაში შეუძლებელია ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმართვა".

„ვერსია“ დაინტერესდა, აპირებს თუ არა შუალედური არჩევნების გადადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკო-ს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს:

„არჩევნები არ გადაიდება და გათვალისწინებულ ვადაში ჩატარდება. გადადების საფუძველი შეიძლება, იყოს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, რაც არ გვაქვს და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ გვქონდეს. მეორე მიზეზი ამისა შეიძლება, იყოს ის, რომ ვადაში ვერ ეტეოდე ან ხელს გიშლიდეს, განახორციელო დაგეგმილი ღონისძიებები, თუმცა დამტკიცებულია და მიღებული გვაქვს ღონისძიებათა გრაფიკი და მივყვებით ამ გრაფიკს. ვინმე თუ მოხსნის კანდიდატურას, არც ესაა არჩევნების გადადების საფუძველი“.

იმ მოცემულობაში, რომ ხელისუფლება მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, არჩევნების გადადებას არ აპირებს, სტრატეგიულად მართებულია თუ არა ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილება, სახელისუფლებო კანდიდატს მოუხსნას კანდიდატურა და უპირობო გამარჯვების შანსი გაუნაღდოს? - ამ კითხვით „ვერსია“ დაუკავშირდა „ლელოს“, თუმცა აღნიშნულმა პარტიამ ჩვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთვის ვერ მოიცალა...