პრიგოჟინი რუს სამხედრო ლიდერებს "ღალატში" ადანაშაულებს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ვაგნერის" ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს და გაერთიანებული შტაბების უფროსს ადანაშაულებს, რომ ისინი მისი მებრძოლებისთვის იარაღის მიწოდებას აფერხებენ და "ვაგნერის" განადგურებას ცდილობენ. ეს მისი განმარტებით, ღალატის ტოლფასია.

"პირდაპირი წინაარმდეგობა ხდება. ეს შეიძლება უმაღლეს ღალატად ჩაითვალოს", - ამბობს პრიგოჟინი "ტელეგრამის" არხით გავრცელებულ აუდიო მიმართვაში. "პუტინის შეფის" მეტსახელით ცნობილი პრიგოჟინი და მისი დაქირავებული მებრძოლები, გავრცელებული ინფორმაციით, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაში. "ვაგნერს" დამნაშავეებისა და პატიმრების გამოყენებაშიც სდებენ ბრალს.

ეს მეორე ამგვარი განცხადებაა, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში პრიგოჟინმა გაავრცელა. ორშაბათს, მან თქვა, რომ ოფიციალური პირები "ვაგნერს" მომარაგებაზე თავად პრიგოჟინისადმი პირადი მტრობის გამო ეუბნებოდნენ უარს.

პრიგოჟინი ამ აუდიო-ჩანაწერში ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და ვალერი გერასიმოვი, საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნული მეთაური, განზრახ აფერხებენ იარაღის მიწოდებას, ეს კი ბახმუტის ირგვლივ მებრძოლი "ვაგნერელების" რიგებში უფრო მეტ დანაკარგებს იწვევს. 

"გენერალური შტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრი იძლევიან ბრძანებებს არა მხოლოდ იმის შესახებ, რომ "ვაგნერს" არ მისცენ ამუნიცია, არამედ არც საჰაერო ტრანსპორტირებით დაეხმარონ", - თქვა პრიგოჟინმა.

"ვაგნერის" ლიდერი უკვე თვეებია, რაც რუსული ჯარის მეთაურებს აკრიტიკებს და მათ "არაკომპეტენტურობაზე" საუბრობს. აქამდე პრიგოჟინი ამბობდა, რომ თავდაცვის სამინისტრო ცდილობდა ის დამსახურება და წარმატება მიეთვისებინა, რასაც დონეცკის რეგიონში, ბახმუტის მიდამოებში, მისი თქმით, "ვაგნერის" მებრძოლები აღწევდნენ. თავდაცვის სამინისტროს პრიგოჟინის ბოლო ბრალდებებზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

წყარო: ამერიკის ხმა